ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ისტორიული ეგრისის სამეფოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხას - და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან - ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდილოეთიდან - მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან - ფოთისა და სენაკის ეპარქიები, სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი ზღვის სანაპირო ზოლს მიჰყვება.

საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ამ მხარეში წმიდა მოციქულებს ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველქრისტიანული თემისთვის ეკლესია დაუფუძნებიათ. IV ს-ის I ნახევარში ეგრისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. V ს-ში ბიზანტიის მომხრე ვახტანგ გორგასალმა დასავლეთ საქართველო რომაელთაგან გაათავისუფლა. მალევე ეს მხარე ეკლესიურად კონსტანტინოპოლს დაექვემდებარა. ამ დროს, VI ს-ში, საქართველოს ზღვისპირეთში ორი მსხვილი ბერძნულენოვანი საეკლესიო ერთეული ჩამოყალიბდა. ერთ-ერთის, ფაზისის ანუ ლაზიკის სამიტროპოლიტოს, იურისდიქცია ამ მხარეზეც ვრცელდებოდა. ცაიშის საეპისკოპოსო საქართველოში ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრია, დაახლოებით VI-VII ს.ს.-დან იღებს სათავეს. მისი ქართულ სასულიერო-კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბება საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საეკლესიო რეფორმებს დაუკავშირდა.

VI-VIII ს.ს.-ში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებული სამი საეკლესიო ოლქი. მათ შორის პირველი იყო ლაზიკის მიტროპოლია, რომელშიც შედიოდა 4 საეპისკოპოსო, მათ შორის დაბა ცაიშისაც. საყურადღებოა, რომ სახელწოდება "ცაიში" ბერძნულ ნოტაციებში სხვადასხვა ტრანსკრიფციით არის წარმოდგენილი. მაგალითად, VIII ს-ში კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის დასახელებულია ლაზიკის სამიტროპოლიტო, რომელსაც ექვემდებარებოდა ოთხი საეპისკოპოსო (ანუ ქალაქი): როდოპოლისის, საისინთა (ე.ი. ცაიშის), პეტრას და ზიგანევთა. VI-VIII ს.ს.-ში, დასავლეთ საქართველოს ბიზანტიის იმპერიის მფარველობის ქვეშ ყოფნისას, ყველა ზემოჩამოთვლილი საეკლესიო ოლქი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ნაწილად მოიხსენიება. ასევეა მოხსენიებული დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა საეკლესიო ოლქები, მათ შორის ცაიშის საეპისკოპოსო, ყველაზე გვიანი ხანის დოკუმენტში (VIII-IX ს.ს.). ჩანს, IX ს-ში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ოლქები (სებასტოპოლის ბერძნული კოლონიის გარდა) და მათ შორის, ცაიშის საეპისკოპოსოც ჩამოშორებული იყო კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ეს უდიდესი მოვლენა გახლდათ არა მარტო ცაიშის საეპისკოპოსოსა და ქართული ეკლესიისთვის, არამედ იმდროინდელი საქართველოსთვის, რადგან ერთიანი ქვეყნის ჩამოსაყალიბებლად უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული საეპისკოპოსოების კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებიდან გამოსვლას. ჯერ კიდევ სუსტ სახელმწიფოში ეკლესია თუ ერთიანი არ არის, ძნელია ილაპარაკო მის მომავალ ძლიერებაზე. ერთიანი ეკლესიის ჩამოყალიბების ტენდენცია VIII-IX ს.ს.-ში მჟღავნდება. ამის დასტურია გიორგი მერჩულეს სიტყვები: "ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". ამიტომ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი აფხაზეთის ქართული სამეფოს ფარგლებში ჩამოყალიბებული აფხაზეთის საკათალიკოსო ასევე ქართლია, ანუ ქართული ეკლესიაა, რადგან აქაც წირვა ქართული ენით აღესრულება.

აფხაზეთის საკათალიკოსოს ჩამოყალიბების შედეგად ცაიშის ბერძნულენოვანი კათედრის საფუძველზე იმავე სახელწოდების ქართულენოვანი სამღვდელმთავრო აღმოცენდა. XVII ს-ის დამდეგიდან ცაიშის ეპარქიის შემადგენლობაში არსებული წალენჯიხა ცალკე საეპისკოპოსოდ ჩამოყალიბდა, რომელიც XVIII ს-ის შუა ხანებისთვის გაუქმდა და კვლავ ცაიშის ეპარქიას დაექვემდებარა.

ამრიგად, ცაიში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსოა, მისი მოხსენიება VI-VIII ს.ს.-ის ბერძნულ ნოტაციებში იმაზე მეტყველებს, რომ ცაიშის საეპისკოპოსო უფრო ადრე, VI-VII ს.ს.-თა მიჯნაზე მაინც უნდა შექმნილიყო. X საუკუნისათვის იგი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს დაექვემდებარა და ერთ-ერთი უძლიერესი ქართული სასულიერო და კულტურული ცენტრი გახდა. ცაიში, როგორც საეპისკოპოსო, ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება უკვე VI-VIII ს.ს.-დან, მაგრამ X ს-მდე ცაიშელ ეპისკოპოსთა შესახებ არაფერია ცნობილი. პირველი ცაიშელი, რომელიც ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული, გახლავთ ეფრემი. მისი სახელი დატანილია ცაიშის დიდ საწინამძღვრო ჯვარზე (X-XIს.ს.).

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, 1814 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულებით, დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა რუსეთის ეკლესიას და ცაიშის სამწყსოც ეგზარქოსის დაქვემდებარებაში არსებული იმერეთ-ქუთაისის ეპარქიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ცაიშის ძველი სამღვდელმთავრო ტერიტორია ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში ითვლებოდა. 1995 წლის 5 აპრილის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, აღდგა ძველი ცაიშის ეპარქია, რომელსაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია ეწოდა.

1998 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად დაინიშნა ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე).

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1