ეკლესია მეორე საუკუნის მიწურულს
ეკლესია მეორე საუკუნის მიწურულს
იმპერატორი მარკუს ავრელიუსი 180 წელს აღესრულა. მართალია, მისი მემკვიდრეები ქრისტიანებს არ დევნიდნენ, მაგრამ ეკლესიას სიმშვიდე მაინც არ ღირსებია. მიზეზი ერეტიკულ მიმდინარეობათა გამრავლება და გაძლიერება იყო, რომელნიც ეკლესიას წარმართულ სახელმწიფოზე არანაკლებ უტევდნენ. საზოგადოდ, ქრისტიანობის ისტორიაში ერთგვარ კანონზომიერებადაც კი იქცა, რომ თუ საერო ხელისუფლება ეკლესიას არ დევნიდა, აუცილებლად ძლიერდებოდა სექტანტური ორგანიზაციები (ასეთივე მოვლენის მოწმენი ქართველებიც გავხდით - როგორც კი საბჭოთა იმპერია დაიშალა და ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის დევნა-შევიწროება შეწყდა, ჩვენს ქვეყანაში უმალ იჩინეს თავი ქრისტიანობის საწინააღმდეგო ცრუ მოძღვრებათა მქადაგებელმა სექტებმა).

II საუკუნის მიწურულს მცირე აზიაში ახალი ცრუ მოძღვრება წარმოიშვა, რომლის მამამთავარიც ფრიგიის მკვიდრი ვინმე მონტანი იყო. იგი ამტკიცებდა, რომ ღვთისგან განსაკუთრებული გამოცხადება ჰქონდა და სწორედ ის ნუგეშინისმცემელი გახლდათ, რომლის მოვლინებაც უფალმა მოწაფეებს აღუთქვა. მონტანმა მიიმხრო ორი მდიდარი ქალი - პრისკილა და მაქსიმილია, რომელთაც წინასწარმეტყველებად ასაღებდა. მათ დროდადრო სიგიჟის შეტევა ეწყებოდათ, რასაც სულის გავლენით ხსნიდნენ, რომელიც თითქოსდა წინასწარმეტყველების ნიჭს აძლევდა მათ.

გარეგნულად მონტანი მკაცრად, თავშეკავებულად ცხოვრობდა და მიმდევრებსაც ზნეობრივი ცხოვრებისკენ მოუწოდებდა. მოითხოვდა მარხვის დაცვას, კრძალავდა მეორედ ქორწინებას, შეუბრალებლობას იჩენდა დაცემულთა მიმართ და ამტკიცებდა, რომ ერთხელ მოკვეთილებისთვის ეკლესიაში დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ უნდა მოეჭრათ. სხვათა მიმართ ქედმაღალ მონტანისტებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ. თავიანთ თავს "სულიერებს" უწოდებდნენ, სხვებს კი "მშვინვიერებად" სახელსდებდნენ. ამგვარად, ამპარტავნება და სისასტიკე იყო ამ ერეტიკული მიმდინარეობის მთავარი ნიშანი - ჭეშმარიტი ქრისტიანობა ხომ ცოდვით დაცემულის მხილებასთან ერთად მის ნუგეშისცემასაც გულისხმობს, ვინაიდან ყველას, ვინც ცოდვით დაეცემა, თუკი თვითონაც მოისურვებს, წრფელი სინანულის შემთხვევაში უფლის შემწეობით წამოდგომაც შეუძლია.

ეკლესიამ დროულად ამხილა მონტანის მოძღვრების სიყალბე და მის მიმდევართა შენიღბულ უზნეობასაც მალე ახადა ფარდა.

ამ დროისთვის ისევ მომძლავრდნენ გნოსტიციზმის მიმდინარეობანი, რომელთა რიცხვიც იმდენად დიდი იყო, რომ ყოველ მათგანზე შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ იმ ნიშანს გამოვყოფთ, რომელიც ყოველი მათგანისთვის იყო საერთო, კერძოდ, მსოფლმხედველობრივ ნათესაობას როგორც იუდაიზმთან, ისე ანტიკურსა და აღმოსავლურ ფილოსოფიებთან. II საუკუნის მიწურულს მცხოვრები გნოსტიკოსებიდან ყველაზე ცნობილნი იყვნენ ტატიანე და ვარდესანი, რომელნიც თავიანთ ცრუ მოძღვრებებს განსაკუთრებით სირიასა და ეგვიპტეში ავრცელებდნენ. ტატიანემ, რომელიც წმინდა იუსტინეს მოწაფე იყო და თავდაპირველად ქრისტიანობის აპოლოგიაც კი შეადგინა, შემდეგში რაღაც მიზეზით ჭეშმარიტებას უღალატა. ვარდესანი თავის ერეტიკულ იდეებს ლექსად გამოთქვამდა, რათა მსმენელებისთვის მათი აღქმა და დამახსოვრება გაეადვილებინა.

მეორე საუკუნის მიწურულსვე რომში გამოჩნდა მწვალებელი, სახელად თეოდოტე, რომელიც ქრისტეს ღვთაებრიობას უარყოფდა. იმხანად ასეთი წესი იყო დამკვიდრებული: ქრისტიანს, რომელიც სხვა ქალაქში მიემგზავრებოდა, თან უნდა წაეღო ეპისკოპოსის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ იგი ქრისტიანი იყო და საიდუმლოებებზე დასწრება შეეძლო. ამგვარი სიფრთხილის გამოჩენა დევნამ და ერესის გაძლიერებამ გამოიწვია. თეოდოტე კი რომში ეპისკოპოსის წერილის გარეშე ჩავიდა, რის გამოც იქაურ ქრისტიანთა შორის იმთავითვე ეჭვი გამოიწვია. რომის ეკლესიამ იგი არ მიიღო და მართალიც აღმოჩნდა, მალე გაირკვა, რომ მას ქრისტიანთა დევნის პერიოდში პატარა ქალაქ ბიზანტიონში ქრისტე უარეყო. თეოდოტეს თავის მართლება არც უცდია, რადგან, როგორც განაცხადა, მან ღმერთი კი არა, ქრისტე უარყო, რომელსაც ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევდა.

ქრისტიანულ მოძღვრებას წარმართი ფილოსოფოსებიც და მწერლებიც ესხმოდნენ თავს და მის განქიქებას ცდილობდნენ. განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩეოდა ლუკიანე. იგი განაზოგადებდა ვიღაც უზნეო პერეგრინის თავგადასავალს, რომელიც ქრისტიანებს ანგარების მიზნით მიეკედლა და, საზოგადოდ, ქრისტეს მოძღვრების მიმდევრებს დასცინოდა. მიუხედავად მიკერძოებულობისა და ქრისტიანული მოძღვრების დამახინჯების თავგამოდებული მცდელობისა, წარმართები აღიარებდნენ, რომ ქრისტიანები სათნონი, ჭირთამთმენნი და მამაცნი იყვნენ. უსამართლო შეურაცხყოფა, ცილისწამება, დევნა და ტანჯვა-წამება, ნაცვლად იმისა, რომ ზიანი მიეყენებინა ეკლესიისთვის, საბოლოო ჯამში მის საკეთილდღეოდ გარდაიქმნა. მრავალფეროვანი განსაცდელი ეკლესიას კიდევ უფრო აწრთობდა. მას თითქმის მთელი სამყარო დაუპირისპირდა, მაგრამ მფარველობდა ის, ვინც სამყარო შექმნა და ვინც მასზე განუზომლად მაღლა დგას. ეკლესიას სასწაულები არ აკლდა, მისი მწყემსმთავრები, ვითარცა მნათობნი, სიწმინდითა და სიბრძნით ბრწყინავდნენ.

მოამზადა
ლევან დავითაშვილმა
ბეჭდვა
1კ1