მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეშვიდე
რუსული მართლმადიდებლობა
3. კიევი - მოსკოვის სამეფო - სინოდალური პერიოდი

საეკლესიო-სახელმწიფოებრივი ურთიერთობების შეცვლა ზნეობრივი დაცემის იმ საშინელ პროცესთან არის დაკავშირებული, რომელიც მონღოლთა ბატონობას მოჰყვა. მონობის ამ პრაქტიკას არ შეიძლებოდა თავისი შედეგი არ გამოეღო. განხორციელდა რუსული ხასიათის "თათრიანობით" მოწამვლა, მისი სიღრმობრივი გაუკმეხება. "თვითონ თავადები ვალდებული იყვნენ მიახლებოდნენ ურდოს, მონური მორჩილება გამოეცხადებინათ და სხვადასხვა სახის, მათ შორის საკუთარი მოძმე თავადების მიერ დასმენის შიშით თავზარდაცემულებს დესპოტის წინაშე ერთგულება ემტკიცებინათ... ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის მონობის ეს სკოლა უფრო მძიმედ ასატანი იყო; ადამიანი მოვალე იყო ყველა გამვლელი ბასკაკის მიმართ მორჩილება გამოეხატა, ყველა მისი სურვილი აღესრულებინა და ცრუთაყვანისცემითა და სიყვარულის გამოხატვის საშუალებით როგორმე მშვიდობით გაშორებოდა... ორპირობა, მლიქვნელობა, ეშმაკობა და ყველა მდაბალი ინსტინქტი ადამიანის თვითგადარჩენის საჭირო სათნო საშუალებად იქცა. სხვათა შორის, ამასვე ქადაგებს იმდროინდელი მემატიანე" (პ. ზნამენსკი).

თათრიანობით, უპრინციპობით, ძლიერისადმი უსაზღვრო მორჩილებით, მლიქვნელობით და ამასთან ყოველგვარი სუსტის სამწუხარო დაუნდობელი დათრგუნვით ხასიათდება მოსკოვისა და მოსკოვურობის მაშინდელი თვითშეგნება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც აბსოლუტურად გაუგებარია, რა იყო იმ საშინელი რელიგიურ-ნაციონალისტური აბერაციის, ანუ ნორმიდან გადაცდომის მიზეზი, რამაც რუსი "საეკლესიო პირები" დიდი ხნით მოხიბლა და ასეთი დამთრგუნველი უზნეო თვისებები გამოაცხადებინა "წმინდა რუსეთის" ცხოვრების წესის თავისებურებად.

მაგრამ თუ თათრიანობის პერიოდში საერთო "ზნეობრივი მდგომარეობა" ასეთ მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს და წლებთან ერთად მდგომარეობა სულ უფრო მეტად უარესდება, ამ ფონზე განსაკუთრებული ნათელით ბრწყინავს რუსი მოსაგრეებისა და წმინდანების როგორც ცხოვრება, ისე საქმიანობა; თათრული შემოსევები არ დაუპირისპირდა ეკლესიურ ტრადიციებს და არ შეაყოვნა დაწყებული ქრისტიანული პროცესები. ეს ერთნაირად ეხება როგორც საღვთისმეტყველო, ისე სხვა სულიერ ტრადიციებს. არ შეწყვეტილა რუსეთის ურთიერთობა აღმოსავლეთთან, ათონთან, სადაც სწორედ XIV საუკუნეში "ისიქასტების" მოძრაობაში სულიერი აღორძინება შეიმჩნეოდა. პალამას თავგამოდებული მიმდევარი იყო, მაგალითად, წარმოშობით სერბი მიტროპოლიტი, ათონელი ბერი კვიპრიანე, რომელმაც საკმაოდ ბევრი იღვაწა რუსეთში ლიტურგიის რეფორმის განსახორციელებლად. ამ დროს ათონის მთაზე მთარგმნელობითი საქმის გამგრძელებელი რუსი ბერების მთელი დასახლებები შეიქმნა. მათი დახმარებით რუსეთში შემოვიდა ბასილი დიდის, ისააკ ასურის, მაქსიმე აღმსარებლის, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის ღრმა ქრისტიანული შინაარსის მატარებელი ქმნილებები. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე რუსეთი ჯერ კიდევ არ არის ჩამოშორებული მსოფლიო მართლმადიდებლობას. ეს უწყვეტი სულიერი ტრადიცია ყველაზე უფრო მეტად რუსულ ბერმონაზვნობაში ვლინდება, რომლის ისტორიაშიც XIV საუკუნე სამუდამოდ დარჩა როგორც აღორძინების ოქროს ხანა. ეს არის ღირსი სერგი რადონეჟელის და მასთან დაკავშირებული მთელი იმ ჩრდილორუსული თებაიდის საუკუნე და ეს პიროვნებები სამუდამოდ დარჩებიან რუსული მართლმადიდებლობის მეხსიერებაში.

ღირსი სერგის (1320-1392) პიროვნებაში აშკარად გამოვლინდა მართლმადიდებლობის უშრეტი სიწმინდე და მთელი ის ბრწყინვალება, რაც ჭეშმარიტი ქრისტიანობისთვისაა დამახასიათებელი. უდაბნოში წასვლით, ფიზიკური ასკეზით, თვითჯვარცმით, თაბორის ნათლის ბრწყინვალების მორჩილებით, ცათა სასუფევლის შეგრძნებაში "ტკბობით" ღირსმა სერგიმ მთელი ის გზა განვლო, რაც პირველი საუკუნის წმინდანებიდან მოყოლებული დიდი ქრისტიანების სახით გამოიარა მართლმადიდებლობამ. წმინდა სერგის ცხოვრებაში, ეკლესიისადმი "ნაციონალურ-უტილიტარული" მიდგომიდან, ყველაზე მეტად კულიკოვოს ბრძოლაში დიმიტრი დონელისა და მასთან ერთად ორი ბერის - პერესვეტისა და ოსლიაბის კურთხევა დაამახსოვრდა შთამომავლობას. "სოციოლოგები" და "ეკონომისტები" წმინდა სერგის მოსწავლეებისა და მისი საქმის გამგრძელებლების მიერ მონასტრების უზარმაზარი ქსელის მშენებლობაში საგანმანათლებლო და კოლონიზატორულ შინაარსს ხედავენ, მაგრამ აქ მთავარი ქრისტიანული "აბსოლუტიზმი" და ადამიანში სულიწმინდის მადლით განხორციელებული ფერისცვალებაა, რომელმაც მას საშუალება მისცა ინტერესები უმაღლესი "ღვთაებრივი ცხოვრებისაკენ" მიემართა. ამ ღვაწლმა რუსული მართლმადიდებლობის ისტორიის ბნელ წლებში წმინდა სერგი ცენტრალურ ფიგურად აქცია და მისი ღვაწლის შედეგად წმინდა ლავრისკენ მრავალი გზა გაიკვალა. იმ წლებში ყველაფერი, რაც ჭეშმარიტი და ცხოველმყოფელია, წმინდა სერგის სახელს უკავშირდება. თავად მას არაფერი დაუწერია. მაგრამ მის მიერ განხორციელებული სწავლების ზეგავლენის შესახებ ისე ნათლად და დამაჯერებლად არაფერი მეტყველებს, როგორც ანდრეი რუბლიოვის ხატწერა, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ, საუკუნეთა განმავლობაში მივიწყების შემდეგ, იქნა აღმოჩენილი. თავად ტრუბეცკოის სიტყვებით რომ ვთქვათ, რუბლიოვის "სამება" - რელიგიური ხელოვნების სრულყოფილებისა და "ფერში ჭვრეტის" უმაღლესი განსახიერებაა. საერთოდ უნდა ითქვას, რომ საეკლესიო ხუროთმოძღვრებასა და ხატწერაში უფრო კარგად აისახა იმდროინდელი ნამდვილი ქრისტიანული სულიერება, ვიდრე საღვთისმეტყველო მწერლობაში. და სწორედ ისინი თავიანთი "უცნაური ნივთიერი უდავობით ადასტურებენ იმ სირთულესა და სიღრმეს, რაც ლაზათიანი ძველი რუსული გამოცდილებისათვის და შემოქმედებითი უნარისთვის იყო დამახასიათებელი" (ფლოროვსკი).

სერგი რადონეჟელის წმინდა სავანე მთელი ჩრდილოეთ რუსეთისათვის ძალიან მალე იქცა ბერ-მონაზვნობის აღზრდისა და განათლების კერად. დაახლოებით ასორმოცდაათი წლის მანძილზე 180 მონასტერი გაიხსნა და ამ პერიოდის რუსეთში უამრავი წმინდანი გაბრწყინდა. სიბნელისა და ბარბაროსობის ეპოქაში მონასტერი გახდა ხალხზე სულიერი ზეგავლენის ცენტრი და საზოგადოებრივი ცხოვრების ის პოლუსი, რომელშიც ადამიანის ცნობიერება ნუგეშს, სიმშვიდეს, რჩევას, დახმარებას ღებულობდა, რაც მთავარია, რწმუნდებოდა ნამდვილი ფასეულობების არსებობაში და ჭეშმარიტ სიწმინდეებთან უშუალო შეხებაში შედიოდა.

ამ ეპოქის რელიგიური ცხოვრების შესწავლის პროცესში, უწინარეს ყოვლისა, აშკარად თვალშისაცემი ცოდვილ სამყაროსა და სამონასტრო ცხოვრებას შორის არსებული ფსიქოლოგიური პოლარიზებულობა და ურთიერთდაპირისპირებაა. ასევე პოლარიზებული იყო თავად რელიგიური ცხოვრება: ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ უწვრთნელ რიტუალურობას, იერარქების მიერ ძარცვულ, უსწავლელ ან ნახევრად განსწავლულ თეთრ სამღვდელოებას (1435 წელს სასულიერო პირებმა ხალხთან ერთად სერიოზულად "მიბეგვეს" საჭეთმპყრობელთა კაცები), ცრურწმენას, ლოთობას, გარყვნილებას: მიტროპოლიტი იონა ვიატიჩებისადმი მიწერილ წერილში მოსახლეობას იმაში ამხელს, რომ იქაურებს წესად 5, 7 ან თუნდაც 10-გზის ქორწინება დაუმკვიდრებიათ და მათ ასეთ ცოდვიანობას სასულიერო პირები აკურთხებენ, ხოლო 1406 წელს კნიაგინია ვიაზემსკაია იულიანა მხეცურად მოკლა იური სმოლენსკიმ იმის გამო, რომ ქალს არ სურდა მისი ვნებების დაკმაყოფილება. და აი, მთელი ამ სიბნელისა და დაცემის გვერდით მონასტრის წმინდა ნიავმა დაბერა, ეს კი იმის მტკიცებულება გახდა, რომ სინანული, განახლება და განწმენდა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. როგორც ცნობილია, მონასტერი ქრისტიანული სამყაროს გვირგვინი კი არა, მისი შინაგანი სამართალი, მხილება და მის სიბნელეში შემოჭრილი ნათელია. "რუსული სულის" მემკვიდრეობითობის გაგებისათვის ამის ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. დაცემის პროცესში სული ამ მიღმიერი ნათლისკენ მიილტვის, მასში, ერთი მხრივ, მხოლოდ ბერ-მონაზვნობაში შეგრძნებად სულიერ სილამაზესა და, მეორე მხრივ, უიმედო ცოდვიანობას შორის არსებული ტრაგიკული შეუსაბამობა იწყებს მოქმედებას. ღრმად შეცდება ის, ვინც ამ საუკუნეების რუსულ რელიგიურ ცნობიერებას ერთ მთლიანობად წარმოიდგენს; მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკვე ამ დროს, თათრული გარდატეხის პერიოდში, ის გაორება გამოიკვეთა, რითიც რუსული ცნობიერების მთელი შემდგომი გზა დახასიათდება.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

https://translate.google.com/?hl=ru&sl=auto&tl=ru&text=

ბეჭდვა