ხატი "ღირს არსი" - გალობის დროს ღვთისმშობლის ხატი ზეციური ნათლით გაბრწყინდა
ხატი "ღირს არსი" - გალობის დროს ღვთისმშობლის ხატი ზეციური ნათლით გაბრწყინდა
ღვთისმშობლის ხატი "ღირს არსი" ათონის მთაზე, კარიესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშია დაბრძანებული. ხატს ასეთი ისტორია აქვს:
ერთკვირა დღეს სავანის მახლობლად მცხოვრები მოძღვარი ლოცვაზე წავიდა. მისი მორჩილი ბერი კი სენაკში მარტო დარჩა. შეღამებისას მას უცნობი მწირი ეწვია. მოსული და დამხვდური ერთად დადგნენ სალოცავად. როცა დაიწყეს ღვთისმშობლის ლოცვა "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზეშთაესსა სერაბიმთასა", სტუმარმა ბერი შეაჩერა და უთხრა, ჩვენ ჩვენს სავანეში ამ საგალობელს ასე ვგალობთო და წამოიწყო გალობა:
"ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ". გალობის დროს ღვთისმშობლის ხატი ზეციური ნათლით გაბრწყინდა. აღტაცებულმა და გულათრთოლებულმა ბერმა მწირს საგალობლის ჩაწერა სთხოვა, მაგრამ სენაკში ქაღალდი არ აღმოჩნდა, მაშინ მწირმა სასწაულებრივად დაწერა საგალობელი ქვაზე, რომელიც ცვილივით დარბილდა მწირის ხელში. გაოცებულ ბერს სტუმარმა უთხრა, მე გაბრიელი მქვიაო და გაუჩინარდა. ის ზეციდან მოვლენილი წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი იყო.

ხატი, რომლის წინაშეც ეს საგალობელი წარმოითქვა, პატივით გადააბრძანეს კარიესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში. ფილა კი, რომელზეც საგალობლის ტექსტი იყო ამოტვიფრული, X საუკუნეში კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

ბეჭდვა
1კ1