გამარჯვებამ მას თავმდაბლობა ვერ დააკარგვინა, რადგან თავს მხოლოდ უფლის იარაღად და მისი ნების აღმსრულებლად თვლიდა
გამარჯვებამ მას თავმდაბლობა ვერ დააკარგვინა, რადგან თავს მხოლოდ უფლის იარაღად და მისი ნების აღმსრულებლად თვლიდა
ქრისტიანთა მფარველი, იმპერატორი კონსტანტინე, მოუნათლავი რჩებოდა, მაგრამ არა იმ მიზეზით, რომ ყოყმანობდა - სურდა, წმინდა ნათლისღება შეგნებულად მიეღო. ამისათვის წმინდა წერილის გულმოდგინედ შესწავლა დაიწყო. ამის შედეგად მან, როგორც სახელმწიფოს უმაღლესმა ხელისუფალმა, თავისი მოღვაწეობა ქვეყანაში ზნეობის ამაღლებისაკენ წარმართა. იმპერატორმა აკრძალა დამნაშავეთა ჯვარზე გაკვრით მოკვდინება და ცირკში სისხლიან სანახაობათა გამართვა, ბრძანა, ქვეყანაში ზეიმით აღენიშნათ აღდგომის დღე. კონსტანტინე განსაკუთრებით მზრუნველობდა ობლებსა და მშობლებისაგან მიტოვებულ ბავშვებს, მნიშვნელოვნად შეუმსუბუქა მდგომარეობა მონებს, გულმოწყალედ ეპყრობოდა ღარიბებს. მისი ბრძანებით, ყველა ქალაქში დაიწყეს ქრისტიანული ტაძრების განახლება და კურთხევა. ქრისტიანებმა შვებით ამოისუნთქეს. ყველგან ღმრთისადმი აღვლენილი სამადლობელი საგალობლები და ლოცვები ისმოდა. ეკლესიის ცხოვრებაში წამოჭრილი აქტუალური საკითხების გადასაჭრელად ეპისკოპოსნი თავისუფლად იკრიბებოდნენ. ხშირად ამგვარ შეკრებებს იმპერატორიც ესწრებოდა და მზად იყო, ყველაფერზე თანხმობა განეცხადებინა, რაც კი ქრისტიანებისთვის სასარგებლო იქნებოდა. კონსტანტინემ ის უპირატესობანი, რითაც ქურუმები ადრე სარგებლობდენ, ქრისტიან ღმრთისმსახურებსაც მიანიჭა, ისინი სახელმწიფოს წინაშე ყველა სხვა მოვალეობისა და გადასახადისგან გაათავისუფლა. იმპერატორმა ქრისტიანებს არა მხოლოდ საძვალენი (აკლდამები) და სხვა წართმეული ადგილები დაუბრუნა, არამედ ღმრთისმსახურების ჩასატარებლად რამდენიმე დიდი შენობაც გადასცა, რომლებშიც ადრე მსაჯულები იკრიბებოდნენ. ამ შენობებს, რომელთაც ბაზილიკები ეწოდებოდათ, იმგვარი ინტერიერი ჰქონდათ, რომელიც მათ ეკლესიებად გადაკეთებას აადვილებდა. ერთ-ერთი ასეთი ბაზილიკა ქრისტიანებს მან რომშიც აჩუქა. იგი ლატერანის სასახლეში იდგა. კონსტანტინე არც ამით დაკმაყოფილდა, ის უხვ შესაწირავს არც ახალი ტაძრების მშენებლობისთვის იშურებდა.

იმდროინდელი ქრისტიანული ტაძარი, ისტორიკოს ევსევის აღწერილობით, ასეთი იყო: ტაძრის წინკარი კოლონებით გარშემორტყმულ ეზოს წარმოადგენდა, რომლის შუაგულშიც შადრევნები იყო. ტაძარს ამკობდა მაღალი სვეტები და მარმარილოს იატაკი. საკურთხეველს მლოცველებისგან მოჩუქურთმებული ღობე ჰყოფდა. საკურთხევლის უკან იდგა დასაჯდომლები ეპისკოპოსებისა და ხუცებისთვის. ტაძარში იყო აგრეთვე სანათლავი და სენაკები ეკლესიის მსახურთა და მონანულთათვის. იმ ტაძრის კურთხევისას, რომელიც ქ. ტვიროსში აშენდა, ევსევის სიტყვა წარმოუთქვამს და ის უბედურებანი გაუხსენებია, რომელთა გადატანაც ეკლესიას წინა წლებში მოუხდა.

ქრისტიანების ამგვარი მშვიდი და მოწესრიგებული ყოფა რომ უშუალოდ კონსტანტინეს დამსახურება იყო, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ იმპერიის აღმოსავლეთში სულ სხვა ვითარება სუფევდა. ლიკინიუსს, რომელიც მაქსიმიანეს შემდეგ აღმოსავლეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა, სულის სიღრმეში ქრისტიანები სძულდა და ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში მათ დევნასა და შევიწროებას ცდილობდა. მაგალითად, მან იმ ქრისტიანებისგან, რომელნიც სამეფო კარზე და ჯარში მსახურობდნენ, წარმართული ფიცი მოითხოვა, ეპისკოპოსებს კრებებზე თავშეყრა აუკრძალა, ქრისტიანებს ქონებას იმ საბაბით ართმევდა, თითქოს ეკლესიებში იმპერატორ კონსტანტინესათვის ლოცულობდნენ. მან ეკლესიების დაკეტვისა და დანგრევის, ხოლო ეპისკოპოსების შეპყრობისა და დასჯის ბრძანება გასცა. ისევ დაიწყო ქრისტიანთა დაკითხვა-წამებანი.

ამ დროს ეწამა სებასტიაში ორმოცი მხედარი. ისინი გაყინულ ტბაში ჩაყარეს; მოწამებრივად აღესრულა სებასტიის ღრმად მოხუცი ეპისკოპოსი მედასი, რომელიც თავის დროზე დიოკლეტიანეს დევნას გადაურჩა; კესარიაში, ჭაბუკი მეომარი გორდიუსი, რომელმაც ახლობლების ხვეწნა-მუდარა, თვალის ასახვევად უარეყო რწმენა, არ შეისმინა და სასტიკი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს; ირაკლიონში ქალაქის მხედართმთავარი თეოდორე სტრატილატოსი ჯვარზე აღესრულა. დევნამ განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი პონტოში მიიღო, სადაც ყველაზე პატივსაცემ ეპისკოპოსთა ნაწამები ცხედრები ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ზღვაში გადაყარეს. აწამეს ამასიის ეპისკოპოსი ბასილიც.

ლიკინიუსის მეფობა აღმოსავლეთში არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ყველასათვის მძიმე აღმოჩნდა. მან გაზარდა გადასახადები, ქონების მითვისების მიზნით უარს არც უდანაშაულო ადამიანების დასჯაზე ამბობდა. ევსევი წერს: "ორად გაყოფილი რომის იმპერია ყველას გაყოფილ დღე და ღამედ ეჩვენებოდა: აღმოსავლეთის მცხოვრებნი სიბნელემ მოიცვა, ხოლო სახელმწიფოს მეორე ნახევრის მცხოვრებნი ყველაზე ნათელი დღის შუქით იყვნენ განათებულნი".

ბუნებრივია, რომ ქრისტიანთა მოძულე ლიკინიუსს კონსტანტინე დიდიც სძულდა, თუმცა ამის დაფარვას გულმოდგინედ ცდილობდა და გარეგნულად მეგობრობას ეფიცებოდა. მათ რამდენჯერმე შებრძოლებაც მოუხდათ. ყოველთვის კონსტანტინე იმარჯვებდა, მაგრამ ლიკინიუსი ფარისევლური მტკიცებებით ახერხებდა მის დაჯერებას, რომ ეს ყოველივე მტრებისა და გაუგებრობის ბრალი იყო და ისიც დამარცხებულთან სამშვიდობო ზავს დებდა. რა თქმა უნდა, დიდხანს ასე ვეღარ გაგრძელდებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა 323 წელს გაიმართა. ამ ომისათვის კონსტანტინე დიდი ლოცვით ემზადებოდა, მის პოლკებს წინ ჯვრის ფორმის დროშა მიუძღოდა, ლიკინიუსს კი გარს ქურუმ-მკითხავები ეხვივნენ და ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მოუნანიებელი ცოდვა გონებას აბნელებს და სულიერ თვალს აბრმავებს, ლიკინიუსს ხომ თვალწინ ჰქონდა მრავლისმეტყველი მაგალითი ქრისტიანთა მდევნელი წინამორბედი იმპერატორებისა, რომელნიც საზარელი სიკვდილით აღესრულნენ...

ეს ომი არა მხოლოდ ორ იმპერატორს, არამედ ორ რელიგიას - ქრისტიანობასა და წარმართობას შორის გაიმართა. ბრძოლის წინა დღეს ლიკინიუსმა რჩეული მეომრები და საუკეთესო მეგობრები ჩრდილმრავალ ჭალაში, ღმერთების კერპებთან შეკრიბა და მათ სიტყვით მიმართა: "მეგობრებო, აი ჩვენი მშობლიური ღმერთები, რომელთა წინაშეც, როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა გვასწავლეს, მოკრძალება გვმართებს. მტრული ჯარის სარდალმა მამაპაპეული ადათები უარყო, ცრუ თვალსაზრისი გაიზიარა და ვიღაც უცხოელ, უცნობ ღმერთს ადიდებს. იგი თავის ჯარს სამარცხვინონიშნიანი დროშით არცხვენს; მან მახვილი არა იმდენად ჩვენს წინააღმდეგ, არამედ უფრო ღმერთების წინააღმდეგ აღმართა. თვითონ საქმე გამოაჩენს, ვინაა მართალი და ვინ ცდება. თუ გავიმარჯვებთ, ცხადი გახდება, რომ ჩვენი ღმერთები ჭეშმარიტი ღმერთები ყოფილან. ხოლო თუ უპირატესობას კონსტანტინეს ღმერთი - უცხო ღმერთი - მოიპოვებს, რომელსაც ჩვენ დავცინით, მაშინ, დაე, თაყვანი სცენ მას და ჩვენც ვაღიარებთ".

ბრძოლის წინ თავის კარავში განმარტოებული კონსტანტინე ლოცულობდა და მარხულობდა. მას სასოება ჰქონდა წმინდა დროშისა, რომელიც ყველაზე ცხარე ბრძოლებშიც კი ხელშეუხებელი რჩებოდა და რომელსაც მტრები შიშით უყურებდნენ. ლიკინიუსი თავის მეომრებს აფრთხილებდა, თვალი მოერიდებინათ მისთვის, რადგან იგი საშინელი იყო თავისი ძალით და მტრული წარმართების მიმართ.

ბრძოლა კონსტანტინე დიდმა მოიგო. ლიკინიუსი გაიქცა. იგი ფარისევლურად ინანიებდა და გამარჯვებული იმპერატორისგან ზავს ითხოვდა, სინამდვილეში კი დროს იგებდა ახალი ომის მოსამზადებლად და თანამდგომებად ბარბაროსებს იხმობდა; მაგრამ ამჯერად კონსტანტინე აღარ მოტყუებულა. მისმა ვაჟმა კრისპემ ბიზანტიონის ახლოს საზღვაო ბრძოლა მოუგო ლიკინიუსს, ხოლო გამარჯვებამ ანდრიანოპოლისში ომის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ლიკინიუსი იძულებული გახდა, დამორჩილებულიყო. კონსტანტინეს წინააღმდეგ მოწყობილი ახალი შეთქმულებისთვის იგი თესალონიკში დასაჯეს, რის შემდეგაც კონსტანტინე დიდი რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ლიკინიუსის წინააღმდეგ ომში გამარჯვებული იმპერატორის მიერ გამოჩენილ კეთილშობილებასა და კაცთმოყვარეობას თვით მტრებიც კი აფასებდნენ. კონსტანტინემ ზნეობის შენარჩუნება თვით ომის პირობებშიც კი შეძლო, რადგან ყველაზე მაღლა ღმერთს აყენებდა და ყველაფრის გაკეთებას მისი ნებისაებრ ცდილობდა (ევსევი კესარიელი).

როგორც კი ერთპიროვნული მმართველი გახდა, იმპერატორმა დასავლეთში გამოცემული ბრძანება აღმოსავლეთის ქრისტიანებზეც გაავრცელა. გამარჯვებამ მას თავმდაბლობა ვერ დააკარგვინა, რადგან თავს მხოლოდ უფლის იარაღად და მისი ნების აღმსრულებლად თვლიდა. კონსტანტინემ ტაძრების მშენებლობასა და განახლებაზე ზრუნვა აღმოსავლეთშიც დაიწყო, ქრისტიანობისთვის აშკარა მხარდაჭერას იმპერატორი იმითაც გამოხატავდა, რომ ოლქების უფროსებად ქრისტიანების დანიშვნას ცდილობდა. მან აკრძალა იმპერატორის სახელით კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ ეკლესიას თავისუფალი და მშვიდობიანი ცხოვრება არა იმპერატორის ხასიათისა და ქრისტიანებთან მისი პირადი დამოკიდებულების საფუძველზე უმკვიდრდებოდა, - როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა, - არამედ სახელმწიფოებრივად უკანონდებოდა. ეს კი ნიშნავდა, რომ ქრისტიანობა უკვე ამქვეყნად, მატერიალურ სამყაროშიც იმარჯვებდა, რასაც, ცხადია, მტერი ძნელად შეურიგდებოდა; ამიტომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გადაქცევის პროცესის პარალელურად ბრძოლა ეკლესიის დასანგრევად მის შიგნით მზადდებოდა.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1