მარგვეთისა და უბისის ეპარქია
მარგვეთისა და უბისის ეპარქია
მარგვეთისა და უბისის ეპარქია ზემო იმერეთში ისტორიული არგვეთის საერისთავოს დიდ ნაწილს მოიცავს. მისი იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, ხარაგაულისა და თერჯოლის რაიონებზე. მარგვეთის ეპარქიის აღმოსავლეთით ურბნის-რუისისა და ჭიათურა-საჩხერის ეპარქიები მდებარეობს, დასავლეთით - ვანი-ბაღდათისა, ჩრდილო-დასავლეთით - ქუთაის-გაენათისა, სამხრეთით - ბორჯომ-ბაკურიანისა და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთისა.

ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად, არგვეთის საერისთავოს დაარსება მეფე ფარნავაზის სახელს უკავშირდება.

ეპარქიის ტერიტორიაზე ქრისტიანული ცხოვრება მოციქულთა ეპოქიდან იღებს დასაბამს. ამ კუთხეში ქრისტიანობის ადრევე გავრცელებაზე მიანიშნებს დღემდე მოღწეული უძველესი ქრისტიანული ძეგლები: V-VI საუკუნეების კაცხის სვეტის ეკლესია, უდერბის წმინდა გიორგის ეკლესია, VI-VII საუკუნეების ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი და სხვ.

ვახუშტი ბატონიშვილი მიიჩნევდა, რომ "არგუეთი" ანუ "მარგვეთი" ამ ქვეყანას ნაყოფიერების, მრგველობისა და მუშაკობის გამო ეწოდა.

საქართველოს გაერთიანებისა და აღორძინების დროინდელი მარგვეთის შესახებ წარმოდგენას მხოლოდ არქიტექტურული ძეგლები, აქ დაცული ფრესკები და ლაპიდარული წარწერები გვიქმნის.

უძველესი ტაძრები: ნუნისი, ვანის ღვთისმშობლის, ბორითის, კოზმანის ეკლესიები - IX-X საუკუნეებით თარიღდება. სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს უბისის დიდებული ტაძარი, რომელიც წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: "მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბეი და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნოი მოხუცი, დაადგინა მამასახლისად".

უბისის ტაძარი მოიხატა XIV საუკუნეში, მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს. ფრესკებს შორის გამოირჩევა წმინდა გიორგის ფრესკა და "საიდუმლო სერობა". უბისის მონასტერში საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების დროიდან ეს მხარე მცხეთის იურისდიქციაში მყოფ მძლავრ ქართულ საეკლესიო კერად მიიჩნეოდა. ვახტანგ გორგასლის დროსაც დასავლეთ საქართველოს კუთხეები "ვაკე, არგუეთი და თაკუერი" მცხეთის საყდარს ემორჩილებოდა. თვით მარგვეთის საეპისკოპოსო დაახლოებით IX-X საუკუნეებში უნდა იყოს დაფუძნებული, თუმცა ქრისტიანული საქართველოს ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამღვდელმთავრო კათედრის იმდროინდელი მღვდელმთავრის შესახებ წერილობითი ცობები არ მოგვეპოვება. მარგველი ეპისკოპოსის საეკლესიო წოდება 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ დამკვიდრდა. განახლებულ ეპარქიათა შორის საქართველოს ეკლესიის დიპტიქში მარგვეთი მეცხრე ადგილზე მოიხსენიებოდა. XX საუკუნის ცნობილი საეკლესიო რეპრესიების დროს მარგვეთის სამღვდელმთავრო კათედრა უმეტესად თავისუფალი იყო.

2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, მარგვეთის ეპარქიას სახელწოდება შეეცვალა და მას მარგვეთისა და უბისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად მანამდე საგარეჯოსა და გურჯაანის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) იქნა დადგენილი.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1