ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მდებარეობს. სამღვდელმთავრო ტერიტორიას აღმოსავლეთიდან ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიები, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი ესაზღვრება.

ჯავახეთი ოდითგანვე ქრისტიანული კერა იყო, არის და იქნება. ამ მხარემ მრავალჯერ შეასრულა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში როგორც სარწმუნოებრივი, ასევე პოლიტიკური მისია, განსაკუთრებით IX საუკუნის 60-იან წლებში - ქართლი ისე დაანგრია და მოაოხრა არაბთა მრავალგზის შემოსევებმა, რომ ეგრისში გადასული მეფე სტეფანოზის ცხედარი მცხეთაში, საგვარეულო საძვალეში, ვერ გადმოასვენეს და ქუთაისში დაკრძალეს. უთუოდ ამავე მიზეზებმა განაპირობა სასულიერო ცენტრის მცხეთიდან ჯავახეთს გადანაცვლება. სწორედ აქ დაადგინეს ქვეყნის საჭეთმპყრობლად არსენი, შეიძლება ითქვას, კანონიკური წესების უხეში დარღვევით, მამამისის, დიდი ფეოდალის, მირიანის, მძლავრობით.

ვინაიდან არსენ დიდის კათოლიკოსად კურთხევა მომხდარა კანონიკური წესების დარღვევით, ამიტომ გუარამ მამფალმა (აშოტ კურაპალატის ძემ, ამ მხარის გამგებელმა) გადაწყვიტა, გაეუქმებინა წინა კრების დადგენილება და "ბრძანა შეკრება ეპისკოპოსთა და უდაბნოთა მამათა და ყოველნი შემოკრბეს ჯავახეთს". ამ კრებაში მონაწილეობდა წმინდა გრიგოლ ხანძთელიც. კრება ასეა აღწერილი: ჯერ დაბრძანდა მეფე, ბრძანა საეკლესიო პირთა, "მოწესეთა", "შემოკრება" და პირველი სიტყვა წარმოთქვა. იგი შეეხო "სჯულისკანონს", ე.ი. მსოფლიო კრებათა კანონებსა და მამათა კანონებს: "...იცით ყოველთა კანონი სჯულისაი, რამეთუ არა ბრძანებს ეპისკოპოსისა და კათალიკოზისა მძლავრობით დაჯდომასა". ეს ფრაზა მოტანილია მოციქულთა კანონებიდან და მსოფლიო კრებათა დადგენილებებიდან. გუარამ მამფალი ყოფილა სჯულის კანონის კარგი მცოდნე და ამიტომაც ამ კრებაზე "სჯულისაცა მრავალთა სიტყვათა იტყოდა". ჯავახეთის კრებაზე გუარამ მამფალი საეკლესიო კანონებით - "სჯულისმოძღვრებით" - უმტკიცებდა კრებას ამგვარი მოქმედების უკანონობას. გრიგოლ ხანძთელმა მეფეს მიუგო, რომ იმავე კანონებში, რომელსაც იგი იყენებდა, არ წერია, ერისკაცმა (ამ შემთხვევაში გუარამმა) ეპისკოპოსებს სჯულისკანონი ასწავლოსო. გრიგოლმა განაცხადა, რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებს ესწრებოდნენ მეფენი, მაგრამ ისინი კი არ კადრულობდნენ წმინდა მამებისთვის სჯულისა და სჯულისმოძღვრების სწავლებას, პირიქით, მათგან ეძიებდნენ სჯულს, ითხოვდნენ ღვთის სიტყვათა ახსნას, რადგან მათგან ღვთის მცნებები ისწავლება და არა პირიქითო. ჯავახეთში შეკრებილმა ქართული ეკლესიის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ დაიყოლია გუარამ მამფალი და კათოლიკოსად დაადგინა ის პირი, რომელსაც ეპისკოპოსთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ეს იყო არსენ მირიანის ძე. კრების შემდეგ მას ახარეს (ის კრებას არ ესწრებოდა): "მოძღუარმან შენმან, გრიგოლ მამამან, დაამტკიცა კათოლიკოზობაი შენი". დღევანდელი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის ტერიტორიაზე მოწვეულ ამ კრებას უაღრესად დიდი ისტორიული, ეკლესიოლოგიური და სულიერი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთივე მნიშვნელობის კრება შედგა ჯავახეთში, სოფელ ღრტილასთან, ბაგრატ III-ის (975-1014) დროს; თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ღრტილას საეკლესიო კრება ჩატარდა 1046 წელს, ბაგრატ IV-ის დროს. ჯავახეთში ყოფნისას მეფეს არ მოუწვევია სამხედრო-სამოქალაქო კრება. ამ დროს მასთან "ჩვეულებისაებრ" მისულა ჯავახეთის მოსაზღვრე პროვინციიდან "დიდი მოძღვარი სომხეთისაი" სოსთენი. იგი მონოფიზიტური სარწმუნოების ღრმად მცოდნე ყოფილა, "ფრიად მეცნიერ წერილთა და სარწმუნოებისა". მიხეილ საბინინის თანახმად, სოსთენი ყოფილა მარმაშენის სომხური მონასტრის წინამძღვარი. როგორც ითქვა, იგი "ჩვეულებისაებრ მოვიდა ბაგრატ მეფისა და იწყო ზვაობით და ამპარტავნებით ქებად სჯულისა თვისსა".

იმ დროისთვის საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილით, კერძოდ, ტაო-კლარჯეთითა და აბოტით (ტაშირი) ძალიან იყო დაინტერესებული სომხური ეკლესია. IX-X საუკუნეებში სომხეთი დიდად გაძლიერდა. ამიტომ აუცილებელი იყო სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის დარწმუნება ქალკედონიტური (ე.ი. მართლმადიდებლური) სარწმუნოების სისწორეში და სომხური ეკლესიის არამართლმადიდებლური სახის წარმოჩენა, მით უმეტეს, რომ სომეხი "სარწმუნოების წინამძღვრები" მსგავსი ამპარტავნებითა და თავხედობით ცდილობდნენ თავიანთ სჯულის დაცვას, ნაცვლად კი ჰგმობდნენ და აძაგებდნენ "სარწმუნოებასა ჩუენსა".

ღრტილაში მეფესთან ერთად ყოფილან წურწყაბელი ეპისკოპოსი, გვარად მიქელაძე, ყველელი ეპისკოპოსი სანანო, გრიგოლ აბუსერიძე (შესაძლოა ტბელი), გაბრიელ უკის ძე. ამ მღვდელმთავრებმა და სჯულის მცოდნეებმა არ იცოდნენ მონოფიზიტური დოგმატიკა, ამიტომაც საკადრისი პასუხი ვერ გასცეს სოსთენს, "ვერ წინა აღუდგეს უმეცრებისათვის წიგნთა მათთასა". ამიტომაც მოიწვიეს ამ დროს იერუსალიმიდან სამშობლოში ჩამოსული ქართველი ბერი ეფთვიმე გრძელი, რომელიც იმჟამად ანჩელი მთავარეპისკოპოსის კარზე იმყოფებოდა. იგი, ანჩელ მღვდელმთავართან ერთად, მეფესთან ღრტილაში ჩავიდა. "სჯულის გამოძიება" ყოფილა მთავარი მიზანი ქართველი და სომეხი მოწესეების შეხვედრისა. ამ "გამოძიების" შედეგს უდიდესი გამოძახილი უნდა მოჰყოლოდა სამხრეთ საქართველოში და, მართლაც, დიდი გავლენა იქონია აქაური მოსახლეობის სარწმუნოებრივ სიმტკიცეზე. ეს იყო "გამოძიება საღმრთოსა და სჯულისა და მართლისა სარწმუნოებისა განრჩევად ღვარძლისაგან წუალებათასა". მსგავსი კამათის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ, როგორც ჩანს, იმ დროს სამხრეთ საქართველოს ქართველთა ერთი მცირე ნაწილი ჯერ კიდევ სომხური ეკლესიის სამწყსოს წარმოადგენდა, ე.ი. სომეხთა სარწმუნოებას აღიარებდა. ასეთი ყოფილა თვით მეფე ბაგრატ III-ის მწიგნობართუხუცესი ეფთვიმე.

ღრტილას კრებას მთელ საქართველოში საუკუნეთა მანძილზე ჰქონდა დიდი გამოძახილი.

ასეთი დიდი მნიშვნელობის სასულიერო და პოლიტიკური საქმეები წყდებოდა საქართველოს ძირძველ კუთხეში - ჯავახეთში, უძველეს ქრისტიანულ კერაზე ახალქალაქისა და კუმურდოს სახელწოდების ეპარქია მხოლოდ 2002 წლის 17 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით დაარსდა. მანამდე ეს ტერიტორია ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიაში შედიოდა. მღვდელმთავრად წმინდა სინოდის კრებამ დაადგინა მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1