ეკლესიური მოწყობა საქართველოში IV საუკუნეში განსრულდა, მოციქულთა სწორი ნინოსა და ქართლის მეფე მირიანის ღვაწლით. მათ საქართველოში ეპისკოპოსად, ეკლესიის გამგებლად და მწყემსმთავრად, იოანე მოიწვიეს. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად საქართველოში იზრდებოდა ეპისკოპოსთა და ეპარქიათა რაოდენობაც. იოანეს შემდეგ ეკლესიის მეთაურს უკვე მთავარეპისკოპოსი ეწოდება, ე.ი. ეპისკოპოსთა თავი, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეპისკოპოსი რამდენიმე უნდა ყოფილიყო.
ივანე ჯავახიშვილის გამოკვლევით, V საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრისთვის საქართველოში 21 საეპისკოპოსო ყოფილა. ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის კათოლიკოსის სამწყსოში ჯუანშერი შემდეგ საეპისკოპოსოებს იხსენიებს: მცხეთისას, კლარჯეთში - ახიზისას, არტაანში - ერუშეთისას, ჯავახეთში - წუნდისას, ქართლში - ნიქოზისას, კარისას, ჭერემისას, ჩელთისას, ხორნაბუჯისას, აგარაკისას ანუ ხუნანისას, - სულ თექვსმეტ საეპისკოპოსოს. ივანე ჯავახიშვილი ამ სიას უმატებს ცურტავისა და სამეფო სახლის ეპისკოპოსებს, აგრეთვე რუისისა და ურბნისის, წილკნისა და სამთავისის საეპისკოპოსოებს. V საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრისთვის ეს რიცხვი დაახლოებით სწორი უნდა იყოს. V საუკუნის დამლევისთვის კი, უეჭველია, მეტიც უნდა ყოფილიყო. 506 წელს ალბანელთა, სომეხთა და ქართველთა გაერთიანებულ საეკლესიო კრებას საქართველოდან კათოლიკოსიანად 24 ეპისკოპოსი დასწრებია.
ცნობილი ასურელი მონოფიზიტი მოღვაწის სიმეონ ბეთ-არშამელის (VI ს-ის დამდეგი) სიტყვით, მის დროს ჰენეტიკონი (დროებითი შეთანხმება მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტებს შორის, რომელიც ბიზანტიის იმპერატორ ზენონის დროს დაიდო) შეიწყნარეს და მის აღსარებას მისდევდა ქართლის ეკლესიის 33 ეპისკოპოსი მეფითა და აზნაურებითურთ. მაშასადამე, VI ს-ის დამდეგს აღმოსავლეთ საქართველოში 33 ეპარქია ყოფილა.
ქართული ეკლესიის შედგენილობის შესახებ მომდევნო ცნობა VII საუკუნის დამდეგისაა, სახელდობრ, 607 წელს დაწერილ მეორე საპასუხო ეპისტოლეში კირიონ ქართლის კათოლიკოსი აბრაამ სომეხთა კათოლიკოსს სწერდა, რომ ქართლის საკათოლიკოსოში სულ 35 ეპისკოპოსი იყო. ერთი საუკუნის განმავლობაში ქართულ ეკლესიას ორი საეპისკოპოსო მომატებია. ეს გარემოება ქრისტიანობის წარმატებული წინსვლით უნდა აიხსნებოდეს.
საქართველოს ეკლესიის წარმატება და გაძლიერება პირდაპირ იყო დამოკიდებული საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერება-წარმატებაზე და პირიქით. საქართველოს სახელმწიფოს ზენიტში ყოფნისას ჩვენმა ეკლესიამ საპატრიარქო ღირსებაც კი მოიპოვა. ჟამთა სიავემ ეკლესიასაც დააჩნია კვალი: ერთიანი ეკლესიიდან მივიღეთ ორი - აფხაზეთისა და ქართლის - საკათოლიკოსო. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ძირითადი საეპისკოპოსოების ურთიერთმიმართება ("წესდგომა") ასეთი უნდა ყოფილიყო: 1 აფხაზეთის კათოლიკოსი; 2. ჭყონდიდელი; 3. ქუთათელი; 4. ბედიელი; 5. ციხეგოჯელი, - აღმოსავლეთ საქართველოში კი: 1. მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქი; 2. ამბა ალავერდელი; 3. ქიზიყელი; 4. თბილელი; 5. ნინოწმინდელი; 6. მანგლელი, რუსთველი, წილკნელი, კაწარელი, ურბნელი, მროველი, ნეკრესელი, სამთავნელი, ნიქოზელი, ბოლნელი, ხარჭაშნელი, წალკელი, დმანელი, გიშელი.
ქართულ ეკლესიას XVII-XVIII საუკუნეებში უმძიმეს პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა. თუკი XVII საუკუნის დასაწყისში კახეთში 20 საეპისკოპოსო იყო, ქართლში - 21, ხოლო მესხეთში - 14-მდე, თეიმურაზ II-ის ქრისტიანული წესით კურთხევისას, XVIII ს-ის 40-იანი წლებისთვის, ქართლ-კახეთში სულ რამდენიმე მოქმედი საეპისკოპოსოღა არსებობდა, ხოლო მესხეთში - აღარც ერთი.
არასახარბიელო პოლიტიკური ვითარების გამო ქართლ-კახეთში დიდი გავლენა მოიპოვა სომხურმა ეკლესიამ, რომელსაც სპარსეთი უჭერდა მხარს. ქართველები მასობრივად ხდებოდნენ სომხური ეკლესიის მრევლი. ქართლის 21 საეპისკოპოსოდან გადარჩა მხოლოდ ექვსი: თბილისისა, რუისისა, წილკნისა, ნიქოზისა, სამთავისისა და ურბნისისა, ხოლო კახეთის 20 საეპისკოპოსოდან, ალავერდის საეპისკოპოსოს გარდა, - ოთხი: ბოდბისა (ქიზიყისა), ნინოწმინდისა, რუსთავისა, ნეკრესისა. რაც შეეხება მესხეთს, აქ ქართული საეპისკოპოსოები საერთოდ მოისპო. ახალციხის გამაჰმადიანებული ქართველი ფაშები თვითონვე უწყობდნენ ხელს სამცხეში ქრისტიანობის დათრგუნვასა და მუსლიმანობის დანერგვას.
XIX საუკუნეში საქართველოს ეკლესია ხარისხობრივად სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა. 1811 წლიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღარ არსებობდა, იგი იქცა რუსეთის ეკლესიის ნაწილად, რომელმაც ეპარქიათა რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანა. საქართველოს საეგზარქოსოში სამი ეპარქია იყო: აღმოსავლეთ საქართველოსი, რომელსაც თვით ეგზარქოსი განაგებდა, იმერეთისა და გურია-სამეგრელოსი.
1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, ვითარება გამოსწორდა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა ამ პროცესებს განვითარების საშუალება არ მისცა.
1977 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების დროისთვის, საქართველოში ექვსიოდე ეპისკოპოსი თუ იყო. ყველა თბილისში ცხოვრობდა, რადგან საბჭოთა მთავრობა აფერხებდა ეპარქიათა რეალურად ფუნქციონირებას და ისინი მხოლოდ ფიქტიურად არსებობდა. პატრიარქმა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, რომელსაც ღირსეულად უპატრონა.
დღეისათვის ჩვენს ეკლესიაში 35 ეპარქიაა. ესენია:
1. მცხეთა-თბილისის ეპარქია (ქ. თბილისი თავისი რაიონებით, ქ. მცხეთა (წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი და ბიჭვინთა) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II. კათედრა და რეზიდენცია - მცხეთაში, თბილისსა და ბიჭვინთაში.
2. ალავერდის ეპარქია (ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები) - მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). კათედრა - ალავერდში, რეზიდენცია - ალავერდსა და თელავში.
3. ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია (ქ. ახალციხე, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი) - მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე). კათედრა და რეზიდენცია - ახალციხესა და საფარაში.
4. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია (ქ. ახალქალაქი, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი). კათედრა - ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია - ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
5. ბათუმისა და სხალთის ეპარქია (ქ. ბათუმი, ქ. ქობულეთი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევისა და ხულოს რაიონები) - მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი). კათედრა - ბათუმსა და სხალთაში, რეზიდენცია - ბათუმსა და ქობულეთში.
6. ბოდბის ეპარქია (ქ. სიღნაღი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონები) - ეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე). კათედრა - ბოდბეში, რეზიდენცია - ბოდბეში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში.
7. ბოლნისის ეპარქია (ქ. ბოლნისი, ბოლნისის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი თადეოზი (იორამაშვილი). კათედრა და რეზიდენცია - ბოლნისში.
8. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია (ქ. ბორჯომი და ბორჯომის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა). კათედრა და რეზიდენცია - ბორჯომში.
9. გურჯაანისა და ველისციხის ეპარქია - ეპისკოპოსი ექვთიმე (ლეჟავა). კათედრა და რეზიდენცია - გურჯაანში.
10. დმანისის ეპარქია - ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული). კათედრა და რეზიდენცია - დმანისში.
11. ვანისა და ბაღდათის ეპარქია (ქ. ვანი, ვანისა და ბაღდათის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია). კათედრა - ბაღდათში, რეზიდენცია - ვანსა და ბაღდათში.
12. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია (ქ. ზუგდიდი, ქ. წალენჯიხა, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები) - ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე). კათედრა - ზუგდიდსა და ცაიშში, რეზიდენცია - ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
13. თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია - ეპისკოპოსი იეგუდიელი (ტაბატაძე). კათედრა და რეზიდენცია - თიანეთში.
14. მანგლისისა და წალკის ეპარქია (ქ. თეთრიწყარო, ქ. წალკა) - მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე). კათედრა და რეზიდენცია - მანგლისსა და წალკაში.
15. არგვეთის ეპარქია (ქ. ზესტაფონი, ქ. თერჯოლა, ზესტაფონისა და თერჯოლის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი). კათედრა - ზესტაფონში, რეზიდენცია - ზესტაფონში, თერჯოლასა და ხარაგაულში.
16. მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია (ქ. მესტია და მესტიის რაიონი) - ეპისკოპოსი ილარიონი (ქიტიაშვილი). კათედრა და რეზიდენცია - მესტიაში.
17. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია (ქ. ყვარელი, ქ. ლაგოდეხი, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონები, საინგილო) - მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი). კათედრა - ნეკრესსა და ყვარელში.
18. ნიკორწმინდის ეპარქია (ქ. ამბროლაური, ქ. ონი, ამბროლაურისა და ონის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე). კათედრა - ნიკორწმინდაში.
19. ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპარქია - ეპისკოპოსი ლუკა (ლომიძე). კათედრა და რეზიდენცია - ნინოწმინდასა და საგარეჯოში.
20. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია (ქ. ცხინვალი, ცხინვალის, ახალგორის, ჯავისა და ზნაურის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია).
21. რუსთავისა და მარნეულის ეპარქია (ქ. რუსთავი, ქ. მარნეული, რუსთავისა და მარნეულის რაიონები) - მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი). კათედრა - რუსთავში.
22. სამთავისისა და გორის ეპარქია (ქ. გორი, ქ. კასპი, გორისა და კასპის რაიონები) - ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა). კათედრა და რეზიდენცია - სამთავისში, გორსა და კასპში.
23. სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია - ეპისკოპოსი შიო (მუჯირი). კათედრა და რეზიდენცია - სენაკსა და ჩხოროწყუში.
24. სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია (ქ. ყაზბეგი და ყაზბეგის რაიონი) - ეპისკოპოსი პეტრე (ცაავა). კათედრა და რეზიდენცია - ყაზბეგში.
25. ურბნისისა და რუისის ეპარქია (ქ. ხაშური, ქ. ქარელი, ქარელისა და ხაშურის რაიონები) - მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). კათედრა - ურბნისში, რუისსა და ხაშურში, რეზიდენცია - ხაშურში.
26. ფოთისა და ხობის ეპარქია (ქ. ფოთი, ქ. ხობი, ხობის რაიონი) - მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), კათედრა - ფოთში, რეზიდენცია - ფოთსა და ხობში.
27. ქუთაის-გაენათის ეპარქია (ქ. ქუთაისი, წყალტუბოსა და ტყიბულის რაიონები) - მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი). კათედრა და რეზიდენცია - ქუთაისსა და გელათში.
28. შემოქმედის ეპარქია (ქ. ოზურგეთი, ქ. ლანჩხუთი, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე). კათედრა - შემოქმედსა და ოზურგეთში, რეზიდენცია - ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში.
29. ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია (ქ. ცაგერი, ცაგერისა და ლენტეხის რაიონები) - ეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). კათედრა - ცაგერში, რეზიდენცია - ცაგერსა და ლენტეხში.
30. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია (ქ. სოხუმი, ქ. ოჩამჩირე, ქ. გუდაუთა, ქ. გალი, ქ. გაგრა და მათი რაიონები) - მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა - სოხუმსა და ახალ ათონში, რეზიდენცია - სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში.
31. წილკნისა და დუშეთის ეპარქია (ქ. დუშეთი, ქ. თიანეთი, დუშეთისა და თიანეთის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი). კათედრა - წილკანში, რეზიდენცია - წილკანში, დუშეთსა და თიანეთში.
32. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია (ჭიათურისა და საჩხერის რაიონები) - დროებით მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი). კათედრა - ჭიათურაში, რეზიდენცია - ჭიათურასა და საჩხერეში.
33. ჭყონდიდის ეპარქია (ქ. აბაშა,
ქ. მარტვილი, აბაშის, მარტვილისა და ჩხოროწყუს რაიონები) - მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე). კათედრა - მარტვილში, რეზიდენცია - მარტვილში, აბაშასა და ჩხოროწყუში.
34. ხონისა და სამტრედიის ეპარქია (ქ. სამტრედია, ქ. ხონი, სამტრედიისა და ხონის რაიონები) - მთავარეპისკოპოსი საბა (გიგიბერია). კათედრა - ხონში, რეზიდენცია - ხონსა და სამტრედიაში.
35. დასავლეთ ევროპის ეპარქია - მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია).
მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ლევან მათეშვილმა