ამ მხარეს ოდითგანვე უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ჩრდილოეთი კარიბჭის გამაგრებისთვის. ისტორიული ტრადიცია ალანებთან საზღვრის გამაგრებას და იქ მძლავრ ციხესიმაგრეთა აგებას ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირებს. როგორც ჯუანშერი გვამცნობს, წმინდა მეფემ V საუკუნეში "დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა ჩვენ დარიალისად უწოდთ და აღაშენა მას ზედა გოდოლნი მაღალნი და არა ხელეწიფების გამოსლვად დიდთა ნათესავთა ოვსთა და ყივჩაღთა თვინიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა".
მომდევნო პერიოდის საქართველოში, განსაკუთრებით - მთიანეთში, დამკვიდრდა ქორეპისკოპოსის ინსტიტუტი, რომლის მნიშვნელობა VI-IX საუკუნეებში კიდევ უფრო გაიზარდა. ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო ვახტანგ გორგასლის შემდეგ ქართლის სამეფოს სახელმწიფოებრივი წყობის მოშლა, მეფობის გაუქმება, საერო ხელისუფლების უკიდურესი დასუსტება ქართველებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროს ქართულმა ეკლესიამ საკუთარ ხელში აიღო ქრისტიანი მოსახლეობის მეთაურობა და მფარველობა. ქართული საეპისკოპოსოები სამართლისა და კანონიერების ცენტრებად იქცა.
ქორეპისკოპოსს ეკლესია შედარებით მიუდგომელი ადგილების ზედამხედველად ნიშნავდა და დიდ უფლებებს ანიჭებდა. ერთ-ერთი ასეთი მხარე იყო კახეთის მთიანეთი, რომლის მკვიდრ ქართველებს ადგილობრივი სახელით - წანარებად იხსენიებდნენ. წანართა ქორეპისკოპოსმა ფეოდალიზაციის პროცესის კვალდაკვალ, როგორც ჩანს, საერო ხელისუფლებაც მიიტაცა. საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთი პირის ხელში მოქცევის ტრადიცია საქართველოს მთიანეთისთვის უცხო არ ყოფილა, ეს ტენდენცია ხევის მოსახლეობასაც ახასიათებდა (წანართა თავდაპირველი საცხოვრისიც სწორედ ხევის რაიონშია საგულვებელი).
წანართა პოლიტიკურ ექსპანსიას წანართა ქორეპისკოპოსის კახეთის ქორეპისკოპოსად ტრანსფორმაცია მოჰყვა. კახეთის ქორეპისკოპოსის თანამდებობა თავდაპირველად, როგორც ჩანს, არჩევითი იყო: "მას ჟამსა შეითქვნეს გარდაბნელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანესი, ქვაბულის ძისა", - წერს მემატიანე. ქართული წყაროს ცნობას ქორეპისკოპოსის არჩევითობის შესახებ მხარს უჭერს სომეხი ისტორიკოსი თომა არწრუნიც, რომლის თანახმად, წანარები თავიანთ განმგებელს საკუთარი სურვილით აყენებდნენ. IX საუკუნეში ეს არჩევითობა ქორეპისკოპოსთა დადგინების მემკვიდრეობითი წესით შეიცვალა.
"წანართა ქორეპისკოპოსის" თანამდებობამ კახეთის მმართველად ტრანსფორმაციისას მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ცვლილება განიცადა. ამის კვალობაზე, IX საუკუნეში ქორეპისკოპოსი კახეთის ადრეფეოდალური სახელმწიფოს უზენაეს საერო ხელისუფლად გვევლინება. მან, ფაქტობრივად, დაკარგა სულიერი მოძღვრის ფუნქცია. საერო ხელისუფლად გამოდის ის საერთაშორისო ურთიერთობებშიც, სადაც ბიზანტიის ოფიციალური ხელისუფლება მას "წანართა არქონტს" (მთავარს) უწოდებს. ქორეპისკოპოსთა ტიტულს ატარებენ კახეთის მთავრები დაჩი, სამოელ დონაური, ფადლა I, კვირიკე I, კვირიკე II, ფადლა II, დავითი.
რუის-ურბნისის კრების მიერ ნახსენები ქორეპისკოპოსი კი უკვე წმინდა სასულიერო ხარისხია და უწინდელი ძალა აღარ გააჩნია.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქრისტიანობის ქადაგების დაწყება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება, თუმცა მთაში, მათ შორის ხევშიც - ისტორიულ წანარეთში, მოსახლე ტომებმა სხვადასხვა დროს აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. გერგეტში, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მაღალმთიან სოფელში, მდებარეობს ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერი, რომელიც დაახლოებით XIV საუკუნეშია აგებული. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ძნელბედობის ჟამს სწორედ იქ ხიზნავდნენ საკათალიკოსო სამკაულსა და ნინოს ჯვარს. გერგეტის სამების ტაძრის სამხრეთ კედელზე მიშენებულია მცირე საბჭელი, სადაც ძველად თემის უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა.
ყაზბეგსა და ხევში ეპარქია, ამ ცნების ტრადიციულ-კანონიკური მნიშვნელობით, არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სახელწოდებით, ქორეპისკოპოსების არსებობა კი ამ რეგიონში არ ნიშნავდა სრულფასოვან საეპისკოპოსო მმართველობას, ვინაიდან ქორეპისკოპოსი არ ყოფილა სრულფასოვანი ეპისკოპოსი. მეტიც - ამ ხარისხმა სავსებით განსხვავებული ელფერი მიიღო, საერო ძალაუფლება მოიპოვა და საბოლოო ჯამში საერო ხელისუფლის სტატუსი და მნიშვნელობა შეიძინა.
2002 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიქმნა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია და მმართველ მღვდელმთავრად გამორჩეულ იქნა იღუმენი პეტრე (ცაავა). იმავე წლის 19 ოქტომბერს იღუმენი პეტრე აკურთხეს სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა