აფხაზეთი, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად, I საუკუნეში მოიარეს მოციქულებმა და ქრისტიანობა იქადაგეს, წმინდა სვიმონ კანანელი კი აფხაზეთშივეა დაკრძალული.
როგორც ჩანს, უძველეს ქრისტიანულ კერაზე იმთავითვე არსებობდა მძლავრი სამღვდელმთავრო კათედრა - ნიკეაში, I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, მიწვეულ მღვდელმთავართა შორის ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილეც იყო.
IV საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, მთელი ეს მხარე გაქრისტიანდა.
VI-VII საუკუნეებში საქართველოს დასავლეთი პროვინციები ბერძნულენოვან მსხვილ სამღვდელმთავროებში - ლაზიკის სამიტროპოლიტოსა და აბაზგების საარქიეპისკოპოსოში - გაერთიანდა, აფხაზთა სამეფოს შექმნის შემდეგ კი ჩამოყალიბდა აფხაზეთის საკათალიკოსო, რომელიც ერთიანი საქართველოს ეკლესიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა და X საუკუნიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე არსებობდა მძლავრი ქართულენოვანი სამღვდელმთავროები. მათ შორის - ბედიისა, მოქვისა, დრანდისა, ბიჭვინთისა.
"...დიდმა მეფემან (იგულისხმება ბაგრატ III - დიაკ. ლ. მ.) აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვისა საეპისკოპოსო, შეწირა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი", - ნათქვამია "ქართლის ცხოვრებაში". ბაგრატი ბედიის მონასტერშივე დაუკრძალავთ.
ბედიის ტაძრის აგების ზედა ქრონოლოგიური ზღვარი 999 წელია. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბედიის საეპისკოპოსო კათედრა დაარსებულია X საუკუნის ბოლოს, კერძოდ, 999 წლის ახლო პერიოდში.
მოქვი არა მარტო ოდიშისა და აფხაზეთის, არამედ მთელი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საეპისკოპოსო გახლდათ, მაგრამ მოქველ ეპისკოპოსთა შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები მეტად მწირია. ჩვენთვის ცნობილი პირველი მოქველი ეპისკოპოსი, გრიგოლი, ამავე ტაძრის სამრეკლოს XV საუკუნეში შესრულებულ წარწერაში იხსენიება. შემდეგი წყარო, რომელიც მოქველი ეპისკოპოსის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, გახლავთ მოქვის სახარება, რომლის ბოლო ფურცელზე მხატვარს ღვთისმშობლის წინ დაჩოქილი და მავედრებელი მოქველი მთავარეპისკოპოსი დანიელი გამოუსახავს.
მოქვის ეპარქიის შესახებ საინტერესო ცნობები დაგვიტოვა საქართველოში სტუმრად მყოფმა ანტიოქიის პატრიარქმა მაკარიოსმა (1636-1672). პატრიარქმა მაშინდელი მოქველი ეპისკოპოსი საშინელ დანაშაულში ამხილა და სასტიკად დასაჯა. "ჩვენ ვნახეთ, - წერს იგი, - როგორ გაყიდა მარტო ერთ წელიწადში მოქვის ეპისკოპოსმა ანდრიამ თავისი სამწყსოს სამოცი კაცი (თურქეთში)". ანტიოქიის პატრიარქმა ანდრია მოქველი სრულიად სამართლიანად ამხილა დანაშაულში, მაგრამ განაჩენის გამოტანა და აღსრულება აფხაზეთის კათოლიკოსის უფლება იყო. ის ფაქტი, რომ აფხაზეთის იმდროინდელი კათოლიკოსი სვიმონ I (ჩხეტიძე, 1660-1666) ამ წყაროში ნახსენებიც კი არ არის, აფხაზეთის საკათალიკოსოში ანტიოქიის პატრიარქის დიდ გავლენაზე მეტყველებს.
ბიჭვინთის საკათალიკოსო კათედრა ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მოიცავდა. მას ექვემდებარებოდა საკუთრივ აფხაზეთის, სამეგრელოს, გურიის, აჭარის, იმერეთის, ლეჩხუმ-სვანეთისა და სხვა სამღვდელმთავრო კათედრები. ამავე დროს, ის "მცხეთის უხუცესი საყდრის უმრწემეს და მისდამი დაქვემდებარებულ საკათალიკოსოდ ითვლებოდა.
ამგვარმა ურთიერთმიმართებამ ჩრდილოკავკასიელი ტომები გაააქტიურა. აფხაზეთში შემოჭრილ ადიღეურ-ჩერქეზულ ტომებს შორის გამოირჩეოდნენ აბაზგები და აფსუები, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებზე ოჯახებითურთ სახლდებოდნენ. ბიჭვინთისა და აფხაზეთის საეპისკოპოსო ტაძრების დიდძალი საეკლესიო ქონება მომხდურმა მიიტაცა. საკათალიკოსო ტახტი ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. ძველი საეპისკოპოსო კათედრები - მოქვი, ბედია, დრანდა - XVII-XVIII საუკუნეებისთვის ადიღეურ-ჩერქეზული ტომების შემოსევების შემდეგ გაუქმდა და მღვდელმთავრები იძულებულნი გახდნენ, თავი სამეგრელოსა და იმერეთისთვის შეეფარებინათ.
დასავლეთ საქართველოს აფხაზეთის საკათალიკოსოში ეპარქიათა რიცხვი ერთხანს 25-ს აღწევდა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების დროს იმერეთის (ეგრის-აფხაზეთის) სამეფოს სამღვდელმთავროები ოთხამდე შემცირდა, ხოლო ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო ერთ - ქუთაის-იმერეთის - ეპარქიად ჩამოყალიბდა. XIX საუკუნის 50-იან წლებში აღდგა აფხაზეთის საეპისკოპოსო, რომელსაც 70-იან წლებამდე განაგებდნენ ქართველი მღვდელმთავრები, 80-იანი წლებიდან კი აფხაზეთის ეპარქიას ანტიქართული ორიენტაციის რუსი ეპისკოპოსები მართავდნენ.
1917 წელს, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა აფხაზეთის ეპარქიაც, რომლის მწყემსმთავარსაც ცხუმელ-ბედიელი ეწოდა. 1918 წლის ოქტომბერში ცხუმელ-ბედიელად დადგენილ იქნა მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. 60-იანი წლებიდან, 1967-1977 წლებში, ეპარქიას განაგებდა მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი. 1992 წლიდან აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დადგენილია მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა