ბათუმისა და სხალთის ეპარქია
ბათუმისა და სხალთის ეპარქია
ბათუმისა და სხალთის ეპარქია შავი ზღვის სანაპიროზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ისტორიული აჭარისა და სხალთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის ქალაქები: ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. ეპარქიის საზღვარი სამხრეთიდან ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც გასდევს ჭანეთისა და შავშეთის ქედებს, აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ახალციხის, ჩრდილოეთიდან კი შემოქმედის ეპარქიები, დასავლეთიდან სამღვდელმთავრო ტერიტორიას აკრავს შავი ზღვის სანაპირო.

საეკლესიო ისტორია საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლასა და გავრცელებას აჭარის მხრიდან, დიდაჭარიდან მიიჩნევს. წმინდა მოციქულებმა მრავალი ტაძარი ააგეს. მოგვიანებით აქ, სარწმუნოების კერების ახლოს, ქართველი მეფენი ქმნიდნენ დიდ საფორტიფიკაციო ნაგებობებს, აარსებდნენ ეკლესია-მონასტრებს.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის ადრეულ ხანაშივე გავრცელდა წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები. გვიან დრომდე შემორჩა ხალხის მეხსიერებას გვარას, დაგვას, ჭვანის, ჯიხანჯურის, ჩაქვის, ხუცუბნის წმინდა გიორგის ეკლესიები.

აქ ადრევე ჩამოყალიბდა საეკლესიო ცენტრები. სხალთის მიდამოები და მთლიანად აჭარა IV საუკუნეში მირდატ
III-ის მიერ შექმნილ თუხარელის სამწყსოში შედიოდა. ეს ეპარქია V საუკუნის 60-იან წლებამდე არსებობდა, შემდეგ გაძლიერდა კლარჯეთში ჯერ კიდევ გორგასლის დროს დაარსებული ახიზის ეპარქია.

ბათუმისა და სხალთის ეპარქიის მკვიდრნი არა მარტო ტაძრების ერთგული მშენებლები იყვნენ, არამედ დიდი წვლილი შეჰქონდათ ქართული საეკლესიო მწერლობისა და მეცნიერების განვითარებაში.

მდიდარი ეპარქია საქართველოსა და უცხოეთში განთქმულ ქართული კულტურის მძლავრ კერებსაც ღირსეულად ემსახურებოდა და ეხმარებოდა. X საუკუნიდან ზემო აჭარა ანჩის ეპარქიაში შედიოდა. XIII საუკუნის ერთი საისტორიო წყაროს მოწმობით, სოფელ შუბნის მკვიდრთა ნაწილი გელათის მონასტერს უგზავნიდა ყოველწლიურ შესაწირავს.

ერთიანი საქართველოს სამეფოს დანაწილების შედეგად წარმოქმნილი სამეფო-სამთავროები თავიანთი გავლენის გაფართოებას ცდილობდნენ.

იმერეთის სამეფოში ტერიტორიულად თანდათან შემცირდა ქუთათელის ეპარქია, სამხრეთში წარმოიშვა შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდის ეპარქიები.

სამხრეთ საქართველოში მტერთა შემოსევების დროს ხინოს ვრცელი ეპარქია კიდევ უფრო გაფართოვდა, მისი იურისდიქცია დანდალოს მიდამოებსაც სწვდებოდა. მაგრამ ეპარქიის ასეთი განვრცობა არ იყო მტკიცე. ოსმალთა შემოსევების შედეგად ხინოწმინდელმა არა მარტო შეძენილი ტერიტორიები, არამედ მთელი სამწყსო დაკარგა.

XIV საუკუნის 50-იან წლებში ოსმალებმა მიიტაცეს კლარჯეთი. დაიწყო საზღვრისპირა რეგიონიდან მოსახლეობის სამშობლოს შიდა რაიონებისკენ გადმოსვლის ხანგრძლივი და მძიმე პროცესი.

მწყემსმთავარსა და მოძღვრებს მოკლებული მრევლი დიდხანს მამაცურად უმკლავდებოდა პირველი წარმატებებით გათამამებულ დამპყრობლებს, მაგრამ შემდეგ მტერმა სძლია. ოსმალთა მფლობელობაში მოიშალა მხარის საეკლესიო წეს-წყობილება. მრევლის ნაწილი უცხო სარწმუნოებამ მიიქცია, ზოგმა უმძიმეს პირობებშიც შეინარჩუნა მამაპაპური სარწმუნოებისადმი რიდი, ერთგულება.

დაინგრა და მოიშალა სარწმუნოების კერები, ბოლოს შეწყდა ღვთის ერთობლივი მსახურება. ტაძრებში მისვლას მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში თუ ახერხებდნენ.

სამხრეთ საქართველოს კულტურულად და ეკონომიკურად დაწინაურებული რეგიონის - სამცხე-საათაბაგოს ნაწილი სამშობლოს 1829 წელს დაუბრუნდა. ამ გამარჯვებამ განამტკიცა ადგილობრივ მკვიდრთა რწმენა დედასამშობლოსთან დაბრუნებისა.

1878 წელს ბერლინის მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით, სამხრეთ საქართველოს გადაეცა საქართველოს რამდენიმე ძველი ეპარქია (ანჩის, ტბეთის, ხინოწმინდის - მასზე გავრცელდა გურიის საეპისკოპოსოს იურისდიქცია). დაბრუნებულ ბათუმში, ქობულეთში, ხულოში დაიწყო სალოცავების აღდგენა და ახლის მშენებლობაც.

1881 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა ეპისკოპოსი გაბრიელი (ტუსკია), 1882 წელს გურიის ეპარქიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს მეუფე ალექსანდრე (ოქროპირიძე).

1885 წელს გურიისა და ოდიშის სამწყსოები ერთ ეპარქიად გააერთიანეს. გაერთიანებული ეპარქია მოიცავდა აგრეთვე აჭარას, შავშეთს, კლარჯეთს, ტაოს, ჭანეთს.

გურია-ოდიშის ვრცელი ეპარქიის საეპისკოპოსო კათედრა ფოთს იყო, ხოლო რეზიდენცია - მარტვილს.

ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მთავარ ამოცანად იქცა შინა საეკლესიო ცხოვრების მართვა-გამგეობის გადახალისება, ცენტრსა და პერიფერიებში ეპარქიათა გარდაქმნა და სხვა აქტუალური საკითხები. პრობლემის აქტუალობის გამო გადაწყდა საქართველოს საეკლესიო კრების მოწვევა 1917 წლის სექტემბერში. ამ პირველ ეროვნულ თავყრილობაზე ბათუმიდან დელეგატობის პატივი წილად ხვდათ ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს გრ. ელიავასა და საეკლესიო მოღვაწეს ლ. ქიქოძეს.

საეკლესიო კრების 14 სექტემბრის სხდომაზე გურიის დელეგატებმა მოითხოვეს გურიის საეპისკოპოსოს აღდგენა და ეპისკოპოსის არჩევა.

იმავე დღეს საინტერესოდ წარიმართა საეპისკოპოსო რეზიდენციის საკითხის განხილვა. მოხსენებაში საეპისკოპოსო ადგილად მითითებული იყო ბათუმი. ამ იდეას ყრილობის მრავალი დელეგატი, საეკლესიო და საერო მოღვაწე მიემხრო. მათ ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს იმდროინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მოითხოვეს ბათუმში ქართველი მწყემსმთავრის ყოფნა.

საბოლოოდ, ბათუმის ეპარქია აღდგა ბათუმ-შემოქმედის საეპისკოპოსოს სახელწოდებით. მისი მწყემსმთავარი საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრი იყო.

ეპარქია შექმნიდანვე აერთიანებდა ვრცელ სამხრეთ საქართველოს, რომელზეც წინათ ათამდე საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა. სახელწოდება, ბათუმ-შემოქმედი, ეპარქიამ 1995 წლის აპრილამდე შეინარჩუნა. შემდეგ ამ ერთი ეპარქიიდან ჩამოყალიბდა შემოქმედის და ბათუმისა და სხალთის ეპარქიები. 1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1