მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მეხუთე
ბიზანტია
3. ხატმებრძოლობით გამოწვეული კრიზისი

(გაგრძელება)
ხატმებრძოლობის შფოთი მხოლოდ ხატთაყვანისცემასთან დაკავშირებული დოგმატური საკითხებით არ ამოიწურება. ამ დროს უკიდურესად გამწვავდა, მძიმე პრობლემის სახე მიიღო და დაშლა დაიწყო ისეთმა ცნობილმა ეგრეთ წოდებულმა იუსტინიანეს "სინთეზმა", რასაც სხვაგვარად სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობა ჰქვია. თავისთავად ეკლესიის დაპირისპირება ერეტიკოს იმპერატორთან არანაირ უცნაურობას არ წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა წმინდა იოანე დამასკელის გამონათქვამი, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებს იმეორებს და ბრძანებს, რომ "ეკლესიაში სარწმუნოებრივი საკითხების მოგვარება მეფის საქმე არ არის". თუ მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდებით, ამ თეზისის ჭეშმარიტებას სწორედ ხატმებრძოლობის "წყალობით" დავინახავთ და დავრწმუნდებით, რომ კონსტანტინეს მიერ დამკვიდრებული კავშირის ორაზროვნება საბოლოოდ სწორედ ამ დროს გამოვლინდა. ამასთან, ისიც გამოაშკარავდა, რომ ბიზანტიური თეოკრატიის პირველსახე ფაქტობრივად წარმართული და ანტიქრისტიანული იყო. ამიტომ, სწორედ ხატმებრძოლური შფოთის დაძლევა გახდა იმ ახალი "სინთეზის" წინაპირობა და დასაწყისი, რომელსაც ეკლესიისა და იმპერიის ურთიერთკავშირი ჰქვია და რითაც შემდგომში ბიზანტინიზმის ბედი განისაზღვრა.

შემთხვევითი არ არის, რომ მერვე საუკუნეში ხატთაყვანისმცემლობასთან ბრძოლა ასევე ბერმონაზვნობასთან ბრძოლა აღმოჩნდა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მონაზვნობას წინა ეპოქაში: ქვეყნიერების "გაქრისტიანების" დროს ბერებმა ქრისტიანობის "ესქატოლოგიური" ასპექტი შეისისხლხორცეს და ყოველგვარი ამქვეყნიური, ანუ "ქუეყანისაგანთა" ქრისტიანობის გაამქვეყნიურების მცდელობა, "არა ამის სოფლისაგანთა", ანუ ბერების მიერ, ზეციური ნათლით გადაილახა. ასევე ჩვენ უკვე იმის შესახებაც ვისაუბრეთ, რომ ეკლესიის ქრისტიანული სამყაროსადმი დამოკიდებულება ისე ნათლად არაფერში გამოვლენილა, როგორც ბერმონაზვნობის გამოცდილებით ეკლესიური ცხოვრების წესის განსაზღვრაში და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში, ამ გამოცდილების ყოფით "ნორმად" დამკვიდრებაში. მაშინ, როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობდა, მონაზვნობის წინაშე არა მხოლოდ ეკლესიამ, არამედ იმპერიამაც მოიხარა ქედი; სამონასტრო მშენებლობის საქმეში იმპერატორები დიდებულებს ეჯიბრებოდნენ, ისე, რომ ხატმებრძოლობის დასაწყისში ბიზანტიაში ბერ-მონაზონთა რიცხვმა, ი. ანდრეევის გამოთვლით, 100000-ს მიაღწია – ეს მთელი მოსახლეობისთვისაც კი მეტად მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო! იმ დროისათვის ბერმონაზვნობა ეკლესიის "წამყვან ფენად", სინდისისა და მორალის მთავარ საზომად იყო ქცეული.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ბერმონაზვნობის ეს გამარჯვება იმპერიამ უპირობოდ მიიღო, მას გარკვეული გარანტიები და პრივილეგიებიც მიანიჭა, დროთა მანძილზე დამოკიდებულება შეიცვალა და სახელმწიფოს მმართველ ფენებში აზრი დამკვიდრდა, თითქოს მონაზვნობა იმპერიას მძიმე ტვირთად გადაექცა. ბერმონაზვნობა ფლობდა დიდ სიმდიდრეს და ეს ქონება არ იბეგრებოდა, ამიტომ უწინარეს ყოვლისა მათ მიიჩნიეს, რომ მონაზვნობა აბრკოლებდა სახელმწიფოს ეკონომიკას; აწუხებდათ ისიც, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სახელმწიფო კონტროლის გარეშე იყო დარჩენილი და ბოლოს არმიისათვის ათობით ათასი ადამიანი იკარგებოდა. მალე ბიზანტიურ კანონმდებლობაში გამოჩნდა, სახელმწიფოს თვალსაზრისით, ამ სტიქიური მოვლენის მოგვარებისა და მონაზვნობის სახელმწიფო სისტემაში შემოყვანის მცდელობები. მეორე მხრივ, თავის დროზე ჩვენც აღვნიშნეთ, რომ ბერმონაზვნობის უპირობო გამარჯვებამ ერთგვარი ზიანი თავად ამ სათუთ ინსტიტუტს მოუტანა. სამონასტრო ცხოვრებაში დაცემის გარკვეული ნიშნები უკვე მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან გამოვლინდა. მონასტრებში სიმდიდრე გაჩნდა, მინიჭებული პრივილეგიების გამო სამონასტრო ცხოვრება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის აღარ იყო მიმზიდველი, ვისაც ქრისტიანული მაქსიმალიზმი აინტერესებდა; ბერმონაზვნები ბიზანტიელი საზოგადოებისათვის ავტორიტეტული მრჩევლები, ხელმძღვანელები და სულიერი მამები იყვნენ და ბუნებრივია, გახშირდა მათი ცდუნებისა და მათ მიერ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაც. ეს ამბები ტრულის კრების დადგენილებების ფონად საკმაოდ სავალალოდ მოჩანს.

და აი, მერვე საუკუნეში იმპერიას გმირული სულისკვეთება მოეძალა: ქვეყანა დაღუპვის ზღვარზე იყო. მას მხსნელებად ისავრიელი იმპერატორები მოევლინნენ და მათი ძალისხმევით სახელმწიფო სისტემა მაქსიმალური ენერგიულობით ამოქმედდა. ამ დაძაბულ სიტუაციაში გაჩნდა ახალი, პატრიოტული ბიზანტიური თვითშეგნება, რასაც ისეთივე ტოტალური მობილიზაცია მოჰყვა, რომლის მსგავსიც მხოლოდ რუსეთში პეტრე პირველის დროს იყო. ცხადია, ასეთ სიტუაციაში მონაზვნობის საკითხის წამოჭრა გარდაუვალი იქნებოდა და კოპრონიმის პოლიტიკაში აშკარად გამოჩნდა, რომ ბერ-მონაზვნებისადმი იმპერატორის სიძულვილი მხოლოდ მათ მიერ ხატების დაცვით არ იყო განპირობებული. ასე გაცხადდა იმ ორი "ლოგიკის" ფარული დაპირისპირება, რომელსაც თავიდანვე ჩქმალავდნენ და ცდილობდნენ საზოგადოებისა და ქვეყნიერების თვალში ეკლესიასა და იმპერიას შორის მხოლოდ კეთილი ურთიერთობები წარმოეჩინათ. ეკლესიური თვალსაზრისით, სახელმწიფო ეკლესიის დასაყრდენი, "შესანახი, საცავი და სახუმილავი" უნდა იყოს, ამიტომ მაშინაც კი, როდესაც ეკლესიის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება, იმპერიამ უპირატესობა ეკლესიურ ფასეულობებს უნდა მიანიჭოს. მეორე მხრივ, თეოკრატიული სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით თვითონ ქრისტიანობა იმპერიის კეთილდღეობის ბოლო დასაყრდენად აღიქმება, რადგან პირველი და მთავარი იმპერიაში სახელმწიფოებრივი კულტია და შეფარულად სწორედ ეს წარმოადგენს იმპერიის მთავარ ფუნდამენტს. პირველში, ანუ ეკლესიურ თვალსაზრისში, მონაზვნობა სახელმწიფოს ყოვლისმომცველი "უტილიტარიზმისგან" ეკლესიისა და ქრისტიანი ადამიანის არაამქვეყნიურობის დაცვის, ანუ შინაგანი თავისუფლების სიმბოლოა; მეორე თვალსაზრისში აშკარად ჩანს, რომ ადრე თუ გვიან ეკლესია სახელმწიფოსათვის საჭირო აღარ აღმოჩნდება, ანუ მისი ინტერესების გათვალისწინება სახელმწიფოსათვის საზიანო იქნება. მონაზვნობის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხების მიმდინარეობის პროცესში აშკარად გამოიკვეთა ისავრიელების ფარული სურვილი - ეკლესია სახელმწიფოსათვის დაემორჩილებინათ, ანუ ბოლომდე "სასარგებლოდ" ექციათ. ამ თვალსაზრისით ისავრიელები თანმიმდევრულნი და იმ თეოკრატიული "ლოგიკის" "დამაგვირგვინებლები" აღმოჩდნენ, რომელიც კონსტანტინე დიდის მოქცევიდან ყოველთვის დომინირებდა ეკლესიისადმი იმპერიის დამოკიდებულებაში. სწორედ ეს აბსოლუტური, სახელმწიფოებრივი თეოკრატიული თვითშეგნებაა ასახული ლეონ ისავრიელის მიერ გამოცემული "ეკილოგის" - კანონთა კრებულის შესავალში: "უფალმა სამეფო იმპერატორებს ჩააბარა, ქრისტეს ერთგული სამწყსოს დამწყემსვაც, მოციქულთა თავის, პეტრეს მსგავსად, უფალმა მათვე მიანდო". აი, სწორედ ეს აღმოჩნდა საბოლოო დასკვნა და ბოლო აკორდი იუსტინიანეს "სიმფონიისა".

ამიტომ, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხატთაყვანისმცემლობის გამარჯვება მონაზვნობის არა მხოლოდ გარეგანი, არამედ შინაგანი გამარჯვებაც იყო. დევნის შედეგად მონაზვნობა განახლდა, მან ახალი ძალა შეიძინა და მეცხრე საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში უკვე მონაზვნობის ნამდვილ აღორძინებას ვხედავთ. ეს წარმატება პირველ რიგში იღუმენ თეოდორე სტუდიელის სახელს უკავშირდება. მონაზვნობის იდეოლოგია და მისი ეკლესიური ფუნქციები, რომელმაც გარდაუვალი გახადა მისი გამარჯვება, საბოლოოდ სწორედ წმინდა თეოდორემ ჩამოაყალიბა. თეოდორე სტუდიელის "სისტემაში" ბერმონაზვნობის როგორც განსაკუთრებული მსახურების მნიშვნელობა (თავის დროზე ის დაიწყო, როგორც "კერძო" საერო და ინდივიდუალური მოძრაობა) ნათლად არის გამოკვეთილი; მისი სწავლებით, ბერ-მონაზონი არის ეკლესიის "ძარღვი და ნერვი", "მარილი მიწისა და ნათელი ქვეყნისა", "მაგალითი და მტკიცე დასაყრდენი", "სინათლე ბნელში მყოფთათვის". ეს ასეა, რადგან მისი მოძღვრებით ბერ-მონაზონის საბოლოო მიზნები მოქალაქის მიზნებისაგან არაფრით განსხვავდება. ის მხოლოდ იმ წესით ცხოვრობს, რომელიც ნებისმიერი ქრისტიანისთვის ცხოვრების საბოლოო მიზანია და რაც თავისთავად სულის გამოხსნას და ცათა სასუფეველში დამკვიდრებას გულისხმობს. ამ მიზნების მიღწევისათვის კი ერთადერთი საშუალება ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე უარის თქმაა. "საიდან ვიცით, რომ ამა ქვეყნიურის უარყოფა და მონაზვნობა გვმართებს? (ასეთი იყო ბერმონაზვნობის საჭიროების საკითხთან დაკავშირებით ხატმებრძოლი ოპონენტების გამოხმაურება). იგივე იქნებოდა, გვეკითხა: საიდან ვიცით, რომ ქრისტიანები უნდა ვიყოთ? (იყო პასუხი)". ამავე დროს: არ უნდა ვიფიქროთ, რომ ხსნას, წმინდა თეოდორე მხოლოდ მონაზვნურ ცხოვრებაში ხედავდა. უფრო მეტიც, თუ საკითხს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ქრისტიანობის ისტორიაში არსებული ცენტრალური პრობლემების გადაკვეთა სწორედ აქ, ამ გზაჯვარედინზე ხდება. წმინდა თეოდორე ბრძანებს: არ შეიძლება ვიფიქროთ ქრისტიანობაზე, თუ არ გავითვალისწინებთ იმ უმნიშვნელოვანესს, რასაც სახარებაში "არა ამის სოფლისაგანი" (იოან. 8:23) ჰქვია. შემდეგ ბრძანებს, რომ სინამდვილეში მხოლოდ მონაზვნობაში ხორციელდება სახარებისეული მოწოდება და მხოლოდ მონაზვნებს "აქუნდა ყოველივე ზოგად" (საქმ. 2:44), ანუ საერთო. მას მიაჩნია, რომ ყოველი ქრისტიანი მაქსიმალიზმისთვის უნდა იყოს მოწოდებული, ისტორია კი საპირისპიროს გვიჩვენებს, ყველაფერი პრაქტიკულად კომპრომისებით, გაამქვეყნიურებითა და ბოლოს "მინიმალიზმით" მთავრდება. სწორედ ამიტომ მონაზვნობა, გარკვეული თვალსაზრისით, ქრისტიანობის ისეთ ისტორიულ აჩრდილადაც შეიძლება ჩაითვალოს, რომლის ჩამოშორებაც ყოველთვის ენდომებათ, სანამ ეკლესია ბოლომდე არ "განხორციელდება". ეს არ უნდა მოხდეს, – ბრძანებს წმინდა თეოდორე, – უნდა გვახსოვდეს, რომ მონაზვნობა ეკლესიის ცხოველმყოფელ ბირთვს და ეკლესიურ ცნობიერებაში მორწმუნის ჭეშმარიტი ქრისტიანული წესით ცხოვრების მასტიმულირებელ ძალას უნდა წარმოადგენდეს. მონაზვნობა უნდა იყოს შეუძვრელი "ფუძე და დასაყრდენი" ეკლესიისა. კონსტანტინოპოლში წმინდა თეოდორემ ძველი სტუდიური მონასტერი აღადგინა და ძალიან მალე ეს მონასტერი ბიზანტიური ეკლესიური ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად გადაიქცა.
ბეჭდვა
1კ1