ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომმადლე
ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომმადლე
წმინდა იოანეს (მაისურაძე) მოგონებები (დასასრული)
ამ ახალი სავანის ყიდვაც ასე მომხდარა. იმერეთიდან ვითომ წასულიყვნენ (მგონი, უფრო მეგრელები) იერუსალიმში. იერუსალიმიდან გამოუვლიათ ათონში და ივერიის მონასტერში ყოფილა იმერეთის მეფის სოლომონ მეფის ნამოძღვრალი ვენედიქტე და ამ ვენედიქტეს რჩევით უყიდიათ ეს ახალი იოანე ღთისმეტყველის სავანე. ჩვენებს როცა ათონში შკოლა ქონიათ, ვითომ ეს იოანე ღთისმეტყველის სავანე ყოფილიყოს შკოლა და ვითომც შოთა რუსთაველიც აქა ყოფილიყოს, ივერიის ბერძნის ბერმა ასე სთქვა. ივერიის მონასტერმა რო გამოგვრეკეს, პანტელეიმონის მონასტერსა ვთხოვეთ სადმე თავშესაფარი და მოგვცა წმიდა სტეფანეს ქილი, კარეის ახლო, მხოლოთ გადასახადის ქვეშ, მხოლოთ მარტო სახლები. ბერძნები ახლა იმის ცდას შეუდგნენ, რო ათონის მთაზედ არ ვიქნეთ. წარმოუდგენელია, თუ ვითარ მწუხარებაში და უნუგეშოთ, ვინც იქ დარჩნენ. მამა იონა რო არ მომკვდარიყო - აპირობდა დამორჩილებასა ბერძნებზე, ესე იგი ივერიის მონასტერზე. ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი გაგზავნა ათონში შესაკითხად და შეეკითხნენ: თურმე ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. ეს იყო და გათავდა სუყველისფერი. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა, აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა, გამოიქცნენ და მოვიდნენ საქართველოში. არც აქედან გამოგვიარეს და არც იქიდან. ასრე გათავდა ჩვენი ამდენი მწუხარება. დაღაცა-თუ ძრიელ გულით მიყვარდა სამშობლო, მაგრამ მაინც არ წამოვიდოდი, რო არ გამოვერეკეთ. ბევრი რო არ ვილაპარაკო, უკვე ვქენით პირი საქართველოსაკენ. ილია ფანცულაია იყო უკვე ჩვენი ამ გზის წინამძღვარი. წამოვედით საქართველოში: ილია ფანცულაია, ივანე მაისურაძე, პეტრე აბაშიძე, იოაკიმე რამაზაშვილი, გიორგი მორჩილაძე, მელეტი თოფურია. ჩამოვედით საქართველოში ატირებულნი, გამოდევნილნი, გვგონია, ვინმე ცრემლს მოგხოცამენ-თქვა. ჟორდანია თურმე ისიც მდევნელია ეკლესიებისა და ის რა ცრემლებს მოგვხოცამსა და ავირჩიეთ ვითომ არმაზში ცხოვრება, მაგრამ ვისაც გონება მახვილი ქონდა, იმან არ ინება არმაზში ცხოვრება და ვინც გონებამარტივი ვიყავით, დავრჩით. ეს დამავიწყდა თავის ადგილზე მომეგონა. სავანის წიგნები ჩავაბარეთ ანდრიას სკიტესა, მხოლოთ აღურიცხავათ. ერთი წიგნი გვქონდა, სახელად თვენი ანუ გულვანი, სამათ შეკრული, გელათიდან ნათხოვარი. ეს კი ჩვენ თანა გვქონდა, ხელით ნაწერი იყო, ვინ იცის, საუდარი. ილია ფანცულაია ივერიის მონასტრის ბერათ ითვლებოდა და იმან კიდევ დასტოვა თავისი ბინა, რომელიც იყო მონასტრის გარეთ. ილია წინასწარმეტყველის პარაკლისათ წოდებული. ესრეთ ერთსა და იმავე დროს განთავისუფლდნენ ივერიის ბერძნები ქართველების რყევისაგან, შევიდნენ ნავთსაყუდელში, იშვებენ და იხარებენ მრავლითა სიხარულითა. ვინღაა ამათი შემწუხებელი. როგორცა ვთქვი, ილია ფანცულაიამაც თავისი საკუთარი წიგნებიც ანდრიას სკიტესა ჩააბარა.

ახლა უკვე არმაზში ვართ: მე, იოანე მაისურაძე, ღვდელმონაზონი, ათონში ძალით ნაკურთხი დიჩისაგან რუსის ოფიცრის ბრძანებით, იოაკიმე მთავარდიაკონი, პეტრე აბაშიძე. ვნახოთ, გარბის ჟორდანია საქართველოდან. შემოდიან უკვე ბოლშევიკები საქართველოში. აიღეს საქართველო, დაბანაკდნენ, ცხეთის სტანციაშიაცა არის ჯარი ბოლშევიკისა. არმაზში ვართ, ვნახოთ, კარებსა რეკავენ. გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ? - პური. მივეცი პური. გზა გვიჩვენეო. მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა, - ვაიმე, მომკლეს, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი, იმ ღამეს ტყეში ვეგდე, სიკვდილს ველი. გათენდა, ცოცხალი ვარ, კიდევ ავდექი, წამოვედი ცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა ცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი. ეუბნევა ცხეთელებსა, - წადით, ივანე მოკლეს, დამარხეთო. მე, ივანე, ცოცხალი ჩამოვედი ცხეთაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკვდი, წამიყვანეს საავათმყოფოში, ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა სავათმყოფოში. ესეც გადავიტანე, მოვრჩი, აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში ცოტა ხანი და ამოვიდა მარტყოფის საბჭო და გამოგვიცხადა, არ გვინდიხართო, სადაც გინდათ, წადითო. ვაი ჩემს უბედურებას! ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოსს. ეს ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია დაკრძალული, გარეთ გამოსვლის ნება არა აქს. ვიღაც ღამით შემოიპარა სასახლე-ეკლესიაში, მოგვიკიდა ცეცხლი, ესე იგი, როდესაც იყო ეგზარხოსისა. ახლა მივდივარ ბეთანიის მონასტერში ილია ფანცულაიას სანახავათ. თურმე სპირიდონ ბერს აღარ უნდა ბეთანიაში ყოფნა და ამბროსი კათალიკოსისათვის განცხადება მიუცია, მე აღარა ვდგები ბეთანიაში და ვინც გნებავს, გაგზავნეო. ამბროსი კათალიკოსმა ილია ფანცულაია გაგზავნა. ილიამ ჩაიბარა ბეთანია. მე რო ილია ვნახე. ილია, გატყუებენ-მეთქი. მაინც ისე იქნა და მე რო ილიამ ბეთანიაში მნახა, მითხრა, დღეს აქ მომიცადეო და თბილისში საქმე მაქსო და ხვალვე ამოვალო. მართლა ამოვიდა, მაგრამ ჩემი დაგლეჯილი ლოგინი ბეთანიაში მომიტანა. მამა სპირიდონი ახლა წავიდა მონასტრიდან, მაგრამ ახლა გარედან იბრძვის, რო ჩვენ არ დავრჩეთ მონასტერში, არამედ დავსტოვოთ მონასტერი და წავიდეთ. ეს სპირიდონ ბერსა ჯიშათ სჭირდა, ჯერ გადასცემდა სხვასა და მერე ჩივილით უნდა დაებრუნებინა მონასტერი. ილია ბერსაცა აგრე უყო. რომელი გლეხიცა რო სპირიდონსა ყამდა ჩასახლებული, წინათვე აჩივლა ის გლეხი და რაც გადასცა ილია ბერსა, ისევ უკან ჩააბარა ამ გლეხსა, თვინიერ ეკლესიისა. ილია ბერმაც ბევრი არ იდარდა, როგორც იყო, სუყველთვის უკუღმართი და გაიძვერა, ადგა და წავიდა მრევლში მანგლისის ახალსოფელში. მე კი ჩავრჩი ბეთანიაში. ბევრი მებრძოლა მამა სპირიდონი, უნდოდა, მეც წავსულიყავი, მაგრამ მე უკვე მთავრობამ ჩამაბარა, როგორც ძველი ნაშთი. მე ვეუბნებოდი, მოდი, როგორც მამა-შვილი, ვიყვნეთ ერთათ, მამა-შვილურათ, ბერულათ. თუ მაშინ გინდოდი, როცა დიდი მუშაობა იყო, ახლა აღარ გინდივარ. არა, მე აღარ უნდივარ, არამედ გლეხი და სწორეთ ამბროსი კათალიკოსთან შეასმინეს, რომაო გლეხი ჩამოასახლაო და ამისთვის კათალიკოსმა აყვედრა და სამაგიერო უნდოდა გადაეხადა კათალიკოსისათვის, მაგრამ არ წაუვიდა მოხერხებულათ საქმე. წავიდა თავის სამშობლო ხონში და იქედან ციხეში და იქედანაც საიქიოს და მე, იოანე ბერი, და ეს გლეხი მაცხოვრებელი. ამ გლეხ მაცხოვრებელს არ უნდოდი, რომ ბეთანიაში დავრჩენილიყავი, მიჩივოდა, მაგრამ მთავრობამ თითონ გლეხი გაიყვანა მონასტრიდან. დავრჩი მე, იოანე ბერი. მომემატა გიორგი ბერი მხეიძე მეთოდისძე, კახეთის ხირსის ბერი, წმიდა სტეფანეს მონასტრისა. მამა გიორგი მოვიდა ათას ცხრაას ოცდაოთხში, მე კი მეორეთ რო მოვედი - ათას ცხრაას ოცდაორში მოვედი და ამ რიცხვის მერე ბეთანიის მონასტერში ვართ. მრავალი გაჭირვება გავიარეთ, რამდენჯერ გაგვცარცვეს, რამდენჯერ აგვაწიოკეს, თუ ფუტკარი, თუ სახლში, თუ ძროხები, თუ მწყემსები. ძრიელ სულმოკლებაში შევარდი. თუ მამა გიორგი არ მყოლიყო განმამხნევებელათ, აღარ შემეძლო ბეთანიაში დარჩენა, მაგრამ ჩემთვის სუყველგან ძნელი გახდა. ღმერთო, ამიერითგან მაინც მშვიდობა მომმადლე. იყავნ, იყავნ!
იოანე მაისურაძე ათონელი,
ბეთანიელი არქიმანდრიტი
1955 წლის 10 ნოემბერი
ბეჭდვა
1კ1