მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
6. ბიზანტია და სლავები

აღმოსავლურ მართლმადიდებლობას ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე გაცილებით უფრო ადრე ჰქონდა ფეხი შედგმული ისეთ ახალ "სტიქიაში", რომელსაც სლავიანობა ეწოდება. ბიზანტიურ ფესვებზე ამ სწრაფად აღორძინებადი სლავური ქრისტიანობით მართლმადიდებლობის ისტორიაში სრულიად ახალი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. ბიზანტიის ცხოვრებაში სლავები საკმაოდ ადრე, ნგრევასა და ხანძარში, გამოჩნდნენ. თუ მეექვსე საუკუნის მიწურულამდე იმპერია კიდევ ახერხებდა სლავების დუნაის გადაღმა უკუქცევას, 580 წელს ასიათასობით სლავმა პრაქტიკულად გადათელა მთელი საბერძნეთი. შემდეგ, მეშვიდე საუკუნეში, როდესაც ისინი ავართა იმპერიის ქვეშემრდომობიდან განთავისუფლდნენ, რომლის ნაწილსაც ბოლო დრომდე წარმოადგენდნენ, სლავებმა მათ მიერვე გაძარცვული რომის იმპერიის ცალკეული პროვინციების ილირიის, თრაკიის, მიზიისა და მაკედონიის ტერიტორიებზე დაიწყეს დასახლება. ბიზანტიასა და ამ ველურ ურდოებს შორის ბრძოლაში მთელმა საუკუნემ განვლო, მაგრამ თანდათანობით სლავები არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შინაგანადაც ბიზანტიის ორბიტაში მოექცნენ და მათმა წვრილ-წვრილმა ბატონებმა, ისევე როგორც ადრე გერმანელებმა, დიდი სიამოვნებით დაიწყეს კონსტანტინოპოლის კარის მეორეხარისხოვანი ტიტულების მორგება. ასე იწყება სლავების გაქრისტიანების პირველი ეტაპი. მეშვიდე საუკუნის ბოლოს თურქული წარმოშობის ბულგარელების ახალი შემოსევები დაიწყო. ბულგარელებმა სლავების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალაუფლება განამტკიცეს და იმპერიის წინააღმდეგ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა წამოიწყეს. ამასთან, როგორც ეს მოგვიანებით ვარიაგების მიერ აღმოსავლეთ სლავების დაპყრობის შემთხვევაში მოხდა, თავად ისინიც "გასლავდნენ". იმპერიის დედაქალაქთან საკმაოდ ახლოს ნელ-ნელა იქმნება ახალი, ძლიერი ბულგარულ-სლავური სახელმწიფო და "ხატმებრძოლობის" პერიოდში, მთელი მერვე საუკუნის მანძილზე, მათთან თითქმის განუწყვეტელი ომები მიმდინარეობდა. არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა ბიზანტიისათვის ეს ახალი "სლავური პრობლემა", რომ არა მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სლავური მართლმადიდებლობის ისტორიას საბოლოოდ მისცა დასაბამი. ეს იყო ქრისტიანობის სლავურ ენაზე "თარგმნა" და ეს საქმე განახორციელეს ბიზანტიელმა ძმებმა კონსტანტინემ (ბერმა კირილემ) და მეთოდემ.

სლავების პირველი მასწავლებლების შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს, მაგრამ იმ დროს მიმდინარე "კონფესიური" ბრძოლები ამძიმებს და ართულებს იმ ნამდვილი სურათის დანახვას, რომელიც მათი მოღვაწეობის ფონს წარმოადგენდა. გაუგებარი რჩება, თავდაპირველად კონსტანტინოპოლმა წაახალისა სლავები თუ რომმა? უცნობია, ვინ უჭერდა მხარს ძმების პირველ ნაბიჯებს? ამ საკითხებზე დიდი დავები მიმდინარეობს, მაგრამ ყველაფერ ამას, იმასთან შედარებით, რაც მაშინ ხდებოდა და რასაც აღმოსავლეთის ეკლესიისათვის კირილესა და მეთოდეს ნამოღვაწარი წარმოადგენს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის კი სწორედ ეს უკანასკნელია უმთავრესი.

კირილე და მეთოდე ბიზანტიის იმ ინტელექტუალური ელიტის წევრები იყვნენ, რომელმაც მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში წმინდა ფოტი კონსტანტინოპოლელი პატრიარქის (910-891/3) გარშემო მოიყარა თავი. კონსტანტინე იყო ფილოსოფოსი, მეცნიერი, ლინგვისტი, მას თავის დროზე ისეთი რთული საქმეები მიანდეს, როგორიც (სამხრეთ დნესტრისპირა რუსეთში) არაბებსა და ხაზარებთან დაკავშირებული მისიები იყო. ძმები სლავური წარმომავლობის ხალხით მჭიდროდ დასახლებული ქალაქ სოლუნიდან იყვნენ და საფიქრალია, რომ ისინი ადგილობრივებთან ურთიერთობისას სლავურ კილოს ბავშვობიდანვე დაეუფლნენ. ამიტომ, 862 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლში მორავიელი მთავრის როსტისლავის ქრისტიანობაში განმტკიცებაში დახმარებასთან დაკავშირებული თხოვნა მიიტანეს, არჩევანი (როგორც ჩანს, ფოტის მონაწილეობით) ძმებზე გაკეთდა. შესაბამისად, უკვე 863 წლის შუა ხანებში ისინი მორავიის დედაქალაქ დევინაში ან ველეგრადში ჩავიდნენ.

უნდა ითქვას, რომ როსტისლავს ბიზანტიიდან მისიონერების მოწვევის საბაბს რელიგიურთან ერთად პოლიტიკური პრობლემებიც აძლევდა. სლავი მთავარი მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში ქრისტიანობის განმტკიცება მას საშუალებას მისცემდა დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა და თავი ისეთი ახალმოვლენილი ისტორიული სტიქიისგან დაეცვა, როგორიც იყო გერმანიზმი. ამიტომ, მისიონერული მუშაობის გაშლისთვის სწორედ აქ აღმოჩნდა კარგი ნიადაგი და აქვე შეუდგნენ ძმები ისეთ დიდ საქმეს, როგორიც იყო ქრისტიანული მწერლობის ძეგლების სლავურ ენაზე გადათარგმნა. ფორმალურად ძმები რომის გავლენის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ. ამასთან, ეს იყო დრო, როდესაც პაპ ნიკოლოზ I-სა და პატრიარქ ფოტის შორის საკმაოდ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. საკუთარი მდგომარეობის განმტკიცებისათვის ან რომის მოთხოვნის შესაბამისად ძალიან მალე ძმები რომში გაემგზავრნენ, სადაც ნიკოლოზის მემკვიდრემ ადრიანემ მათ თბილი, საზეიმო შეხვედრა მოუწყო. სლავურად გადათარგმნილი სახარება პაპის ლოცვა-კურთხევის შესაბამისად ყოვლადწმიდა მარიამის ტახტრევანზე დაიდო და ამის შემდეგ რომის ბევრ ტაძარში ღვთისმსახურება სლავურ ენაზე აღესრულა. სლავურმა მისიამ, რომელმაც ერთდროულად ორმაგი - რომაული და ბიზანტიური კურთხევით აიდგა ფეხი, სწრაფი წარმატება და განვითარება მოიპოვა. მაგრამ როდესაც კონსტანტინეს ცხოვრებას ვეცნობით, ვხედავთ, რომ მის მიმართ დიდი უკმაყოფილებაც გაჩნდა და მას თავის ძმასთან ერთად დიდი წინააღმდეგობების გადალახვა მოუწია. კონსტანტინეს არ ეწერა მორავიაში დაბრუნება, ის სიკვდილის წინ ბერად აღიკვეცა, მანამდე ძმა შეიპირა, რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა და 869 წელს რომში გარდაიცვალა.

ძველ სამყოფელს ვერც მეთოდე დაუბრუნდა. სანამ ძმები რომში იყვნენ, გერმანიამ მორავიაზე ზეწოლა გააძლიერა და 870 წლიდან ქვეყანა ფაქტობრივად დასავლეთ იმპერიის ნაწილად გადაიქცა. მეთოდე სამხრეთში პანონიელ დიდებულ კოცელასთან გაჩერდა. ეს უკანასკნელი გერმანიზმისაგან დაცვისათვის გამიზნულ სლავური ქრისტიანობის როსტისლავის იდეას სრულად იზიარებდა. როგორც ჩანს, აქ მან პირველმა შემოიტანა სლავური ლიტურგია, რაც შემდგოში მისთვის მრავალი მწუხარების მიზეზად გადაიქცა. საქმე ის არის, რომ ჯერ კიდევ 794 წელს ერთ-ერთ დასავლურ კრებაზე ლიტურგიის ჩატარება, გარდა ლათინური, ბერძნული და ებრაული ენებისა, ყველა ენაზე აიკრძალა - ფორმალურად მეთოდემ ეს დადგენილება დაარღვია. მეორე მხრივ, თუ მორავიაში ლათინობა სუსტი იყო, პანონია უკვე 75 წლის მანძილზე შედიოდა ზალცბურგის ლათინი არქიეპისკოპატის გამგებლობაში, ამიტომ ამ ჩიხურ სიტუაციაში კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა. მეთოდემ აშკარად სხვის სივრცეებში დაიწყო მოქმედება. ზალცბურგის არქიეპისკოპოსმა და კოცელმა რომს მიმართეს. რომმა მხარი მეთოდეს დაუჭირა. პანონია მეთოდეს წინამძღოლობით ეპარქიად გამოცხადდა და რომის გავლენის სფეროში მოექცა, მაგრამ მოწინააღმდეგეები არ დამშვიდდნენ. მეთოდე საეკლესიო კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს, რეგენსბურგის სეიმზე გაასამართლეს და ორწელიწადნახევრის მანძილზე ციხეში გამოკეტეს. ამ პერიოდში პაპისადმი გაგზავნილი მეთოდეს არც ერთი წერილი ადრესატამდე არ მივიდა. პაპ იოანე VIII-ის დროს მეთოდემ კვლავ შეიძინა დროებითი გულშემატკივარი. პაპს კარგად ესმოდა სლავების მნიშვნელობა, ამიტომ მან მეთოდე მორავიის არქიეპისკოპოსად დანიშნა და გამუდმებული ინტრიგების მიუხედავად აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა. ასეთ მძიმე გარემოებებში მტრებისგან დევნილმა და ხალხის მიერ აღიარებულმა მეთოდემ 885 წლამდე იცოცხლა. ამ ხნის მანძილზე ის უზარმაზარი სამუშაო იქნა შესრულებული, რომელმაც შემდგომ სლავური სამყარო გააკეთილშობილა. მაგრამ დასავლეთის სლავებს მეთოდეს სიკვდილთან ერთად ძმების მიერ წამოწყებული საქმე ჩაეშალათ. მათ ვერ გაუძლეს გერმანელების ზეწოლას, ხოლო პაპი სტეპანე ვერ გაერკვა წინამორბედების პოლიტიკაში და საქმე მთელი სლავური პოლიტიკის "ლიკვიდირებით" დაასრულა. მეთოდეს მოწაფეები, ე. წ. "სედმოჩისლენიკები" ("седьмочисленики"), განდევნილ იქნენ მორავიიდან და მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში, სლავური აღორძინების ეპოქაში გაიხსენეს კირილესა და მეთოდეს ღვაწლი. ამ დროის შემდეგ მათი საქმე კვლავ გადაიქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა და დასავლეთსლავური კულტურის აღორძინების ინსტრუმენტად. თავის დროზე კი ამ წამოწყებამ სწრაფი ნაყოფი გამოიღო აღმოსავლეთში - უწინარეს ყოვლისა ბულგარეთში.

ბულგარეთი პირველი დიდი სლავური ქვეყანაა, რომელმაც ბიზანტიის მსგავსი იმპერიის შექმნა მოისურვა. გარკვეული თვალსაზრისით სწორედ ამ ბულგარულმა პროლოგმა განაპირობა სლავური მართლმადიდებლობის მომავალი. მეცხრე საუკუნის შუა წლებამდე ტერიტორიების გამაგრება და ბულგარელი "კაგანების" ძალაუფლების ქვეშ სლავური ტომების გაერთიანება მიმდინარეობდა. 852 წელს, როდესაც ბულგარელების გამქრისტიანებელი ბორისი გამეფდა, ტერიტორიის პრობლემები მოგვარებული იყო და დღის წესრიგში ერის მონათვლის საკითხი იდგა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სლავების გაქრისტიანება რელიგიურ საკითხთან ერთად პოლიტიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ეს სლავებისა და ბიზანტიის ურთიერთმიმართებით აიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეებში ბიზანტია აღარ იყო დაუმარცხებლობის სიმბოლო, ის ყოველი "ბარბაროსი" ხალხისათვის მაინც რაღაც ამოუცნობ ოქროსფერ ოცნებად, კულტურის უშრეტ ბინულად, სახელმწიფოებრიობის მაგალითად, სამყაროს ჭეშმარიტ ცენტრად რჩებოდა, ხოლო კონსტანტინოპოლი ყველასათვის მაინც ზღაპრული საგანძურებით, სიმდიდრით, ძალით, სილამაზითა და დიდებით აღვსილ დედაქალაქს წარმოადგენდა. და ამიტომ ჩვენ ბიზანტიისადმი "ბარბაროსების" პარადოქსული გაორების მოწმენი ვხდებით. ერთი მხრივ ეს არის დამპყრობლური ოცნება: დაამარცხონ, წაართვან მიწები, დაეუფლონ იმპერიის სიმდიდრეს. უნდა ითქვას, რომ სლავური "სამეფოების" მისწრაფება ყოველთვის ასეთი იყო, ხოლო მეორე მხრივ მათში ცოცხლობდა ბიზანტიელებისადმი ღრმა, თითქმის რელიგიური პატივისცემის გრძნობა; ყველაფერში მიმსგავსების, იმ დიდებისა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციებში საკუთარი ადგილის დამკვიდრების სურვილი, რომელსაც ბიზანტია განასახიერებდა. მაგრამ თავის მხრივ ქრისტიანობას ამ დამოკიდებულების დაძლევა შეუძლია, რადგან მხოლოდ ქრისტიანობას შეუძლია "ბარბაროსი" კულტურასთან დააკავშიროს და კაცობრიობის "დიდი ოჯახის" ნაწილად აქციოს. ამიტომ გახდა ქრისტიანობის მიღება სლავებისთვის გარდაუვალი პოლიტიკური, სლავური სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და ისტორიულად "მოწიფულობის" ნიშანი და მთავარი საშუალება.

ბულგარეთში ქრისტიანობა, რა თქმა უნდა, ბორისამდეც არსებობდა. ბულგარეთი უძველესი დროიდან იმპერიის მიერ გაქრისტიანებული ნაწილი იყო. მაგრამ ბორისმა პირველმა შეძლო ქრისტიანობა სახელმწიფოს განვითარების, მისი "კრისტალიზაციის" საშუალებად გადაექცია. ერთი სიტყვით ბორისმა სლავებში ის ქრისტიანული თეოკრატია დაამკვიდრა, რომელიც კონსტანტინეს მოქცევის შემდეგ მკვიდრობდა ბიზანტიაში.

ბორისის პოლიტიკურ გათვლებზე კიდევ ისიც მეტყველებს, რომ ის დიდხანს ორჭოფობდა და ვერ გადაეწყვიტა, ქრისტიანობა ბიზანტიიდან მიეღო თუ რომიდან. ამასთან, მას უეჭველად უნდა გაეწია ანგარიში როგორც თავისი გარემოცვისათვის, ისე ე. წ. "დრუჟინისათვის" - პირადი რაზმისათვის, რომლებიც, ცხადია, ნაციონალური წარმართული რელიგიური ტრადიციების მიმდევრები იყვნენ. ამ ადამიანებისათვის ბორისს ქრისტიანობა ბიზანტიელების, ანუ მტრების რელიგიად კი არა, ისეთ ძალად უნდა წარედგინა, რომლის დახმარებითაც ბულგარელები ბიზანტიელებისგან სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ. ამ მიზნის განხორციელება ძნელი თუნდაც იმის გამო იყო, რომ ბიზანტიის თეოკრატიული იდეოლოგია ეკლესიისა და სახელმწიფოს განუყოფლობას გულისხმობდა და რომელიმე სახელმწიფოს გაქრისტიანება ბიზანტიური სამყაროს ნაწილად ქცევის ტოლფასი გამოდიოდა, ანუ ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ბულგარული სამეფოს განზავებასა და გაუჩინარებას ნიშნავდა. ამიტომ ბორისისა და მისი მემკვიდრეების საეკლესიო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ან "ავტოკეფალიურობისათვის" მიეღწიათ. ბულგარეთში ეკლესია მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებდა იმ "რელიგიურ სანქციას", რომელიც სახელმწიფოს ისეთივე აბსოლუტიზაციას შეუწყობდა ხელს, როგორსაც კონსტანტინოპოლმა მიაღწია. მართლმადიდებლობის ისტორიაში ეს მეტად ყურადსაღები მომენტია და მას სპეციალური განხილვა ესაჭიროება. ქრისტიანობა სლავებში ბიზანტიური თეოკრატიული ტრადიციული წესებით შემოვიდა და ამიტომ თავიდანვე იმ ჩანაფიქრის, მსოფლმხედველობისა და ოცნების წყაროდ გადაიქცა, რაც ბიზანტიაში სუფევდა. მაგრამ პარადოქსი ის არის, რომ ამ შემთხვევაში შეუძლებელია სლავური ჩანაფიქრი არ დაპირისპირებოდა და კონფლიქტში არ შესულიყო საკუთარ "პროტოტიპთან". აქედან ნათელი ხდება, რომ უკვე ეს სურვილი შეუძლებელს ხდიდა, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში განხეთქილებისა და განყოფის მომტანი შხამი არ შემოჭრილიყო...

ბორისი მერყეობდა და, როგორც ჩანს, მაინც დასავლეთის არჩევანს უჭერდა მხარს. მაგრამ ბიზანტიას ამის დაშვება არ შეეძლო. სწორედ გადამწყვეტ მომენტში ბერძნებმა ბრწყინვალე სამხედრო წარმატება მოიპოვეს და ამან ბორისი აიძულა კაპიტულირებას დასთანხმებოდა, პირობად კი სწორედ ბიზანტიურ ვარიანტზე დათანხმება იყო წამოყენებული. ბულგარელი კაგანი, თითქმის ბრძოლის ველზე, სასაწრაფოდ იქნა მონათლული (869 წელს). ნათლია თავად მიხეილ III გახდა. ის, რისიც ბორისს ყველაზე მეტად ეშინოდა, მოხდა, "დრუჟინამ" ბუნტი წამოიწყო. ახალმონათლულმა თავადმა აჯანყება სისხლში ჩაახშო და ამ მოვლენამ ბორისისათვის გაკვეთილის როლი შეასრულა, მან ძალიან ენერგიულად დაიწყო "ეკლესიური ავტოკეფალიისათვის" ბრძოლა. მისი გამეფების გზაზე ეს იყო პირველი ნაბიჯი. "რომეებთან" ბრძოლაში ბარბაროსები ყველაფერზე კარგად რომაულ-ქრისტიანულ იდეოლოგიას ითვისებდნენ, სადაც სამეფოს არსებობას უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
ბეჭდვა
1კ1