მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
ცალკეულ შემთხვევებში ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ წარმართობასთან ბრძოლის პროცესში ქრისტიანობამ თავად შეიძინა მრავალი "წარმართული" ელემენტი. დაირღვა სახარებისეული "სულითა და ჭეშმარიტებით" ღვთის თაყვანისცემის ფორმა. მათი აზრით, ღვთისმოსაობის ტაძრული წესი, თაყვანისცემის პროცესის განვითარება და გართულება, წმიდანთა და წმინდა ნაწილების თაყვანისცემა მეოთხე საუკუნის რელიგიურ ცხოვრებაში "მატერიალურისადმი" სწრაფად განვითარებული ინტერესის შედეგია. ისინი წმინდა ადგილების, წმინდა საგნებისა და რელიკვიებისადმი თაყვანისცემაში ეკლესიაზე წარმართობის გავლენას ხედავენ და ფიქრობენ, რომ სწორედ ეს არის იმ კომპრომისის შედეგი, რომელმაც ქრისტიანობას "მასობრივი" წარმატება მოუტანა. მაგრამ ქრისტიანი ისტორიკოსისგან არ უნდა ველოდეთ ქრისტიანობის დაცვის მიზნით ამ ბრალდებების უარყოფას.

მართლაც, ქრისტიანობამ მრავალი წარმართული ფორმა მიიღო და ამ ფორმებს ახალი შინაარსი შესძინა. ეს არა მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ ეს ფორმები სამარადჟამო რელიგიური თაყვანისცემის ფორმებია, არამედ იმის გამოც, რომ ქრისტიანობა მოწოდებულია, ამქვეყნად არსებული რელიგიური ცხოვრების ყველა ფორმა შეინარჩუნოს და მათ ახალი ჭეშმარიტი შინაარსი შესძინოს. წყლით ნათლობა, რელიგიური სერობა, ზეთისცხება - ყველა ეს ფუძემდებლური რელიგიური აქტი ეკლესიას არ გამოუგონია და არ შეუქმნია, ისინი უკვე მოქმედებდა ძველ რელიგიურ ყოფაში. რელიგიების ამ "ბუნებრივ" კავშირს ეკლესია არასოდეს უარყოფდა, ოღონდ პირველივე საუკუნეებიდან მათ იმის საპირისპირო შინაარსით აღავსებდა, რასაც რელიგიის ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი გულისხმობს. ამ უკანასკნელთათვის მთავარი სიტყვები "გადმოღება" და "ზეგავლენაა", ხოლო ეკლესია ტერტულიანეს მსგავსად ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ადამიანის სული "თავისი ბუნებით - ქრისტიანია", ამიტომ "თავისთავადი" რელიგიაც კი, თვით წარმართობაც მხოლოდ რაღაც ჭეშმარიტისა და სასიკეთოს დამახინჯება და გაუკუღმართებაა. ნებისმიერი "ფორმის" მიღების შემთხვევაში, ეკლესია - საკუთარი არსის შემეცნების გზით - ღმერთს იმას უბრუნებდა, რაც მას თავისთავად ეკუთვნოდა. ეკლესია ნებისმიერ გამოყენებულ ფორმაში "დაცემულ ხატს" ხედავდა და მას თავის ჭეშმარიტ სახეს უბრუნებდა.

ამრიგად, საკითხი მხოლოდ ისე კი არ უნდა დაისვას, საიდან და რატომ იქნა გადმოღებული ესა თუ ის "ფორმა", არამედ - ამ ფორმებს რა შინაარსი შესძინა ეკლესიამ. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა ტაძართმშენებლობა, რაც უკვე კონსტანტინეს დროს დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და ინტენსიურად ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, დევნის პირობებში, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამის შესაძლებლობა არ იყო, ეკლესიას ტაძრები არ გააჩნდა. ამასთან, პირველი ქრისტიანების რელიგიური თვითშეგნება კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ იმას, რაც, ერთი მხრივ, ტაძრისადმი იუდაისტურ დამოკიდებულებას განასახიერებდა, ხოლო, მეორე მხრივ, რაც ტაძარში წარმართული შინაარსით შეიძლებოდა ყოფილიყო აღქმული. წარმართობისთვის ტაძარი მათი ღმერთის წმინდა სამყოფელია. ამ შემთხვევაში "წმინდა" გულისხმობს ყოველგვარი უცოდინარობისგან განცალკევებულს, უვიცობის ანუ "პროფანულის" საპირისპიროს. ასეთი ტაძარი იმდენად არ აახლოებს, რამდენადაც აშორებს ადამიანს ღმერთთან. ამგვარ ტაძარში ადამიანის საკეთილდღეოდ შეიძლება მსხვერპლის მიტანა, ღმერთის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ ტაძრის გარეთ ყველაფერი კვლავ გაუგებრობასა და უმეცრებში იძირება. ქრისტიანული მთავარი არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ უფალმა საკუთარ ტაძრად თვით ადამიანი აირჩია და იგი, "რომელმან შექმნა სოფელი და ყოველი, რაი არს მას შინა, ესე ცისა და ქუეყანისაი არს უფალი, არა ხელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულ არს" (საქმ. 17:24); და კიდევ: "არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან?" (1 კორ. 6:19). ეს უკვე ნიშნავდა, რომ ქრისტეს მოსვლით კურთხეულია ადამიანი და მისი ცხოვრება კვლავ უშუალოდ ღმერთთან არის დაკავშირებული, მასში აღდგენილია სიწმინდე და შესაბამისად უკვე დაძლეულია ზღვარი "სიწმინდესა" და "უმეცრებას" შორის. უწოდებდნენ რა საკუთარ თავს ქრისტეს სხეულს, ქრისტიანები ამ აზრს იერუსალიმის ტაძრის დანგრევისა და მის სამ დღეში აღდგენის შესახებ წარმოთქმულ ქრისტეს სიტყვებთან აკავშირებდნენ. უფალი ამ სიტყვებში "გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს" (იოან. 2:21). ახალ ტაძრად თავად ქრისტიანები წარმოგვიდგებიან და მათი ერთობა ეკლესიაა. "ხელთუქმნელ" ტაძრად ინათლებიან ადამიანები და სულიწმინდის მადლით, რომელიც მათში მკვიდრდება, ქმნიან საძმო ერთობას ანუ ცოცხალ ტაძარს. ყველა ის ადგილი წმინდაა, სადაც ისინი არიან, რადგან სწორედ ამ ერთობის სიწმინდე ტაძრად აქცევს მათი შეკრების ყველა ადგილს. დაბოლოს, ისინი მოწოდებულნი არიან, მთელი ქვეყანა წმინდა ტაძრად გადააქციონ...

დადგა ჟამი და თავად ქრისტიანები იწყებენ ტაძრების მშენებლობას, კონსტანტინეს დროიდან მოყოლებული კი ქრისტიანული ცხოვრების უმთავრესი ნიშანი სწორედ ტაძრების მშენებლობა გახდა. მაგრამ ნიშნავს კი ეს ქრისტიანულ თვითშემეცნებაში რაიმე მნიშვნელოვან გარდატეხას? ანდა ხომ არ არის ქრისტიანობის ტაძრული რელიგიის უკვე გაკვალული გზაზე დაბრუნება? პასუხი ისეთ ფაქტებშია დავანებული, რომლებიც ერთი შეხედვით მხოლოდ არქეოლოგიურ ინტერესს იწვევს. მეოთხე საუკუნეში აშენებული ქრისტიანული ტაძრები ძირითადად ბაზილიკის სახით წარმოგვიდგება. მაგრამ ბაზილიკა თავისი წარმომავლობით რელიგიურ ნაგებობას არ წარმოადგენს, ის უბრალო, მარტივი, დიდი შეკრებებისთვის განკუთვნილი შენობაა, რომელსაც სასამართლოსთვის, პოლიტიკური დებატებისა და ვაჭრობისთვის იყენებდნენ. ეს ნიშნავს, რომ ტაძრის მშენებლობისას ქრისტიანები შეგნებულად ამბობდნენ უარს როგორც იერუსალიმის ტაძრის (დაწვრილებით ბიბლიაშია აღწერილი) პროტოტიპზე, ისე წარმართული შენობის მსგავს ტაძარზე. ეს იმის გამო ხდებოდა, რომ ქრისტიანულმა თვალსაზრისმა ტაძარს აბსოლუტურად სხვა, ისეთი შინაარსი შესძინა, რომელიც ყოველგვარ ძველთან შეუსაბამო იყო. წარმართული ტაძარი მთლიანად შეესაბამება თავის რელიგიურ შინაარსს: ეს არის წარმართული ღმერთის სახლი და ამიტომ მის ცენტრში კერპი ან რაიმე ღმერთის გამოსახულებაა დგას; ქრისტიანული ნაგებობა მთლიანად ერთობის შეკრების ადგილია და მასში ეკლესიურობის შინაარსია გადმოცემული. მისი ცენტრალური ადგილი კი სწორედ ის არის, რაც ამ ერთობას ეკლესიად აქცევს და ქრისტიანებს მაცხოვრის ცოცხალ ტაძართან - მის სხეულთან აერთიანებს. ეს არის ევქარისტიისთვის განკუთვნილი სპეციალური მაგიდა. შესაბამისად, ტაძრების მშენებლობა ქრისტიანობაში არსობრივად არაფერს ცვლის, პირიქით, თვით ტაძარი იძენს ახალ, ქრისტიანულ შინაარსს.

მაგრამ კონსტანტინეს შემდეგ ქრისტიანული შეკრებები ნახევრად გასაიდუმლოებულ ხასიათს აღარ ატარებს და ტაძარიც, როგორც ქალაქის რელიგიური ცხოვრების ხილული ცენტრი, ყველას დასანახად შენდება. კონსტანტინოპოლის, თავისი ახალი სატახტო ქალაქის, შექმნით, რომელიც საზეიმოდ 331 წელს "გაიხსნა", კონსტანტინემ ქალაქმშენებლობის ახალ ტრადიციას დაუდო სათავე. ამ სიახლით მთელი შუა საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული ქალაქმშენებლობა იხელმძღვანელებს. ეს არის ქალაქი, რომლის მისტიკური ცენტრი ან გული - ტაძარია. ტაძარი ქალაქს თავისი გუმბათით აგვირგვინებს ან თავისი წმინდა საგრილობლით ფარავს. დაე, ეს იდეა წარმართული ტრადიციის ანარეკლი იყოს და ისტორიკოსები ნუ შეწყვეტენ დავას იმის შესახებ, თუ რა ძალით იყო შთაგონებული იმპერატორი, როდესაც ძველი ბიზანტიის გარდასახვა გადაწყვიტა: ეს იყო ქრისტიანული იმპერიის ცენტრის წარმოდგენა თუ "ფილოსოფიურ ქალაქზე" ძველი ოცნების აღსრულება. მთავარი ისაა, რომ მომავალი თაობებისთვის კონსტანტინოპოლი დარჩა ქრისტიანული იმპერიის შუაგულად და დედაქალაქად... ტაძარი ამ მომენტიდან გახდა ადამიანის რელიგიური ცხოვრების მთავარი დასაყრდენი. მასში განხორციელებული ეკლესიური შეკრებები რაოდენობრივად ნელ-ნელა სამოქალაქო თავყრილობებს გაუტოლდა. დამკვიდრდა სამოქალაქო ცხოვრებასთან ეკლესიის ახალი "ფიზიკური" კავშირი. მოწამემ, რომელიც ამ ქალაქში ეწამა, როგორც ადგილობრივმა წმინდანმა და ქალაქის სულიერმა "პატრონმა", მოწამეთა შორის თავისთავად გამორჩეული ადგილი დაიკავა. ტაძარში წარმოთქმული საყოველთაო ლოცვებში გამორჩეულად საგრძნობი გახდა ამ ადგილსა და ამ ადამიანებთან მიმართება; ლოცვებში თავისი ადგილი დაიკავა ადამიანების ყოველდღიურმა საზრუნავმა. ეს ლოცვები ახლებურად დაუკავშირდა და აკვნიდან სამარის კარამდე მთლიანად მოიცვა ადამიანის ცხოვრება... გარკვეული თვალსაზრისით, საეკლესიო ღვთისმსახურება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების კურთხევა და მომავალი წარმატებული მოქმედებისთვის გაცემული სანქცია გახდა. ამავე დროს, ტაძარი ღვთისმსახურების, ქადაგებისა და ნახევრად წარმართული საზოგადოების ქრისტიანულად აღზრდის მთავარ ადგილად იქცა. ეკლესიამ უპასუხა ადამიანის ჩვეულებრივ მოთხოვნებს, შეითავსა ის ფუნქციები, აქამდე წარმართულ კულტს რომ მოეთხოვებოდა. ამ "ევოლუციის" შინაარსს ეკლესია სახარებასთან აკავშირებს და ცხოვრებისა და ქვეყნიერების შუაგულად თავად იესო ქრისტეს აქცევს. როგორც არ უნდა მოენდომებინათ, ქრისტიანობისთვის მოერგოთ და ტაძრში შეეტანათ ყველაფერი, რასაც წარმართული კულტისგან მოელოდნენ და რაც ნანახი ჰქონდათ, ეკლესიაში შესვლისას ისინი უკვე ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარცმულის, ჩვენი მაცხოვარის, ადამიანისადმი ჭეშმარიტი ღვთაებრივი სიყვარულისა და ადამიანის საბოლოო მიზნის - ცათა სასუფევლის შესახებ სამარადისო და უცვლელ ქადაგებას ისმენდნენ.
ბეჭდვა
1კ1