მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია დასავლეთ საქართველოს უკიდურეს ჩრდილოეთში ისტორიულ ბალსზემო ტერიტორიას მოიცავს. ეპარქიის შემადგენლობაში მთიანი საქართველოს პატარა ქალაქი მესტია და მისი ვრცელი შემოგარენი შედის. ეპარქიას აღმოსავლეთიდან - ნიკორწმინდის, დასავლეთიდან - ცხუმ-აფხაზეთის, სამხრეთიდან - ცაგერ-ლენტეხისა და ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიები ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან კი - კავკასიონის ცენტრალური ქედი.

ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროების უწყებით, წმინდა მოციქულებს ამ მხარეშიც უქადაგიათ და პირველი ქრისტიანული თემიც დაუფუძნებიათ. მესტიისა და ზემო სვანეთის დამოუკიდებელი ეპარქია ისტორიულად არ არსებობდა, ეს ტერიტორია ცაიშელი და ცაგერელი მღვდელმთავრების სამწყსოებს მიეკუთვნებოდა. ცაგერელი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედიოდა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორია. დროდადრო მისი საზღვრები ბალსზემო სვანეთის ხარჯზე იზრდებოდა, თუმცა XVII საუკუნისთვის საცაგეროდ მხოლოდ ლეჩხუმი და მხოლოდ ქვემო სვანეთი ითვლებოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზემო სვანეთის ტერიტორიები დამოუკიდებელი ან რაღაც ამის მსგავსი საეკლესიო ერთეული იყო.

ზემო სვანეთი ადრიდანვე საშიშროების ჟამს ბარიდან ატანილ საეკლესიო სიწმინდეთა საცავად ითვლებოდა. გარდა ამისა, ეს მხარე ცნობილი იყო ხატწერის, ხეზე და ლითონზე კვეთის სკოლებით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ქრისტიანობა პირველ საუკუნეში, მოციქულთა დროიდან გავრცელდა, ხოლო IV საუკუნიდან ის შეიცვალა ქრისტიანული ეკლესიის ამ ეპარქიისთვის მისაღები ფორმით და საყოველთაო ხასიათი მიიღო. პირველ საუკუნეთა ქრისტიანობას სპეციალისტები იუდაურ ქრისტიანობას უწოდებდნენ, ხოლო შემდგომი პერიოდისას - ელინურს. როგორც ჩანს, IV საუკუნიდან ჩვენში გავრცელებულმა ელინურმა მძლავრმა ქრისტიანობამ ვერ იგუა (ეს, რა თქმა უნდა, პირობითი ტერმინია) ძველი, ე.წ. იუდაური ქრისტიანობა და ამ ქრისტიანულმა მიმდინარეობამაც მთებს შეაფარა თავი. ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამის შესახებ სხვა მოსაზრებებიც არსებობს. ასეა თუ ისე, ერთი რამ უდავოა: საქართველოს მთიანეთის ქართველი მოსახლეობა ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და მზად იყო სარწმუნოებისთვის თავის დასადებად, თუმცა ზოგიერთი ისეთი წეს-ჩვეულებაც ჰქონდათ, რომელთაც დღეს ახსნას ვერ უძებნიან და წარმართობის ელემენტებად მიიჩნევენ, მაგრამ ეს მცდარი შეხედულება უნდა იყოს - ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ წარმართობამ მთელ საქართველოში უკან დაიხია და განქარდა, ამიტომაც შეუძლებელია, ახალ მოძღვრებას რამე წარმართული ელემენტი გამოეყენებინა ან შეერწყა. ესეც არ იყოს, რა საერთო აქვს ნათელს ბნელთან? - ქრისტიანული სარწმუნოების ნათელი თავის გვერდით ვერ იგუებდა ვერავითარ წარმართულ ელემენტს, მით უმეტეს, სარწმუნოებრივ-რელიგიურ სფეროში. ასე იყო მთელ მსოფლიოში და არც სვანეთი იქნებოდა გამონაკლისი. ქრისტიანობამ აქაც სრული სისავსით მოიკიდა ფეხი, ამ კუთხის შვილებიც ჭეშმარიტი ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი კუთხე იზოლაციაში მოექცა, განსაკუთრებით - XVII საუკუნეში, როდესაც კავკასიის მოსახლეობამ აქტიურად იწყო საქართველოს სანახებში ჩამოსვლა. ამ დროს მოიშალა არაერთი ისტორიული საეპისკოპოსო კათედრა (მაგალითად, ბედიისა აფხაზეთში), რასაც, ბუნებრივია, ქრისტიანობის შესუსტება მოჰყვა. სვანეთი, განსაკუთრებით - ბალსზემო, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. ქრისტიანობის შესუსტებას დაერთო მის მეზობელ ყაბარდოში და, საზოგადოდ, ჩრდილოეთ კავკასიაში იუდაიზმის გავრცელება (XVII ს.), იუდაისტური წეს-ჩვეულებების სვანეთში შემოჭრა, ადგილობრივი ცრურწმენების აღორძინება, ქართული ეკლესიის გაუქმება XIX საუკუნეში... თუ ამ ყოველივეს გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება სვანეთში და, საზოგადოდ, საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობასთან ერთად უცნაური წეს-ჩვეულებების არსებობა. თუმცა, ვიმეორებთ, ეს არამც და არამც არ უნდა იყოს წარმართული გადმონაშთები; ეს არის გვიანდელი, ავბედობის ჟამს შემოტანილი თუ შეძენილი რიტუალები.

სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღესაც გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს საქართველოს მთიანეთის მკვიდრნი სარწმუნეობრივად უფრო წარმართები იყვნენ და იქ შემონახული ადათ-წესები, დღეობები თუ დღესასწაულები ქრისტიანული ელემენტებით შეზავებულ წარმართულ რიტუალებს წარმოადგენს. ეს აზრი რუსული საეგზარქოსოს დაარსების შემდეგ თითქმის ორასი წლის მანძილზე ინერგებოდა საქართველოში და საბოლოდ XX საუკუნეში, ათეისტური ხელისუფლების დროს განმტკიცდა. ამ მოსაზრების სისწორეში ამჟამად არა მხოლოდ ბარის, თვით მთის მოსახლეობასაც კი არ ეპარება ეჭვი, სინამდვილეში კი ანალიზი და ძეგლები, რომელთაც მიეკუთვნება "სვანეთის საეკლესიო კრებათა მატიანე", სულ სხვა სურათს გვიჩვენებს. ამ მეტად მნიშვნელოვანი საბუთიდან ირკვევა, რომ სვანეთის ეკლესიების მღვდელმსახურთა შემადგენლობა ჭრელი და მრავალრიცხოვანი ყოფილა. აქაურ ეკლესიათა საქმიანობას ქორეპისკოპოსნი, მამასახლისნი და მოძღვარნი წარმართავდნენ. მათი უმრავლესობა ადგილობრივი ყოფილა. X-XV საუკუნეებში სვანეთის საერისთავოში ყოფილა რამდენიმე საქორეპისკოპოსო, მათ შორის - მესტიაში (სეტის მონასტერი), ლაშხეთში, სვანეთის მთიულეთში (ზედ ქალაქს), სავარაუდოდ - სვანეთის სხვა ადგილებშიც. XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე "სვანეთის მთიულეთში" საეპისკოპოსოს არსებობაზე "ჯაფარიძეთა სიგელში" ნათქვამია: "ზედ ქალაქსა კარგი საპატიო გუმბათიანი საყდარი ჯუარცმისა საეპისკოპოსო მისით ომოფორითა შემკობილი, რაც ეფისკოპოზსა და იმისთანათა საყდარს ეკადრების". სვანეთში საერთო მნიშვნელობის და ეკონომიკურად ძლიერ ეკლესიას მამასახლისთან ერთად მეჭურჭლე, მოლარეთუხუცესი, მედროშე, ჯვრის მტვირთველი და სხვა მოხელეებიც ჰყოლია.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შეიქმნა მესტიისა და ზემო სვანეთის დამოუკიდებელი სამღვდელმთავრო. ეს სამწყსო მანამდე არსებული ცაგერისა და სვანეთის განვრცობილი ტერიტორიის საფუძველზე აღმოცენდა. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად დადგენილია ეპისკოპოსი ილარიონ ქიტიაშვილი.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1