მიუხედავად სიდუხჭირისა, ქართველი კაცი უფლის სადიდებლად აგებს ტაძარს
მიუხედავად სიდუხჭირისა, ქართველი კაცი უფლის სადიდებლად აგებს ტაძარს
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ბოლნელ მღვდელმთავრად მეუფე ეფრემის კურთხევის შემდეგ ეპარქიაში სულიერი ცხოვრების აღორძინება მართლაცდა თვალშისაცემია. ეს მხარე მდიდარია V-XVII საუკუნეების უნიშვნელოვანესი ქრისტიანული ძეგლებით. აღნუსხულია 250-მდე ეკლესია-ნატაძრალი. ცალკე უნდა გამოვყოთ ბოლნისის სიონი, აკაურთის ეკლესია, წუღრუღაშენი, კაზრეთისა და სათხის სამონასტრო კომპლექსები, თეოდორეწმინდა, ტანძია და სხვა.

ბოლნისში, წმინდა ელიას მთაზე, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის უძველესი ტაძარი ყოფილა.Aამ მადლიანი ადგილიდან ხელისგულივით მოჩანს მთელი ბოლნისი. ადრე ნატაძრალამდე ბილიკით თუ მიხვიდოდი, დღეს კი, მეუფე ეფრემის ძალისხმევით, სამანქანო გზაც გაიკვალა. მეუფე ეფრემისა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ნატაძრალის ადგილას ტაძარი შენდება.

ბოლნისის სიონში სტუმრობისას მეუფე ეფრემთან ერთად თავადაც მოვინახულე მშენებლობა.Mმეუფე ეფრემმა კი ასეთი საგულისხმო რამ მიამბო:

- ბოლნისის თავზე, წმინდა ელიას მთის წვერზე მდგარი წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის ტაძარი დაახლოებით IX-X საუკუნეებით თარიღდება. სამწუხაროდ, ჩვენამდე მხოლოდ ნანგრევები შემორჩა. ერთი წლის წინ ამ მთაზე გზის გაყვანა განვიზრახეთ - წინათ პეტრეპავლობას აქ მოსახლეობა ამოდიოდა და ღამისთევით აღნიშნავდა დღესასწაულს, ამოჰყავდათ საკლავი და მსხვერპლის შეწირვით ღმერთს ადიდებდნენ. გზის გაყვანის შემდეგ, შარშან საშობაოდ, ამ წმინდა ადგილას 27-მეტრიანი ჯვარი აღვმართეთ. ბოლნისელები ამ ჯვარს შეჰყურებენ, პირჯვარს იწერენ და უფალს ადიდებენ.

რადგან ეს ადგილი ნატაძრალი იყო, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, გადაწყდა, აგვეშენებინა ტაძარი წმინდა პეტრესა და პავლეს სახელზე. შემოწირულობით დაიწყო ტაძრის მშენებლობა. აქ მონასტრის დაარსებას ვფიქრობთ. გვინდა დავიწყოთ სამრეკლოს, საცხოვრებელი კელიების მშენებლობა. ეს ყველაფერი კი ერთ დიდ გალავანში მოექცევა.

ტაძრის მშენებლობაში თითქმის ყველა ბოლნისელი მონაწილეობს.Dდიდი სურვილი გვაქვს, რომ წმინდა მოციქულების სახელობის ტაძარი ხალხის შემოწირულობებით აშენდეს. შესაბამისი ანგარიში არის გახსნილი. ვისაც რა საშუალება აქვს, ამ კეთილშობილურ საქმეში ფინანსურად შეგვეწევა. გარდა ამისა, ფიზიკურ შრომასაც არ ზოგავენ. უფრო მასშტაბურ დახმარებას რამდენიმე პიროვნება გვიწევს. მათგან გამოვყოფდი ბატონ გიორგი საგანელიძეს და მის ოჯახს. ასევე ბატონ სილიბისტროს, რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, ბატონ კახა კოლელიშვილს, ბატონ ლევანს. კაზრეთის მადნეულის თანამშრომლები მატერიალურადაც გვეხმარებიან და ტექნიკითაც. უფალი ხომ თითოეული ადამიანისგან გაღებულ ერთ ლარსაც შეიწირავს. მთავარია რწმენა და მონდომება, რათა ერთობლივი ძალისხმევით აშენდეს წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. მადლობა ღმერთს, რომ მიუხედავად სიდუხჭირისა, ქართველი კაცი უფლის სადიდებლად აგებს ტაძარს. ღმერთმა გააძლიეროს, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეპარქია და წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა მეოხება შეგვეწიოს ამ წმინდა საქმეში.
ბეჭდვა
1კ1