ნიკორწმინდის ეპარქია
ნიკორწმინდის ეპარქია
ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი მსხვილი ეპარქიაა. მოიცავს დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ კუთხეს - რაჭას. ისტორიული კუთხე რაჭა და ნიკორწმინდის ეპარქია ერთსა და იმავე გეოგრაფიულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაა. ასე იყო XVI საუკუნიდანვე, როცა რაჭა ერთ მსხვილ საეკლესიო იურიდიულ ერთეულად, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეპარქიად ჩამოყალიბდა.

ეს რეგიონი სახელდების მხრივაც ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს. როგორც წესი, ახალდაარსებულ ეპარქიას სახელი ისტორიულად ჩამოყალიბებული ადგილმდებარეობის მიხედვით ეძლეოდა, ამ შემთხვევაში კი ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმინდა ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა.

სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული აზრის თანახმად, დასავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონის ისტორიული კუთხეები, რაჭა და მისი მოსაზღვრე ლეჩხუმი, ადრიდანვე ერთი სახელწოდებით - "თაკვერით" - მოიხსენიებოდა. მათი ტერიტორიულ-მმართველობითი დანაწილება მოგვიანებით მოხდა. ქართველი მემატიანის ჯუანშერის მიხედვით, V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს დასავლეთ საქართველოში ჰყოლია "სამნაღირ ერისთავი შიდა ეგრისისა და სვანეთისა; და ბაკურ, ერისთავი მარგვისა და თაკუერისა". აქ და სხვაგანაც თაკვერში რაჭისა და ლეჩხუმის ერთიანი ტერიტორია იგულისხმება. ამავე და მოგვიანო ხანის ბერძნული და სომხური წყაროებიც ხშირად იხსენიებენ თაკვერს. VIII საუკუნის ამბების გადმოცემისას ჯუანშერი დასავლეთ საქართველოში ჩამოთვლის ეგრისის, თაკვერის, სვანეთის, არგვეთისა და გურიის ადმინისტრაციულ ერთეულებს. ე.ი. ამ დროისთვის თაკვერი უკვე ჩამოშორებული იყო არგვეთს, რომელთანაც V საუკუნეში ერთ საერისთავოს შეადგენდა.

რაჭის საერისთავოს ჩამოყალიბების შესახებ XII საუკუნეზე ადრეული წერილობითი ცნობები არ მოგვეპოვება. მხოლოდ XII საუკუნეში, თამარ მეფის დროს, "ქართლის ცხოვრებაშია" მოხსენიებული რაჭის ერისთავი. რაჭის ერისთავის შესახებ გვაუწყებს ნიკორწმინდის ეკლესიის ჯვარცმის ხატის ჩარჩოს წარწერაც, რომელიც XI საუკუნეს განეკუთვნება და რაჭის განმგებლად ერისთავთა მესამე თაობის წამომადგენელს რატის იხსენიებს. ამის გამო რაჭის საერისთავოს არსებობა X საუკუნეშიც სავსებით დასაშვებია.

ისტორიულად და გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების შესაბამისად, რაჭა სამ ნაწილად იყოფა: ქვემო რაჭად, ზემო რაჭად და მთა რაჭად.

ქვემო და ზემო რაჭის საზღვრად მიჩნეულია ხიდიკარი. ვახუშტის მიხედვით, "კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ-ხიმშს ზეით მოიწროვდების რიონი სამხრიდამ და ჩრდილოდამ კლდითა. მუნ ძეს ხიდი რიონზედ... და უწოდებენ ხიდიკარს".

ერთხანს ზემო რაჭის მთის ეს რეგიონი - მთის რაჭა - არ შედიოდა ნიკორწმინდის ეპარქიის შემადგენლობაში, მეზობელ ნიქოზის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. ისტორიულად კი მთის რაჭა რაჭის საერისთავოს კუთვნილება იყო. ამ საერისთავოს არცთუ მცირე ღვაწლი მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. ამას მოწმობს მთელ რაჭაში მიმოფანტული ნანგრევები და დღემდე დაცული ისტორიული ძეგლები.

დროთა მდინარებისა და ვითარების ცვლილების შესაბამისად, რაჭის საერისთავოს გეოგრაფიული საზღვრებიც იცვლებოდა. იგი ზოგჯერ არამცთუ ლეჩხუმს, საკუთრივ მთელ რაჭასაც კი ვერ მოიცავდა.

თვითონ ნიკორწმინდის ეპარქია იმერეთის რეფორმატორი მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) მეოხებით ჩამოყალიბდა. მეფეს მისთვის დიდი შეწირულობა უბოძებია და სერიოზული დახმარება გაუწევია. თავგასულ მთავრებთან სამეფოს გაერთიანებისთვის ბრძოლაში ბაგრატი მოკავშირედ ეკლესიას მიიჩნევდა და მუდამ მის მორალურ-მატერიალურ აღორძინებაზე ზრუნავდა. მან საკუთრივ იმერეთის ტერიტორიაზე შექმნა და აღადგინა რამდენიმე საეპისკოპოსო. ამისთვის ძველი ქუთაისის საეპისკოპოსო რამდენიმე სამწყსოდ დაყო და მის ბაზაზე ჯერ გელათის, შემდეგ კი ნიკორწმინდის საეპისკოპოსოები დააარსა, ხოლო მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე თავისი მომხრე ფეოდალები დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოს თითქმის ხუთ კათედრაზე ერთდროულად ერთი და იმავე გვარის წარმომადგენლები, სახელდობრ - ჩხეტიძეები, იყვნენ უმაღლეს იერარქებად.

ახალდაარსებული ნიკორწმინდის კათედრაზე 1534 წელს პირველ ეპისკოპოსად მანოელ ჩხეტიძე იქნა გამწესებული. მანამდე, 1529 წელს, ის ხონელ ეპისკოპოსად დაადგინეს. როცა ბაგრატ III-ს უკვე არსებული, თუმცაღა იმხანად დაკნინებული ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია, პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია.

ამგვარად, ნიკორწმინდის ეპარქია, რომელიც დაარსების დროიდანვე მოიცავდა რაჭას, ბაგრატ III-ის დროს ჩამოყალიბდა, მაგრამ რაჭაში ქრისტიანობის დამკვიდრებას გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოექცა მირიან მეფე, სჯული ჭეშმარიტი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და დაიწყო პირველი ქართული ეკლესიის ორგანიზება. ეს ყველაფერი IV საუკუნის 20-30-იან წლებში მოხდა. ამავე და შემდგომი პერიოდის ქართული და უცხოენოვანი წერილობითი წყაროები რაჭასა და მის მიმდებარე კუთხეებს, თვით არგვეთ-შორაპნის ჩათვლითაც კი, აღმოსავლეთ საქართველოს - იბერიის - შემადგენლობაში განიხილავს. გამოდის, ქართლში ქრისტიანობის გავრცელების კვალად ახალი სარწმუნოება რაჭაშიც გავრცელებულა, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ოფიციალური სარწმუნოება.

ჟამთასვლასთან ერთად, იმერეთის სამეფოს გაძლიერება-დამცრობის შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში ეპარქიათა რიცხვი ხან იზრდებოდა, ხან მცირდებოდა (25 ეპარქიიდან 4 ეპარქიამდე).

ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დასავლეთ საქართველოში - 1821 წლამდე) არსებობდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ეპარქიათა რიცხვში ნიკორწმინდის ეპარქიაც იხსენიება, მაგრამ საბჭოთა რეჟიმის ბატონობისას ეპარქიათა აღორძინება-განვითარება შეფერხებული იყო.

ნიკორწმინდის ეპარქიაში შემონახულ საეკლესიო სიწმინდეთაგან გამორჩევით ფასეული ყოფილა წმინდა ნიკოლოზის იდაყვი. გადმოცემის თანახმად, ის ბაგრატ IV-ის პირველ ცოლს, ბერძენთა მეფის მანუელის ასულს ელენეს, მოჰყოლია მზითვად. კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, 20-იან წლებში, სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს, კომკავშირელს, სიწმინდე ტაძრიდან გამოუტანია და ეზოში ქვაზე დაუჩეჩქვია.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1