მონრეალის ღვთისმშობლის ხატი (+1982) - 11 (24) ნოემბერი
მონრეალის ღვთისმშობლის ხატი (+1982) - 11 (24) ნოემბერი

ივერიის ღვთიმშობლის ხატის ეს წმინდა ასლი 1981 წელს შექმნა ათონის მთაზე ქრისტეშობის სახელობის სკიტში მოღვაწე მამა ქრიზოსთომოსმა.

1982 წელს ხატი ათონიდან კანადაში, მონრეალში ჩამოასვენა იოსებ მუნიოს კორტესმა, წარმოშობით ესპანელმა, რომელმაც დიდი ხნის წინ მიიღო მართლმადიდებლობა, იგი ხელოვნებათმცოდნე და ხატმწერი გახლდათ. იოსებმა სხვებთან ერთად ათონის მთა მოილოცა. დანიელის სკიტისაკენ მიმავალ მომლოცველებს გზა აებნათ და ქრისტეშობის სახელობის სკიტში მოხვდნენ. მო¬გვიანებით იოსები იგონებდა: «ყურადღებით დავუწყე ხატებს თვალიერება. უეცრად ჩემი მზერა შეჩერდა ღვთისმშობლის საოცარ, სასწაულებრივ ხატზე. თვალს ვერ ვწყვეტდი. მაშინ დავუწყე მუდარა ბერს, მოეყიდა ხატი ჩემთვის, მაგრამ უარი განმიცხადა... მე მაინც დიდხანს, ძლიერ დაჟინებით ვთხოვდი. ბერებმა მითხრეს, შეგვიძლია, ამ ხატის ასლი გადმოვიღოთ და გამოგიგზავნოთო. უარი ვუთხარი – სხვა არ მინდოდა, სწორედ ამ ხატის მიმართ ვგრძნობდი განსაკუთრებულ სიყვარულს. ბოლოს შევწყვიტე მუდარა, დავმორჩილდი ბედს... ღამით სკიტში დავრჩი ლიტურგიაზე დასასწრებად. «ღირს არსის» გალობის დროს პირქვე დავემხე და შევევედრე ღვთისმშობელს: «მე უკვე ყველაფერი ვიღონე, რისი გაკეთებაც ადამიანურად შემეძლო... ღვთისმშობელო, წამოდი ჩემთან, ამერიკაში, ჩვენ ხომ ძალიან გვიჭირს უშენოდ!» ლოცვის შემდეგ სულიერი სიმშვიდე ვიგრძენი – იმედი მომეცა, რომ ყოვლადწმინდა ქალწული ჩვენთან ერთად წამოვიდოდა».

 

მართლაც, მეორე დილით წასასვლელად გამზადებულ მომლოცველებს სკიტის წინამძღვარი დაეწიათ და ქაღალდში შეხვეული ხატი გადასცა: «ღვთისმშობელს სურს, რომ თქვენთან ერთად წამოვიდეს!» - უთხრა მან იოსებს. როდესაც სანაცვლოდ ფული შესთავაზეს, კატეგორიულად უარყო: ასეთ სიწმინდეში ფულის აღება არ შეიძლებაო. იოსებმა თრთოლით მიიღო ნანატრი საჩუქარი, გულში ჩაიკრა და აღთქმა დადო, რომ ეს ხატი არასოდეს გახდებოდა გამდიდრების წყარო.

გემზე რომ ავიდნენ, ხმა ჩაესმათ, რომელმაც უბრძანა, ივერთა მონასტერში წასულიყვნენ და ხატი დედანზე, კარიბჭის ხატზე, მიდებით ეკურთხებინათ. ასეც მოიქცნენ.

მონრეალში 3 ნოემბერს დაბრუნდნენ. იოსები ყოველდღე უკითხავდა დაუჯდომელს საყვარელ ხატს. 24 ნოემბერს, ღამის სამ საათზე, ძლიერმა კეთილსურნელებამ გამოაღვიძა. როდესაც ხატს მიუახლოვდა, დაინახა, რომ ის მთლიანად დაცვარული იყო კეთილსურნელოვანი მირონით.

ცოტა ხნის შემდეგ ხატი ტაძარში ტრაპეზზე დაასვენეს. წირვის დროს ყრმა იესოს ხელებიდან უწყვეტად მოსდიოდა მირონი. მას შემდეგ მირონდენა მხოლოდ ვნების შვიდეულში წყდებოდა და აღდგომის დამდეგს კვლავ იწყებოდა.

არავინ იცის, რამდენი ადამიანი განკურნა სულიერად და ხორციელად, რამდენი მოაქცია და მოაბრუნა უფლისაკენ, რამდენს გაუღვიძა ღვთისა და მოყვასის სიყვარული. იოსების სიტყვებით, ამ ხატთან მიახლოებისას ადამიანის სულში სულიერი ფერისცვალებისა და ღმერთთან მყოფობის საოცარი სურვილი იღვიძებდა.

იოსებმა დადებული აღთქმა შეასრულა – ხატი არ ქცეულა გამდიდრების წყაროდ. ხშირად ბილეთის ფულიც არ ჰქონდა ხოლმე და მრევლი უგროვებდა. რამდენჯერ ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონია... დიაბეტით დაავადებულს რამდენჯერ გასჭირვებია, მოშიებია, მაგრამ არ უღალატია ზეციური დედოფლისათვის. დააბრძანებდა ყველგან, სადაც ხატი მოისურვებდა ან მასთან, ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდებოდა მისი შეწევნა.

15 წლის განმავლობაში დაატარებდა იოსები ყოვლად¬წმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ხატს. 15 წლის მანძილზე სდიოდა ხატს მირონი.

იოსები მოწამებრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე მისმა მოძღვარმა ფარულად ბერად აღკვეცა და ამბროსი უწოდა, ამბროსი ოპტელის პატივსაცემად.

1997 წლის ოქტომბერს ათენიდან დაურეკეს იოსებს, მოძღვარს უნდა შენთან შეხვედრა სასტუმროშიო. წავიდა შესახვედრად, მაგრამ ხატი არ წაიღო თან – პირიქით, საგულდაგულოდ გადამალა, რადგან გული უგრძნობდა, რომ რაღაც უმძიმესი განსაცდელი უნდა შემთხვეოდა. უკვე დიდი ხანია ამჩნევდა, რომ უთვალთვალებდნენ და გამუდმებით დასდევდნენ. განსაცდელისა და ტანჯვის შესახებ მოძღვარმაც გააფრთხილა და თავად ღვთისმშობელმაც – როდესაც 29 ოქტომბერს კუნძულ ანდროსზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის მონასტერი მოილოცა, კედელზე დახატულმა ღვთისმშობლის ფრესკამ ტირილი დაიწყო.

ის სასტუმროს ნომერში შეიტყუეს, თოკებით საგულდაგულოდ შეკრეს და ხატის ადგილსამყოფლის გამხელა მოსთხოვეს. რამდენიმე საათი აწამებდნენ, მაგრამ ვერ გატეხეს. ბოლოს საშინლად ნაწამები დატოვეს და წავიდნენ. იოსები ხელფეხშეკრული დააგდეს საწოლზე და ასე გარდაიცვალა. ეს მოხდა 30/31 ოქტომბერს.

მას მერე მონრეალის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატი არავის უნახავს.

იოსები ამერიკაში ჩამოასვენეს და ჯორდანვილის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.




ბეჭდვა
1კ1