მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
მაგრამ ეს გამარჯვება და აპოგეა არიანობისათვის ბოლო და საბედისწერო აღმოჩნდა. სირმიის მანიფესტი იმდენად არიანული იყო, რომ ეკლესიის საღად მოაზროვნე ძალებში არ შეიძლებოდა უკურეაქცია არ გამოეწვია. კოალიცია, რომლსაც არიანელები ათანასეს, მარკელესა და რომის წინააღმდეგ აკოწიწებდნენ, ახლა უკვე დაიშალა, აღმოსავლეთის ეკლესიამ შეიგრძნო და შეიცნო, რა საშიშროების მატარებელი იყო არიანობა და თვითგაჯანსაღება დაიწყო.

გამოჯანსაღების პროცესი ნელა მიმდინარეობდა, მასში სახელმწიფო "ფაქტორის", ეკლესიისათვის ამ მოუშუშებელი წყლულის მთელი სიმძიმე ახალი ძალით გამოვლინდა. დაიწყო ეპისკოპოსთა ერთიანობის ცალკეულ ღვთისმეტყველურ პარტიებად დაქუცმაცება. იკრიბებოდა ახალ-ახალი კრებები და ყრილობები, იწერებოდა მრწამსები, მიმდინარეობდა ურთიერთგანკვეთა და გაძევება. მოგვიანებით ეკლესიის ისტორიკოსი სოკრატე ამ პროცესს "ღამის ბრძოლად" მოიხსენიებდა, სადაც არავინ უწყის, ვინ არის მტერი და ვინ - მეგობარი.

არიანობამ პრაქტიკულად ქრისტიანობის არსი უარყო: ეს ნათლად აისახა ყოველგვარ ორიგინალობას მოკლებულ არიულ ეპიგონებში, ე.წ. ანომიებში, როდესაც გადაწყვეტილებები არც სამართლებრივი თუ სხვა მიღებული ნორმებით ფასდებოდა და არც მათ შესაბამისად მიიღებოდა. ყველა საბუთი, რომელსაც არიანელები იღებდნენ, ქრისტეს ღმერთობის უარმყოფელი იყო. ამიტომ ეკლესიას სასწრაფოდ სჭირდებოდა ნათელი ღვთისმეტყველური პასუხის გაცემა. ყველა მიხვდა, რომ ძველი სიმბოლოებით სარგებლობა საკმარისი აღარ იყო: მათში არსებულ ხატოვან გამოთქმებს არიანელები სათავისოდ განმარტავდნენ, ხოლო ნიკეის "ერთარსი" კვლავ საეჭვოდ იყო მიჩნეული. ამიტომ აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ყურადღების ცენტრში უწინარესად სიტყვა "მსგავსარსი" მოექცა. ძე "მსგავსარსია" მამისა, ანუ ისეთივე ბუნება აქვს ძეს, როგორიც მამას: ეს კი წინ გადადგმული ნაბიჯი და იმის აღიარება იყო, რომ რწმენის სწორად გამოხატვისათვის საჭირო ხდებოდა ფილოსოფიური ტერმინის გამოყენება. აღმოსავლეთის მამები თვითონ დადგნენ იმ გზაზე, რომლის გამოც ნიკეის კრების შედეგების დამცველებს აკრიტიკებდნენ. მაგრამ არიანელებმა კიდევ ერთი მცირე გამარჯვება მოიპოვეს: მათ დაარწმუნეს იმპერატორ კონსტანტის მიერ მსოფლიო კრების მოწვევის ორგანიზებისათვის შექმნილი ჯგუფის დაბნეული ეპისკოპოსები, რომ ბოროტების თავიდათავი სიტყვა "არსის" გამოყენება იყო, აჯობებდა, ეს სიტყვას საერთოდ აეკრძალათ და საყოველთაოდ გასაგებად ქრისტესთვის "ყველაფერში მამის მსგავსი" ეწოდებინათ. დაიწყო ახალი დავა და ეპისკოპოსთა ახალ ჯგუფებად დაყოფა. რადგან გაუგებრობის საგანი რწმენის სიმბოლო იყო, გადაღლილმა კონსტანტიმ გადაწყვიტა ყველაფერი ბუნდოვან მრწამსამდე დაეყვანა და ამ გზით ყველა მხარე საღვთისმეტყველო მინიმუმით გაეერთიანებინა. კრებაზე, რომელიც 360 წელს კონსტანტინოპოლში, წმინდა სოფიის ტაძრის კურთხევას მიეძღვნა, გამოცხადდა რომ "ძე მსგავსია მამისა", ანუ ჩამოცილებულ იქნა სიტყვა "ყველაფერში": იმ სიტუაცუაში ასეთი განსაზღვრება, უკიდურეს არიანელთა გარდა, ყველასათვის მისაღები უნდა ყოფილიყო. მაგრამ ამ სიტყვებმა ეკლესიას თავისი ცხოველი შინაარსი და ის სიხარული დაუკარგა, რომლის მიხედვითაც ღმერთი "ჩვენი ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით". ამას ისიც მოჰყვა, რომ სხვადასხვა შეთხზული ბრალდების საფუძველზე გადააყენეს და გადაასახლეს ის ეპისკოპოსები, რომელთა დარწმუნებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. ამრიგად, ეკლესიაზე ახალი "სახელმწიფოებრივი მრწამსი" გაბატონდა. კონსტანტის შეიძლება ისიც კი მოსჩვენებოდა, რომ მან აღასრულა მამის ოცნება და ეკლესიაში სანატრელ მშვიდობას მიაღწია. მაგრამ ვინაიდან ეს მშვიდობა უშინაარსო კომპრომისზე იყო აგებული და მშვიდობა მხოლოდ მშვიდობისათვის, და არა ჭეშმარიტებისათვის იყო მიღწეული, ცხადია, ადრე თუ გვიან ის უეჭველად დასრულდებოდა.

"ომიოსების" (სიტყვის "ომიოსის" – მსგავსის გამო, ასე იწოდებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი კოალიცია) ზეიმიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ კონსტანტი გარდაიცვალა. ქვეყანაში რეაქციული ძალა გაბატონდა და ეს ძალა ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული: ორწელიწად-ნახევრის მანძილზე იმპერიას სათავეში იულიანე განდგომილი ედგა (361-363). მისი პირველი აქტით აღდგენილ იქნა სრული რელიგიური თავისუფლება. როგორც ფიქრობენ, იმპერატორს მიაჩნდა, რომ ამ თავისუფლებით ქრისტიანები უფრო მწვავედ დაუპირისპირდებოდნენ ერთმანეთს და ყველას თვალში მოხვდებოდა მათი რწმენის საბოლოო "დისკრედიტაცია". სინამდვილეში კი იულიანეს მეფობის დრომ გვიჩვენა, რომ საკუთარ თავთან დარჩენილმა ეკლესიამ თვითონვე დაიწყო თავისი პრობლემების მოგვარება. დიდი ალექსანდრიელი დევნილი ათანასე თავის ქალაქს კვლავ ტრიუმფით დაუბრუნდა. თუმცა ეს დაბრუნებაც დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც კი შეიტყო იულიანემ, ათანასემ ორი წარმართი დედაკაცი მონათლაო, მაშინვე მისი გაძევების ედიქტი გამოსცა და ათანასე კვლავ მიიმალა. მაგრამ ალექსანდრიაში მისი ხანმოკლე ვიზიტი, როგორც ვლადიმირ ბოლოტოვი აღნიშნავს, "ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის საქმით დაგვირგვინდა". ეს იყო 362 წლის ალექსანდრიის კრება. ანტინიკეური აღმოსავლეთის მიერ იმდენჯერ იქნა განდევნილი ათანასე, რომ რიგორიზმი და შეურიგებლობა ყველაზე მეტად მისგან უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი. და აი, ათანასე, ვინც მთელი სიცოცხლე ნიკეის განსაზღვრებას მიუძღვნა, კაცი, რომელიც არასოდეს, ყველაზე მძიმე დროსაც კი, წამითაც არ დაეჭვებულა და ნაბიჯითაც უკან არ დაუხევია, თავისი ეკლესიური გულით მიხვდა, რომ აღმოსავლელთა ცთომილების მიზეზი მხოლოდ ერესი არ იყო. ამ პოზიციაზე მდგომმა ათანასემ მოწინააღმდეგეთა შორის თანამოაზრეებსაც და ძმებსაც მიაკვლია. ის მიხვდა, რომ ამ უარყოფის უკან გულწრფელი გაუგებრობა იმალებოდა. მიზეზი კი არასაკმარისი ახსნა და ჭეშმარიტების ახსნისათვის ნაკლებად გამოსადეგი სიტყვები უნდა ყოფილიყო. სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, მარტო ამ მიგნებისათვის იმსახურებს ათანასე დიდი თავის ბრწყინვალე სახელს. სწორედ შერიგების ეს ჟესტი იყო 362 წლის კრების მთავარი თემა. მან კვლავ საზეიმოდ აღიარა ნიკეის სიმბოლო, მაგრამ ისეთი ახსნა დაუმატა, რომ შეუძლებელი იყო, როგორც ერთადერთ ხსნას, მას არ დაბრუნებოდა ყველა, ვინც წყვდიადსა და შფოთში ჭეშმარიტებას ეძებდა და ამ ძიებაში იმედი არ ჰქონდა გადაწურული...

პირველი დასავლეთი შემობრუნდა, რადგან "ერთარსი" მათ მხოლოდ სახელმწიფო ზეწოლის გამო უარყვეს. 363 წელს ლეგიონებმა ტახტზე ძველი გენერალი ვალენტინიანე აიყვანეს, რომელსაც ეპისკოპოსებმა კრების მოწვევის ნებართვა სთხოვეს. ვალენტინიანემ მათ ასე უპასუხა: "მე ერისკაცი ვარ და ასეთ საქმეებში ჩარევა უწესობად მიმაჩნია; შეიკრიბონ იერარქები და თავად გადაწყვიტონ, რა უნდათ და როგორ უნდათ". ამ თავისუფლების შედეგად დასავლეთის ეკლესია ნიკეის სიმბოლოს უბრალოდ და სრულად დაუბრუნდა. უფრო რთული სიტუაცია შეიქმნა აღმოსავლეთში, სადაც ვალენტინიანემ იმპერატორად თავისი ძმა, ვალენტა დანიშნა (364-378), რომელიც "ომიოსებს" ოფიციალურად უჭერდა მხარს. გარეგნულად ეკლესიური ცხოვრება მოშლილი იყო, განხეთქილებას თავისი კვალი ჰქონდა დატოვებული, გრძელდებოდა ურთიერთდადანაშაულება და განკვეთა. მიუხედავად ამ გარეგნული უწესრიგობისა, "ახალნიკეური" ტალღა სულ უფრო ძლიერდებოდა და მწიფდებოდა.

ამ მოახლოებული აღდგენისა და აღორძინების საქმეში უდიდესი როლი სამმა ეპისკოპოსმა ითამაშა, რომლებსაც ერთი სახელწოდება - "დიდი კაპადოკიელი მამები" აერთიანებს. ესენი არიან: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და გრიგოლ ნოსელი; ათანასეს ჩათვლით, სწორედ ესენი არიან ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი მამები და მასწავლებლები. ისე, როგორც ნიკეის კრება და ამ კრების შედეგებისათვის ბრძოლა სამუდამოდ უკავშირდება ათანასეს სახელს, ამ სამეულის და, მით უმეტეს, ბასილი დიდის სახელიც ნიკეის საბოლოო გამარჯვებასთან არის დაკავშირებული.

ამ მამების მთავარი დამსახურება ისაა, რომ ნეკეის კრების შემდგომ დავებში უდიდეს გამოცდილებასა და ეკლესიური რწმენისათვის ბრძოლის მძიმე ჯაფაში გამოწრთობილმა, გენიალურმა ქრისტიანმა მოაზროვნეებმა და ფილოსოფოსებმა დროულად მონახეს საჭირო სიტყვები, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველური შინაარსით აღავსეს და მართლმადიდებელ ენად აქციეს. მათ გამოჭედეს და ნათლად გამოაჩინეს წმინდა სამების მართლმადიდებლური სიღრმე, რომელიც დროის მოლოდინში ათანასეს "ერთარსსა" და ნიკეის სიმბოლოში იყო დაუნჯებული.

ბასილი დიდის ნათელი ხატი ასხივოსნებს ამ მღვრიე და ხშირად უიმედობაში გადასული ბრძოლის ეპილოგს. ავადმყოფობით შეპყრობილმა, მონოზვნურ განცალკევებაზე, ჭეშმარიტების ჭვრეტასა და შემოქმედებით ყოფაზე მუდმივად მეოცნებე ბასილი დიდმა მთელი თავისი უდიდესი ტაქტითა და მოთმინებით აღსავსე ცხოვრება ეკლესიის გაერთსულებას შესწირა. რამდენჯერ გაჩენილა აზრი, რომ შფოთი უკვე ეკლესიის სხეულს დაეუფლა და განხეთქილება გარდაუვალი იყო. მრავალი წყენა და ცილისწამება შეხვედრია ბასილი დიდს, კესარიის კაპადოკიელ არქიეპისკოპოსს. მისი უდიდესი ღვაწლი სიკვდილის წინ დააფასა და აკურთხა მოხუცებულმა ათანასემ, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლის უკანასკნელი წლები მშვიდ ატმოსფეროში, თავის ხალხთან გაატარა. ბასილიმ აღასრულა ათანასეს მიერ ნაკურთხი ღვაწლი. ისე, როგორც დიდმა მოსემ მიიყვანა თავისი ერი აღთქმულ ქვეყნამდე, მაგრამ მის მიწაზე ფეხი ვერ დაადგა, ბასილი დიდიც 379 წელს, ნიკეის საბოლოო საზეიმო გამარჯვების, მეორე მსოფლიო კრების წინ გარდაიცვალა.
ბეჭდვა
1კ1