ჭიდილია სულიერსა და მატერიალურს შორის
ჭიდილია სულიერსა და მატერიალურს შორის
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია
იღუმენი დოროთე (ბარბაქაძე) წელიწადზე მეტია, რაც ახალდაარსებულ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიაში მოღვაწეობს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამ ეპარქიას აგარაკ-ტაშირისა და დმანისის მღვდელმთავარი ზენონი (იარაჯული) უძღვება. ლონდონში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში აღევლინება ღვთისმსახურება. ღვთის ნებით და კეთილი ადამიანების დახმარებით, ეს საკმაოდ დიდი მოცულობის ტაძარი უკვე ქართველების კუთვნილებაა, რაც ანუგეშებს და ახარებს მათ. ტაძარი, თავისი ღირებულებით, შესულია ლონდონის ხუროთმოძღვრებისა და ძეგლთა დაცვის ფონდში. მამა დოროთეს საქართველოში ყოფნის დროს შევხვდი.

- მოსახლეობა უმეტესად ანგლიკანური, პროტესტანტული და კათოლიკური რელიგიის მიმდევარია, ცხოვრობენ ბერძენი მართლმადიდებლები, ბულგარელები, რუმინელები, არაბები, რუსები, უკრაინელები, ანტიოქიელები, სერბები. ყველას აქვს თავისი ტაძარი. ერთმანეთთან ქრისტიანული დამოკიდებულება აქვთ. დიდ ბრიტანეთში შეიქმნა მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ანსამბლი, რომელიც აქ არსებულ ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას აერთიანებს. მათ შორის კონსტანტინოპოლის, ანტიოქიის, სირიის, საბერძნეთის, რუმინეთის, სერბეთის, ბულგარეთის ეკლესიებს. ამ გაერთიანებაში თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესია არის წარმოდგენილი.

- მამაო, მართლმადიდებლებს თუ აქვთ ლონდონში მონასტერი?

- ლონდონის ახლოს, ქალაქ კოლჩესტერში არის კონსტანიტოპოლის ეპარქიის მამათა და დედათა მონასტრები. მოსალოცად ჩავდივართ ხოლმე ამ მონასტრებში. ინგლისელებიც კი სტუმრობენ ამ სავანეებს. როგორც ვიცი, ეს მონასტერი დააარსა წმინდა სილუან ათონელის ერთ-ერთმა მოწაფემ. ამავე მონასტერში დასაფლავებული არიან მართლმადიდებელი წმინდანებიც. მათ შორის IV საუკუნეში აღსრულებული წმინდა ოლბანი. ამ წმინდანის შესახებ ვიცით, რომ ის გახლდათ წარმართი, რომელიც იყო რომაული პერიოდის ინგლისის ქალაქ ველურამიუმიდან. ამჟამად იქ ქალაქი სენტ ოლბანია.

ვიდრე ქრისტიანობა რომაული იმპერიის ოფიციალურ რელიგიად იქცეოდა, რომაელები ადგილობრივ ქრისტიანებს დევნიდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. საფრთხის ასარიდებლად ოლბანმა თავის სახლში შეიფარა ქრისტიანი მღვდელი, წმინდა ამპიბალუსი, რომელმაც შემდგომ იგი ქრისტიანად მოაქცია. როდესაც მღვდლის ძებნაში რომაელი ჯარისკაცები ოლბანის სახლს მიადგნენ, ოლბანი წმინდა ამპიბალუსის სამოსით შეიმოსა და მის ნაცვლად ტყვედ ჩაბარდა.

მოსამართლის წინაშე ოლბანმა ქრისტიანობა აღიარა, რისთვისაც თავი მოჰკვეთეს.

KARIBCHEგადმოცემის თანახმად, დღევანდელი წმინდა ოლბანის სახელობის საკათედრო ტაძარი სწორედ მისი თავის მოკვეთის ადგილას დგას. ტაძარი, რომელსაც ბრიტანეთში არსებულ ტაძრებს შორის ყველაზე გრძელი შესავლელი დარბაზი აქვს, რომაული ქალაქის ნანგრევებიდან არის აშენებული. შთამბეჭდავია მისი დახვეწილი ნორმანდიული არქიტექტურა და შუასაუკუნეების კედლის მხატვრობა.

- მამაო, მრევლი აქტიურად არის ჩართული ეკლესიურ ცხოვრებაში?

- საკმაოდ ძლიერი და სტაბილური მრევლი გვყავს. ჯერჯერობით ერთი მოძღვარი ვარ. ჩემთან ერთად მსახურობს დიაკვანი სერაფიმე ჩეკურიშვილი. ვცდილობთ, ხშირი ურთიერთობა გვქონდეს მრევლთან.

ყოველ წირვას 100-150 კაცი ესწრება. დღესასწაულებზე უფრო მეტნი არიან. ასევე გვაქვს ღამისთევები, წირვები, პარაკლისები... საქართველოდან ჩამოდიან სასულიერო პირები და ერთად ვატარებთ ხოლმე ღვთისმსახურებას.

მაცხოვრის შობის ტაძარი მოზრდილი ტაძრია, რომელსაც გარს აკრავს საცხოვრებელი სახლები. ძალიან ლამაზადაა მოწყობილი ეზო. ტაძარი შიგნითაც გამშვენდა, დაიწერა ხატები. დაწერა ხატმწერმა გიორგი ეგნატაშვილმა. გავაკეთეთ ახალი კანკელი. ქართველი ბავშვებისთვის ტაძართან გახსნილია სამრევლო სკოლა. მადლობა ქალბატონ ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს და გვერდით უდგას ქართველ ბავშვებს. გვყავს მედავითნეები, მნათეებიც, მგალობელთა გუნდი. ქართული სამრევლოები გვაქვს ბირმინგენში, საუთჰემპტონში, გლაზგოში გვქვს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო, სადაც ხშირად ვწირავთ.

- იქაური ქართველების პრობლემა რა არის?

- სტაბილურად არ დადიან ტაძარში. ჭიდილია სულიერსა და მატერიალურს შორის. ძალიან ბევრი ქართველი ბავშვი ცხოვრობს და მთავარი პრობლემა მაინც მომავალი თაობის აღზრდაა. ქართული ენა ავიწყდებათ. სამწუხაროა, რომ იქ არ არის ქართული სკოლა, ქართული ბაღი. არის ოჯახები, რომლებიც ამ პრობლემას ებრძვიან. 7-9 წლის ან მეტი ხნის ბავშვებს უჭირთ ქართულად საუბარი. ვფიქრობ, მოსაგვარებელი და მისახედია ეს საკითხი. ამას სჭირდება სერიოზული მიდგომა, შრომა. ძალიან გაგვახარა უწმინდესის სტუმრობამ. აკურთხა ტაძარი, შეხვდა დედოფალს, ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებს, დიდ ბრიტანეთში მართლმადიდებელი ეკლესიების ხელმძღვანელებს. ნაყოფიერი იყო უწმინდესის სტუმრობა. უკეთ გაიცნო ბრიტანეთმა საქართველო, ჩვენი ეკლესია, კულტურა.

- მამა დოროთე, თქვენ როგორ დაიწყეთ სასულიერო ცხოვრება?

- 2001 წლის დეკემბერში პირველად შევინახე მაცხოვრის შობის მარხვა. მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტი გახლდით. ჩემი მოძღვარი თავიდანვე მეუფე ზენონი იყო. მაშინ მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ. დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში ვიყავი ამ ტაძრის მრევლი. შემდეგ მეუფე ზენონი სვეტიცხოვლის წინამძღვრად გადაიყვანეს. იქ დააარსა მამათა მონასტერი. მეც ამ მონასტერში ვცხოვრობდი დაახლოებით წელიწად-ნახევარი. ჩვენთან ერთად იყო მამა დიონისე (გვიმრაძე) და ერთი მორჩილი, რომლებიც აგრძელებენ მონასტრულ ცხოვრებას.

მეუფე ზენონის ძალისხმევით სვეტიცხოველში დასრულდა საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობა, რამაც ძალიან გაახარა უწმინდესი. მქონდა ბედნიერება, რომ უწმინდესთან ერთად ამ რეზიდენციაში ერთი კვირა მეცხოვრა. ყოველ ღამე, ძილად მისვლის ლოცვას რომ ვკითხულობდით, უწმინდესისგან კურთხევას ვიღებდით. ეს დღეები არასდროს დამავიწყდება. შემდეგ მეუფე ზენონი, უწმინდესის გადაწყვეტილებით, დმანისის ეპისკოპოსად აკურთხეს. მაშინ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო დმანისში. არ გვქონდა საცხოვრებელი პირობები. ვიდრე მოწესრიგდებოდა დმანისში ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, მე და მორჩილი გიორგი ცხრა თვე ბეთანიის მამათა მონასტერში ვცხოვრობდით. მადლიერი ვარ ბეთანის წინამძღვრის, მამა საბასი (კუჭავა) და იქ მოღვაწე მამებისა (მამა იაკობი, მამა ლაზარე). ღვთის წყალობით, ბეთანიაში ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინეთ. მამები თავდადების, მორჩილების მაგალითს მაძლევდნენ. ღვთის განგებით და მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით, 2004 წელის 14 აგვისტოს მამა დიონისე (გვიმრაძე) და მე დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში ბერად აღვიკვეცეთ. მეუფემ მერე იეროდიაკვნად მაკურთხა, შემდეგ მღვდელმონაზვნად. დამადგინეს დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვრად, სადაც დაახლოებით ექვსი წელიწადი ვმოღვაწეობდი. მახარებს ის, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტში აღმოვაჩინეთ ძველი ასლი დმანისის ღვთისმშობლისა, რომელიც ქართლის ცხოვრებაში მოიხსენიება როგორც სასწაულმოქმედი ხატი. ხატის ასლის მიხედვით დავაწერინეთ ახალი ხატი, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ვაკურთხეთ და მოვაბრძანეთ დმანისის სიონში.

***
მონასტერში ცხოვრების დროს ვფიქრობდი, ხომ არ ამერჩია მონასტრული ცხოვრების გზა. მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, მისი რჩევა-დარიგებით, ვცდილობდი, საკუთარი მესთვის ნაკლები დრო დამეთმო და მივნდობოდი უფალს. მწამდა, რომ გამომიჩენდა ღვთისთვის სათნო გზას. ვფიქრობ, რომ ამან გარკვეულწილად გამიადვილა მონასტერში ცხოვრების დროს მორჩილების პერიოდი. ადამიანი ამ დროს იხვეწება სულიერებაში და სწავლობს ბერმონაზვნური ცხოვრების წესებს. ბეთანიაში ცხოვრებამ ნამდვილად ბევრი რამ შემძინა.

უფალმა უწყის, მე რაც შევძელი და რაც ვერ შევძელი. ადამიანი ბოლომდე კმაყოფილი არ უნდა იყოს სულიერი ცხოვრების წინსვლაში. დმანისის სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელმონაზვნად კურთხევის შემდეგ აღვადგინეთ მამათა მონასტერი. ჩემამდე მოძღვრად აქ მსახურობდა მამა ზურაბ გრიგალაშვილი... მაშინ 24 წლის გახლდით, ეს იყო 2004 წელი. დმანისის ტაძარი საკმაოდ სავალალო მდგომარეობაში იყო. მეუფე ზენონის ძალისხმევით, ტაძარმა მიიღო ის სახე, რომელიც ნამდვლად ესაჭიროებოდა საკათედრო ტაძარს. კეთილი ადამიანების დახმარებით, გაკეთდა კანკელი, დაიწერა ხატები, დაიდგა ახალი ტრაპეზი, რომლის ქვაც ტაშირიდან, ჩვენი უძველესი მიწა-წყლიდან გადმოვიტანეთ, ახლა სომხეთის ტერიტორიაზეა.

- მამაო, რას ისურვებდით ყველაზე მეტად?

- ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ვიყოთ ქრისტეს ერთგულები. ვისურვებდი, მეტი გულისხმიერებით და თვითშეგნებით გავითავისოთ ჩვენი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა. თუ ამას გავაკეთებთ, ნამდვილად დავინახავთ ისეთ დიდ ღირებულებებს და გადამრჩენელს ადამიანებისას, რომელიც მოგვცემს ძალას, უანგაროდ ვუერთგულოთ უფალს. ყველაზე მეტად ადამიანებს ვუსურვებდი საღვთო ნუგეშს. ნუგეშისცემული უფრო ძლიერია და მტკიცეა. უცხოეთში მყოფებს ძალიან უძნელდებათ ცხოვრება. ემეტესობა ხშირად ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას, ენატრებათ სამშობლო. გამართლება ის აქვთ, რომ უცხოეთიდან ოჯახებს ინახავენ. ეს აჩერებთ უცხოეთში. ესეც ერთგვარი თავდადებაა მოყვასისათვის. ეჩვევიან იქაურ ცხოვრებას, მაგრამ ეს შეჩვევაც უფრო მეტ ნოსტალგიას იწვევს. ვცდილობთ, უცხოეთში შევქმნათ პატარა საქართველო, რომელსაც იქ ყველა მოკლებულია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, წარმატებებს გისურვებთ სულიერ ცხოვრებაში.
ბეჭდვა
1კ1