მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
4. ხატმებრძოლობით გამოწვეული კრიზისი

გაგრძელება
წმინდა გადმოცემის სისტემატიზაციისადმი ანალოგიურ მიდრეკილებას ვხედავთ წმინდანთა ცხოვრების კოდოფიკატორის ან მეათე საუკუნის ცნობილი ეგზეგეტიკოსისა (მეცნიერება წმინდა წერილის განმარტების შესახებ) და იკუმენის სვიმეონ მეტაფრასტის შემოქმედებაში. აქ ყველაფერი განდიდებული, ტრადიციული, ძალიან ხშირად მომხიბვლელი და ჭკვიანურია, მაგრამ უძველესი ავტორების მიერ ნათქვამს არაფერი აქვს დამატებული. უფრო ტიპურად გამოიყურება მეთორმეტე საუკუნის, კომნენოსების ეპოქის ცნობილი ძეგლი - ექვთიმე ზიგაბენის "პანოპლია", რომელიც ნიმუშია "ოფიციალური ღვთისმეტყველებისა". ამ დროიდან მოყოლებული ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხვდებით ასეთი სახის "პანოპლიებს" - სხვაგვარად "პანოპლია დოგმატიკებს": ესენია ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის გათვალისწინებული საღვთისმეტყველო კრებულები. საერთოდ, დედაქალაქში და სამეფო კარზე საღვთისმეტყველო თემებზე კამათი კარგ ტონად ითვლებიდა, მაგრამ ეს მხოლოდ ბრწყინველე ორატორული დისპუტები იყო და მათში ჩართული ადამიანები კეთილის გამორჩევის ან ჭეშმარიტების ძიებისათვის არ დავობდნენ. "იმ დროს საღვთისმეტყველო დავებში მონაწილეობა მოდური იყო, კამათში წარჩინებული მოქალაქეები სასულიერო პირებს უპირისპირდებოდნენ, ასეთ შემთხვევებში პროფესიონალი ღვთისმეტყველები სადავო თემებს ართულებდნენ, კითხვებს წმინდა წერილიდან სვამდნენ და მოწინააღმდეგე ჩიხში შეჰყავდათ" (ფ. შალანდონი). ამრიგად, იმპერიის არსებობის ბოლომდე ოფიციალური ღვთისმეტყველების ყოველდღიურობა ასეთი სულიერი თავისებურებებით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, იყო აღორძინების პერიოდებიც, მაგალითად: ნიკეის სამეფო (მეცამეტე საუკუნე) და პალეოლოგების მმართველობა (მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნეები). ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ისეთ ტერმინსაც შევხვდეთ, როგორიც "პალეოლოგიური აღორძინებაა", რომლის ანარეკლიც, როგორც ცნობილია, დასავლურ აღორძინებაშიც მოჩანს. მაგრამ კულტურის განვითარების ამ პროცესისათვის ყველაზე ნაკლებად ქრისტიანული მოტივებია დამახასიათებელი. ერთი სიტყვით, სულთმობრძავმა ბიზანტიამ დასავლეთი თავისი მართლმადიდებლური ნაყოფით კი არ გაანაყოფიერა, არამედ მის სივრცეებს ელინური ანტიკურობა, პლატონისა და პლოტინის დამრჩომი და მონაშენი მოჰფინა. საქმე ის არის, რომ უკანასკნელ საუკუნეებში ბიზანტიის ცხოვრებაში ოდესღაც პატრისტიკული ღვთისმეტყველების მიერ დაძლეული ფილოსოფიური საკითხებისა და წმინდა ელინიზმისაკენ შემობრუნება მოხდა. ამიტომ იმპერიის დაცემის დროს დასავლეთისა და ბიზანტიის შემაკავშირებელი რგოლი ქრისტიანული მემკვიდრეობა კი არა, ბერძენი სწავლული, ფლორენციაში პლატონის აკადემიის დამაარსებელი, მთელ იტალიაში ელინიზმის "ობერპროფესორი" გიორგი ჰემისტოს პლიფონის (1355–1415) "ნეოწარმართობა" გახდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბიზანტიური მართლმადიდებლობის სულიერების შემნახველი, ტრიუმფით მოსული "ოფიციალური ღვთისმეტყველების" რეალური საფასური. როდესაც ეკლესიური სწავლება სახელმწიფოებრივ ავტორიტეტად მოგვევლინა, რომელსაც საზოგადოება იძულებით უნდა დამორჩილებოდა, ბერძნულმა გონმა, სავსებით ბუნებრივად, მისივე სულიერ გამოცდილებაში სხვა საზრდოს ძიება დაიწყო. ის, რაც ოდესღაც სასკოლო შესწავლის საგნად და გონების სავარჯიშოდ მიიჩნეოდა, ახლა კვლავ დამოუკიდებელი ინტერესის ობიექტად და ისეთი პრობლემების წყაროდ გადაიქცა, რომლის რელიგიაში დატოვებაც არაფრით არ შეიძლებოდა. რწმენა უეჭველ და შეუვალ რწმენად დარჩა, მაგრამ რწმენის მიმართ გაქრა გონებრივი ინტერესი, ანუ ჩახშობილ იქნა რწმენის ობიექტის გონებით მიკვლევის წყურვილი. ამავე დროს, ქრისტიანობასა და ელინიზმს შორის კვლავ - მაგრამ უკვე ახალი ფორმით - გამოვლინდა ძველად მოქმედი რელიგიური გაორება. მაგრამ უწინ ამ კონფლიქტიდან ქრისტიანობა თავისი ინტელექტუალური ძალისხმევით გამარჯვებული გამოვიდა, ახლა კი კონფლიქტიც არ გამოდიოდა - ქრისტიანობას არც არავინ აკრიტიკებდა და არც არავინ უარყოფდა. ბიზანტიური ფილოსოფიის "აღორძინება" ქრისტიანობის გვერდით მიმდინარეობდა და მის პარალელურად როგორც სრულიად ავტონომიური სფერო ვითარდება. აი, მაგალითად, მეთერთმეტე საუკუნის დასასრულის ბიზანტიური პერიოდის ფილოსოფიის ერთ-ერთი მამამთავარი მიქაელ პსელოსი. მისი პიროვნება ძალიან დამახასიათებელია ბიზანტიაში გაჩენილი ახალი "ჰუმანისტური" სულისათვის. ღმერთის ბუნების შესახებ მისი ქადაგებები წააგავს ორფეოსის, ზოროასტრის, ამონის, პარმენიდეს, ემპედოკლეს, პლატონის სწავლებას. ამავე დროს, როდესაც მასალას ეცნობი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღვთისმეტყველებასთან კავშირი საბოლოოდ არის გაწყვეტილი. ის სანდო, კლასიკურ სტილში წერს საღვთისმეტყველო ტრაქტატებს. არც ჰემისტოს პლიფონს უშლის ხელს მის მიერ შექმნილი ნეოწარმართული ფილოსოფია, 1438-39 წლებში ფლორენციის ცნობილ საეკლესიო კრებაზე დაიცვას მართლმადიდებლობა. ნელ-ნელა ბიზანტიაში ჩნდება "ორმაგი ჭეშმარიტების", თუ თეორია არა, პრაქტიკა, და საღვთისმეტყველო კრიზისი სწორედ აქ არის მოკალათებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზანტიელების ყველა მოთხოვნებს ქრისტიანობა ვეღარ აკმაყოფილებს, რომ ამდროინდელ ბიზანტიურ იდეოლოგიაში დარღვეულია სულიერი ერთიანობა და ბიზანტიელს შემოქმედების გარკვეულ ნაწილში რაღაც სხვა, არაქრისტიანული სივრცეები იტაცებს. ამგვარ ფილოსოფიურ აღორძინებას ქრისტიანულმა ეკლესიამ აკრძალვებითა და ანათემებით უპასუხა. მაგრამ "ოფიციალურ ღვთისმეტყველებას" კარსმომდგარი ახალი სინთეზი გადასალახავად შინაგანი ძალა მაინც არ ეყო... მეორე მხრივ, რა სახის დამსახურებებითაც არ უნდა გამოირჩეოდეს წარსულის ღვთისმეტყველება, ანუ ეკლესიის ისტორიის დასაწყისი და ღვთისმეტყველების გაზაფხული, იმ ცოცხალ აღმაფრენას, რითაც მაშინდელი უდიდესი მამები და მასწავლებლები ხასიათდებოდნენ, ვერაფერი შეცვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ "სამუდამო სიცოცხლე შესძინეს თავიანთ ძველ წიგნებს", მათ ფუნქციას წიგნები ვერ შეასრულებდნენ, რადგან ცოდნითა და შემეცნებით გამოცდილება ვერ ჩანაცვლდება და ამ ჭეშმარიტებამ ბიზანტიის ეკლესიის მძიმე წლებში თავისი სახე გამოავლინა.

აქამდე რასაც ვსაუბრობდით, ყველაფერი მხოლოდ ბიზანტიის ეკლესიის "ზედა" ფენებს, ანუ საზოგადოების იმ ნაწილს შეეხებოდა, რომელიც უშუალოდ იმპერიასთან და იმ საეკლესიო-პოლიტიკურ იდეოლოგიასთან იყო დაკავშირებული, რომელიც "მართლმადიდებლობის ზეიმის" შემდეგ დამკვიდრდა. მიუხედავად ამისა, ბიზანტიის ეკლესიის შესახებ მხოლოდ ისტორიული ასპექტებით მსჯელობა ისევე არასწორი იქნებოდა, როგორც, მაგალითად, რუსული ეკლესიის ისტორიაში სინოდალური პერიოდი მხოლოდ წმინდა სინოდის ოქმებით ან ლათინური სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი სემინარიის სახელმძღვანელოებით რომ შეგვესწავლა. რეალობას თუ თვალებში ჩავხედავთ, დავინახავთ, რომ მანამდე, სანამ რუსეთის სემინარიებში ლათინური სქოლასტიკა იყო გაბატონებული, წმინდა სერაფიმე საროველი მოტოვილოვთან ქრისტიანობის ისეთ ღრმა და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საუბრობდა, როგორიც სულიწმინდის მოღვაწება და მოხვეჭა იყო. ამასთან, სწორედ ამ დროს კიევის ბურსიდან გამოქცეული მოხუცებული პაისი ველიჩკოვსკი თავისი არაორდინალური მამაცი საქციელით რუსული ბერმონაზვნობის აღორძინებას ამზადებდა. ასევე მიმდინარეობდა პროცესები ბიზანტიაში: სანამ "ოფიციალური" ღვთისმეტყველება სულ უფრო მეტად იღებს წმინდა მამათა "ტექსტების" სქოლასტიკოსი კომენტატორის სახეს, სამონასტრო ცხოვრებაში სხვა, ისეთი ნამდვილი, მუდმივად ცოცხალი და შემოქმედებითი ტრადიცია მკვიდრობს, რომელსაც, როგორც წესი, "ბიზანტიურ მისტიკას" უწოდებენ. სინამდვილეში სწორედ ეს არის გაგრძელება იმ ღვთისმეტყველური აზროვნებისა, რასაც რწმენის შინაარსის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გახსნა ჰქვია.

მეათე საუკუნეში ჩნდება სწავლება სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა (949-1022), რომლის ცხოვრებაც ნიკიტა სტიფატმა აღწერა. ჩვენამდე წმინდა სვიმეონის ჰიმნებმა, წერილებმა, ასკეტიკურმა და საღვთისმეტყველო ტრაქტატებმა მოაღწია. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სპეციფიკური ბერმონაზვნური ღვთისმეტყველება, განჭვრეტა, მისტიკა და ისეთ ღვთაებრივ ნათელთან "ზიარებაა", რომელიც თავის საწყისშივე ბერული ასკეზის მიზანს წარმოადგენდა. "განჭვრეტის მდგომარეობაში მყოფი ღვაწლშემოსილი შინაგანად იწვის, როგორც ალმოდებული, და სულიწმინდის მადლში ნათლდება. ის უკვე აქედან - ამ ცხოვრებიდან მჭვრეტელი ხდება საკუთარი განღმრთობისა"... "ყოველგვარ დუმილსა და სიხარულში მადლი ვლინდება და ეს ნათელი საწყისია, ბრწყინვალებაა, სახეა სამარადჟამო მარადიული ნათლისა და ნეტარებისა... გონი ამ ნათელში იძირება და აქ ხდება მისი გაცისკროვნება, თავად ნათლად გადაიქცევა და სრულიად უერთდება ნათელს და თვით ნათლის ჭეშმარიტ წყაროს"... როგორც გაირკვა, ეს განდეგილობისა და ღმერთთან პიროვნულად ზიარების გზა საეკლესიო ცხოვრებაშიც უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე "ოფიციალური" ღვთისმეტყველება. ამ "სულიერებით" აღვსილ უხუცესთა მოღვაწეობით ეკლესია თავისუფლების ისეთ პოლუსზე აღმოჩნდა, საიდანაც ყოველგვარი ამქვეყნიურობის შეფასება მისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეს კი ის იყო, რაც იმპერიასთან წილხვდომილ ეკლესიას ასერიგად ესაჭიროებოდა. ასეთი ღვთისმეტყველება წიგნიდან კი არა, გამოცდილებიდან მოდის და მასში ქრისტიანობა, როგორც ადამიანისათვის ნამდვილი ბრძოლა, თავისი "პრაქტიკული" მნიშვნელობით ვლინდება. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დავა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ჩინოვნიკებთან მისი მასწავლებლის, ბერ სვიმეონ ღვთისმოშიშისთვის დამსახურებული პატივის მიგებასთან დაკავშირებით. ეს იყო საეკლესიო საბჭოსთან - "კონსისტორულ" ჯგუფთან, რომელიც რუტინულ ოფიციალურ საქმეების მიღმა თავისუფალ აზრს ვერ ეგუებოდა, თავისუფალი სულისათვის მებრძოლი პიროვნების ჭიდილი. ამ ბრძოლის პროცესში მარტოხელა განდეგილი შევიწროებული, გადასახლებული და დევნილი აღმოჩნდა. მაგრამ საბოლოოდ მაინც მან გაიმარჯვა და არა "კონსისტორიამ". ეკლესიურმა თვითშეგნებამ ბოლოს სწორედ მასში დაინახა თავისი რწმენისა და იმედის აღსრულება. მისი გარდაცვალებიდან ასი წელიც კი არ იყო გასული და წმინდა სვიმეონს თაყვანს სცემდა მთელი აღმოსავლეთის ეკლესია.

იმავე მეათე საუკუნიდან ბიზანტიური ბერ-მონაზვნობის მთავარ და ასევე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში ამ "გონებაჭვრეტითი" მიმდინარეობის ცენტრად "წმინდა მთა" - ათონი გადაიქცა. ამ მნიშვნელობას იგი დღევანდლამდე ინარჩუნებს. განდეგილებმა ათონზე დასახლება საკმაოდ დიდი ხნის წინ, შესაძლოა მეოთხე საუკუნიდან დაიწყეს. ბერ-მონაზვნობის ისტორიამ აქაც ყველა მისთვის დამახასიათებელი ფაზა გაიარა. ეს იყო: განდეგილობა, "ლავრები", რომელმაც მარტოსული ასკეზა გარკვეული სახის ურთიერთობებში გააერთიანა, დაბოლოს, მკაცრად რეგულირებული ცხოვრების წესით გამორჩეული მონასტრები. ამ წესების დამკვიდრების მოთავე იყო ღირსი ათანასე ათონელი, რომლის დროსაც, 960 წელს, მისივე "ლავრა" გაჩნდა. მეთორმეტე საუკუნეში იმპერატორ ალექსი კომნენოსის ზეობისას, ათონი, როგორც აღიარებული ბიზანტიური საბერმონაზვნო ცენტრი, უკვე ოფიციალურად იქნა "სანქცირებული".

"გონებაჭვრეტითი" ღვთისმეტყველების ყოველმა ძალამ, რომელიც აღმოსავლურ ბერ-მონაზვნობაში ადრეული მეუდაბნოე მამების დროიდან მკვიდრობს, ათონზე მოიყარა თავი. გვიანბიზანტიურ ხანაში სწორედ ათონი გახდა დაძაბული ღვთისმეტყველური ცხოვრების ცენტრი. ღვთისმეტყველებაში შეგნების გაორებამ, რომელიც გამოცდილებისეულ და "ოფიციალურ ღვთისმეტყველებას" შორის მიმდინარეობდა, ისეთი სახე მიიღო, როგორიც მოგვიანებით "ისიქასტის" გარშემო მიმდინარე დავაში გამოვლინდა. XIV საუკუნეში დავა წმინდა გრიგოლ პალამას სახელთანაა დაკავშირებული. გარეგნულად დავა ასკეტიკური ქმედების "ტექნიკურ" საკითხებს, ე.წ. "ისიქიას" (ისიქია - (ბერძ.) მდუმარება, სიმშვიდე. ისიქასტი - ამსოფლიურ ცხოვრებას განშორებული ადამიანი, რომელიც გარეგან ან შინაგან - გონიერი ლოცვით მდუმარებაში იმყოფება. ეს ღვაწლი მოითხოვს ყურადღებასა და უწყვეტ იესოს ლოცვას) ან დუმილის ღვაწლს ეხებოდა, რომლის დროსაც "გონების კონცენტრირება" და ღვთაებრივი ნათლის ჭვრეტა ხდება. მაგრამ ძალიან მალე ამ დავის პროცესში გაჩნდა ძირითადი კითხვები: რას განჭვრეტს, რას ხედავს, რას ეზიარება მოღვაწე. ისიქაზმის მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ ღვთისმეტყველებაში "განღმრთობით" ქმნილებასა და ღმერთს შორის ზღვარი იკარგება, რომ თაბორის უქმნელი ნათელის შესახებ (დავა თაბორის მთაზე ფერისცვალების ნათელის ბუნებას შეეხებოდა) უკიდურესი ისიქასტები "პანთეიზმს" ესაზღვრებოდნენ. ისიქასტების დაცვა ათონელმა ბერმა, მოგვიანებით კი თესალონიკის მთავარეპისკოპოსმა წმინდა გრიგოლ პალამამ (1296-1359) ითავა, რომელიც უდავოდ უდიდესი ბიზანტიელი ღვთისმეტყველი იყო. კათოლიკეების ისტორიკოსებმა არაერთხელ სცადეს დაემტკიცებინათ, რომ მართლმადიდებლობის ისტორიაში მისი სწავლება გაუგონარი სიახლეებით გამოირჩეოდა და აღმოსავლური მისტიკის ყველა უცნაურობა სწორედ მის შემოქმედებაშია გამოხატული. მაგრამ, როგორც ბოლო დროის ბრწყინვალე გამოკვლევებიდან გამოჩნდა (მამა ვ. კრივოშეინი, მამა კ. კერნი), რეალურად სწორედ პალამას შემოქმედებაშია დასრულებული და განახლებული სახით წარმოდგენილი ქრისტიანობის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური შინაარსი. სწორედ პალამას თვალსაზრისში მტკიცდება, რომ ღმერთს ქვეყანა მიტოვებული არ აქვს და ის ჭეშმარიტად ადამიანის გვერდითაა. ადამიანს შეუძლია შესწვდეს, შეიგრძნოს უფალი არა აბსტრაქტული, მიკვლეული და "ფილოსოფიური" დასკვნებით, არამედ ონტთოლოგიურად შეუერთდეს. ღმერთთან რეალურად შეერთების პალამასეული სწავლების არსი "ღვთაებრივ ენერგიებშია", რომლითაც განმსჭვალულია სამყარო და რის წყალობითაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვერ შეერწყმება ღმერთს (რადგანაც იგი არსობრივად მიუწვდომელია), მასთან დაკავშირებულია. ადამიანს შეუძლია "ეზიაროს" მას, ღმერთი იყოს პიროვნებაში და ადამიანი უსასრულოდ უახლოვდებოდეს უფალს. წმინდა გრიგოლ პალამას "ისიქაზმში" ცოცხლდება ეკლესიის მამათა მთელი გარდამოცემა; ღმერთისა და ადამიანის მაცხოვრისეულ ხატში, სულიწმინდის მადლით, ქრისტიანობა წარმოგვიდგება როგორც განღმრთობილი ადამიანური სისრულე, მასში კი მთელი სამყარო ღმერთთან ზიარებულად წარმოჩნდება.

თუ შემოვიზღუდებით წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველისა და წმინდა გრიგოლ პალამას შესახებ მსჯელობით, დავინახავთ, რომ ბიზანტიური მისტიკის ამ ორი მწვერვალისათვის წმინდა მამები ისეთივე მაღალ ავტორიტეტს წარმოადგენდნენ, როგორსაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სკოლის "დიდასკალიონის" წარმომადგენელთათვის. უფრო მეტიც, ამ ორ ბუმბერაზს კითხვაც კი არ გასჩენიათ: უნდა ყოფილიყვნენ თუ არა წმინდა მამათა გარდამოცემის ერთგულნი, რადგან გარდამოცემა მათთვის გარე - იძულებით ან ისეთ დამატებით ავტორიტეტს არ წარმოადგენდა, რომელსაც ბრმად, გაუაზრებლად უნდა დამორჩილებოდნენ. ისინი მამების გარდამოცემაში ცხოვრობდნენ და მათი სწავლება ერთიანი რწმენისა და გამოცდილების გამო ისე შეიმეცნებოდა, როგორც იმავე სულიერების ნაყოფი, რომლითაც განმსჭვალულნი იყვნენ წმინდა მამები. მათთვის, როგორც უწინდელი მამებისათვის, ღვთისმეტყველება განყენებული ცოდნა კი არა, "ცხოვრების საქმე და ცხოვრებისეული საკითხების შემოქმედებითი გადაწყვეტა იყო". ისინი იმის გამო იყვნენ თავისუფლები, რომ თავად მათში და მათ ეკლესიურ გამოცდილებაში ისეთი კრიტერიუმები მოქმედებდა, რომლებიც მათ რწმენას წმინდა გარდამოცემასა და წმინდა მამების რწმენაში აერთიანებდა. ეს ჭეშმარიტად ასეა, რადგან მაშინაც კი, როდესაც მისტიკურ გზას თავისთავად საგანგებო გზად ვაღიარებთ, უნდა მივიჩნიოთ, რომ ყოველი სახის ნამდვილი ღვთისმეტყველება მისტიკურია, რადგან, უწინარეს ყოვლისა, ეს არის რელიგიური გამოცდილების მტკიცებულება. ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ წმინდა გარდამოცემის ჭეშმარიტი ძალა მხოლოდ შემოქმედებასა და ღვაწლში ვლინდება, სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ არაფრის მთქმელ და გონის დამთრგუნველ "უსიცოცხლო ისტორიულ დოკუმენტად გადაიქცევა".

ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ ოფიციალური ბიზანტიური ღვთისმეტყველების "ტექსტების" გარე ავტორიტეტით დახშულობამ, ერთი მხრივ, ახალი "დექრისტიანული" ელინიზმის აფეთქება, ხოლო, მეორე მხრივ, "ისიქასტებთან" შეჯახება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, პროფესორი ფეოდორ უსპენსკი ცდილობდა ეს მოვლენა ორი ფილოსოფიური მოძღვრების, არისტოტელიზმისა და პლატონიზმის ბრძოლად გამოეცხადებინა, რადგან, მისი აზრით, სწორედ ეს იყო ბიზანტიის ისტორიის განმსაზღვრელი თავისებურება. ის ფიქრობდა, რომ ფილოსოფოსებისა და "მისტიკოსების" საფუძველს პლატონი წარმოადგენდა, ხოლო ეკლესიის ოფიციალური დოქტრინა იოანე დამასკელიდან მომდინარეობდა, რადგან, უსპენსკის აზრით, მისი მოძღვრების ენას უფრო არისტოტელეს კვალი ეტყობოდა. ჩვენ უკვე არაერთხელ მივუთითეთ ასეთ ყალბ სქემაზე. მაგალითად, წმინდა გრიგოლ პალამას ერთ-ერთი მთავარი მტერი ნიკიფორე გრიგორა ფილოსოფიაში მტკიცე "პლატონიკოსი" იყო. რაც შეეხება წმინდა გრიგოლ პალამასა და წმინდა სვიმეონს, ქრისტიანულ დოგმატიკაში მათთვის საკითხი, პლატონს მიმხრობოდნენ თუ არისტოტელეს, საერთოდ არ არსებობდა. მათთვის მთავარი ქრისტიანული გამოცხადება და ის "ფეორია" (ბერძ. - "განხილვა, გამოკვლევა"), ის ჭვრეტა იყო, რომლის გამოსახვაც სიტყვებით სურდათ, მაგრამ რომლის გვერდითაც ვერც პლატონი და ვერც არისტოტელე ბოლომდე ადეკვატურად არ აღიქმებიან. თავის მსჯელობაში პალამას პლატონიც შეეძლო გამოეყენებინა, არისტოტელეც, ასევე ერთიც და მეორეც შეეძლო გაეკიცხა. საქმე ის არის, რომ პალამას რელიგიური გამოცდილების შემფასებლად ისინი არ გამოდგებოდნენ, თავად მისი შეფასების საგნად კი პლატონიც შეიძლებოდა ქცეულიყო და არისტოტელეც. თავისი არსით, ქრისტიანული ღვთისმეტყველება, რაც უნდა მაღალ ხარისხში აიყვანოს ქრისტიანობამდელი ფილოსოფია და რაც უნდა თამამად მოახდინოს ფილოსოფიის ენაზე თავისი "გამოუთქმელი საიდუმლოებების" ფორმულირება, არ შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით "ეკლექტიკური" არ იყოს. სწორედ ამიტომ, "ბიზანტიურ მისტიკაში", სავსებით ბუნებრივად, ელინიზმთან არსებული ის "სინთეზიც" და ელინიზმის ის გაეკლესიურების ელემენტებიც ცოცხლდებოდა, რომელიც თავის დროზე წმინდა მამების შემოქმედებაში განხორციელდა.

ამიტომ ეს მიმდინარეობა გახდა სულიერად ფასეული ის მთავარი მემკვიდრეობა, რომელიც მოცემული ეპოქის ბიზანტიის ისტორიამ მოიტანა და რომელიც დღემდე მართლმადიდებლურ ეკლესიურ თვითშეგნებას ასაზრდოებს. ხოლო კონსტანტინოპოლის 1351 და 1368 წლების კრებები, რომლებზეც პალამიზმი ეკლესიური რწმენის ჭეშმარიტ გამომხატველ სწავლებად და პალამა წმინდანად გამოცხადდა (მის ხსოვნას დიდი მარხვის მეორე კვირა ეძღვნება), არის ბიზანტიური მართლმადიდებლობის არსი და ბიზანტიური ღვთისმეტყველების შეჯამება.
ბეჭდვა