მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე

ბიზანტია
6. ბიზანტია და სლავები

(დასასრული)
XII საუკენის დასასრულს, მაშინ, როდესაც ბიზანტია დასუსტდა, ბულგარეთმა კვლავაღორძინება დაიწყო. მოვლენებმა, რომელსაც საფუძველი ნაციონალური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა ძმებმა პეტრე და ივანე ასენელებმა ჩაუყარეს, დასაბამი ტირნოვის სამეფოდან აიღო. ეგრეთწოდებული "რომაული კარტი" სამეფოს ისტორიის დასაწყისშივე გათამაშდა. აქ ფორმულა მარტივია: არ გაღიარებს ბიზანტია - გაღიარებს რომი. აღიარების ძირითადი პირობა მეფის გვირგვინისა და მეფობის ნამდვილობის მთავარი ნიშნის-საპატრიარქოს ავტოკეფალურობის მინიჭებაა. სწორედ ამ მიზნით, უმცროსმა ასენელმა ძმამ იოანიკი კალოიანემ (1197 - 1207), შუა საუკუნეების რომის ყველაზე წარმატებულ პანტიფიკოსს ინოკენტი III-ს მიმართა. ნიშანდობლივია, რომ ამ პაპის დროს ყველა ქრისტიანი ხალხის ერთიანობისა და ერთიანად მართვის ლათინური თეორია, თავის აპოგეას მიუახლოვდა და მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური ბიზანტია ჯვაროსნების შემოტევების გამო უმძიმეს მდგომარეობაში, დაცემის პირზე იყო (1204), რომის კარდინალმა კოლიანე ასენელი "ბულგარელებისა და ვალახების" მეფედ აკურთხა. თუმცაღა, შემდგომში ამას კოლიანესთვის ხელი არ შეუშლია კონსტანტინოპოლის ლათინი პატრონების წინააღმდეგ ბრძოლა გამოეცხადებინა, იმპერატორი ბოდუინი დაეტყვევებინა და შემდეგ, რომის პაპის შუამდგომლობის მიუხედავად, დიდებული ტყვე სიკვდილამდე არ გაეთავისუფლებინა. ამრიგად, "ქრისტიანი ხალხების ერთიანობა" ტრაგიკულ პაროდიას სულ უფრო აშკარად ემსგავსებოდა... მომდევნო წლებში ორიენტირი კვლავ შეიცვალა, იოანე ასენ II (1218 - 1241) კოალიციაში ნიკეის ბერძენ იმპერატორებთან შევიდა და სანაცვლოდ ტირნოვის ავტოკეფალიის აღიარება მოიპოვა, მაგრამ ეს აღიარებაც დროებითი აღმოჩნდა, რადგან პირველივე შემთხვევაში ბერძნებმა მასზე უარი განაცხადეს. ამასთან ისიც გაირკვა, რომ ძალის გამოყენებით სადავო საკითხების გადაწყვეტა არ ხერხდებოდა. ამ დროისათვის უკვე აშკარა გახდა, რომ მართლმადიდებლური იმპერიების არსებობის დრო დასასრულს უახლოვდებოდა, მაგრამ ამ გარდაუვალი დასასრულის მიუხედავად მათი უცნაური ოცნებები მაინც არ იცვლებოდა: "ბულგარელებისა და ბერძნების მეფე ქრისტე ღმერთის ერთგულებაში ავტოკრატორი" - ასეთი იყო ბულგარეთის უკანასკნელი მეფეების ტიტული. თუნდ ნომინალურად, მაგრამ ყველა მეფე მაინც ერთი თეოკრატიული ტრადიციის მატარებელი იყო. მართლმადიდებლურ შემეცნებაში ამ ტრადიციის ბოლო ზეიმი მიმდინარეობდა, სინამდვილეში კი ეს უკვე, მისი ცხოვრებისუნარიანობის დაქვეითების და დაშლის ნიშანი იყო. ერთი სიტყვით, განხეთქილებები და ახალი კავშირები, კავშირები და ომები, ასე გრძელდებოდა, მანამდე, სანამ XIV საუკუნის მიწურულს თურქებმა ბულგარული სახელმწიფო საერთოდ არ გაანადგურეს.

და აქაც, ისევე როგორც ბიზანტიაში, მხოლოდ სამონასტრო სიმყუდროვეში - ამ სევდიანი თეოკრატიული დეკორაციიდან მოშორებულ უშფოთველობაში, იზრდებოდა, ყალიბდებოდა და ყვაოდა ნათლღებულების ნაყოფი, ნამდვილი ქრისტიანული სული: დღეისათვის ჩვენ შემოგვრჩა ღირსი იოანე რილელის ხატი, "მცირე ათონი" სოფიაში; ტირნოვოს მოწამეები, ისიხასტების მოწაფეები და სჯა-ბაასი სულიწმინდის მოღვაწების, თუ ვერ მონაგრების შესახებ. დაბოლოს, ეს არის საღვთისმეტყველო ინტერესების სლავურ საეკლესიო სიტყვიერებაში ასახვის პროცესის უწყვეტი განვითარება. მართალია ბულგარული სამეფოს თეოკრატიული ოცნება ისევე ჩაიფერფლა, როგორც ბიზანტიური, მაგრამ მან მაინც წარუშლელი კვალი დატოვა და დიდი ნაყოფი გამოიღო. ბულგარული მართლმადიდებლობის სიღრმემ აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის განვითარების საქმეში უჩრდილობელი ნათელი შემოიტანა.

სერბული სახელმწიფოს წარმოშობის ისტორია, ბულგარეთის ამავე პერიოდის წარსულს მრავალი თვალსაზრისით წააგავს. ისტორიული გზა აქაც გვარ-ტომობრივი დაქუცმაცებულობიდან იღებს სათავეს. ჭეშმარიტებასთან პირველი შეხება აქაც ბიზანტიურ "ქრისტიანიზაციაში" მოხდა. კონსტანტინე პოტფიროგენეტი ამ ფაქტს მეშვიდე საუკუნეს - ირაკლის მეფობის პერიოდს მიაკუთვნებს. მეცხრე საუკუნეში, მეზობლად მდებარე პანონიიდან და ბულგარეთიდან, სერბეთში კირილესა და მეთოდეს მემკვიდრეობამ შეაღწია და ეს ფენომენი აღმოსავლეთ ბიზანტიურ ქრისტიანობაში სამუდამოდ დამკვიდრდა. მეცხრე-მეათე საუკუნეებში, შიდა სერბეთში, კერძოდ რაშკაში სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის პირველი ცენტრი გაჩნდა, რომლის მმართველებიც სამხრეთ სლავების, ხორვატებისა და სერბების თავადები - "დიდი ჟუპეები" გახდნენ. ბიზანტიისა და ბულგარეთის ბრძოლების ეპოქაში სერბები ხან ერთი, ხან მეორე მხარის ზეგავლენის ქვეშ ექცეოდნენ. ასეთივე მდგომარეობაში იყო რაშკის საეპისკოპოსოც, პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად ის კონსტანტინოპოლს, ბულგარეთსა და ოხრიდს შორის ლავირებდა. ყველაფერი ამის პარალელურად განვითარდა და გაძლიერდა სერბული ნაციონალური თვითშეგნება. აქვე უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ სერბული განვითარების პროცესი ხან ბერძნულ და ხანაც ბულგარულ შესამოსელში მიმდინარეობდა, ყველაფრის საფუძვლად მაინც ბიზანტიური იდეა რჩებოდა... ამ გარდამავალ პროცესში თავის მნიშვნელობა არც "რომაულმა საცდურმა" დაკარგა: 1078 წელს დიდმა ჟუპანმა მიხეილმა, რომის პაპის გიორგი V-გან, სამეფო გვირგვინი მიიღო და ამგვარად, XII საუკუნის შუა წლებში სერბეთმა სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი შეიძინა. სერბეთისთვის დადგა დრო, როდესაც ბიზანტიური თეოკრატიის განხორციელებაზე და ბიზანტიის მემკვიდრეობაზე ოცნება გახდა შესაძლებელი.

მოგვიანებით სწორედ ამ შესაძლებლობის რეალიზაციის მცდელობას უწოდეს ნემანის ცნობილი საქმე. ბიზანტიის ინტერესების საპირისპიროდ, სხვა ჟუპანების წინააღმდეგ წარმოებული ომებით, ნემანმა სერბეთი გააერთიანა და მის მიერ წამოწყებულ ახალ "აღმშენებლობას" თეოკრატიული მოტივი მაშინვე გაუჩნდა. ნემანის შვილმა, პირველკურთხეულმა სტეფანემ, თავდაპირველად რომთან გარიგება დაიწყო, ეს მოლაპარაკება ბიზანტიის პირველი დაცემის ეპოქაში, პაპ ინოკენტი მესამესთან მიმდინარეობდა. შემდეგ, როგორც სჩანს, სტეფანეს უმცროსი ძმის - ათონელი ბერის საბას ზეგავლენით სიტუაცია შეიცვალა. საბამ თავისი, უკვე ხნიერი ნემანის (მოხუცებულობაში ისიც ათონზე ბერად აღიკვეცა) დახმარებით წმინდა მთაზე სერბული ქილენდარის მონასტერი დააარსა. ათონიდან საბა ნიკეაში გაემგზავრა - იქ სადაც 1204 წლის სასტიკი მარცხის შემდეგ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი იქნა გადატანილი. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბიზანტიელები ლათინი დამპყრობლების წინააღმდეგ მოკავშირეებს ეძებდნენ და ამიტომ სლავების საკუთარ ორბიტაში დატოვებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ ბერძნებმა სერბეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭეს და პირველ არქიეპისკოპოსად საბა აკურთხეს. სერბეთში დაბრუნების შემდეგ ჟიჩის მონასტერში საბამ ახალი სამეფოს, საეკლესიო ცენტრი მოაწყო. სახელმწიფო ეპარქიებად დაჰყო და ყველგან თავისი მოწაფეები აკურთხა. შემდეგ საბამ ქრისტიანული სერბეთის "განახლების" შესახებ საზეიმოდ გამოაცხადა. ჟიჩეში ორგანიზებულ საგანგებო კრებაზე მოიწვიეს ყველა სასულიერო პირი და საგანგებო მსახურების შემდეგ მთელი საზოგადოების სახელით არქიეპისკოპოსმა აღსარება წარმოთქვა და ყოველგვარი ერესი დაწყევლა. ბოლოს, ყველაფრის ლოგიკური დასასრული ის იყო, რომ საბამ თავისი ძმა სტეფანე პირველკურთხეული დიდი ზარ-ზეიმით მეფედ თავიდან აკურთხა. 14 წლის განმავლობაში საბამ ეკლესია დაამკვიდრა, სამეფო განამტკიცა, არქიეპისკოპოსობა თავის მოწაფეს - არსენს გადაულოცა და თავად კვლავ წმინდა ადგილებს დაუბრუნდა. საბა 1236 წელს ბულგარეთში თავის ნათესავის მეფე იოანე ასენისსასახლეში სტუმრობის დროს გარდაიცვალა. 12 იანვარი მისი ხსენების დღე სერბეთის ნაციონალურ დღესასწაულად გადაიქცა, რადგან წმინდა საბა, როგორც სერბული მართლმადიდებლობის, ისე სახელმწიფოებრიობის დამაარსებლად დარჩა სერბეთის ისტორიაში.

სერბეთის შემდგომი ისტორია ჩვენთვის უკვე ცნობილი სქემის გამეორებაა, ეს არის: რომთან ისეთივე გართულებული ურთიერთობა, უნიასთან დაკავშირებული იგივე პოლიტიკური საკითხი, ორიენტაციის მუდმივი ცვლილება, - ხან ბერძნებთან ერთობა, ხან მათ წინააღმდეგ მოქმედება. სერბეთის ბოლო აღორძინება მეფე სტეფანე დუშანის სახელს უკავშირდება (1331- 1355 წწ.). ამ დროისათვის შეიქმნა ილუზია თითქოს სერბებმა სლავების დიდ ოცნებას: დაქუცმაცებული იმპერიის სლავური დროშის ქვეშ გაერთიანებას მიაღწიეს. დუშანს ერთი პოლიტიკური მიზანი, კონსტანტინოპოლის აღება და სერბების, ბულგარელებისა და ბერძნების საკუთარი ძალაუფლების ქვეშ გაერთიანება ჰქონდა. მას ამ გზით კარსმომდგარი თურქული საფრთხის ლიკვიდირება სურდა. 1346 წელს ქალაქ სკოპიეში დუშანი "სერბებისა და ბერძნების იმპერატორად" აკურთხეს, მანამდე ქალაქ პეჩში სერბეთის არქიეპისკოპოსი პატრიარქის რანგში იქნა აყვანილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს პატრიარქი რომთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ამიტომ იგი კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან სასწრაფოდ იქნა განკვეთილი. 1355 წელს დუშანმა საბოლოოდ გადაწყვიტა კონსტანტინოპოლის დალაშქვრა და ეს ის მომენტია, როდესაც ბიზანტიის სლავური "ჩანაცვლების" ოცნება, რეალურად შესაძლებელს მაქსიმალურად დაუახლოვდა. ამ სიახლეს იმპერია დუშანის მოულოდნელი სიკვდილის გამო გადაურჩა.

უკვე ყოველგვარი იმპერიის დასასრული ახლოვდებოდა - იწყებოდა თურქული ბატონობისა და ამასთან ერთად კრახით მთავრდებოდა დიდი თეოკრატიული ოცნებები. შეიძლება ითქვას, რომ ამ პირველი სლავური აღმაფრენის დასრულებულ მდგომარეობაში ყველაზე უკეთ ჩანს მართლმადიდებლური ეკლესიის გვიან-ბიზანტიური შენაჯამი: მასში ერთი მხრივ, კარგად არის გამოკვეთილი რელიგიურ-პოლიტიკური იდეების შინაგანი ზღუდეები, ხოლო მეორე მხრივ, ბიზანტიური მართლმადიდებლობის სულიერი ცხოვრებისუნარიანობა. ბიზანტინიზმის სლავურ "პარაგრაფში" აშკარად მოსჩანს ეკლესიისა და სამეფოს ერთი იდეა, ერთი მთავარი მსოფლმხედველობრივი ხაზი, რომელიც თავისი არსით, მიუხედავად იმისა, რომ იმპერიულობასთან წინააღმდეგობაშია, მაინც იმპერიიდან გამომდინარეობს. სწორედ ამ დაპირისპირებაშია ბიზანტიური მემკვიდრეობითობის ძირითადი ბრალეულობა, რომელიც დღესაც სხვადასხვა სახის ცდუნებებსა და გაუგებრობებში ვლინდება. ამ სინამდვილეში აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ბიზანტიისადმი სლავური სამეფოების სამკვდრო-სასიცოცხლო მტრობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და რამაც უამრავი მართლმადიდებლური სიცოცხლე შეიწირა, ვერაფრით ჩაანაცვლა მმართველობის ბიზანტიური სტილი და მის ფონზე სლავური ქრისტიანობა, უწინარეს ყოვლისა, იყო და დარჩა ბიზანტიურობის ზუსტი ასლი, ანუ ქრისტიანობის სლავური განვითარება. ამასთან, თუ სლავურ მართლმადიდებლობას მის გარეგან პოლიტიკურ სახეს ჩამოვაშორებთ, ნამდვილად ერთი ფესვებით ნასაზრდოვებ, ერთი სულით აღვსილ ერთიან მართლმადიდებლურ სივრცეს მივიღებთ და ეს ერთიანობა გაცილებით უფრო მყარი იქნება, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური და ნაციონალური იდეები. სლავიანობას აღმოაჩნდა ბიზანტიის საუკეთესო ეკლესიური გადმოცემების შემოქმედებითად შეთვისების, განღმრთობასთან, გაბრწყინვებასთან, და როგორც ამჟამად იტყვიან, "კოსმიურ ნათელმოსილებასთან" დაკავშირების უნარი. ბიზანტინიზმმა თავისი თეოკრატიული "მისიონიზმით" და იმ უშრეტი სიმდიდრით რასაც ქალკედონური კაცღვთაებრივი მისწრაფებები ქმნიან, მოაჯადოვა სლავიანობა. ამის შესახებ, წმინდანებთან, ღირს მამებთან და მარტვილებთან ერთად, ბოლო დროს დანახული და აღთქმული, ბალკანური ტაძრების ბრწყინვალე ხელოვნების იდუმალი მტკიცებულება მეტყველებს. აქ არის დაუნჯებული ბიზანტიური ქრისტიანობის სლავური "ფსიქეის" (სულის გამოხატულების) ყველაზე საუკეთესო ჭირნახული და ნაყოფი.

შემდგომში ჩვენ დავინახავთ, რომ ბიზანტიური ქრისტიანობის სიღრმისეულ ერთიანობას და ამ მართლმადიდებული მტკიცებულების გარეგნულ ბზარებს, ვერაფერს დააკლებს თურქული გამგებლობის "ბნელით მოცული საუკუნეები".


ბეჭდვა
1კ1