ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის შესახებ გვესაუბრება ზუგდიდის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი (ჯგუშია):
- ისტორიულად ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წინამორბედი ცაიშის საეპისკოპოსო იყო.
ამ საეპისკოპოსოს შესახებ უძველესი ცნობა X-XI საუკუნით თარიღდება. ეს არის საწინამძღვრო ჯვრის წარწერა, სადაც მოხსენიებულია ცაიშელი ეპისკოპოსი ეფრემი ბაგრატ აფხაზთა მეფესთან ერთად. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ცაიშის ეპარქია შედიოდა ჭყონდიდის ეპარქიაში (1990-95წ.წ.), ხოლო 1995-98 წლებში მღვდელმთავარი იყო ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) დანიელი (დათუაშვილი).
1998 წლის 11 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსად აკურთხეს იღუმენი გერასიმე, რომელიც დღემდე თავმდაბლად და მორჩილად ატარებს მღვდელმთავრის მძიმე ჯვარს.
- საკუთარ თავზე არავინ საუბრობს ხოლმე. თქვენ მაინც გვიამბეთ მღვდელმთავარზე?
- ყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე, ერობაში - გიორგი შარაშენიძე, დაიბადა თბილისში 1958 წლის 20 მაისს. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტი.
1992-97 წლებში, მოსკოვში მუშაობის დროს, აღდგომის სახელობის ტაძარში, სტიქაროსნად დაიწყო მსახურება, შემდეგ წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში გადავიდა.
კათოლიკოს-პატრიარქ, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 1997 წელს ჩამოვიდა საქართველოში და გაამწესეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში. იმავე წელს ხაშურის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მთავარეპისკოპოსმა იობმა იგი ბერად აღკვეცა და გერასიმე უწოდა. შემდეგ აკურთხეს იეროდიაკვნად, მერე მღვდელმონაზვნად და დაინიშნა წრომის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად.
1998 წლის 20 ივნისს გადაიყვანეს გურჯაანის ეპარქიაში, პატარძეულის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობისა და წმიდა შიო მღვიმელის სახელობის ტაძრების წინამძღვრად. პარალელურად იყო ეპარქიის მდივანი. ეპისკოპოსად კურთხევის წინ მეუფე გერასიმემ ბრძანა: "ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას, რომლის მღვდელმთავრადაც ვინიშნები, სახელოვანი ისტორია აქვს. მისმა ტაძრებმა და მონასტრებმა ბევრი გამორჩეული სასულიერო მოღვაწე აღუზარდეს ეკლესიას... ძალიან მიხარია, რომ მომიწევს მსახურება საქართველოს იმ უმშვენიერეს კუთხეში, რომლის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაქვს".
ღვთისმსახურებისას მღვდელმთავარს "არწივს" (პატარა ხალიჩას) უფენენ, რომელზეც გამოსახულია ქალაქის თავზე მფრინავი არწივი. ეს სიმბოლო იმის მაუწყებელია, რომ მღვდელმთავრის სამწყსოს სულიერი ცხოვრებიდან ისე არ უნდა გამოეპაროს არაფერი, როგორც ცაში მონავარდე არწივს, - რაც დედამიწაზე ხდება. უდიდესი ნუგეშია სამწყსოსთვის, როცა მას მეუფე გერასიმესავით ღვთისმოყვარე და მტკიცე რწმენის მწყემსი ჰყავს.
- ცნობილია, რომ ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში უდიდესი სიწმინდეები ინახება. რას გვეტყვით მათზე?
- ღვთის საკვირველი განზოგებულებით, საქართველოში დავანებულ უდიდეს სიწმინდეთაგან ერთ-ერთი, ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლისს, აღინიშნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული - ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.
ყოვლადუსამღვდელოესი გერასიმე ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ბრძანებს: "ღვთისმშობლის კვართი შუამავლად გვევლინება ცასა და დედამიწას, ღმერთსა და ადამიანებს შორის და ღვთაებრივი მოწყალებით უფლის წინაშე სათნოდ წარმოგვაჩენს. ზღვა სიხარულის, ბედნიერების ვერდამტევი ზეიმი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, ვლაქერნობა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე, რადგან ბევრის მიმღებთ ბევრიც მოგვეთხოვება".
ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში დაცულია სხვა სიწმინდეებიც: წმიდა გიორგის ძვალი, წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი, წმიდა მარინეს მკლავი...
- ბევრი ეკლესია-მონასტერია ეპარქიაში?
- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დღეს 14 მოქმედი და მშენებარე ტაძარია. მათგან - ორი დედათა მონასტერია. გვყავს 13 მღვდელმსახური, 2 დიაკვანი, ერთი სქიმმონაზონი, 3 მონაზონი და 4 მორჩილი.
ჩვენი ეპარქიის სამწყსოდან წასული ქრისტესმიერი დები და ძმები სხვადასხვა ეპარქიის მონასტრებში ბერ-მონაზვნები გახდნენ. მათ შორის არის ერთი არქიმანდრიტი და რამდენიმე იღუმენი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი