მეფედ კურთხევა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოხდა
მეფედ კურთხევა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოხდა
"საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის" II ტომში ვკითხულობთ: ქართული წყაროების მიხედვით, ქართული ეკლესია V საუკუნეშივე აკურთხებდა მირონს. მოღწეულია კიდეც მირონის კურთხევის ტექსტი, რომელიც შევსებულია შემდგომ საუკუნეებში.

ეფრემ მცირეს აზრით, V საუკუნეში, 451 წლის ქალკედონის კრების შემდეგ, ყველა ეკლესიას, მათ შორის - ქართულსაც, ნება დაერთო ადგილზე მირონის კურთხევისა. ასეც რომ არ ყოფილიყო, სიშორისა და გზის სიძნელის გამო მირონის წამოღება ძალზე ძნელი იყო. ასე რომ, ეფრემის თანახმად, V საუკუნიდანვე მირონი საქართველოშივე ეკურთხება.

მირონის კურთხევის წესი ასეთი ყოფილა:

"ოდეს მეფე, ათაბაგი, ქართლისა ერისთავი, სპასალარი და ყოველნი ერისთავნი და ყოველნი მღდელთმოძღუარნი შემოკრბენ მცხეთას, დიდსა ხუთშაბათსა, დიდისა სომხითისა მიტრაპოლიტსა ჰმართებს ნივთთა ზედა დგომად. და ქუაბნი საკურთხეველთად გამოიხუნენ და მიტრაპოლიტსა და ქადაგსა ეტვირთნეს კეტნი ქუაბთანი. წინათ კეტთა მიტრაპოლიტი შეუდგეს და უკანათა ქადაგი. თუ მწირველი იყოს, თეთრითა შესამოსლითა შემოსილ იყოს. თუ მწირველი არა იყოს, თეთრისა ატლასისა ჩაჩი თავსა ებუროს მოყუნტუზვილი; და მეორეთა ქუაბთა მთავარეფისკოპოსი ქუეშე უდგეს და წინა მივიდოდეს და უკანათა კეტთა მაწყუერელი და უკანა მთავარეფისკოპოსი მიჰყვებოდეს. და რაჟამს განაზავებდენ ტაკუკსა, ტაკუკი მაწყუერელსა ეტვირთოს და რაჟამს განაზაონ, ტაკუკი ქადაგისა ხელითა დაიბეჭდვოდეს. და ყოველთა ეფისკოპოსთა თითოი კოკაი მირონისა ეტვირთოს".

ამავე დოკუმენტში მოხსენებულნი არიან მეფე არჩილი და კათალიკოსი მიქაელი. პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის მიერ გამოცემული სიის თანახმად, საქართველოს XV საუკუნემდე სულ ორი არჩილი ჰყავდა მეფედ - არჩილ I (410-434 წლები), პაპა ვახტანგ გორგასლისა, და არჩილ II (668-718 წლები.) ამ პერიოდში ჩნდება ორი კათალიკოსი მიქაელიც: მიქაელ I (459-467 წლები), რომელმაც ვახტანგ გორგასალს კბილები ჩაუმტვრია და მიქაელ II (774-780 წლები.) მართალია, აღნიშნულ სიაში დადასტურებული მეფობის თარიღები მიახლოებითია, მაგრამ სავსებით ნათელია, რომ ჯერ არჩილ I მეფობს, შემდეგ კათალიკოსობს მიქაელ I; ასევე არჩილ II-ის მოღვაწეობის წლები უსწრებს მიქაელ II-ის კათალიკოსობის თარიღს. დოკუმენტში, რომელსაც ეწოდება "მირონის კურთხევის წესი", მეფე არჩილი დავალებას აძლევს საეკლესიო პირს, მიქაელს, შეადგინოს მირონის კურთხევის განგება, რასაც მიქაელი გარკვეული დროის შემდეგ ასრულებს. ის იძიებს, ირკვევს მირონის კურთხევის წესს და ადგენს განგებას მირონის კურთხევის ძველი "ნიშნის" შესაბამისად, ხოლო დოკუმენტის გამოცემის დროს ის უკვე კათალიკოსია. მირონის კურთხევის საერთო სახალხო-სახელმწიფო მნიშვნელობის ცერემონიალში კი მონაწილეობდნენ სახელმწიფოს მეთაური - მეფე, ქვეყნის ყველა პროვინციის მმართველი ერისთავები, კათალიკოს-ეპისკოპოსები. მუშაობდა მთელი სახელმწიფო და საეკლესიო აპარატი, იმართებოდა საგანგებო დარბაზობა, რომელზეც ერისთავები და ეპისკოპოსები სხდებოდნენ მტკიცედ განსაზღვრული წესით და რიგით. ნუთუ ისინი "ნატყუარ" დოკუმენტს იჭერდნენ ხელში და იმის მიხედვით აკურთხებდნენ მირონს? "ხელმწიფის კარის გარიგებიდან" სრულებით აშკარად ჩანს, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ასეთი სახელმწიფოებრივი ცერემონიის დროს საგანგებო წესების დაცვას. ასეთივე სახის დოკუმენტია "კურთხევა მირონისა".

***
"მირონის კურთხევის" ნახსენები დოკუმენტი ხელთ ჰქონიათ ერეკლე II-სა და ანტონ კათალიკოსს, რის მიხედვითაც განუსაზღვრავთ მათ ნინოწმინდელის პატივი და ადგილი დარბაზობის დროს. ეს დოკუმენტი ერეკლე II-სა და ანტონ I-ს მიაჩნიათ იმ დროს შედგენილად, როცა სამეფო ანუ სატახტო ქალაქი იყო არა თბილისი, არამედ ნისანი და ქუთათისი. ამის გამო, წერენ ისინი, თბილელი ეპისკოპოსის პატივი და ღირსება შედარებით მცირეა და ის დგას ეპისკოპოსთა რიგის ბოლოშიო.

"ტფილელი უკუე განჩინებასა მას შინა სამეფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის, ანუ ჯდებოდის კრებასა შინა, ამისთვის რომელ სამეფო ქალაქი არა იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ნისანი და ქუთათისი".

***
აფხაზეთის საკათალიკოსო დაარსების შემდეგ, 720-იანი წლებიდან, მირონს იღებდა იერუსალიმის საპატრიარქოდან, ხოლო 840-იან წლებში ის მირონს იღებდა უკვე მცხეთიდან - მსოფლიო მართლმადიდებლობის დასტურით.

მართლაც, აფხაზეთის საკათალიკოსო 830 წელს ცნო ქართლის (ტაო-კლარჯეთის) სამეფო კარმა და ალბათ ქართლის (მცხეთის) საპატრიარქომაც, მალევე ამ ცნობის შემდეგ ის მირონს მცხეთიდან იღებს - ე.ი. აფხაზეთის საკათალიკოსოში მირონი არ ეკურთხებოდა, დასავლეთ საქართველოში მირონი მცხეთიდან მიჰქონდათ, ქართული ეკლესიის ერთიანობის ნიშნად.

ხოლო მცხეთას მირონი V საუკუნიდანვე ეკურთხებოდა.

ისმის ასეთი კითხვა - რატომ მიჰქონდათ აფხაზეთში მირონი იერუსალიმიდან IX საუკუნის 40-იან წლებამდე? როცა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთის აბაზგიის ავტოკეფალიური საარქიეპისკოპოსოს და ფოთის სამიტროპოლიტოს გაერთიანების შემდეგ წარმოქმნილმა ეკლესიამ ხატმებრძოლური ერესის გამო გაწყვიტა კავშირი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, ახალმა ეკლესიამ, ჩანს, კავშირი დაამყარა იერუსალიმის საპატრიარქოსთან.

არსებობს მსგავსი მაგალითიც: როცა გუთეთის ეკლესიამ VIII საუკუნის I ნახევარში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში წარმოქმნილი ხატმებრძოლური ერესის გამო კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან, გუთეთის მთავარეპისკოპოსი იერუსალიმში ჩავიდა კურთხევისათვის და იქ სამი წელი ელოდა კურთხევას (იხ. "ცხოვრება იოანე გუთელისა").

იოანე გუთელი ანტიოქიის საპატრიარქოში არ მივიდა იმ მიზეზის გამო, რომ ანტიოქიელი პატრიარქები არაბთა შემოსევების გამო არა ანტიოქიაში, არამედ კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ იმ დროს.

ასევე, აბაზგიის საარქიეპისკოპოსოსა და ფაზისის სამიტროპოლიტოს გაერთიანებით შექმნილმა ახალმა ეკლესიამ, რომელსაც შემდგომ აფხაზეთის საკათალიკოსო ეწოდა, VIII საუკუნის I ნახევარში ხატმებრძოლობის გამო კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან და დაამყარა იერუსალიმის საპატრიარქოსთან.

აღსანიშნავია და ყურადსაღებია, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში გუთეთის ეპისკოპოსი არ აკურთხეს და ის ქართლში (იბერიაში, მცხეთაში) ეკურთხა ქართლის კათალიკოსის ხელით. იოანე გუთელის მცხეთაში კურთხევის შესახებ ბერძნული წყაროებიც მიუთითებენ. ასევე სრულებით მსგავსია და ეთანხმება აღნიშნულ ფაქტს ის, რომ აფხაზეთის ეკლესიის მიმართაც ასევე მოქცეულა იერუსალიმის საპატრიარქო.

მსგავსად გუთეთის დამოუკიდებელი ეკლესიისა, აფხაზეთის ეკლესიაც იბერიის - ქართლის ეკლესიისათვის დაუქვემდებარებია იერუსალიმის საპატრიარქოს.

ჩანს, იერუსალიმსა და ქართულ ეკლესიას შორის იმ დროს კარგი ურთიერთობა არსებობდა.

ცნობა იოანე გუთელისა და აფხაზეთის მცხეთაზე დამოკიდებულების შესახებ ერთმანეთის მსგავსია. იერუსალიმის საპატრიარქოს ნებით, აფხაზეთისათვის საჭირო მირონი მცხეთას (ქართლში) ეკურთხება, ასევე იერუსალიმის საპატრიარქოდან მოსული იოანე გუთელიც მცხეთაში ეკურთხება.

უნდა დავასკნათ, რომ მირონი მცხეთაში V საუკუნიდანვე ეკურთხება. ხოლო დაახლოებით 720-830 წლებში დასავლეთ საქართველოს ის ნაწილი, რომელიც უფრო ადრე კონსტანტინოპოლზე იყო დამოკიდებული, მირონს იერუსალიმიდან იღებდა, ხოლო ამის შემდეგ მცხეთიდან.

KARIBCHEგვესაუბრება დიდი სამების ტაძრის მღვდელმსახური, მამა პეტრე კვარაცხელია:

- რა არის მირონი და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს?

- მირონცხების წინასახე წყლით ახალნათელღებულებზე მოციქულთა ხელდასხმა იყო, რომლის დროსაც წმინდა სამების სახელზე მონათლულებზე სულიწმინდის მადლისმიერი ნიჭები გარდამოდიოდა. ქრისტიანთა გამრავლების გამო ჭირდა რა ყველა მონათლულის ხელდასხმა, მოციქულთა მიერ ხელდასხმის მაგივრად ჯერ კიდევ მოციქულებმა და შემდეგ მათმა მემკვიდრე ეპისკოპოსებმა მირონის მოხარშვა და კურთხევა დაიწყეს. მირონს კი მღვდლები ნათლისღებისთანავე სცხებდნენ ემბაზიდან ახლად აღმოშობილ ქრისტიანებს.

უწმინდესმა თავისი საჭეთმპყრობელობის პერიოდში რამდენჯერმე ჩაატარა მირონის კურთხევა. მირონი იკურთხება სვეტიცხოველში. როდესაც საქართველოს ეკლესიამ კირიონ II კათოლიკოსის პერიოდში, 1917 წლის 12 (25) მარტს მოიპოვა ავტოკეფალია, მირონის კურთხევა შედგა ანჩისხატის ეკლესიაში. შემდეგ ისევ დავუბრუნდით ძველ ტარადიციას და მირონის კურთხევა ღვთის მადლითა დაწყალობით სვეტიცხოვლის ტაძარში ხორციელდება. სვეტიცხოველი - ეს არის აკვანი ჩვენი სულიერებისა, ეს არის მაცხოვრის კვართის განსვენების ადგილი, სვეტიცხოველი - ეს არის ქართველი ღვთივგვირგვინოსანი და მირონცხებული მეფეების განსასვენებელი, დედა ეკლესია, რომელმაც გააერთიანა საქართველო.

მირონის კურთხევა ხდება 15-20 წელიწადში ერთხელ. მირონის ხარშვის დროს პირველად ცეცხლს ანთებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ეს ხდება ვნების შვიდეულის ორშაბათს და იხარშება სამი დღის განმავლობაში. მირონის ხარშვას ესწრებიან სასულიერო პირები და ორი საათის განმავლობაში, ძველი პერიოდიდან მოყოლებული დღემდე, ეს ტრადიცია არ ირღვევა. საქართველოს ყველა საეპისკოპოსო იღებდა მონაწილეობას მირონის კურთხევაში. იკითხება სახარება და თან მირონის ხარშვა მიმდინარეობს. მირონი იხარშება თეთრი ღვინისგან, სხვადასხვა სიწმინდეისგან, კეთილსურნელოვანი ზეთებისგან. მას საოცარი სურნელება აქვს.

მირონს აკურთხებენ დიდ ხუთშაბათს. ახალნაკურთხ მირონში ათავსებენ ძველ მირონსაც და ურევენ ერთმანეთში. ამით ხდება ის, რომ ჩვენ კავშირი არ გავწყვიტოთ ჩვენს სახელოვან წინაპრებთან და ასე საუკუნეების განმავლობაში ყველა საუკუნე მირონის საშუალებით, სულიწმინდის საშუალებით ერთმანეთთან ვიყოთ დაკავშირებული. წელს ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა მირონის კურთხევას, რომელიც იყო სულის ზეიმი ხორცზე. ყველა მრევლს ჰქონდა საშუალება ეცხო სურნელოვანი ზეთი. როდესაც ხდება მირონის კურთევა, უფლება არ გვაქვს ხელმეორედ ვიცხოთ, რამეთუ მირონის ცხება მხოლოდ ნათლიღებისას ხდება. ეს ხდებოდა მეფედ კურთხევის პერიოდში. როდესაც მეფეს აკურთხებდნენ, მას მეორედ სცხებდნენ მირონს. სოლომონ ბრძენი ამბობს: მეფის გული წყლის ნაკადულია უფლის ხელშიო. სწორედ მაშინ იყო ჩვენი სამშობლო ძლიერი, როდესაც ერთმორწმუნე მონარქი მართავდა ქვეყანას. მეფე ემორჩილებოდა ეკლესიას, როდესაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის იყო მჭიდრო ურთიერთობა და მეფე ყოველთვის ითვალისწინებდა ეკლესიის როლს და მნიშვნელობას.

ვახტანგ გორგასალმა ჩამოაყალიბა ჩვენი ქვეყნის ეკლესია, ქართული სახელმწიფოებრიობა.Mსახელმწიფოებრიობის მთავარი დევიზი იყო სარწმუნოება და სწორედ ამიტომაც ვახტანგ გორგასლის სახელთან არის დაკავშირებული პირველად საქართველოში მირონის კურთხევის ტრადიცია. მირონის გარშემო ასევე ხდებოდა მირონცხება მეფისა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე დავით აღმაშენებლის დროს ექოდ გაისმა: "არა გეცრუვებით შენ, ჩვენო სიწმიდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო! არცა გაგცემთ შენ, ჩვენო სიამაყევ - მართლმადიდებლობავ!" ეს იყო უმთავრესი ამოცანა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის.

მეფედ კურთხევის წესი
მეფედ კურთხევა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში მოხდა. ისრაელი მიდის სამოელთან და ეუბნება, შენ უკვე მოხუცდი, არ შეგიძლია ჩვენი მართვა, შენი შვილები კი შენს ტრადიციებს არ მიჰყვებიან, ამიტომ გამოგვირჩიე მეფე, რომ გახდეს ჩვენი წინამძღოლი და მას მივყვეთო. მაშინ ილოცა სამოელმა უფლის მიმართ, უთხრა უფალმა სამოელს, გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არ უარგყვეს, არამედ მე უარმყვეს თავიანთ მეფედ ანუ ღმერთი უარყვეს და მიწიერი მეფე მოუნდათ. ოღონდ გააფრთხილე და აუხსენი უფლებები მეფისა, რომელმაც მათზე უნდა იმეფოს. ღვთის განგებით, შერჩეულ იქნა ბენიამინელი საულ ტიშის ძე. და აიღო სამოელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა, აკოცა და უთხრა: აჰა გცხო უფალმან... აქედან საფუძველი ეყრება ძველი აღთქმიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფოში მეფის კურთხევის წესს.

მნიშვნელოვანი იყო ქართველი მეფის კურთხევა, ვინაიდან ეს ტრადიცია არც საქართველოში დარღვეულა ძველი აღთქმიდან მოყოლებული. რატომ? ჩვენი მეფეები არიან დავით მეფსალმუნის შთამომავლები. ამის შესახებ მოგვეპოვება XI საუკუნის ქართული წერილობითი წყარო, სუმბატ დავითის ძის "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა", სადაც იგი თხრობას იწყებს ადამიდან მოყოლებული და ბაგრატ IV-ით ამთავრებს. ეს წყარო ძალიან მცირე ფორმით არის ჩვენამდე მოღწეული. ამ წყაროს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა დავასკვნათ, რომ ქართველი მეფეები არიან დავით მეფსალმუნის შთამომავლები. ამ მხრივაც ქართველი მეფეები არიან კურთხეული მეფეები, მეორე მხრივაც, მეფის კურთხევის ტრადიცია არასოდეს ირღვეოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ივანე ჯავახიშვილის მოწმობით, საქართველოში მეფის კურთხევა როგორც რიტუალი შედგა რუისის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში, როდესაც გიორგი II აკურთხეს მეფედ. ლუარსაბ II-ის შემდეგ ეს ტრადიცია გარკვეულწილად დაირღვა. ერეკლეს II-ის დროს ეს ტრადიცია კვლავ განახლდა დროებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოში მეფის კურთხევას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სხვა საკითხია, როგორ ეკურთხებოდა მეფე და რა პრინციპით აკურთხებდნენ მას. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და მღვდელმთავრის მონაწილეობით ხდებოდა მეფის კურთხევა. მეფის კურთხევის დროს უნდა ყოფილიყო ერთი მღვდელმთავარი, სამღვდელოებისა და მგალობლების თანხლებით, კმევითაAდა ანთებული სანთლებით მიდიოდნენ სამეფო სასახლეში ანუ პალატში და სამეფო ნიშნებს - გვირგვინს, სკიპტრას, პორფირსა და ბისონს დაასვენებდნენ ფეშხუმზე, სინზე, სადაც მეფედ კურთხევის წესი უნდა შესრულებულიყო. ამის შემდეგ გადაიხდებოდა მწუხრი ღამის თევით, რომელსაც ესწრებოდა საკურთხებელი მეფე. წირვის დასაწყისში, როცა სამჯერ რეკონ ძელსა (ეს შეიძლება იყოს სინი, სადაც სამეფო შესამოსლის დაბრძანება ხდებოდა), კვლავ შეიკრიბებოდა სამღვდელოება და შეიმოსებოდა. ხოლო ჯვარის მტვირთველი ძელიცხოველით ხელში მთავარდიაკონთა წინამძღოლობით ანთებული სანთლებითა და კმევის თანხლებით მივიდოდა სამეფო სასახლეში და თავმოდრეკილი მიმართავდა მეფეს: გვაკურთხეთ, წმინდაო და თვითმპყრობელო მეფეო, მრავალ არიან წლები მეფობისა თქვენისანი. ამავე სიტყვებს იმეორებდა ლაშქარი, შემდეგ ჯვარის მტვირთველი მიმართავდა ლაშქარს: და თქვენცა გიხაროდენ, ჟამო უძლეველო და დამამხობელო მტერთა სამეფოთანო, ჟამი არს წინამდებარე საქმისა აღსრულებად. შემდეგ მიდიოდნენ ეკლესიაში მეფის კურთხევის აღსასრულებლად, წინ მიჰქონდათ ჯვარი მეფეთა, დროშა და შუბი. მათ მიჰყვებოდნენ მთავარდიაკონნი და ჯვარის მტვირთველნი, მეფე და ლაშქარი.

ეკლესიისკენ პირველი მიდიოდა ჯვარის მტვირთველი, შემდეგ ვაზირი, მანდატურთუხუცესი, მათ უკან მიჰყვებოდა მეფეთა ლაშქარი, მეფეს ხელმარჯვნივ სამხედრო უწყების წარმომადგენლები ახლდნენ, ხელმარცხნივ სამოქალაქო და საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები, ამირსპასალარი ხმალშემორტყმული. მეფე თავმოდრეკით ხმამაღლა მიმართავდა: კურთხეულ არს ლოცვა თქვენი და დამტკიცებად მეფედ-მეფედ სამეფოსა და განმტკიცდეს ღმერთსა შიშსა და სარწმუნოებისა მისსა ზედა და დაგამორჩილნეს ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი სამეფოსა ამის თქვენისანი ქვეშე ფერხთა თქვენთა. კათოლიკოსის ამ სიტყვაზე დამსწრენი უპასუხებდნენ: ამინ! კათოლიკოსი მდაბლად დაუკრავდა თავს და მარჯვენასაც დაუჭერდა, მარცხენას კი აფხაზეთის კათოლიკოსი, მისი არყოფნის შემთხვევაში იშხნელი მღვდელმთავარი, ქართლის მთავარეპისკოპოსი და ამ სახით მეფე წარიყვანონ და სამეფო ადგილს დააყენონ. მანამდე ჯვარისმტვირთველი გამოართმევდა ამირსპასალარს სამეფო ხმალს და შეიტანდა საკურთხეველში, სადაც ძელიცხოველს ანუ ჯვარს მიაყრდნობდა, ხოლო დროშა და შუბი საკურთხევლის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსდებოდა. ერთ-ერთი სამღვდელო პირი საკურთხევლიდან სამეფო ბისონს გამოიტანდა და მეფეს ხელებზე დაუფენდა, ამის შემდეგ მეფეს მიიყვანდნენ კათოლიკოს-პატრიარქთან, მოუდრეკდა თავს და ეტყოდა: მაკურთხე, მეფეო. მამამთავარი ჯვარს გარდასახავდა და თავისი ხელით ჩააცმევდა ბისონს. მეფე ბრუნდებოდა თავის ადგილზე და იკითხებოდა კვერექსი მთავარდიაკონის მიერ. შემდეგ მწყემსმთავარი ჯვარს გარდასახავდა მეფეს და ხმამაღლა წარმოთქვამდა: საღვთო მადლი, რომელი ყოვლადვე უძლურებათა ჩვენთა კურნოს და ნაკლულევანებათა ჩვენთა აღავსებს და განაჩინოს ღვთის მოშიშსა (სახელს იტყოდნენ, ვინც იყო მეფე) ერსა და სამეფოსა ამას ზედა მეფედ-მეფედ და გარე შეატყოს საღვთოსა მსგავსსა მისსა, ვილოცოთ ყოველთა, რაითა დაიმკვიდროს მისთანა მადლმან ყოველადწმიდისა სულისამან. დამსწრენი პასუხობდნენ: კირიელეისონ, კირიელეისონ, კირიელეისონ. ამის შემდეგ კათოლიკოსი სამჯერ გადასახავდა ჯვარს და ხმამაღლა წაიკითხავდა ლოცვას, შემდეგ ფეხზე წამოაყენებდნენ მეფეს, პატრიარქი ტრაპეზიდან აღებულ გვირგვინს დაადგამდა თავზე და მავედრებელი ხმით წარმოთქვამდა: თავსა მისსა გვირგვინი ღვთისა მისგან პატიოსნისა, ცხოვრება გთხოვა შენდა, მიეც მას განვრცობა დღეთა უკუნითი უკუნისამდე. ამ სიტყვების დასრულების შემდეგ მწყემსმთავარი იღებდა პორფირს, გარდასახავდა ჯვარს და შემოსავდა მონარქს. აიღებდა სკიპტრას, გარდასახავდა ჯვარს და მარჯვენა ხელში მისცემდა. შემოსილ მეფეს საკურთხევლის წინ მარჯვნივ დაფენილ ხალიჩაზე დააყენებდნენ, სადაც მოისმენდა წირვას. ვიდრე მღვდლები ეზიარებოდნენ, აზიარებდნენ თვით მეფეს, ამირსპასალარი სამეფო ხმალს მისცემდა მას და იმავე წესით, როგორც მოვიდნენ ეკლესიაში, გაემართებოდნენ სასახლისაკენ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მეფის მარჯვენა ხელს ირჩევდა კათოლიკოს-პატრიარქი, მარცხენას აფხაზეთის კათოლიკოსი, ჭყონდიდელი ან იშხნელი. როდესაც დარბაზში შევიდოდა კათოლიკოს-პატრიარქი და აფხაზეთის კათოლიკოსი, აიყვანდნენ მეფეს სამეფო ტახტზე და ჩამოვიდოდნენ. პირველად მონარქს გამეფებას მიულოცავდა დედოფალი, შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მსახურთუხუცესი, შემდგომად - ხელოსანნი.

საქართველოს მეფედ ტახტზე ასვლის მეტად საინტერესო სცენა არის გამოსახული სვანეთში, მაცხვარიშის ეკლესიის 1840 წლის ფრესკულ მოხატულობაზე, რომელიც შესრულებულია მიქაელ მაღლაკელის მიერ. აქ გამოსახულია საქართველოს მეფის დემეტრე I-ის, შემდეგ დამიანე ბერის, რომელიც წმინდანად არის შერაცხული, კურთხევა-კორონაცია.

სიმბოლურია ალბათ ის ფაქტიც, რომ საქართველოს მეფეების უმეტესობა წმინდანად არის შერაცხული.
ბეჭდვა
1კ1