კიკოსის ღვთისმშობლის ხატი "მოწყალე" - ხსენება 12 (25) ნოემბერს და 26 დეკემბერს (08 იანვარი)
კიკოსის ღვთისმშობლის ხატი "მოწყალე" - ხსენება 12 (25) ნოემბერს და 26 დეკემბერს (08 იანვარი)
გადმოცემის მიხედვით, კიკოსის ღვთისმშობლის ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დახატული. ამ ხატმა თავისი სახელწოდება მთა კიკოსისაგან მიიღო, რომელიც კვიპროსზე მდებარეობს. ხატი დავანებულია საიმპერატორო სავანის ტაძარში, რომელიც კიკოსის ღვთისმშობლის ხატის სახელზეა აგებული.

ქრისტეს ამაღლებიდან შვიდი წლის შემდეგ თავად ღვთისმშობელმა სთხოვა მისი დაწერა. ხატის მშვენიერებით აღტაცებულმა დედა ღვთისმშობელმა თქვა: "მადლი ჩემგან შობილისა ძისა იყოს ამ ხატზე!" ხატი "ელაუსას" - მოწყალის ტიპისაა.

ვიდრე ეს სიწმინდე კვიპროსზე მოხვდებოდა, ბევრი იმოგზაურა. თავიდან ის ეგვიპტეში ერთ-ერთ ქრისტიანულ თემში იყო დავანებული. 980 წელს ხატმებრძოლობის გამო კიკოსის ხატი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, და იქ ალექსი კომნენოსის მეფობამდე დარჩა (1083-1148). ხატი მეფის პალატში ინახებოდა. მისი მეფობის წლებში კვიპროსის მთებში განდეგილი მამა ესაია მოღვაწეობდა. ერთხელ კვიპროსის მმართველი მანოელი ნადირობისას მთებში დაიკარგა და შემთხვევით ღირს ესაიას წააწყდა, რომელიც იქვე განდეგილად მოღვაწეობდა. ბერმა არ ისურვა, რომ მისი ღვაწლის შესახებ ვინმეს გაეგო და გაიქცა, მანოელმა ეს შეურაცხყოფად მიიღო, დაედევნა და სასტიკად სცემა, რის გამოც მალე უცნაური სენი შეეყარა - დღითი დღე ილეოდა, სუსტდებოდა. მაშინ კი მიხვდა თავის შეცდომას და ღირს მამასთან ხალხი გააგზავნა, რათა მისთვის შენდობა ეთხოვა.

ბერი ესაია ამ დროს ერთი გატოტვილი მუხის გვერდით ლოცულობდა. უეცრად ღვთაებრივი სილამაზის ჩიტი მოფრინდა, მუხის ტოტზე ჩამოჯდა და იგალობა: "კიკოსის კლდე, კიკოსის მთა. კიკოსის ხეობაში აღიმართება მონასტერი. ზეციური ქალწული მოვა აქ და არასოდეს დატოვებს". ბერმა გულისხმაყო, რომ ლამაზი ფრინველი ღვთაებრივი მაცნე იყო, და რომ მას მისია დაეკისრა - ტროდოსის კლდეებზე მონასტერი დაეარსებინა, სადაც ბიზანტიიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის ხატი დაივანებდა.

ამ დროს ბერთან მანუელის გაგზავნილი ხალხი მოვიდა და ღირსი ესაია კვიპროსის მთავართან წაიყვანეს. ღირსმა მამამ შეუნდო, ილოცა მისთვის, სნეულებისგან განკურნა და განუცხადა, რომ თუ ღვთისგან შენდობა სურდა, უნდა გამგზავრებულიყო კონსტანტინოპოლში იმპერატორ ალექსი კომნენოსთან და ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ლუკა მახარებლის მიერ დახატული კვიპროსზე უნდა ჩამოებრძანებინა. მანუელს შეეშინდა, მეფის წინაშე ამგვარი თხოვნით წარმდგარიყო. მაგრამ მამა ესაიამ გაამხნევა, რომ ღვთისმშობელი შეეწეოდა. მაშინ მანუელმა ბერს სახსრები დაუტოვა, რათა მას ხატისათვის შესაფერისი სამლოცველო აეშენებინა. თვითონ კი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. თუმცა იმპერატორთან შესვლას ვერა ბედავდა. მაგრამ როცა შეიტყო, რომ იმპერატორის ქალიშვილი ანა კომნენოსი (1083- 1148) იმავე სენით დაავადდა, რომლითაც ავადმყოფობდა მანოელი და ღირსმა ესაიამ განკურნა, მაშინ კი გაბედა მეფესთან მისვლა, რადგან ამაში ღვთის განგებულება დაინახა და ალექსის ღირსი ესაიას დანაბარები გადასცა. მეფემ ღირსი მამის ნახვა მოისურვა და სასწრაფოდ მოაყვანინა სასახლეში.

მამა ესაიამ მას ღვთისმშობლის ნება გააცნო. მეფე დათანმხდა. ღირსმა ესაიამ ილოცა და ალექსის ქალიშვილიც განიკურნა. თუმცა მეფეს ხატის დათმობა ეძნელებოდა. მან სასწაულთმოქმედი ხატის ასლი დაამზადებინა და ორივე ხატი ესაიას წარუდგინა და უთხრა, გამოეცნო რომელი იყო დედანი. ღირსმა მამამ უფალს შეწევნა სთხოვა. ამ დროს ტაძარში ფუტკარი შემოფრინდა და ღვთისმშობლის ხატის დედანზე დაჯდა. ღირსი ესაია მიხვდა თუ რომელი ხატი უნდა წაებრძანებინა კვიპროსზე. მას მერე ფუტკარი კიკოსის მონასტრის იღუმენის გამოსარჩევ ნიშნად იქცა. ალექსი ხატის გაგზავნას აგვიანებდა, მაშინ ღვთისმშობელი მას ძილში გამოეცხადა და უბრძანა, ხატი სასწრაფოდ კვიპროსზე გაეგზავნა.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, იმპერატორ ალექსისთვის ისეთი ძვირფასი იყო ეს ხატი, რომ იგი ვერ ეუებოდა იმ აზრს, რომ მას ნებისმიერი ადამიანი შეავლებდა თვალს და ამიტომ ბრძანება გასცა, ხატისთვის საფარველი დაემზადებინათ. თუმცა, ეს მხოლოდ ლეგენდაა. სინამდვილეში ასეთი ტრადიცია ბიზანტიაში უკვე იმპერატორ ალექსიმდეც არსებობდა. დიდ სიწმინდეს საგანგებო საფარველს უკეთებდნენ. მაგალითისთვის, ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწულმოქმედი ერთხანს კონსტანსტინოპოლში ასე¬ვე დაფარული იყო საფარველით. გადმოცემით ცნობილია, რომ პარასკევის მწუხრის ლოცვაზე ეს საფარველი სასწაულებრივად იწეოდა და კვირის მწუხრამდე მორწმუნეებს შეეძლოთ ეხილათ დედა ღვთისმშობლის სახე. სწორედ ამ სასწაულს უკავშირდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის დღესასწაული. კიკოსის ღვთისმშობლის სახის დანახვა დღემდე არ შეიძლება. ეს თავად დედა ღვღისმშობლის ნებაა, რადგან ვინც ამ საფარველს შეეხო, ყველა მკაცრად დაისაჯა. ისტორიიდან ცნობილი ფაქტია, რომ 1669 წელს ალექსანდრიის პატრიარქი გერმანე გაკადნიერდა და კიკოსის ღვთისმშობლის ხატს საფარველი ახადა. ამ ქმედებისთანავე პატრიარქს თვალის ჩინი წაერთვა. მხედველობა მას მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც თავისი კადნიერება ცრემლით მოინანია. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი სიწმინდე ჩვენი მზერისთვის დაფარულია ჩვენივე უსაფრთხოებისათვის. ხატს საფარველს 3-4 წელიწადში ერთხელ უცვლიან ისე, რომ მის სახეს არ აშიშვლებენ. კიკოსის ყოვლადწმინდა ღვითისმშობლის ხატს ტაძრიდან, უდიდესი მოკრძალებით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოაბრძანებენ ხოლმე. ეს შეიძლება მოხდეს, მაგალითად, დიდი გვალვის ან სხვა განსაცდელის დროს და ზეციური დედოფალი ყოველთვის მფარველობს კვიპროსელებს და უსრულებს თხოვნა-ვედრებას.

ამბობენ, რომ როცა ღვთისმშობლის ხატი ააბრძანეს კიკოსის მწვერვალზე, ხეები დაიხარნენ ზეციური დედოფლის წინაშე. მანოუელ ვუნომისმა კიკოსის მწვერვალზე ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად მონასტერი ააგო და სავანეს სამი სოფელი შესწირა, მეფემ კი ეს სპეციალური სიგელით დაამტკიცა, რის გამოც სავანეს საიმპერატორო მონასტერსაც უწოდებენ. იმპერატორმა ალექსიმ დიდძალი თანხა გაიღო მონასტრის აშენებისთვის. ამ წმინდა სავანემ, გაუძლო არაბთა ტომების, ჯვაროსნების, ოსმალების შემოსევებს. სავანე ბევრჯერ დაიწვა, მაგრამ ღვთისმშობლის ხატი გადაურჩა განადგურებას.
კვიპროსზე არსებობს კიკოსის ღვთისმშობლის მრავალ¬რიცხოვანი ასლი, რომლებიც თარიღდება XII, XIII, XVI და XVIII საუკუნეებით. ძნელი სათქმელია, როგორ შესრულდა ეს ასლები, თუკი ხატის სახე დაფარულია. ერთ-ერთი ვერსიით, ხატი იხილეს ერთ-ერთი ხანძრის დროს.

შემონახულია საინტერესო ისტორიული წყაროები, რომელიც მოგვითხრობს კიკოსის ღვთისმშობლის სასწაულის შესახებ. ამ წყაროს თანახმად, დედა ღვთისმშობელი გამოსახულია საყდარზე მჯდომი, მას ხელთ უპყრია ჩვილი იესო ქრისტე, რომელიც გვაკურთხებს ორივე ხელით. როდესაც განსაცდელის დროს კვიპროსელები ხატს ევედრებონენ და შემდეგ ტაძრიდან გამოაბრძანებდნენ ხოლმე, მუდამ სასწაული აღესრულებოდა. თუკი დედა ღვთისა სათხოვარს აღასრულებდა, იგი ტაძრიდან თავადვე გამობრძანდებოდა, ჰაერში აღემართებოდა, ხოლო ხატზე ოფლის წვეთები მოედინებოდა. მაგრამ თუკი დედა ღვთისა თხოვნაზე უარს ამბობდა, მაშინ მას ადგილიდან ვერ ძრავდნენ და იგი ცრემლად იღვრებოდა.

კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ასლი დაბრძანებულია თბილისში, ზაჰესის პანტანასას სახელობის დედათა მონასტერში.

12 ნოემბერს და 26 დეკემბერს არის კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ხსენება.
..........................

აქვე წაიკითხეთ:

კიკოსის ღვთისმშობლის ხატი წმინდა მოციქული ლუკას მიერ არის დაწერილი


ბეჭდვა
1კ1