მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მესამე
ქრისტიანობის გამარჯვება
5. ეკლესიურ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები

(დასასრული)
საუკუნის ბოლოს გარკვეული დასკვნების გამოტანა ხდება შესაძლებელი. იმპერატორ თეოდოსუს ფლავიუს დიდის მიერ ტახტის დაკავებით (379-395), შეიძლება ითქვას, დასრულდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესი. 380 წლის ედიქტით, ქრისტიანობა აუცილებელ სახელმწიფოებრივ სარწმუნოებად გამოცხადდა. ამ დროისთვის მილანის ედიქტით აღიარებულმა თავისუფლებამ თავისი მოქმედების შესაძლებლობა ამოწურა, რადგან ანტიკური სახელმწიფოებრიობის თეოკრატიული ბუნების გამო მისი ხანმოკლეობა თავიდანვე განსაზღვრული იყო. ამავე დროს, კონსტანტინეს მოქცევით სახელმწიფოში უფრო გაძლიერდა საზოგადოების თეოკრატიული თვითშეგნება. ფაქტობრივად, წარმართობის დევნა უკვე კონსტანტინეს დროს დაიწყო, შემდეგ ეს პროცესი მისმა ვაჟებმა უფრო გააძლიერეს: 341 წელს კანონით აიკრძალა ყოველგვარი "უგუნური მსხვერპლშეწირვა", 353 წელს დაიგმო ყველა სახის კერპი და გამოიცა წარმართული ტაძრების დახურვასთან დაკავშირებული კანონები. თუმცაღა ეს კანონები პრაქტიკულად არ მოქმედებდა, რადგან ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა ჯერ კიდევ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. სწორედ ამით აიხსნება იულიანე განდგომილის წარმართობის აღდგენისკენ მიმართული მცდელობები. სკოლა, მეცნიერება, კულტურა, იდეოლოგია ჯერ კიდევ დიდხანს საზრდოობდა წარმართული ფასეულობებით. ყოველივე ამის მიუხედავად, იმპერატორ კონსტანტინეს მოქცევით კერპთაყვანისმცემლობას მაინც დაედო ზღვარი და რაც უფრო მეტად უახლოვდებოდნენ ახალი იმპერატორები ეკლესიას, მით უფრო ნათლად იკვეთებოდა ამ ზღვრის სიმტკიცე. გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც სახელმწიფოსგან წარმართობასთან ბრძოლას თავად ეკლესია ითხოვდა. დავიწყებულ იქნა ქრისტიანობის დევნის დროს ტერტულიანეს მოწოდება მდევნელთა მიმართ: "საერთო წესი და ბუნებრივი კანონი მოითხოვს, ყოველი ადამიანი იმ ღმერთს სცემდეს თაყვანს, რომელიც მას სწამს. ერთი რელიგიისთვის სრულიად შეუფერებელია რომელიმე სხვა რელიგიის მიმართ ძალადობა". ქრისტიანი მწერალი ფირმიკუს მატერნუსი, რომელიც თავის ნაწარმოებს "წარმართული რელიგიების ცდომილებათა შესახებ" კონსტანტინეს შვილებისთვის წერდა, ძალადობისკენ მათ თვითონვე მოუწოდებდა. "უშველეთ რამე ამ საცოდავებს, უმჯობესია მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაარჩინოთ, ვიდრე თავი საბოლოოდ გაინადგურონ...", - წერდა იგი. მწვალებლობით გამობრძმედილ და ევანგელური იდეალებით გაბრწყინებულ ქრისტიანულ რელიგიურ თავისუფლებას ქრისტიანული თეოკრატიის საფარველი დაეფინა და ამის გამო დიდხანს ადამიანები არა მხოლოდ მადლით, არამედ კანონის ძალითაც იქნენ იესო ქრისტეს ეკლესიაში მოყვანილნი. თეოდოსუს დიდის შემდეგ ეკლესია უკვე თავისუფალ მორწმუნეთა კავშირი კი არა, მოვალეობით მორწმუნეთა კავშირად გადაიქცა. სახელმწიფოს მხრიდან ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა ეკლესიას არნახულ ძალას ანიჭებდა და ამ რთული გზაჯვარედინიდან მართლაც ბევრი ადამიანი გადმოვიდა ახალ ცხოვრებაში, რწმენაში, ეკლესიაში. მაგრამ, ამავე დროს, მომავალში სწორედ ეს გახდა ეკლესიაში მომხდარი განხეთქილების საფუძველი.

კონსტანტინოპოლის მეორე მსოფლიო კრებით (381 წ.) სრულდება დიდი საღვთისმეტყველო დავების პირველი თავი. მართლმადიდებლობა ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე მიღწეულ გამარჯვებას ზეიმობს. მაგრამ თავად კონსტანტინოპოლის კრების მსვლელობაში არ იგრძნობა ისეთი სულიერი დღესასწაული, როგორითაც თავის დროზე ნიკეაში იკრიბებოდნენ ეპისკოპოსები. მათ ახლა მრავალწლიანი განხეთქილების შედეგად გაჩენილი ჭრილობების მოშუშება უხდებათ. შეიგრძნობოდა არიანული შფოთის დანატოვარი სიმძიმე. გარდაუვალი კომპრომისებისა და მსხვერპლის გაღების ხარჯზე უნდა გადაწყვეტილიყო მრავალი პიროვნული სადავო საკითხი. ასე მაგალითად, უმაღლეს საეკლესიო "პოლიტიკაში" გამოუცდელი, გულუბრყვილო გრიგოლ ღვთისმეტყველი, რომელიც არიანული მოძრაობის ცენტრში თავგამოდებით იცავდა ნიკეურ ჭეშმარიტებას, აქ, კონსტანტინოპოლში, ზედმეტი აღმოჩნდა და მას კრების დატოვება მოუხდა. ამ დღით მიყენებული ტკივილი მას ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. ეკლესიას უჭირს "გარდაქმნა" და საკუთარ ახალ ოფიციალურ მდგომარეობასთან შეგუება. ყველას არ ჰყოფნის სიბრძნე, დამყოლობა და მოთმინება. დოგმატური ერთიანობის მიღწევის პროცესში შეიგრძნობა ახალი კონსტანტინოპოლის ეკლესიისადმი ძველი - ანტიოქიისა და ალექსანდრიის კათედრების ეჭვიანობა. კონსტანტინოპოლის ეკლესიის გაძლიერებას შორიდან სულ უფრო მეტ უხერხულობას უქმნის მოციქულ პეტრეს რომის კათედრა. ბიზანტიური მართლმადიდებლობის გაზაფხული იწურება. იწყება გრძელი, თაკარა სიცხით დამძიმებული დღეები...

ამ თავის დასასრულს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პიროვნება უნდა დავასახელოთ, - ეს არის იოანე ოქროპირი. მის ცხოვრებასა და ნაწერებში ყველაზე უკეთ მოჩანს და შეიგრძნობა საეკლესიო ცხოვრების ის ნამდვილი გარემოებები, რომლებითაც შესაძლებელია, დაწყებული პროცესების სიღრმე და სიძნელეები გაიზომოს. ანტიოქიელი პრესვიტერი, თავისი მქადაგებლური ნიჭით გამორჩეული მართლმადიდებელი იოანე, 398 წელს კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი. მის ბრწყინვალე ქადაგებებში ცენტრალური ადგილი მრევლის ქრისტიანულ ცხოვრებას უჭირავს. მის წინაშეა ხალხი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო, მაგრამ რამდენადაც ახლოსაა ეს ხალხი წარმართობასთან, იმდენად ღრმად არის მათში ფესვგადგმული ქრისტიანისთვის შეუფერებელი ცოდვიანობა. ტაძარი ხალხითაა სავსე, მაგრამ მის მიღმა ისევ ისეთი აღვირახსნილი ცხოვრება, შური და უსამართლობა მძვინვარებს. იოანე ოქროპირი ყველაფერ ამას აღიხილავს, იესო ქრისტეს სწავლების ცეცხლში ატარებს, კეთილსა და ბოროტს უკომპრომისოდ აშორიშორებს. იოანე ოქროპირი არა მხოლოდ ქადაგებს, არამედ მოწყალე ქრისტიანულ ბუნებას საკუთარი მაგალითით წარმოაჩენს. ის აშენებს სახლებსა და ღატაკთა თავშესაფრებს, ამხელს მდიდრებს, დაუნდობლად კიცხავს ფუფუნებას. მისი სოციალური პათოსი უშუალოდ სახარების შინაარსიდან გამომდინარეობს. ყოველგვარი ბოროტება, - ბრძანებს იოანე ოქროპირი, - "ამ ცივი: "ჩემი" და "შენი"-დან გამომდინარეობს"... ყველა ადამიანი თანაბარია, ყველას ერთნაირი მოთხოვნილება და ერთნაირი უფლებები აქვს: "დააყენეთ თქვენი მონების ადგილას ღმერთი, თქვენ მათ ანდერძით უბრუნებთ თავისუფლებას... მაგრამ ეს არ არის საკმარისი; გაჭირვებიდან და უქონლობიდან გაათავისუფლეთ ქრისტე, ანუ ყოველი ადამიანი"... ოჯახი, საზოგადოება, თავად რელიგიის გაგება - ყველაფერი ქრისტეთი უნდა იყოს გასხივოსნებული. მთელ თავის ცხოვრებას ამ განახლებას უძღვნის წმინდა იოანე ოქროპირი. ის არ ერიდება თვით იმპერატორის უახლოესი ადამიანების ზნედაცემულობის მხილებას და შედეგიც არ აყოვნებს - ასეთი გაბედულების შემდეგ მისი პირადი გოლგოთა იწყება. წმინდა იოანე ოქროპირს უღალატეს უახლოესმა ადამიანებმა, რის შემდეგაც იმპერატორმა მას მსჯავრი დასდო და გადაასახლა. მაგრამ არც ერთი წმინდანისადმი არ გამოუჩენია ბიზანტიას ისეთი თაყვანისცემა, ისეთი სიყვარული და ერთგულება, როგორიც იოანე ოქროპირისადმი. ჭეშმარიტად ოქროპირია ბიზანტიის სინდისი და მისი სიტყვა არასოდეს დადუმდება; ამაში აშკარად ვრწმუნდებით მაშინაც, როცა თვალს გადავავლებთ მის თხზულებათა დღემდე მოღწეული ხელნაწერების სიმრავლეს.

ამრიგად, იოანე ოქროპირის მოღვაწეობით მთავრდება მეოთხე საუკუნე; და მის მოწამებრივ სიკვდილს მართლმადიდებლობის ისტორიის ახალ სივრცეში გადავყავართ.
ბეჭდვა
1კ1