ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთით - ზემო იმერეთში, ისტორიული არგვეთის, იმავე მარგვეთის საერისთავოში მდებარეობს. იგი ჭიათურა-საჩხერის რაიონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს რეგიონი ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის შექმნამდე მარგვეთის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ჭიათურა-საჩხერის ეპარქია კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 1995 წლის 5 აპრილის განჩინებით შეიქმნა და ახალშექმნილ სამღვდელმთავრო სამწყსოს ჭიათურის ეპარქია ეწოდა. 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდა სინოდის განჩინებით მას ჭათურისა და საჩხერის ეპარქია ეწოდა. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია, დასავლეთიდან - ქუთაის-გაენათის, ჩრდილოეთიდან - ნიკორწმინდის, სამხრეთიდან - მარგვეთისა და უბისის, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ურბნისისა და რუისის.

ეპარქიის იურისდიქციაში არსებულ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ბინადრობს ადამიანი, თუმცა ქალაქებს - ჭიათურასა და საჩხერეს დიდი ხნის ისტორია არა აქვთ. ჭიათურაში ქალაქურ დასახლებას საფუძველი 1879 წელს ჩაეყარა, როდესაც აკაკი წერეთლის თაოსნობით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება. ამ კუთხის საეკლესიო ისტორია, საქართველოს საეკლესიო ისტორიის მსგავსად, სრულყოფილად შესწავლილი არ არის, მაგრამ ხალხურ ტრადიციასა და საეკლესიო გადმოცემაზე, წერილობით და მონუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით, შეიძლება იქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებისთანავე ეს კუთხეც ქრისტიანული ხდება. ტრადიცია ამიერ-იმიერის საზღვრის "ჯვრის" უღელტეხილის სახელწოდებას, ასევე "რკინის ჯვარს" ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულთა საქართველოში მიმოსვლას უკავშირებს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მახლობელი პერიოდის არქიტექტურული ძეგლები ამ მხარის აქტიურ გაქრისტიანებას მიანიშნებს. აქ ქრისტიანული არქიტექტურის საწყის ეტაპად სპეციალისტები ადრეულ ქრისტიანულ ხანას მიიჩნევენ. ადრეულ პერიოდს, V-VI საუკუნეებს, უკავშირდება კაცხის სვეტის ეკლესიაც.

არგვეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული სარწმუნოება აღმოსავლეთ საქართველოს უშუალო მეზობლობითა და მისი გავლენით გავრცელდა (უფრო ზუსტად, წმინდა ნინოს დროს მირიან მეფის სამეფო როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს მოიცავდა). ეს მხარე თავიდან მცხეთის საყდრის იურისდიქციაში, ხოლო აფხაზეთის საკათალიკოსოს შექმნის შემდეგ მის შემადგენლობაში ითვლებოდა. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი კუთხისგან განსხვავებით, აქ საეკლესიო ენა ყოველთვის ქართული იყო (VII საუკუნეში დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირა რაიონები ჰერაკლე კეისარმა უშუალოდ იმპერიას შეუერთა და, შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე საეკლესიო ენა ბერძნული გახლდათ), რადგან IX საუკუნემდე მცხეთის საყდრის იურისდიქციაში შედიოდა; ვახტანგ გორგასლამდე მთავარეპისკოპოსს ემორჩილებოდა, შემდეგ კი კათოლიკოსს. მოგვიანებით, როდესაც აფხაზთა სამეფო და აფხაზეთის საკათალიკოსო შეიქმნა (VIII საუკუნის II ნახ.), მარგვეთიც მის იურისდიქციაში აღმოჩნდა. მცხეთის საკათალიკოსომაც IX საუკუნეში ცნო მარგვეთის ეპარქია, რომლის იურისდიქციაც და საზღვრებიც დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, რაზედაც მარგვეთის საერისთავო.

თამარის მეფობისას თანამედროვე საჩხერის რაიონი რაჭველ ერისთავებს ეკუთვნოდა და მათვე მიეწერება მღვიმევის აშენებაც. ცალკე სამეფოდ ჩამოყალიბებულ იმერეთში რეფორმატორმა მეფე ბაგრატ III-მ (1510-1565) მნიშვნელოვანი ღონისძიებები ეკლესიის მიმართაც გაატარა, რაც ახალი ეპარქიების შექმნით გამოიხატა. რეფორმის შემდეგ ქუთათელის სამწყსოს შეუერთდა ისტორიული არგვეთის ნახევარი და ოკრიბა. 1810 წელს, იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, შეიცვალა ადგილობრივი საეკლესიო წყობილება. მანამდე არსებულ ეპარქიათა რიცხვი იმერეთის აჯანყებისთვის ოთხამდე შემცირდა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, 1821 წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიათაგან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია. 1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გაუქმებულ ეპარქიათა ამოქმედებითაც აღინიშნა. პირველ საეკლესიო კრებაზევე განახლებულ ეპარქიათა შორის მარგვეთის ეპარქიაც იყო, რომლის შემადგელობაში აღნიშნული რეგიონიც შედიოდა. ჭიათურისა და საჩხერის რაიონების ცალკე ეპარქიად გამოყოფის შემდეგ, 1995 წლიდან, მის მართვას პირველ ეტაპზე მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) ითავსებდა, 1998 წლის 8 ოქტომბრიდან მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) მართავდა, ხოლო 2002 წლის 17 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მისი მართვა დაევალა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს დანიელს (დათუაშვილს).

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1