ჩემი ფესვები საქართველოშია
ჩემი ფესვები საქართველოშია
მართალია, გულდასაწყვეტია ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში ნებით თუ უნებლიეთ წასვლა, მაგრამ ხშირად მათი იქ ყოფნა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი ხდება. სამშობლოს სიყვარულს ქართველობა ისე ჯეროვნად ვერ გამოვხატავთ და ვერც განვიცდით, როგორც შორეულ ქვეყნებში დასახლებული ჩვენებურები. რაც უფრო შორს არიან, მით უფრო მეტად აფასებენ ყოველივე ქართულს და ვისაც როგორ შეუძლია, ქვეყანას ისე უწვდის დახმარების ხელს. ყოველი კეთილი საქმის მადლიანად კეთებას კი თავისი შნო და ლაზათი სჭირდება.

როცა დედა შეშანიკმა (აქიაშვილი) მარეხ ტოგონიძის ქველი საქმეების შესახებ მიამბო, მაშინვე მისი გაცნობის სურვილი გამიჩნდა. მარეხი რამდენიმე წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. ჰყავს ჰოლანდიელი მეუღლე და ქალიშვილი ეკატერინე. სხვათა შორის, მარეხი ლუარსაბ ტოგონიძის და გახლავთ. ჰოლანდიაში ქართულ დიასპორას ხელმძღვანელობს და თავისი საქმიანობით საქართველოს დიდ დახმარებას უწევს, თუმცა თავის დამსახურებებზე საუბარს ერიდება.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ტილბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა, მერე კი ერთ-ერთ წარმატებულ ბანკში ფინანსისტად განაგრძო თავისი პროფესიული მოღვაწეობა. სამშობლოს სიყვარული და ოცნება ძლიერ საქართველოზე მისი მყოფადი ცხოვრების ძირითადი მამოძრავებელი ძალაა. ჰოლანდიაში საზოგადოება "საქართველო/ქართული დიასპორის" ჩამოყალიბებაც სწორედ ამ ძალის ერთ-ერთი გამოვლინებაა. უთქვამთ, სადაც არ უნდა წავიდეს ქართველი, ყველგან თავისი წილი საქართველო მიაქვს და მერე იმ საქართველოში იწყებს ცხოვრებასო. ესეც ნათლად აისახა მის ემიგრანტულ ყოფა-ცხოვრებაში. მის მოღვაწეობას არც საქართველოში ჩაუვლია უკვალოდ, იგი ხომ საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

- საზოგადოება "საქართველო/ქართული დიასპორა" 2005 წლის მაისში დაარსდა. 28 ივნისიდან ნოტარიალურად დამტკიცდა ოფიციალურ ორგანიზაციად. მისი საშუალებით ვცდილობთ ქართველთა დაახლოებას, გაერთიანებას და იმ მიდგომის გამონახვას, რომელიც დაეხმარება მათ სრულფასოვან საზოგადოებრივ აქტივობაში, ეროვნული კულტურული ინდენტობის შენარჩუნებაში. ორ თვეში ერთხელ შეხვედრებს ვაწყობთ, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვიზიდოთ ქართული და ჰოლანდიური საზოგადოების ყურადღება, ერთმანეთს გავუზიაროთ პროფესიული თუ პიროვნული გამოცდილება, მოვახდინოთ ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ამით მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში.

- მარეხ, როგორც ვიცი, ქართული დიასპორა დიდად შეეწია ჩვენს ეპარქიებსა და ბავშვთა სახლებს...

- ამაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება... შარშან საჩუქრებით დატვირთული კონტეინერი გადავეცით საქართველოს საპატრიარქოს. სხვადასხვა ეპარქიამ მიიღო ჩვენი ძღვენი, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია. დავეხმარეთ ლეიკემიითა და სიმსივით დაავადებულ ბავშვებსაც, ძეგვის, ბედიანის, ზესტაფონის ბავშვთა სახლებს და გურჯაანის ინვალიდ ბავშვთა სახლს. ინვალიდთა ასოციაციაც არ დავტოვეთ უყურადღებოდ. ჩვენ მიერ პერიოდულად გაწეული ჰუმანიტარული დახმარება უკვე სტრუქტურულ სახეს ატარებს, შესაბამისად, მიმღები ორგანიზაციების ნუსხაც ფართოვდება. სამომავლოდ გვსურს, ძეგვისა და ბედიანის ბავშვთა სახლებს რეგულარულად დავეხმაროთ, რათა კვების პრობლემა აღარ ჰქონდეთ. ძალიან გვახარებს, რომ ჩვენი საქმიანობით საშუალება გვეძლება, მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ მდგომარეობა იმ სოციალურ ფენას, რომელიც ყურადღებას, თანადგომასა და დახმარებას ითხოვს.

საქართველოში ჩვენს წარმომადგენლობას - ასოციაცია "პირდაპირი დახმარება საქართველო-ინტერნაციონალს" - რომლის თავმჯდომარეც ქალბატონი ნინო დარახველიძე გახლავთ, ჩვენს ქვეყანაში მონიტორინგის განხორციელება და იმ კონტინგენტის შესახებ ზუსტი მონაცემების შესწავლა ევალება, რომელიც სხვადასხა სახის დახმარებას საჭიროებს. დაგეგმილი გვაქვს სასწავლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელებაც. ორგანიზაცია საკმაოდ აქტიურად გვეხმარება ჰოლანდიიდან გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაში, პროექტების განხორციელებაში. ძალიან გაგვიხარდება, თუ ჩვენი ქართველობა ამ ორგანიზაციას დაუკავშირდება.

- მარეხ, არ შემიძლია, არ გკითხოთ: ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველობა მართლმადიდებლურ ტაძრებში თუ დადის?

- რადგან ქართული მართლმადიდებლური ტაძარი არ გვქონდა, ემიგრანტ ქართველებს სხვადასხვა ეკლესიაში გვიხდებოდა სიარული. ზოგი ბიზანტიურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ცდილობდა სულიერი სიმშვიდის პოვნას, ზოგიც - რუსულ, კათოლიკურ თუ პროტესტანტულ ეკლესიებში. ხშირად მსმენია: "კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცეო". ეს სიტყვები თითქოსდა გამართლება იყო იმისა, რომ გზააბნეულებს სხვადასხვა რჯულის ეკლესიებში თამამად გვევლო და გველოცა. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი რელიგიური უმეცრების შედეგი იყო. ამბობებ, ქართველები გენეტიკურად რელიგიური ხალხიაო. ალბათ ამიტომაც უჭირს ქართველს დედაეკლესიის გარეშე, ემიგრაციაში ცხოვრება კი განსაკუთრებით უმძიმს. ღმერთთან ურთიერთობისთვის გარემო ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა ეს შენზე არ არის დამოკიდებული, გზა უნდა მოძებნო და იბრძოლო, რომ სწორი სულიერი სამყარო შეინარჩუნო.

ქართულად მსახურება ჰოლანდიაში მხოლოდ გასული წლის აგვისტოდან გახდა შესაძლებელი - როტერდამის წმინდა სამებისა და ჰერცოგენბოშის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრებში, სადაც უმეტესად პარაკლისი და პანაშვიდი აღევლინება. დიდი ხნის სურვილი, რომ ჰოლანდიაში ქართველი სასულიერო პირი გამოეგზავნათ, მას შემდეგ აგვისრულდა, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე აბრაამმა (გარმელია) იღუმენი აბიბოსი (ქურციძე) რომ აკურთხა. მართლაც უდიდესი განცდა იყო, როცა ლიტურგია მშობლიურ ენაზე აჟღერდა, რაღაც ღვთაებრივი, ჟრუანტელის მომგვრელი გრძნობა დაგვეუფლა, საოცარი სულიერი შვება ვიგრძენით და თითქოსდა გარემომაც ქართულად იწყო სუნთქვა. ასე დაიწყო ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ღმერთმა მამა აბიბოსი გამოგვიგზავნა და საშუალება გვაქვს, ქართულ წირვა-ლოცვას დავესწროთ.

მოგეხსენებათ, ევროპული ინტეგრაციის ტალღა რამხელა საშიშროებას უქმნის ყოველ ჩვენგანს და გადაგვარებას, ეროვნული ღირსების, ენის, სარწმუნოების დაკარგვას უქადის. ქართველობის შენარჩუნება ევროპაში მხოლოდ ეკლესიას და მასთან არსებულ სულიერ და კულტურულ ცენტრებს ძალუძს. ზოგიერთ ოჯახში ბავშვები ქართულად ვეღარ საუბრობენ, მშობლებს ზოგჯერ ისიც კი ახარებთ, რომ მათი შვილები ქართულზე უკეთ უცხო ენებს ფლობენ და უცხო ქვეყნის ტრადიციებს იცნობენ. ეს ვითარება გარდუვალიცაა, ბავშვები ხომ ჰოლანდიურ სკოლებში იზრდებიან, თანატოლებთან ურთიერთობისას ადვილად ითვისებენ უცხოურ ტრადიციებს, მშობლიურის შესახებ კი მხოლოდ სმენიათ. ასიმილაციის პროცესი ნებით თუ უნებლიეთ თავისთავად მიმდინარეობს. ეს პრობლემა დღეს ყველა ჩვენგანის სატკივარი და საფიქრალია. ამიტომ განსაკუთრებული სიფხიზლე, ყურადღება და უდიდესი ძალისხმევა გვმართებს მომავალი თაობის აღზრდის საკითხში. უპირველესად კი კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მემკვიდრენი გაგვხადა განგებამ ჩვენი ქვეყნის ტრადიციებისა და სხვადასხვა ეროვნული ფასეულობის სახით და როგორი ბრძოლითა და ღვაწლით გადმოგვცეს ეს საგანძური წინაპრებმა, დავფიქრდეთ იმაზეც, მისი დამკარგავნი რა პასუხს გავცემთ მომავალ თაობას.

მამა აბიბოსი როტერდამში, წმინდა სამების სახელობის ტაძარში თვეში ერთხელ ქართულად აღავლენს მსახურებას. ვიმედოვნებთ, მალე ისეთ ტაძარს მოვძებნით, სადაც ყოველ კვირას შევძლებთ ქართული წირვა-ლოცვის მოსმენას. მანამდე კი შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, იღუმენ აბიბოსთან, ანტვერპენში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ჩავიდეთ. ფაქტობრივად, ანტვერპენის მრევლი ვართ. როგორც უკვე ცნობილია, მამა აბიბოსის ინიციატივით ბელგიაში, ქალაქ სპას მახლობლად, ჩვენმა თანამემამულეებმა მიწის ნაკვეთი შეისყიდეს, სადაც წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი დაფუძნდა. პირველ ივლისს სამონასტრო ნაკვეთი და შენობები იკურთხა. ეს პირველი ქართული მონასტერია დასავლეთ ევროპაში. ცხრა საუკუნის მანძილზე ქართველებს მრავალჯერ უცდიათ დასავლეთ ევროპაში ქართული მონასტრის დაარსება, მაგრამ ყოველი მცდელობა მიზეზთა გამო უშედეგოდ მთავრდებოდა. დღეს, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ყოველი ჩვენგანი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენის მომსწრე და მონაწილე გაგვხადა განგებამ. პირველი ქართული მონასტერი დასავლეთ ევროპაში, პირველი ქართული სავანე, სადაც დაარსდება ქართული სულიერების ცხოველმყოფელი წყარო - ეს უკვე ჩვენი კულტურისა და სულიერების გადარჩენის საწინდარია. წარმოუდგენელია, მაგრამ მონასტრის ადგილმდებარეობაც და ბუნებაც საოცრად ჰგავს საქართველოს, თითქოს ჩვენი სამშობლოს განუყოფელი ნაწილია! წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის დაარსების შემდეგ, მამა აბიბოსის სურვილია, დედათა მონასტერი დააფუძნოს, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

ეკლესიასთან სიახლოვემ გვაგრძნობინა, რომ ჩვენი ცხოვრება სულიერი საზრდოს გარეშე არაფერია. ახლა ვხვდებით, რა გვაკლია ყველაზე მეტად წუთისოფელში. აქაური ქართველები შევეცდებით, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ, რათა ერთად შევძლოთ ქართული სავანის აღორძინება.

- როგორი წარმოდგენა აქვთ ჰოლანდიელებს საქართველოზე, ქართველებზე?

- წლების წინ საქართველოზე არაფერი იცოდნენ, თუ ვინმე იცნობდა, იცნობდა როგორც რუსეთის ნაწილს. ბევრისთვის ის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრ ბ-ნ ედუარდ შევარდნაძესთან ასოცირდებოდა. მას შემდეგ, რაც ქალბატონი სანდრა რულოვსი პირველი ლედი გახდა, საქართველომ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჰოლანდიის საზოგადოებაში. ვინც საქართველო მცირედ მაინც გაიცნო, თავისი ტრადიციებითა და ბუნებით უნიკალურ ქვეყნად მიიჩნევს. საქართველოდან დაბრუნებულმა ერთმა ჰოლანდიელმა ქალმა აღფრთოვანება ასე გამოხატა: საქართველოში გული დავკარგე, მის გარეშე კი რაღა გამაძლებინებსო. ქვეყნის პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ამაზე ჩვენმა სპორტსმენებმა განსაკუთრებით იზრუნეს.

- მარეხ, ვიცი, რომ ქართული გაზეთის დაარსებას აპირებთ...

- ქართულ-ჰოლანდიური საზოგადოებისთვის უკვე გამოვეცით ჟურნალი, რომლის პირველი ნომერი ივნისში გამოვიდა, მეორე კი სექტემბერში გამოვა. ვამჯობინეთ, იგი თავდაპირველად ელექტრონული ფორმით გავავრცელოთ, სამომავლოდ კი ჩვეულებრივი საგამომცემლო ტირაჟით გავრცელდება. ჟურნალი სამ თვეში ერთხელ გამოვა. ჟურნალ "დიასპორის" საშუალებით გვინდა იმ გზების გამოძებნა, რაც ქართველ საზოგადოებას დააახლოებს, გააერთიანებს და ჰოლანდიურ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ციკლურად განთავსებული მიზანმიმართული საინფორმაციო, ანალიტიკური თუ პუბლიცისტური მასალა ქართულ საზოგადოებას ჰოლანდიურ რეალობასთან ადაპტაციას გაუადვილებს. ჰოლანდიურენოვანი პუბლიკაციები ხელს შეუწყობს ქართული კულტურის, ისტორიის, ტრადიციების, მიღწევების პოპულარიზაციას.

- თქვენი ჰოლანდიელი მეუღლე უზომოდ ყოფილა შეყვარებული საქართველოზე...

- მართლაც ძალიან უყვარს საქართველო, უყვარს ქართველი ხალხი და ქართველობს. ყველა უცხოელს უყვარს ჩვენი მადლიანი ქვეყანა. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს საქართველო, შინ აღტაცებული ბრუნდება. ჩვენს მშობლიურ მხარეს უცხოელები უფრო აფასებენ და კარგი იქნება, თუ ქართველებიც მეტად იზრუნებენ ქვეყნის კეთილდღეობაზე. უფრო მეტად უნდა ვიაქტიუროთ. მთავარია, ჩვენი ქვეყნის გვწამდეს, გვწამდეს მისი მომავლის და შევეცადოთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ.

- საქართველოში დაბრუნებაზე არ ოცნებობთ?

- ქართველს საქართველოს გარეშე არ შეუძლია ცხოვრება. მართალია, უცხოეთში ვმოღვაწეობ, მაგრამ ჩემი ფესვები საქართველოშია. აქაური ქართველებისგან ხშირად მსმენია - სიბერეში საქართველოში უნდა დავბრუნდეთ, იქ უნდა დავიმარხოთო. მე კი მაინც მგონია, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ, სადაც საქართველოს სჭირდება. ვთვლი, რომ დღეს ჩემი ადგილი აქ არის, ხვალინდელი დღე კი თავისას გვიჩვენებს.

საქართველო მთელ მსოფლიოში უნიკალური ქვეყანაა. მართლაც ერთადერთი და განუმეორებელი სამშობლო გვაქვს და ამით უნდა ვიამაყოთ. უნდა ვიამაყოთ იმითაც, რომ ჩვენ მისი შვილები ვართ.
ბეჭდვა
1კ1