საქართველოდან წამოღებული სითბო და მადლი კარგა ხანს მყოფნის
საქართველოდან წამოღებული სითბო და მადლი კარგა ხანს მყოფნის
გვესაუბრება დუბლინის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი მალხაზ კუმელაშვილი:

- დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ირლანდიის მთავარეპისკოპოსის მარტინის სახელზე წერილი დაიწერა. საქართველოს მხარე ითხოვდა, ქართველი სამრევლოსთვის გამოეყოთ ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვას და ღვთისმსახურებას მართლმადიდებელი მოძღვარი ჩაატარებდა. მანამდე ოთახს ვქირაობდით და იქ ვატარებდით მსახურებას. ჩვენდა გასახარად, მთავარეპისკოპოსმა შეისმინა ჩვენი თხოვნა და გამოგვიყო ბრწყინვალე ეკლესია, რომელიც წმინდა დომინიკის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქ რამდენიმე კათოლიკური ეკლესიაა და ერთ-ერთ მათგანში ყოველ შაბათ-კვირას მართლმადიდებლური მსახურება აღევლინება.

მრევლში 300-მდე ქართველია. შეიძლება ყოველ წირვას სრულად ვერ დაესწრონ, მაგრამ ეკლესიაში მუდამ საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებს. ქართული სამრევლო გვაქვს ქალაქ ქორქშიც. ეს ქალაქი ირლანდიის სამხრეთით მდებარეობს. მოზრდილი საპორტო ქალაქია და ასეულობით ქართველი ცხოვრობს. თვეში ერთხელ, შაბათობით, ვატარებთ წირვას, კვირაობით კი დუბლინში სრულდება მსახურება.

- მამაო, კათოლიკურ სამყაროში როგორი დამოკიდებულება აქვთ მართლმადიდებლების მიმართ? და საერთოდ, როგორია ქვეყანა, სადაც მსახურობთ?

- მოგეხსენებათ, ირლანდია მკაცრი კათოლიკური ქვეყანაა, რომელმაც სარწმუნოებისთვის თავი გაწირა. დიდი ბრიტანეთის სამეფომ თითქმის მთელი დედამიწა დაიპყრო, პაპუა-ახალი გვინეიდან დაწყებული, კანადის ბოლო კუნძულებამდე, და მხოლოდ ირლანდიის მთლიანად ხელში ჩაგდება ვერ შეძლო.

ვერ ვიტყვით, რომ ირლანდია ბოლო ხანებში დიდად გამოირჩევა თავისი რელიგიის მიმართ ყურადღებით, მაგრამ შემწყნარებლობა მაინც ახასიათებთ. მართლმადიდებლებს, ქრისტიანებს, მით უმეტეს - ქართველებს, კეთილმეგობრულად ექცევიან.

ირლანდიაში თითქმის იმდენივე ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც საქართველოში. ხალხიც ძალიან თბილია და თითქოს წააგვანან კიდეც ქართველებს სტუმართმოყვარეობით, ადამიანის პატივისცემით.

ჩვენი ქვეყნის ისტორია მცირედ მაინც იციან. როგორც ჩვენ გვიწევდა იმპერიებთან ბრძოლა, ასევე ეწინააღმდეგებოდა ირლანდიაც დიდ ბრიტანეთს. ერთგვარი პატივისცემა აქვთ ჩვენდამი. მაგალითად, რუმინელებს, რამდენიმე სხვა მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძარი არ გამოუყვეს. ისინიც იძულებულნი გახდნენ, ეკლესია აეშენებინათ და უზარმაზარი თანხა დაეხარჯათ. ირლანდიელებმა თავიანთი ეკლესია მხოლოდ ჩვენ გამოგვიყვეს. ეს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა.

- მამაო, ქართული ტაძარი წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელზეა ნაკურთხი...

- მოგეხსენებათ, დასავლეთ ევროპის ეპარქიაში ეკლესიები ძირითადად ქართველი წმინდანების სახელობისაა. მაქსიმე აღმსარებელიც ხომ ქართველ წმინდანად მოიხსენიება და მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ჩვენს სამრევლოს მისი სახელი ეწოდა.

ტაძრის გარშემო რამდენიმე სკოლაა. ამავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ვატიკანის წარმომადგენლობა. არის დედათა მონასტერიც და სხვადასხვა დაწესებულება. მსახურებას მხოლოდ შაბათ-კვირას ვატარებთ. ეს დღეები სხვა დაწესებულებებისთვის უქმეა. დედათა მონასტრის იღუმენიას ნებართვით, აქაური ქართველების მიერ, რომელთაც ბატონი ზურაბ კალანდაძე ხელმძღვანელობდა, შეიქმნა ქართული ხატებით გამშვენებული მოძრავი კანკელი. ტაძარში გვაქვს მრევლის მიერ შეკვეთილი ქართველი ხატმწერების მიერ საქართველოში შესრულებული ხატებიც.

- ღვთისმსახურებაში თუ არიან ჩართულნი ქართველები?

- რა თქმა უნდა. ღვთის მადლით, ჩვენი 16 წლის მედავითნე გიორგი ჩინებულად უძღვება თავის საქმეს. ორიოდე კვირა ვამეცადინე და ისე დახელოვნდა, მის გარეშე ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა. გიორგიმ სამარხვო ტიპიკონიც შეისწავლა. მომავალში სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავლასაც აპირებს. შეიძლება ითქვას, კიდევ ერთი კარგი ახალგაზრდა შეემატება საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

გვყავს პროფესიონალი მგალობლები, რომელთაც ქალბატონი ზეინაბ ნანობაშვილი უძღვება. მას კონსერვატორია აქვს დამთავრებული. გალობდა თბილისის, რუსთავის ეკლესიებში. ისე ჰარმონიულად სრულდება წირვა, კათოლიკეებიც კი გაოცებულნი რჩებიან.

- სამრევლო სკოლა თუ გაქვთ ირლანდიაში?

- ეკლესია განსაზღვრული დროით - 11-დან 16 საათამდე გვეთმობა. ახალგაზრდა მრევლს, რომელთაც პედაგოგიური განათლება აქვთ მიღებული, სამრევლო სკოლის შექმნა ვთხოვე, რათა ჩვენს ბავშვებს ქართული მენტალიტეტი ჩამოუყალიბდეთ და ქართულად საუბარი შეძლონ, არ დაავიწყდეთ მშობლიური ენა. ჩვენი ემიგრაცია ძალიან ახალგაზრდაა, ათ წელსაც არ ითვლის. 6-7 წლის პატარები აქ არიან დაბადებულნი და ქართული არ იციან. ირლანდიურ ბაღებში, ირლანდიურ სკოლებში გაიზარდნენ და ქართული წერა-კითხვა უჭირთ. მოზარდებთან შედარებით იოლია მუშაობა, მათ უკვე ვასწავლეთ ქართული წერა-კითხვა. ეს მეტად გვახარებს და ბავშვების წასახალისებლად ჯილდოებს ვაწესებთ. თუმცა სამრევლო სკოლა ჯერჯერობით ვერ ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ საძირკველი უკვე ჩაყრილია.

- მამაო, ქართული ტაძარი ალბათ აერთიანებს და აახლოებს ქართველებს...

- ერთადერთი საფუძველი ქართველების გაერთიანებისა სწორედ ტაძარია. აქ ისინი თავიანთ ნავსაყუდელს ხედავენ. ჩვენთან ისეთი ადამიანებიც მოდიან, რომლებსაც საქართველოში ეკლესიურად არ უცხოვრიათ. მარხულობენ, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, უდიდესი სიხარულით მოიჩქარიან ეკლესიისკენ. დღესასწაულებზე უფრო მეტად ივსება ჩვენი ტაძარი. ისე კი, შაბათ-კვირას, დაახლოებით 80-100 კაცი ესწრება მსახურებას.

ასე რომ, ეკლესიამ უდიდესი როლი შეასრულა აქ მყოფი ქართველების გაერთიანებაში.

- ქართული ტრადიციებისა და ჩვენებური ყოფა-ცხოვრების შემდეგ არ გაგიჭირდათ იქაურ ცხოვრებასთან შეგუება? და საერთოდ, როგორ ცხოვრობენ ქართველები ირლანდიაში?

- ვიდრე ირლანდიაში განმაწესებდნენ, ოთხი წელი (2000-იდან 2004 წლამდე) ნიუ-იორკში, მანჰეტენის ერთ-ერთ საკათედრო ტაძარში ვიმსახურე. ტაძარში, რომელიც მართლმადიდებლობის ცენტრია, მსახურება ინგლისურად მიმდინარეობდა, მაგრამ, წინამძღვრის კურთხევით, გიორგობას, ნინოობას ქართულად ვწირავდით ხოლმე. ქართულად ვმსახურობდით საერო დღესასწაულზეც - 26 მაისს. ამის საფუძველზე ამერიკაში ქართული სამლოცველო სახლი ჩამოყალიბდა.

ეს ტაძარი ქართველებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომ და პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს და მრევლს მსახურებაზე სიარული არ უჭირდა. დიდ დღესასწაულებზე კი უფრო მრავლად იკრიბებოდნენ - 800 ქართველს ერთად ვხედავდი.

ამერიკაში ემიგრაციას საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. ირლანდიასთან შედარებით ამერიკული ცხოვრების დონე უფრო მაღალია, მაგრამ ირლანდია იმით სჯობია ამერიკას, რომ აქ ბრწყინვალე ეკლესია გვაქვს. მანჰეტენზე კი ჯერჯერობით მხოლოდ სამლოცველო სახლი მოქმედებს - კათოლიკურ კოლეჯში ორი ოთახი უჭირავს მართლმადიდებლურ სამლოცველოს, რომლის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე თანდილაშვილი ბრძანდება.

ამერიკიდან საქართველოში დავბრუნდი, სადაც 1986 წლიდან 2000 წლამდე გორის ეკლესიის წინამძღვარი გახლდით.

უწმინდესისა და დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, რამდენიმე ხნის შემდეგ ირლანდიაში განმაწესეს. პარალელურად მსახურებას აღვავლენ ლონდონის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში. თვეში ერთხელ ვწირავ ბერძნულ ეკლესიაშიც. მსახურებას 50-დან 200-მდე ქართველი ესწრება. იმედი მაქვს, სულ მალე მათაც ექნებათ ეკლესია და უფრო მეტად გაიხარებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლონდონის ერთ-ერთ მუზეუმში ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები ინახება. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის ძალისხმევით შევუთანხმდით მუზეუმის ხელმძღვანელობას - 28 სექტემბერს სიწმინდეები გამოაბრძანეს და პარაკლისი ჩავატარეთ. საქართველოდან დელეგაცია გვეწვია. დუბლინელმა ქრისტიანებმაც გამოთქვეს სურვილი დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლისა და პარაკლისზე დასწრებისა. პარაკლისის შემდეგ ყველას შეეძლო მუზეუმში შესვლა და წმინდა ნაწილებთან მიახლება.

დუბლინში კი წმინდა პატრიკის ნაკვალევი გახლავთ. რამდენიმე ირლანდიელი მრევლიც მყავს. ზოგს მეუღლე ჰყავს ქართველი, ზოგიც დამოუკიდებლად მოვიდა მართლმადიდებლობამდე.

XI საუკუნემდე ეს ქვეყანა მართლმადიდებლური იყო და მისი ნაკვალევი დღემდეა შემორჩენილი. ვაპირებთ, მრევლთან ერთად ირლანდიის მართლმადიდებლური სიწმინდეები მოვილოცოთ. ცხადია, ეს მოგზაურობა ფინანსებთანაა დაკავშირებული და ამიტომ ცოტა გვიგვიანდება.

მოგეხსენებათ, ჩვენი სამრევლო შემოწირულობით არსებობს. აქაური ქართველების შემოწირული ფულით ვიხდით ტაძრის გადასახადებს. რადგან ირლანდია კონტინენტისგან მოწყვეტილია და კუნძულზეა გაშენებული, ვერავინ დავაინტერესეთ, რომ დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ევროპის ეკლესიებს გამოუჩნდნენ ბიზნესმენები, რომლებიც შეეწევიან მათ. თავად ემიგრაციაც საკმაოდ დიდი ხნის ჰყავთ. ჩვენი მრევლი კი ხშირად გულისტკივილით აღნიშნავს, ყველასგან მიტოვებულები ვართო. ახლახან ბრძანდებოდა ირლანდიაში ოპერის მომღერალი ბატონი რამაზ ჩიკვილაძე. იმხელა სიხარული ჩამოიტანა, რომ არასდროს დაგვავიწყდება. თავადაც გახარებული წავიდა ჩვენგან.

ქართველების შეკრების ადგილი ძირითადად ეკლესია და ქართული რესტორანი "ნიკალა" გახლავთ. მსახურების შემდეგ აქვე ვრჩებით და ვესიყვარულებით ერთმანეთს. ვცდილობთ, სულ უფრო მეტი ქართველი შემოვიკრიბოთ. დიდ დახმარებას გვიწევს ლონდონის საკონსულო (ირლანდიაში საკონსულო არ არის).

- მამაო, როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე უცხო ქვეყანაში?

- სადაგ დღეებში მრევლთან შეხვედრა შეუძლებელია - დაკავებულები არიან თავიანთი საქმეებით. ამ დროს ვცდილობ, ფიზიკურად ვიმუშაო, ვიკითხო... რომ ვთქვა, იოლია ქართველი მოძღვრის აქ ცხოვრება-მეთქი, არ იქნება მართალი. მარტოს მიხდება სირთულეებთან გამკლავება.

- ოჯახიც თქვენთან ერთად არის?

- ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს. უფროსი ვაჟი 22 წლისაა და სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია; ქალიშვილიც სტუდენტია; მეორე ვაჟი სტომატოლოგობას ეუფლება, ნაბოლარა კი სკოლის მოსწავლეა. მათი აქ ჩამოყვანა ძნელია. სწავლაც ძალიან ძვირი ღირს და ერთსაც ვერ გადავუხდიდი მის საფასურს. კომპიუტერის მეშვეობით ვესაუბრებით ერთმანეთს. ექვს თვეში ერთხელ კი ვიზის გამო საქართველოში ჩამოსვლა მიწევს. შობის შემდეგ ალბათ კვლავ ჩამოვალ. ჯერჯერობით ასე მიდის ჩვენი ცხოვრება...

- სად გირჩევნიათ ყოფნა - საქართველოში თუ უცხოეთში?

- ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ თბილისზე უკეთესი ქალაქი არსად მინახავს. თბილისში ცხოვრება პატივია. ქართული სითბო, მართლმადიდებლობის მადლი ჩვენს ქვეყანაში ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. უცხოეთში კი რა უნდა ნახო ისეთი, მისგან სიამოვნება და მადლი რომ მიიღო?

- ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

- როცა სამშობლოში ჩამოვდივარ და აქაურობას თვალს შევავლებ, უდიდესი მადლით ვივსები. საქართველოდან წამოღებული სითბო და მადლი კარგა ხანს მყოფნის.

- მამაო, დაგემშვიდობებით. მადლობას გიხდით, რომ საუბრისთვის დრო გამონახეთ.

- უფლის მადლით, მალე დადგება დრო, როცა ქართველებს საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდებათ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვა
1კ1