მარგვეთის ეპარქიის ზეციური მეოხნი - წმინდა დიდმოწამე ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები არიან
მარგვეთის ეპარქიის ზეციური მეოხნი - წმინდა დიდმოწამე ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები არიან
მარგვეთისა და უბისის ეპარქიის შესახებ მეუფე ვახტანგის (ახვლედიანი), ლოცვა-კურთხევით, გვესაუბრება ეპარქიის მემატიანე მალხაზ მაჭავარიანი.

- საეკლესიო გადმოცემით, ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელება უკავშირდება მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს. მოციქულებს ამჟამინდელი ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მთაზე, სიმბოლურად აღუმართავთ რკინის ჯვარი, რომლის სახელი შემდგომში ამ მთამ მიიღო.

მარგვეთის ეპარქიის ზეციური მეოხნი ღვთის წინაშე არიან მარგვეთის მთავრები - წმინდა დიდმოწამე ძმები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (ხს. 15 ოქტომბერს).

XX საუკუნის ათეისტურ პერიოდში მარგვეთის ეპარქიის კათედრა თავისუფალი იყო. მისი უწმინდესობის, ილია II-ის აღსაყდრების შემდეგ კათედრა დაიკავა მარგველმა მღვდელმთავარმა. 2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, მარგვეთის ეპარქიას სახელი შეეცვალა და მარგვეთისა და უბისის ეპარქია ეწოდა, რომლის მმართველ მღვდელმთავრად დადგინდა მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი). მანამდე კი (1992-2000 წლებში) ეპარქიას განაგებდა აწ განსვენებული მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), 2000-2002 წლებში - ცხუმ-აფხაზეთისა და მარგვეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). ეპარქიის აღორძინების დასაწყისი მარგველი მიტროპოლიტის კონსტანტინეს ღვაწლს უკავშირდება. მეუფე კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით, 1993 წელს ზესტაფონში დაიწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი, ცენტრალურგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა, რომლის დასრულება დღეს მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. ცოტა მოგვიანებით მეუფე კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით აშენდა და იკურთხა ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარი (სადაც ინახება ეპარქიის ერთადერთი სიწმინდე - წმინდა გიორგის ძვლის ნაწილი), წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და ზესტაფონის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში საძირკველი ჩაეყარა დიდ ჯვარგუმბათოვან წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარს, რომელიც დღეს უკვე ეპარქიის მოქმედი საკათედრო ტაძარია. ეპარქიის აღორძინების საქმეს ემსახურებოდა მიტროპოლიტ დანიელის ორწლიანი მოღვაწეობა. 2002 წლის 26 ოქტომბერს მეუფე დანიელი მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა შეცვალა.

- მეუფე ვახტანგის მოსვლით ეპარქიაში რა სასიკეთო ცვლილებები მოხდა?

- მთავარეპისკოპოსი ვახტანგი ორ ათეულ წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე ღვაწლმოსილი მღვდელმთავარია. მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში ჩამობრძანების მეორე დღესვე, კვირას, მეუფე ვახტანგმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, წირვა აღავლინა ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში. მას შემდეგ ეპარქიაში სამეუფეო წირვები აღევლინება ყოველ საეკლესიო დღესასწაულზე და ყოველ კვირას. მეუფე ვახტანგის ლოცვა და ღვთითგანბრძნობილი ქადაგებები განამტკიცებს და მოძღვრავს წირვაზე მოსულ მრავალრიცხოვან სამწყსოს. მარგვეთისა და უბისის ეპარქიის საკათედრო ტაძრებში, ეპარქიის მმართველი მთავარეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, ყოველდღიური წირვა-ლოცვაა დაწესებული.

ამჟამად ეპარქიაში 28 მღვდელმსახური გვყავს, მათგან 2 მღვდელმონაზონია, 4 - დიაკონი. მოქმედებს 40-მდე ეკლესია და 2 სამონასტრო კომპლექსი - ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი მათე (მაჩიტაძე) და მორჩილები) და უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი (მღვდელმონაზონი მათე (ბუაჩიძე) და მორჩილები).

უბისაში, სოფლის განაპირას, დგას შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლი, ძველი სამონასტრო კომპლექსი. წმინდა გიორგის ეკლესია IX საუკუნით არის დათარიღებული. მისი დაარსება დაკავშირებულია გრიგოლ ხანძთელის სახელთან. ეკლესია და "სვეტი" (კოშკი) ნაგებია მოყვითალო ფერის ნასვრეტებიანი შირიმის ქვით. ფასადებზე თითქმის არა აქვს ორნამენტული დეკორი. ანსამბლის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა - ეკლესიის შიდა მოხატულობა დამიანეს მიეკუთვნება (თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომ ტაძრის მომხატავია გერასიმე, ხოლო დამიანე - დამკვეთი, - თ.ც.). დამიანე XIV საუკუნის ქართველი მხატვარია, იგი ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას. მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა. ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, "საიდუმლო სერობის" კომპოზიციისთვის არის დამახასიათებელი. ამ სცენის ქვევით დამიანეს წარწერაა, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეს ფერწერული სტილი მან შექმნა.

მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით, ინტენსიურად მიმდინარეობს ძველი ტაძრების აღდგენისა და ახალი ტაძრების მშენებლობის პროცესი. მატულობს მრევლი. ეპარქიაში რამდენიმე საგანმანათლებლო კერა ფუნქციონირებს, მათ შორის ზესტაფონის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი, წმინდა ბარბარეს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო პანსიონატი, წმინდა ეკატერინეს სახელობის ბაგა-ბაღი, წმინდა თამარის სახელობის ბაგა-ბაღი, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია. ამ სასწავლებლებს ხელმძღვანელობს დეკანოზი გრიგოლი (აბულაძე).

- ტაძრების ამოქმედებასთან ერთად ეპარქიაში მღვდელმსახურთა რაოდენობამაც იმატა...

- მეუფე ვახტანგმა 2002 წლის 21 ნოემბერს, მთავარანგელოზობას, სასულიერო პირებთან ერთად მოილოცა უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი და აკურთხა მონასტრის ეკლესიის ტრაპეზი. მოხდა ტრაპეზის განახლება - ენკენია. ეკლესიაში დაფუძნდა მღვდელმთავრის კათედრა.

ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მეუფემ მღვდლად დაასხა ხელი მთავარდიაკონ დავითს (აბულაძეს). 2003 წლის 25 მაისს, სასულიერო პირებთან, მგალობლებთან, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად მეუფე ვახტანგმა მოილოცა და აკურთხა ხარაგაულის რაიონის მთიანი სოფლის, ვახანის X საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ახალაღდგენილი ეკლესია. ეკლესია სოფლის მხარდაჭერით ბიზნესმენ ძმებს თეიმურაზ და თამაზ არევაძეებს აღუდგენიათ. იმავე წელს ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი შალვა მუშკუდიანი აკურთხა დიაკვნად და სახელად კირიონი უწოდა. დაბა ხარაგაულში მეუფე ვახტანგი ჩაბრძანდა ეკლესიის ასაშენებლად გამოყოფილი ადგილის საკურთხებლად, სადაც აღმართა ჯვარი. ადგილისა და ჯვრის კურთხევას მრავალრიცხოვანი მრევლი და ადგილობრივი ხელისუფლება ესწრებოდა. მეუფემ აკურთხა ასევე თერჯოლის რაიონის სოფელ ეწრის ღვთისმშობლის სახელობის ახალაგებული ეკლესია, ხარაგაულის რაიონის სოფელ წიფის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელ საზანოს წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია, რომლის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის ერთ-ერთი ბანკის პრეზიდენტს ვახტანგ ბუცხრიკიძეს, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარის შუა საუკუნეების წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ეკლესია სოფლის მკვიდრის, გელა გაბრიჭიძის, ქველმოქმედებით აღდგა), თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხარაგაულის რაიონის სოფელ ნაძაგურის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ახალაღდგენილი ეკლესია.

2005 წლის 7 ივნისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა, სასულიერო პირებთან ერთად, მრავალრიცხოვანი მრევლის, სტუმრებისა და ზესტაფონის რაიონის ხელისუფლების თანდასწრებით, საზეიმო ვითარებაში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა ზესტაფონის ისტორიულ უბანში, ახალაგებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დიდ ჯვარგუმბათოვან საკათედრო ტაძარში და აკურთხა იგი. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2000 წელს, მარგველი მიტროპოლიტის, კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით, ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი გრიგოლი (აბულაძე). ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეეთის ეკლესიაც მეუფე ვახტანგმა აკურთხა. იგი ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით აღდგა. სოფელ ქვედა საქარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც სოფლის მხარდაჭერით აღადგინეს ამჟამად რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა, ძმებმა ჯონი და გია ბოჭოიძეებმა. წელს, შობის დღესასწაულზე, მთავარეპისკოპოსმა ვახტანგმა, სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც ამავე დროს დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის სტიქაროსანს დავით დეკანოსიძეს და სახელად დიმიტრი უწოდა. ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა ხარაგაულის რაიონში მოღვაწე მღვდელი მირიან რამიშვილი. ნინოობას, 27 იანვარს კი მეუფემ სადღესასწაულო წირვა აღავლინა ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, სადაც ამავე დროს დიაკვნად დაასხა ხელი ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანს კოტე შოთაძეს და სახელად კონსტანტინე უწოდა.

2003 წლის 26 ოქტომბერს ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, წირვის დროს, მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ნესტორ მეგრელიშვილს და სახელად ნაზარი უწოდა. 2004 წლის 30 მაისს, სულთმოფენობას, დიაკვნად აკურთხა ამავე ტაძრის მედავითნე თემურ გამეზარდაშვილი და სახელად თეოდორე უწოდა. ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში 1 ივნისს, ნინოობას, დიაკვნად დაასხა ხელი ამავე ტაძრის მედავითნეს ზვიად ცხელიშვილს და სახელად ეფრემი უწოდა.

2004 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას, მეუფე ვახტანგმა ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინოულის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ახალაღდგენილ ტაძარში (აღადგინა ნუგზარ სხილაძემ) წირვის ჩატარების შემდეგ გადაიხადა დიდი პანაშვიდი ოსეთსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. აქვე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა ზესტაფონის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობი (აბაშიძე).

2005 წელს, ნინოობას, 27 იანვარს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდლად აკურთხა ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის დიაკონი გიორგი მეგრელიშვილი. ხარება დღეს კი წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თერჯოლის რაიონის სოფელ კვახჭირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნეს ნუგზარ კვინიკაძეს და სახელად მოსე უწოდა. ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ახალაგებულ ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ კირიონ მუშკუდიანს.

სოფელ საღვინის ახალაღდგენილ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ეფრემს (ცხელიშვილს). აქვე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა ამავე ტაძრის მღვდელმსახური გიორგი (რევიშვილი) და ზესტაფონის ქრისტეშობის სახელობის სამლოცველოს მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი (კირკიტაძე). ასევე იკურთხა ტაძრის კანკელის ახალდამზადებული და ახალმოხატული კარები (მხატვარი დავით მორგოშია). ტაძარი აღდგენილ იქნა ბიზნესმენ ჯუმბერ შოთაძისა და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეკონომოსის კობა გოჩელეიშვილის თაოსნობით.

მეუფე ვახტანგის ჩამობრძანებისთანავე ეპარქიაში დამყარდა კეთილი, ქრისტესმიერი სიყვარულით გამთბარი ურთიერთობა ეპარქიაში შემავალი სამივე რაიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ინტელიგენციასთან, ხალხთან...
ბეჭდვა
1კ1