ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (+335) - 13 (26) სექტემბერი
ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (+335) - 13 (26) სექტემბერი
ომის იმპერატორმა ტიტუსმა (42-72) 70 წელს იერუსალიმი დაიპყრო, დაარბია და მორიას მთაზე აღმართული სოლომონის ტაძრისაგან ქვა ქვაზე არ დატოვა. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ტიტუსის მიერ აოხრებული იერუსალიმის ადგილას ახალი ქალაქი ააშენა, რომელსაც საკუთარი სახელი - ელი-ადრიანე უწოდა და მისი იერუსალიმის სახელით ხსენება აკრძალა. უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით დაჰფარეს და ზედ იუპიტერის კერპი დადგეს; ქრისტეს ჯვარცმის ადგილას, გოლგოთაზე კი ქალღმერთ ვენერას ტაძარი ააშენეს. ქალღმერთის ქანდაკების წინ წარმართული მსხვერპლშეწირვები აღესრულებოდა, რომელსაც თან ბილწი ორგიები ახლდა.

ხოლო ბეთლემში, მაცხოვრის შობის ადგილას, მეფემ ადონისის კერპი აღმართა. რათა ადამიანების ცნობიერებიდან სრულიად განედევნათ ქრისტე მაცხოვარი და ის ადგილები, რომელიც მის მიწიერ ცხოვრებასთან იყო დაკავშირებული.

მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (306-337), როცა შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, მან დედასთან, კეთილმსახურ დედოფალ ელენესთან ერთად გადაწყვიტა, განეახლებინა ქალაქი იერუსალიმი. აეგო ახალი ტაძარი იქ, სადაც ქრისტე ევნო და აღდგა. მან გადაწყვიტა მაცხოვრის ხსოვნასთან დაკავშირებული ადგილები წარმართული საკულტო ნაგებობებისგან გაეწმინდა და ხელახლა ეკურთხებინა. ელენე დედოფალი იერუსალიმში გაემგზავრა. კონსტანტინემ მას პატრიარქ მაკარიოს I-თან (313-323) გაატანა წერილი, რომელშიც ითხოვდა, ყოველმხრივ შეეწყოთ ხელი ქრისტიანული სიწმინდეების განახლების საქმისთვის. წმინდა ქალაქში მოციქულთასწორმა დედოფალმა ყველა კერპი და წარმართული ტაძარი შემუსრა და შებილწული ადგილები აკურთხებინა. იესო ქრისტეს ჯვრის მოძიების სურვილით ანთებულმა ელენემ დანგრეული ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა. იქ მიაკვლიეს მაცხოვრის ამოვსებულ აკლდამასა და თხემის ადგილს, რომლის მახლობლადაც სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. ამ ჯვრებში სასწაულებრივ გამოარჩიეს ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, რომელიც პატრიარქმა მაკარიმ სხვა სასულიერო პირთა თანხლებით აამაღლა შემოკრებილი ურიცხვი ხალხის დასანახად (იხ. 14 სექტემბრის საკითხავი).

წმინდა დედოფალი დაუყოვნებლივ შეუდგა დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელსაც უნდა მოეცვა გოლგოთა და მაცხოვრის საფლავი. აღდგომის ტაძარი ათი წელი შენდებოდა. წმინდა ელენე (+327) მის აშენებას ვერ მოესწრო. წმინდა დედოფალმა იერუსალიმში ყოფნისას ეკლესიები ააგო ბეთლემში, ელეონის მთაზე, გეთსიმანიაში და მაცხო¬ვრის მიწიერი ცხოვრებასა და ძველი აღთქმის მოვლენებთან დაკავშირებულ მრავალ სხვა ადგილას.
ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობის დასრულება ტვირის I კრებასა და მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის გამეფების ოცდამეათე წლისთავს დაემთხვა. ამის გამო 335 წლის 13 სექტემბერს აღდგომის ტაძრის კურთხევა განსაკუთრებული დიდებულებით იზეიმეს. მასში სხვადასხვა მხარის მღვდელმთავარმა მიიღო მონაწილეობა, იქ იყვნენ: ბითინიელები, თრაკიელები, კილიკიელები, კაპადოკიელები, ასურები, მესოპოტამიელები, ფინიკიელები, არაბები, პალესტინელები, ეგვიპტელები ზეიმზე მიიწვიეს სულ ახლახან დამთავრებული ტვირის კრების მონაწილე მამები. იმ დღეს აკურთხეს მთელი ქალაქი იერუსალიმი. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის გახსენება ეკლესიის მამებმა 13 სექტემბერს დააწესეს.

ბეჭდვა
1კ1