საეკლესიო ტრადიცია ამ მხარეში ქრისტიანობის ქადაგებას წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს მიაწერს. გადმოცემის თანახმად (წერილობითი წყარო არ მოგვეპოვება), პირველი ეკლესია მოციქულს მთელს ეგრისში ცნობილი კერპისგან - დიდი მუხისგან (მეგრულად "ჭყონდიდისგან") აუგია. შესაძლოა, ეპარქიის სახელწოდებაც "ჭყონდიდი" სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. IV საუკუნეში ქვეყნის მოქცევასთან ერთად ეს მხარეც გაქრისტიანდა, VI საუკუნის მეორე ნახევრიდან კი, პოლიტიკური ვითარების გამო, აქ დაარსებულ ბერძნულენოვან ეპარქიებს შორის გადანაწილდა. აფხაზთა მეფეების მიერ IX-X საუკუნეებში ამ მხარეში შექმნილ ქართულ ეპარქიათა შორის (მოქვი, ბედია, ცაიში) ჭყონდიდი უპირველეს საღვთისმსახურო კერად ითვლებოდა. ჭყონდიდის სამღვდელმთავრო კათედრა მთელი მისი არსებობის მანძილზე ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა და დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ეპარქია გახლდათ. ჭყონდიდელ მღვდელმთავარს, მისი უდიდესი ავტორიტეტისა და გავლენის გამო, წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა უმაღლესი საერო თანამდებობა მწიგნობართუხუცესობა მიანდო და მეფის შემდეგ სამეფოს პირველ პირად აქცია. შემდგომში დავითმა თავის თანამედროვე გიორგი ჭყონდიდელს კიდევ ორი ეპარქია - ბედიისა და ალავერდისა - დაუქვემდებარა. ჭყონდიდელი მღვდელმთავრები საქართველოს უპირველესი საეკლესიო იერარქები - კათოლიკოს-პატრიარქებიც გამხდარან.
XII საუკუნის 80-იან წლებამდე ოდიშის სამთავროში არსებული ექვსი სამღვდელმთავრო კათედრიდან ჭყონდიდის კათედრა უპირველესად ითვლებოდა და იყო დრო, როცა ჭყონდიდელი ბედიისა და ცაგერ-სვანეთის ეპარქიების სამწყსო ტერიტორიებსაც მართავდა.
საქართველოს პოლიტიკური დაშლილობის ხანაში, XV-XVII საუკუნეებში, ჭყონდიდელი ეპისკოპოსი აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და სამეგრელოს სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ დასავლეთ საქართველოში XIX საუკუნეშივე განახლებულ ეპარქიათა შორის ოდიშის კათედრის სახელით აღდგენილი სამეგრელოს ერთადერთი კათედრა 1882 წლიდან გურიისას შეუერთდა და გურია-ოდიშის ეპარქია ეწოდა. იმ პერიოდში ეპარქიას ცნობილი მღვდელმთავარი, საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ალექსანდრე ოქროპირიძე მართავდა. გაერთიანებული ეპარქიის კათედრა იმჟამად ფოთში იყო, ხოლო რეზიდენცია - მარტვილში. 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა ჭყონდიდის ეპარქიაც.
ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ეპარქიას სახელგანთქმული და დიდი ავტორიტეტის მქონე მღვდელმთავრები განაგებდნენ. ისტორიამ 50-მდე იერარქის სახელი შემოინახა.
ახლა კი ეპარქიის ზოგიერთი ტაძარი მიმოვიხილოთ.
მარტვილის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობით, დახვეწილი სტილით, ისტორიული მნიშვნელობითა და მასში დაცული არქეოლოგიური ნაშთებით საუკეთესოა არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ მთელს საქართველოში. გუმბათიანი ეკლესია ცხენისწყალსა და აბაშას შორის, მაღალ გორაკზე დგას. მიიჩნევდნენ, რომ ეკლესია აფხაზეთის მეფემ გიორგი II-მ (912-957) ააშენა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეათე საუკუნეში არა თვითონ ტაძარი, არამედ მხოლოდ დასავლეთის ეკვდერი იყო აგებული. ეკლესიის თავდაპირველი გეგმა ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც მცხეთის ჯვრისა, ატენის სიონისა და ძველი შუამთისა, ამ გეგმის ეკლესიები კი VII-VIII საუკუნეებს ეკუთვნის.
სიძველეთა მიხედვით ეპარქიაში მეორე ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გახლავთ, რომელიც ხობისწყლის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. ეს არის თლილი თეთრი ქვით ნაგები სამნავიანი ბაზილიკა, რომლის წინ ოდესღაც ვრცელი მინდორი ყოფილა. აქ იმართებოდა ქალაქობა და ამ ვაჭრობის გამო მონასტერსაც გარკვეული შემოსავალი ჰქონდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მარტვილის მონასტრის წინამძღვრებს, მათივე სურვილით, ხობის მონასტერში კრძალავდნენ, ხობელებს კი მარტვილის ტაძარში. ეს მათYსულიერ სიახლოვესა და სიყვარულზე მიუთითებდა.
სუჯუნის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში მდებარეობს. ძველად აქ ხის ეკლესია მდგარა. სოფელი მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზეა განფენილი. ზოგიერთი განმარტებით, "სუჯუნა" წყალდამდგარს ნიშნავს. სოფლის მდინარეს რიონთან აკავშირებდა არხი, რომლითაც სხვადასხვა სავაჭრო საქონელი მოჰქონდათ. 1758 წელს ხრესილის ომში იმერეთის მეფე სოლომონ I-მა დადიანთან ერთად თურქები დაამარცხა, იმავე წლის აგვისტოში კი იმერეთს ლეკების მარბიელი ჯარი შემოესია. სწორედ ამ დროს დაიწვა გელათისა და სუჯუნის ტაძრები. სუჯუნის საკათედრო ტაძარი ბრწყინვალე მქადაგებელმა და მოძღვარმა ანტონ ჭყონდიდელმა ააგო. აქვე იყო ჭყონდიდელთა რეზიდენციაც.
მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა