ხსენება მართლმადიდებელი ეკლესიის VI მსოფლიო კრებისა (+680-681) - 14 (27) სექტემბერი
ხსენება მართლმადიდებელი ეკლესიის VI მსოფლიო კრებისა (+680-681) - 14 (27) სექტემბერი
680 წელს კონსტანტინოპოლში შედგა მსოფლიო საეკლესიო კრება. იგი მოიწვია იმპერატორმა კონსტანტინე პოღონატმა (668-685), რათა ემხილებინა მონოთელიტების ცრუმოძღვრება. მონოთელიტები, მართალია, ცნობდნენ ქრისტეში ორ - ღვთაებრივ და კაცობრივ ბუნებას, მაგრამ აღიარებდნენ მასში მხოლოდ ღვთაებრივ ნებისყოფას.

იმპერატორი ჰერაკლე, რომლის დროსაც სული ჩაედგა ამ ერესს, ფიქრობდა, რომ ამ ახალი მოძღვრების დახმარებით შესაძლებელი იქნებოდა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგება. ამ ორ უზარმაზარ სარწუნოებრივ ბანაკს შორის მტრობა იმპერიას განხეთქილებით ემუქრებოდა. მონოთელიტობის ერესს თავიდანვე ებრძოდნენ სოფრონ იერუსალიმელი და კონსტანტინოპოლელი ბერი მაქსიმე აღმსარებელი (მას ენა და ხელიც კი მოჰკვეთეს ამის გამო, საბოლოოდ კი ლაზიკაში გადმოასახლეს).

VI მსოფლიო კრებამ 170 ეპისკოპოსის მონაწილეობით დაგმო მონოთელიტობის ერესი. განისაზღვრა ქრისტეში ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი. ამ ორ ბუნებას ორი ნებისყოფა აქვს, მაგრამ ისე, რომ კაცური ნებისყოფა არ ეწინააღმდეგება და ემორჩილება ღვთაებრივს.

VI მსოფლიო კრებას კანონები არ გამოუტანია, მაგრამ ზოგიერთი ქართული ხელნაწერის თანახმად, მიუღია დადგენილებანი, მათ შორის, ქართული ეკლესიის საპატრიარქო ეკლესიად აღიარების შესახებაც. განუსაზღვრავს მისი იურისდიქციის საზღვრები. "ქართლის ცხოვრების" ჩანართი წერს: "იქმნა კრება მეექვსე, წმიდათა მამათა კონსტანტინოპოლის შინა, მეათსამეტესა წელსა პოღონატი კონსტანტინეს მეფობისასა, რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინამძღვარ იყვნეს თეოდორე და გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ რომის პაპისანი და გიორგი კონსტანტინოპოლელი, თეოფანე ანტიოქიელი. ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმინდისა ეკლესიისა საქართველოსათვის, რომელ არს წმინდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმინდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიარქთა თანა, და აკურთხევდეს და მწყსიდეს და განაგებდეს სამართლით მთავარეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა სამწყსოსა თვისსა ქართლისა, გამოღმა-გაღმა კახეთსა, შაქსა, შირვანსა და მიდგმით წამოვლით მთისა ადგილისათა, სუანეთისა და ჩერქეზის საზღვრამდის, სრულიად ოსეთსა და ყოველსა ზემო ქართლსა, სამცხე-საათაბაგოსა. მისთვის მიგვითვლია საქართველოს ეკლესიანი. მას ჰმონებდნენ და მის ხელ ქუეშე იყვნენ და სჯულსა მისსა ერჩდენ და მისგან იმწყესებოდნენ. და მიგვიცემია ხელმწიფება შეკვრისა და განხსნისა... ხოლო პირველითგან ანტიოქიისა კრებისა მიერ განპატიოსნებული იყო. და ამ კრების მიერ დაგვიმტკიცებია პატრიაქად, რამეთუ ნუ იქნებინ მიტროპოლიტნი, ნუცა ეპისკოპოსი კათალიკოსისა შეუნდობრად. ხოლო უკეთუ ვინმე იკადროს კათალიკოსისა წინააღდგომა, მთავარეპისკოპოსმან, გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე, გინა მთავარნი, ანუ მთავარეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, განიკუეთენ. ხოლო ოდესა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თვისსა ეკლესიასა".

როგორც ითქვა, VI მსოფლიო კრებას კანონები არ გამოუცია, მაგრამ კრების მიერ დადგენილი და იმპერატორის მიერ დამტკიცებული საბოლოო ტექსტი 681 წლის 16 სექტემბერს გადაეცა საიმპერატორო კარს საგანგებოდ დასაცავად.

საფიქრებელია, რომ სწორედ ეს საბოლოო ტექსტი უნდა დადებოდა საფუძვლად "ქართლის ცხოვრების" ზემოთ მოყვანილ ჩანართს მსოფლიო კრების მიერ ქართული ეკლესიისათვის საპატრიარქო ღირსების მინიჭების შესახებ. ვ. გოილაძის აზრით, ამ თვალსაზრისის გამოთქმის უფლებას იძლევა "მარტვილურ ხელნაწერებში" არსებული მსგავსი ცნობა. ეს ცნობა ასეთია: "რამეთუ ესრეთ შესასწავებელ არს ტახტიკონსა შინა კონსტანტინოპოლისასა, ვითარმედ მას ჟამსა წმიდა მეექვსესა კრებასა კონსტანტინე პოღონატისასა და აღათონ რომთა პაპისა, გიორგი კონსტანტინოპოლელისასა და თეოფანე ანტიოქიელისასა და მათ-თანა ასოცდაათთა მამათაგან გაპატიოსნდა კათალიკოზი ქართლისა და ყვეს მამამთავრად და თავისუფლად და უფლად ყოველსა ზედა საქართველოსა: და მერე კვალადვე კრებასა შინა ანტიოქიისასა განთავისუფლდა და გაპატიოსნდა, რამეთუ არღარავისაგან ხელ ქვეშ არს, არამედ თავისუფალ და მამამთავარი არს".

"მარტვილურ ხელნაწერში" წყაროდ დასახელებული "კონსტანტინოპოლური ტაქტიკონი", შესაძლოა, იყოს ის დოკუმენტი, რომელიც 681 წლის 16 სექტემბერს გადაეცა შესანახად სამეფო კარის სამდივნოს.

მართალია, ათი წლის, შემდეგ 691 წელს მოწვეულ იქნა ე.წ. ტრულის კრება, რომელმაც იღვაწა კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით. შეკრიბა და გამოსცა წინა მსოფლიო კრებათა კანონები, მაგრამ მათში არ შესულა მრავალი კანონი და დადგენილება წინა კრებებისა, ალბათ, მასში არ მოხვდა ასევე VI კრების დადგენილება ქართული ეკლესიის შესახებ.

ვ. გოილაძემ გამოიკვლია, რომ "ქართლის ცხოვრების" ზემოაღნიშნული ცნობა სანდოა, რადგანაც მასში სწორადაა ასახული კრების მიმდინარეობის ისტორიული ვითარება, კერძოდ, კრებაზე დამსწრეთა შორის მოხსენიებულია არა ანტიოქიელი პატრიარქი მაკარიოსი, რომელიც კრებამ მონოთელიტ-მწვალებლად აღიარა და გააძევა, არამედ მის ადგილზე არჩეული ახალი პატრიარქი ანტიოქიისა თეოფანე, რომელიც ბოლომდე იყო კრებაზე.
მაშასადამე, ძველ ქართულ საეკლესიო ისტორიოგრაფიას სამართლიანად მიაჩნდა, რომ ქართულმა ეკლესიამ საპატრიარქო ღირსება მოიპოვა VI მსოფლიო კრებაზე, 681 წელს. იქამდე პატრიარქის წოდებას ატარებდა ამიერკავკასიის ორივე მეზობელი ეკლესიის მეთაურები - სომხეთისა და ალბანეთისა. როგორც ეს კარგად ჩანს მოვსეს კალანკატუაცის თხზულებიდან. ამიტომაც არაა გასაკვირი ის, რომ ქართული ეკლესიის მეთაურს ეძია პატრიარქის წოდება და მოეპოვებინა ეს უდიდესი ღირსება მსოფლიო ეკლესიის დასტურით. ამის შემდეგ ქართული ეკლესიის პატივი გაუთანაბრდებოდა მსოფლიოს სხვა საპატრიარქოთა პატივს. ამას საგანგებოდ აღნიშნავს ცნობა: "ამის კრების მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათვის, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიარქონი და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიარქთა თანა". აქვეა განხილული ქართული ეკლესიის სამწყსო. მასში ეთნიკური ქართული ტერიტორიების გარდა, შევიდა ალბანეთის ყოფილ საპატრიარქოში შემავალი ქართული ეთნოსით დასახლებული ტერიტორიები: შაქი და შირვანი, მათ გარდა, კავკასიის მთიანეთი "მიდგმით - წარმოვლით მთისა ადგილნი" - ესენია დღევანდელი და¬ღესტანი, ჩეჩნეთ-ინგუშეთი ვიდრე "სუანეთისა და ჩერქეზის საზღვრამდის", მასში შესულა "სრულიად ოსეთი". ოსეთი იმ დროისათვის მხოლოდ ჩრდილო კავკასიაში არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ალბანეთის ეკლესია, სწორედ VII ს-ის დასასრულს შეიერთა სომხურმა მონოფიზიტურმა ეკლესიამ, მ. კალანკატუაცის თანახმად; ხოლო ალბანეთის ჩრდილოეთით მდებარე ეთნიკური ქართველებით დასახლებული მხარეები, როგორც აღინიშნა, დაუბრუნდა დედაეკლესიას. ყოველ შემთხვევაში, ამ მხარეების მიმართ ქართულ ეკლესიას თავისი იურისდიქციის უფლება ჰქონდა, რომელიც მან მოგვიანებით განახორციელა კიდეც.

აღსანიშნავია მეორე გარემოებაც, რომ შავი ზღვისპირა ქართული მხარეები ამ დროისათვის, ე.ი. VII ს-ის ბოლოსათვის, არაა ქართული ეკლესიის იურისდიქციაში. მართლაც, ამ დროს ეს მიწა-წყალი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ნაწილი ვიდრე ე.წ. "სკანდა-შორაპნის" ხაზამდე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაჩნდა თავის იურისდიქციაში შემავალ ტერიტორიად, რადგანაც აქ იყვნენ ბერძნულენოვანი საეპისკოპოსოები ფასისისა, როდოპოლისისა, პეტრონ-ციხისძირისა და სხვ. IX-X საუკუნეებში ქართველი ქრისტიანებით დასახლებული ეს ტერიტორია დაუბრუნდა ქართულ დედაეკლესიას.

VI მსოფლიო კრებას დაუდასტურებია ქართული ეკლესიის უფლება მირონის კურთხევისა: "ოდესცა ენებოს შემზადე¬ბა და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თვისსა ეკლესიასა".

მომზადებულია მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის წერილების მიხედვით.

ბეჭდვა