რაკი ვიღაც გაკადნიერდა და ამ თემას შეეხო, ეკლესიას გულგრილობის უფლება არ ჰქონდა
რაკი ვიღაც გაკადნიერდა და ამ თემას შეეხო, ეკლესიას გულგრილობის უფლება არ ჰქონდა
I მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის მიზეზები
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ კონსტანტინე დიდი ლიკინიუსს დაამარცხებდა, იმპერიის ერთ-ერთი ოლქის, კერძოდ, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდა შფოთი, რომლის მიზეზიც კართაგენის ეპისკოპოსის არჩევა იყო. ეპისკოპოს მენსურის გარდაცვალების შემდეგ კართაგენის მწყემსმთავრად ქრისტიანებმა ცეცილიანე აირჩიეს, რამაც ნუმიდიის სამოცდაათი ეპისკოპოსის უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი ამტკიცებდნენ, რაკი ცეცილიანეს ხელი იმ ეპისკოპოსმა დაასხა, რომელიც დევნისას გამცემი იყო, კურთხევა კანონიერად არ ითვლებაო. მართალია, შემდგომში ამ ბრალდების სიყალბე დადასტურდა, მაგრამ უკმაყოფილო ნუმიდიელმა მწყემსმთავრებმა პოზიცია მაინც არ დათმეს, ცეცილიანე ეკლესიიდან გააძევეს და მის ადგილას მაიორინე დასვეს, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ აირჩიეს დონატი, რომელიც აფრიკის ეკლესიაში ატეხილი შფოთის ერთ-ერთი მეთაური იყო. ეკლესიამ ეს არჩევანი არ ცნო და კართაგენის ეპისკოპოსად ცეცილიანე აღიარა. დონატის მომხრეებმა ცეცილიანესა და მის მომხრეთა წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძეს და მათ შესახებ საშინელი ცილისწამებანი გაავრცელეს.

ორ კრებაზე, რომლებიც რომსა და არლში გაიმართა, ცეცილიანეს არჩევა კანონიერად მიიჩნიეს და დონატისტები გაკიცხეს, მაგრამ შფოთის ამტეხნი, რომელთაც ჯიუტად არ სურდათ სიმართლისათვის თვალის გასწორება, არც კრებათა დადგენილებებს დაემორჩილნენ. მათ ნოვატიანელთა ზოგიერთი წესი მიიღეს და ეკლესიას მთლიანად ჩამოშორდნენ - მათი აზრით, მთელი ეკლესია განხეთქილებებითა და ერესებით იყო სნეული, ჭეშმარიტ ეკლესიას კი მხოლოდ თვითონ წარმოადგენდნენ, ამიტომ ვინც მათ მხარეს გადადიოდა, ხელახლა ნათლავდნენ, თვითონვე ნიშნავდნენ ეპისკოპოსებს, მართლმადიდებლებს ართმევდნენ ტაძრებს, მერე კი კედლებს ფხეკდნენ და საკურთხევლებს წვავდნენ - უწმინდური ადათებისგან არიანო წაბილწულნი.

კონსტანტინე დიდს, რომელსაც ეკლესიის მიმართ უდიდესი პატივისცემა და მოკრძალება ჰქონდა, ამგვარი ვითარება ძალზე აწუხებდა. როცა განდგომილებთან შერიგება შეუძლებელი გახდა, იმპერატორმა სცადა, აფრიკის ეკლესიაში ჩამოვარდნილი შფოთისთვის სახელმწიფოს ძალის გამოყენებით მოეღო ბოლო. ამაზე მეტყველებს წერილი, რომელიც მან კართაგენის ეპისკოპოს ცეცილიანეს მისწერა და რომლითაც ატყობინებს, რომ აფრიკის პროკონსულს უბრძანა, დაესაჯა ყველა, ვინც სიცრუითა და მოტყუებით ცდილობდა წმინდა ეკლესიისგან ადამიანთა ჩამოშორებას.

დონატისტებმა ერთიანობა ვერ შეინარჩუნეს. ისინი დაიყვნენ სექტებად, რომელთაგან თითოეული ჭეშმარიტ ეკლესიად მხოლოდ თავის თავს მიიჩნევდა და დანარჩენებს წყევლიდა.

დონატისტების განხეთქილება აფრიკაში მთელი სამი საუკუნის განმავლობაში არ ჩამცხრალა. ამ განხეთქილების მონაწილენი ბრმა ფანატიზმს ხშირად საშინელ დანაშაულამდე - კაცის კვლამდეც მიჰყავდა.

დონატიზმმა დიდი ზიანი მიაყენა ეკლესიას, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო იმასთან შედარებით, რაც არიოზის სწავლებას მოჰყვა.

როცა მელეტიმ ალექსანდრიის ეკლესიაში შფოთი წამოიწყო, არიოზი, რომელიც იმ დროს დიაკვნად მსახურობდა, მას მიემხრო და ალექსანდრიის ეპისკოპოსის პეტრეს განკარგულებებს წინ აღუდგა, იმ საბაბით, რომ იგი დაცემულებს მეტისმეტად გულმოწყალედ ეპყრობოდა. არსებობს გადმოცემა, რომ წმინდა პეტრემ მაშინვე ამოიცნო, ვინ იქნებოდა არიოზი ეკლესიისთვის. მან ძილში იხილა ყრმა იესო, რომელსაც ქიტონი თავიდან ბოლომდე გაპობილი ჰქონდა. "უფალო, - ჰკითხა პეტრემ, - ვინ გაკადნიერდა და შეეხო შენს სამოსს?" "არიოზმა განხეთქა", - მიუგო უფალმა.

პეტრეს მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ მისმა მემკვიდრემ აქილევსმა არიოზი ხუცესად აკურთხა და ალექსანდრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკლესია ჩააბარა. ჭკვიანმა და განსწავლულმა არიოზმა, რომელიც ამავე დროს თავშეკავებულ ცხოვრებას ეწეოდა, იმგვარი რეპუტაცია მოიპოვა, რომ იმედი ჰქონდა, აქილევსის სიკვდილის შემდეგ ეპისკოპოსის საყდარს დაიკავებდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა - ალექსანდრიის მწყემსმთავრად ალექსანდრე აირჩიეს. არიოზმა უკმაყოფილება დამალა და ეპისკოპოსს დაუახლოვდა. ერთ-ერთი შეხვედრისას, როცა ყოვლადწმინდა სამებაზე ჩამოვარდა სიტყვა, არიოზი ალექსანდრეს შეეკამათა და ერესისკენ გადახრა დასდო ბრალად, თვითონ კი გამოთქვა აზრი, რომ რაკი იყო დრო, როცა არ იყო ქრისტე, იგი არ არის მარადიული და დაუსაბამო, რომ იგი ღმერთია არა არსით, არამედ სახელით და რომ მამა ღმერთის ქმნილებას წარმოადგენს. ამ მკრეხელურმა შეხედულებამ ალექსანდრე შეაძრწუნა. მან სცადა, არიოზისთვის თვალი აეხილა. ამ მიზნით ხშირად იხმობდა თავისთან და სხვა სასულიერო პირების თანდასწრებით უმტკიცებდა, რომ ცდებოდა. კამათისას იგი არასოდეს ცხარობდა, რადგან ბუნებით კეთილი და მშვიდობისმოყვარე იყო, თანაც გულწრფელად სურდა შეცდომილის გონს მოყვანა. სამაგიეროდ, თვით არიოზი ყველგან ერეტიკოსს ეძახდა და გულმოდგინედ ცდილობდა თავისი მოძღვრების გავრცელებას. არც მჭევრმეტყველების ნიჭი აკლდა. ასე რომ, მალე მრავალი მომხრე გაიჩინა. მაშინ ალექსანდრემ მოიწვია კრება, რომელმაც არიოზის ცრუ სწავლება ერთსულოვნად დაგმო და ხუცესი მსახურებიდან განაყენა, მაგრამ ის კრების განჩინებას არ დაემორჩილა და თავი უკანონობის მსხვერპლად გამოაცხადა. უამრავ ეპისკოპოსს წერილები მისწერა, თავი დევნილად და შევიწროებულად მოაჩვენა და ზოგიერთი მათგანის მფარველობაც მოიპოვა. თავის მხრივ, ეპისკოპოსებს ალექსანდრემაც მისწერა წერილები და ერესის დამხობაში მხარდაჭერა სთხოვა. ალექსანდრიაში ასზე მეტი ეპისკოპოსი ჩავიდა. კრებამ ცრუ სწავლება მეორედ დაგმო. მაშინ არიოზმა ალექსანდრია დატოვა და თავისი ცრუ მოძღვრების პალესტინაში, ეგვიპტესა და ლიბიაში გავრცელებას მიჰყო ხელი. ზოგიერთი სწავლების ბუნდოვანებით შეჰყავდა შეცდომაში, ზოგსაც მჭევრმეტყველების ძალით იზიდავდა. მას არც მუსიკისა და პოეზიისადმი ადამიანთა თანდაყოლილი სიყვარული გამორჩენია მხედველობიდან და თავის მწვალებლურ შეხედულებებს სიმღერების სახე მისცა, რითაც მათი სწრაფი და დაუბრკოლებელი გავრცელების საუკეთესო გზა იპოვა. ამ სიმღერების მხოლოდ რამდენიმე ტაეპია შემორჩენილი, რომლებიც მათ ავტორთან კამათის მიზნით ათანასე ალექსანდრიელს მოჰყავს. აი ერთ-ერთი ფრაგმენტი, რომელიც თვალნათლივ ამჟღავნებს ერეტიკოსის თავხედობამდე მისულ ქედმაღლობას: "ღმრთის რჩეულთა რწმენის, ღმრთის წმინდა, გონიერ, მართლმორწმუნე შვილთა რწმენისა და ღმრთის წმინდა სულის მიმღებთა რწმენის მიხედვით ვისწავლე მე ის იმათგან, ვინც სიბრძნეს ზიარებია, ვინც ღმრთივგანსწავლული და განათლებულია, ვინც ყველაფერში ბრძენია. მათ კვალზე მავალი და მათივე თანამოაზრე მოვედი მე, სახელგანთქმული, მრავალი ტანჯვის დამთმენი ღვთის რწმენისათვის, ღვთისგან ვისწავლე სიბრძნე და ცოდნა შევიმეცნე".

როგორც ამ ფრაგმენტიდანაც ჩანს, არიოზს ჩინებულად ეხერხებოდა თავის ისეთ პიროვნებად მოჩვენება, რომელიც რწმენისთვის მრავალ ტანჯვასა და შეურაცხყოფას იტანდა.

დაყენებული ხუცესის ექვსწლიანმა "მოღვაწეობამ" მთელი აღმოსავლეთი ააღელვა. კამათში არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ საერონიც ჩაებნენ. ხალხი ორად გაიყო. განსაკუთრებით ბევრი და გულმხურვალე მომხრე არიოზს ქალთა შორის აღმოაჩნდა(!). კამათმა თებაიდის უდაბნოშიც კი შეაღწია. განდეგილთა მყუდრო სავანებსა თუ ხალხმრავალი ქალაქების მოედნებზე ცხარედ კამათობდნენ ქრისტეს ღმრთეებრიობასა და მარადიულობაზე.

ქრისტიანთა შორის აღმოცენებული განხეთქილებით წარმართები ხარობდნენ და აშკარად დასცინოდნენ მათ. აღმოსავლეთის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ეპისკოპოსმა ევსევი ნიკომედიელმა არიოზი თავისი მფარველობის ქვეშ მიიღო და მოიწვია მცირე საეკლესიო კრება, რომელმაც იგი ეკლესიაში დააბრუნა.

ლიკინიუსზე გამარჯვების შემდეგ კონსტანტინე დიდი აღმოსავლეთ პროვინციების დასათვალიერებლად ნიკომედიაში ჩავიდა. აქ შეიტყო მან პირველად აღმოსავლეთის ეკლესიაში მიმდინარე დავის შესახებ, რამაც ფრიად გააოცა და დაამწუხრა. თავდაპირველად არ უნდოდა საქმეში ჩარეულიყო, მაგრამ შემდეგ მაინც გადაწყვიტა, წერილები მიეწერა ალექსანდრესა და არიოზისთვის. იმპერატორი ორივეს სთხოვდა, კამათი მეგობრულად დაემთავრებინათ და მისთვის "სასიამოვნო დღეები და უშფოთველი ღამეები" დაებრუნებინათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, მის წერილებს არავითარი ნაყოფი არ გამოუღია.

ეკლესიის ერთიანობა და სიმშვიდე კონსტანტინესთვის მართლაც სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმპერატორი კარგად ვერ გაერკვა შექმნილ ვითარებაში და არიოზის ერესი სათანადოდ ვერ შეაფასა - გულუბრყვილოდ სჯეროდა, რომ მოდავე მხარეთა შერიგებას შეძლებდა. სამაგიეროდ, ეკლესიამ ჩინებულად უწყოდა, რა საფრთხეს უქმნიდა მას არიოზის მიერ წამოწყებული კამათი. არ შეიძლებოდა, მაცხოვრის მარადიულობა და ღმრთაებრიობა ქრისტიანისთვის სადავო საკითხად დარჩენილიყო. რაკი ვიღაც გაკადნიერდა და ამ თემას შეეხო, ეკლესიას გულგრილობის უფლება არ ჰქონდა. სიმშვიდის დასაბრუნებლად ერთადერთი გზაღა რჩებოდა - მსოფლიო ეკლესიას აუცილებლად უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი სწავლება, რომელიც მაცხოვრისა და მისი მოციქულებისგან გადმოეცა და ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა, ეთანხმებოდა თუ არა მას ახალი სწავლება, რომელიც ცხარე კამათის საგნად იყო ქცეული.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1