მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მესამე
ქრისტიანობის გამარჯვება
2. არიანული შფოთი. ახალი ურთიერთობები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის

(გაგრძელება)
პირველი მსოფლიო კრების შემდეგ ორმოცდათექვსმეტი წელი გავიდა და 381 წელს კონსტანტინოპოლის კრება იქნა მოწვეული. დაწყებული შფოთი ამ ხნის მანძილზე პრაქტიკულად არ შენელებულა. დავებში რამდენიმე პრობლემა და ის ძირითადი საწყისები გამოიკვეთა, რაც ამ პრობლემებს ერთმანეთთან აკავშირებდა: ისინი თითქმის ერთნაირად განსაზღვრავენ ეკლესიის მომავალს და ძნელია სხვა ისეთი ხუთი ათწლეულის მოძიება, რომელსაც მომავლისთვის ასეთი მნიშვნელობა ჰქონოდა.

გარეგნულად ამ დიდი შფოთის მიზეზად ის წარმოგვიდგება, რომ გაკიცხვის შედეგად არიანელობა არათუ "განისწავლა", არამედ ძალიან რთული ინტრიგების საშუალებით სახელმწიფო ხელისუფლებასაც კი დაუახლოვდა და მასი გადმობირება მოახერხა. სწორედ ამ საფუძველზე აღმოცენდა შფოთზე დაფუძნებული პირველი პრობლემა, რომელსაც შეიძლება ეკლესიის ცხოვრებაში იმპერატორის ჩართვა ვუწოდოთ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მეოთხე საუკუნემ ამ თვალსაზრისით ცუდი კვალი დატოვა, პრაქტიკულად მისი შედეგები ტრაგიკულიც კი აღმოჩნდა. მაგრამ ჩვენს ყურადღებას სხვა, მეორე პრობლემაც იქცევს. თვით იმპერატორის გადმობირების შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნებოდა არიანელობის წარმატება, თუ ეკლესია, რომელმაც თითქმის ერთხმად გაკიცხა არიანელობა, მის შეფასებასა და, რაც მთავარია, ნიკეის კრების შედეგად მიღებულ სწავლებასთან მიმართებით ერთიანი იქნებოდა. ეს ასე არ მოხდა: ნიკეის კრებამ ცალკეულ მოძღვართა აზროვნებაში გაუგებრობა და ეჭვი აღძრა. აქვე ნიკეის კრების შემდგომი იჭვნეულობისა და უთანხმოების ღვთისმეტყველური მნიშვნელობის შესახებაც უნდა ითქვას. მეოთხე საუკუნეს ამ თვალსაზრისით მეტად დადებითი შედეგები აქვს, რაც თავისთავად იმაზე მეტყველებს, რომ საეკლესიო ცხოვრებისათვის ურთულეს და კრიტიკულ სიტუაციებშიც კი უდიდესი ძალა და მნიშვნელობა სწორედ ჭეშმარიტებას აქვს.

კრების წევრთა უმრავლესობამ არიოზის მწვალებლური აზრი ადვილად უარყო: იგი ძალიან აშკარად ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის წმინდა გადმოცემას. მაგრამ სულ სხვა მდგომარეობა იყო სამების სწავლების საკითხთან და კერძოდ ტერმინ "ერთარსთან" დაკავშირებით. აზრი ამ ტერმინისა და მისი საჭიროების შესახებ ჯერ კონსტანტინეს და შემდეგ კრებას თავს მოახვია მცირე, მაგრამ გაბედული და შორსმჭვრეტელი ღვთისმეტყველების ჯგუფმა, რომელმაც არიოზის დაგმობა საკმარისად არ მიიჩნია და საეკლესიო წმინდა გადმოცემა ისეთი ტერმინით განამტკიცა, რომელიც საკითხის სხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აღარავის და აღარასოდეს დაუტოვებდა. მაგრამ ეპისკოპოსთა უმრავლესობისთვის სიტყვა "ერთარსი" მაინც გაუგებარი და მიუღებელი იყო: ტერმინის ოპონენტებში ჯერ კიდევ არ იყო განელებული იმ წინააღმდეგობების კვალი, რომელიც საბელიანების მოძღვრების დაძლევას დასჭირდა. ამ ერესის მიმდევრები წმინდა სამებაში სამი ცალკეული პირის ნაცვლად სამ ფორმას აღიარებდნენ. სწორედ ამიტომ, ეპისკოპოსთა ნაწილი შიშობდა, რომ ტერმინ "ერთარსის" დამკვიდრება ეკლესიას უკან, მამისა და ძის გაიგივებისკენ დააბრუნებდა. ამ რთულ სიტუაციაში კონსტანტინეს თხოვნამ გაჭრა და ეს ტერმინი კრებამ მრწამსში შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ღრმად ვერ ერკვეოდა ტერმინის შინაარსში, იმპერატორმა განაცხადა, რომ მთავარი ერესის დაძლევა იყო, რაც შეეხება რწმენის სიმბოლოს, იმ დროისთვის ყოველ ეკლესიას მრწამსი სხვა დანარჩენებთან შეთანხმებული, მაგრამ მაინც თავისი ჰქონდა. ამრიგად, გარეგნულად კრება წარმატებულად დამთავრდა, თუ არ ჩავთვლით კონსტანტინეს მიერ დონატისტურ ერესთან დაკავშირებული შეცდომის გამეორებას. იმპერატორმა ამჯერად არიოზი და მისი მომხრეები გადაასახლა. ეკლესიის სამართალს კვლავ ჩაენაცვლა კეისრის სამართალი.

ამ მოვლენების შემდეგ თავისი ძალა უკვე ეპისკოპოსთა იმ წრემ გამოავლინა, რომელსაც ჩვენ "სასახლის ჯგუფი" ვუწოდეთ. ევსევი ნიკომიდიელის წინამძღოლობით მომქმედი ამ კრებულის თითქმის ყოველი წევრი არიოზის მეგობარი იყო. ნიკეის კრებაზე არიოზის დაგმობა მოუხდათ, რადგან კრების მსვლელობის პროცესში დაინახეს, რომ ყველა სხვა ეპისკოპოსმა მწვალებლური მოსაზრება პრაქტიკულად სრული ერთსულოვნებით უარყო. ამ პირობებში "სასახლის ჯგუფმა" მსოფლიო კრებასთან ღიად დაპირისპირება შეუძლებლად მიიჩნია და თავისი ნების გამოსახატავად სხვა ხელსაყრელი დროის შერჩევა გადაწყვიტა. მათ გამოიყენეს ახალი ტერმინის "ერთარსის" მიმართ ეპისკოპოსთა მიერ გამოვლენილი გულგრილობა, ერთგვარად მიივიწყეს იგი და მთელი ძალები იმ მცირე ჯგუფის წინააღმდეგ მიმართეს, რომელსაც ნამდვილად ესმოდა ამ მცნების შინაარსი. ბრძოლაში არიოზის მომხრეებმა ისეთ საშუალებებს მიმართეს, როგორიც იყო დაბეზღება, დაბრალება და ყველაფერი ის, რაც ღვთისმეტყველებას არ უკავშირდებოდა. პირველი მსხვერპლი, რომელსაც იმპერატორის წინაშე "სასახლის ჯგუფმა" სახელი გაუტეხა, ევსტათი ანტიოქიელი იყო. კონსტანტინემ ევსტათი გადაასახლა. ამის შემდეგ, წლების მანძილზე, ინტრიგების სამიზნე ახალგაზრდა ეპასკოპოსი ათანასე ალექსანდრიელი გახდა, რომელიც, როგორც ირკვევა, "ერთარსის" დამკვიდრების მთავარი სულისჩამდგმელი იყო. ათანასესთან თეოლოგიური დავა არავის გაუმართავს, მისმა მოწინააღმდეგეებმა იგი კანონიკურ გადაცდომებში ჯერ ტირის (331) საეპისკოპოსო კრებაზე დაადანაშაულეს, ხოლო შემდეგ საქმე ისე მოაწყვეს, რომ იმპერატორმა იგი მდინარე რაინზე მდებარე ქალაქ ტრითში გადაასახლა. კონსტანტინე ყოველგვარი არეულობისა და შფოთის კატეგორიული მოწინააღმდეგე იყო, ათანასე კი იმპერატორს სწორედ ასეთად დაანახეს. ამის შემდეგ არიოზის დაბრუნება არავითარ სიძნელეს აღარ წარმოადგენდა. მან რაღაც გაუგებარი აღსარების წერილი შეადგინა და ქრისტიანულ წრეებს სრულფასოვან წევრად გამოეცხადა. ხოლო კონსტანტინეს, რომელმაც ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რის გამო მიმდინარეობდა დავა, მოეჩვენა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ეკლესიაში მშვიდობა საბოლოოდ დამყარდა. მას მიაჩნდა, რომ მხოლოდ ეკლესიის მტრებს შეუძლიათ მიუბრუნდნენ წარსულს და ახალ გაუგებრობებზე იფიქრონ... ამ პირობებში ეკლესია დუმდა, ხოლო "ოპორტუნისტები" ზეიმობდნენ.

კონსტანტინეს მიწიერი ცხოვრების ვადა იწურებოდა. 336 წელს, მაშინ, როდესაც ათანასე გადაასახლეს, კონსტანტინე თავისი მეფობის ბოლო - ოცდამეათე წლისთავს ზეიმობდა. ეს უკვე სხვა კონსტანტინე იყო. მისტიკური შეგრძნებები, რომელიც ბავშვობიდან თან სდევდა, გაძლიერდა და ბოლო წლებში ისეთი სახე მიიღო, რომ სახელმწიფო ინტერესებიც კი დაჩრდილა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იმპერატორზე ხელდასხმა განხორციელდა. ის ჯერ კიდევ მხოლოდ კათაკმეველი იყო, მაგრამ სამეფო სამოსელით აღარ იმოსებოდა, მდინარე იორდანეში მონათვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ამ ოცნებას აღსრულება არ ეწერა. კონსტანტინე ევსევი ნიკომიდიელმა მონათლა. ამის შემდეგ იმპერატორი მაცხოვართან და მის ნათელთან შეხვედრის სიხარულის მოლოდინსა და რწმენას აღარ დაუტოვებია... ის გარდაიცვალა სულთმოფენობის მზიან შუადღეს... რამდენი შეცდომა ან თუნდაც დანაშაულიც არ უნდა დავინახოთ მის მიერ განვლილ ცხოვრების გზაზე, ძნელია იმაში ეჭვის შეტანა, რომ ეს ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ღმერთისაკენ მიილტვოდა, ეძიებდა აბსოლუტს, ცდილობდა დედამიწაზე ზეციური ჭეშმარიტებისა და სილამაზის ანარეკლის დამკვიდრებას. ნიშანდობლივია, რომ ისტორიკოსების დაუნდობელი, არამყარი და ზედაპირული სამართალი სამუდამოდ გადაფარა ეკლესიის მადლიერებამ და დიდმა სიყვარულმა...

არიანული შფოთი თავისი ნამდვილი სახით მხოლოდ კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ გამოვლინდა. მისი მემკვიდრეები იყვნენ კონსტანტინე II დასავლეთში და კონსტანტი - აღმოსავლეთში. ეკლესიის ცხოვრებაში ამ უკანასკნელმა საბედისწერო როლი ითამაშა. კონსტანტინე დიდი საკუთარ პიროვნებას გარკვეული მიზნის განხორციელებისათვის ქრისტეს რჩეულად, "ეკლესიის გარე ეპისკოპოსად" მიიჩნევდა, კონსტანტი კი ქრისტეს ეკლესიას პიროვნული ძალაუფლების ობიექტად თვლიდა. ერთი სიტყვით, "კონსტანტინესეული მშვიდობის" ორაზროვნებას თავისი პირველი უარყოფითი შედეგები უკვე მოჰქონდა. გარდა ამისა, კონსტანტინე შეიძლებოდა შემცდარიყო და ცდებოდა კიდეც, მაგრამ ის დიდი პიროვნება იყო და ყოველთვის ჰქონდა სურვილი, სამართლიანი ყოფილიყო. კონსტანტი კი, მიუხედავად თავისი ქრისტიანული აღმსარებლობისა, წვრილმანი ბუნების ადამიანი იყო, მან თავიდანვე უსინდისო მლიქვნელები და ოპორტუნისტები შემოიკრიბა.

კონსტანტის უფროსმა ძმამ კონსტანტინემ ყველა ეპისკოპოსის საკუთარ კათედრაზე დაბრუნება მოითხოვა. ალექსანდრიაში ათანასეს, რომელსაც არასოდეს უღიარებია საკუთარი გადაყენება, დიდი სიყვარულით შეხვდნენ. მაგრამ "ევსევიელებს" მის საწინააღმდეგოდ ძლიერი არგუმენტი ჰქონდათ: ის ეპისკოპოსების კრებამ დაამხო და მისი უფლებებში დაბრუნება, მათი აზრით, მხოლოდ კრების ძალით შეიძლებოდა. ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ისიც იყო, რომ ეპისკოპოსების უმრავლესობას წარმოდგანაც კი არ ჰქონდა, რომ ეს ჭიდილი იდეოლოგიური ხასიათისა იყო. ათანასეს კი მოუსვენარ და კათედრას კანონიერად ჩამოცილებულ ადამიანად მიიჩნევდნენ. 337-338 წლების ზამთარში "ევსევიელების" "იდეოლოგიურ" ცენტრში, ქალაქ ანტიოქიაში, შედგენილ იქნა წერილი, რომელიც დაეგზავნა ყველა იმპერატორსა და კათოლიკე ეკლესიის ყველა ეპისკოპოსს. წერილში ათანასე ალექსანდრიელს ბრალი კათედრაზე უკანონოდ დაბრუნებაში ედებოდა. ათანასემ ამ ბრალდებას 62 ეგვიპტელი ეპისკოპოსის კრებისა და მთელი ეკლესიის სასამართლოსადმი მიმართვით უპასუხა. ეგვიპტელი ეპისკოპოსების კრებამ დაამტკიცა ათანასეს უდანაშაულობა, გამოავლინა მისი ბრალდებების ჭეშმარიტი შინაარსი და პირდაპირ მიუთითა ათანასეს მტრების ნამდვილ სურვილზე - "გაანადგურონ მართლმადიდებლები და ჭეშმარიტ მსოფლიო კრებაზე აღადგინონ და დააკანონ არიანობა". აქვე გამოვლინდა საეკლესიო საქმეებში იმპერატორის ჩარევის გამო პირველი უკმაყოფილება: "რატომ შეიკრიბნენ ეპისკოპოსები, რომლებსაც ათანასეს გადაყენება სურდათ იმპერატორის ბრძანებით?" - კითხულობდა კრება. მაგრამ ეგვიპტელ ეპისკოპოსებს გვიან გაახსენდათ, რომ "გარე ძალაუფლებას" ეკლესიის შიგნით თავისი უფლებები არ უნდა განეხორციელებინა.

ასე იყო თუ ისე, საქმემ უკვე ღვთისმეტყველების ნიადაგზე გადაინაცვლა, მასში ჩაერთო აქამდე დადუმებული დასავლეთი, დაყოვნება შეუძლებელი იყო. ევსევიელებს სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ათანასეს ლიკვიდირება. საქმეში იმპერატორ კონსტანტიზე მთელი მათი ზეგავლენის რესურსი ამოქმედდა. მათ ალექსანდრიის კათედრისთვის საკუთარი ეპისკოპოსი - ვინმე გრიგოლ კაპადოკიელი აირჩიეს და იმპერატორს მოსთხოვეს, დამხობილი ათანასესთვის ალექსანდრიის ეკლესია ჩამოერთმია. ამ მომენტიდან "ევსევიელებთან" კონსტანტის კავშირმა ღია სახე მიიღო. ეგვიპტის პრეფექტს, არიოზის მეგობარ ფილაგრიუსს, ბრძანება გაეგზავნა, რათა გრიგოლისთვის ყოველგვარი დახმარება აღმოეჩინა. როდესაც ხალხმა შეიტყო, რომ ქალაქს გრიგოლი უახლოვდებოდა, რათა ერეტიკოსი არ შეეშვათ, ეკლესიები დაიკავეს. მათი ევაკუაცია მხოლოდ პოლიციისა და სამხედრო ძალების გამოყენებით მოხდა. პოლიციამ ათანასეს შეპყრობა ვერ შეძლო. 339 წლის 22 მარტიდან ათანასე ალექსანდრიელი მიმალვაში იმყოფებოდა. გრიგოლმა ზარ-ზეიმით დაიკავა ალექსანდრიის კათედრა, დაიწყო ათანასეს მომხრეების დევნა. ევსევიელები კვლავ ზეიმობდნენ.

მაგრამ ათანასემ უხეში ძალის წინაშე უკან არ დაიხია. იგი უშრეტი ენერგიის მქონე და თავისი საქმის მართებულობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ადამიანი იყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ საცდურები, რომლებითაც მთელი მისი ცხოვრება იყო აღვსილი, მას მხოლოდ ძალას მატებდა. ამ დროს მართლაც დაიწყო ამ ბუმბერაზი ადამიანის ყველა სახის სტიქიის ერთიანობასთან ეპიკური ბრძოლა. სადღაც ალექსანდრიის შორიახლოს მიმალვაში მყოფმა ათანასემ გააჩაღა თავისი ცნობილი "გარემომდებარე გზავნილებით" ბრძოლა, რომელსაც თანამედროვე ისტორიკოსმა "ეკლესიური მწერლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პათეტიკური გვერდი" უწოდა. ეს იყო ძახილი, რომელიც მშველელს უხმობდა: "ის, რაც ჩვენში მოხდა, ყოველგვარ დევნას აღემატება... ეკლესია ძალადობის მსხვერპლია, სამღვდელოება შელანძღულია, და უფრო მეტიც, კეთილსინდისიერება უსინდისობით იდევნება... საეკლესიო კანონების, ეკლესიური ერთიანობისა და რწმენის განადგურების საშიშროებით შეძრულმა ყოველმა ქრისტიანმა ხმა უნდა აიმაღლოს და დაგვეხმაროს!"

ძალიან მალე ათანასე რომში აღმოჩნდა. ნელ-ნელა ევსევიელთა ტერორის შედეგად დავნილმა სხვა ქრისტიანებმაც აქ მოიყარეს თავი. ამ დრომდე დასავლეთის ეკლესია ნიკეის კრების შემდგომ შფოთში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. "ერთარსობის" თაობაზე მათ წიაღში არავითარი დავა არ ყოფილა (არც აღმოსავლეთში იქნებოდა, რომ არა არიანობა). რომმა იმ მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელიც აღმოსავლეთში შეიქმნა, დაწვრილებით მხოლოდ ახლა, ათანასესა და მისი მეგობრების დახმარებით გაიგო. დადგა დრო, როდესაც აღმოსავლურ ტრაგედიაში ახალმა - რომაულმა მოტივმა დაიწყო დამკვიდრება.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ შემდგომი მოვლენები უბრალო სქემატურ ჩარჩოში განთავსდებოდა: ნიკეის სწავლებაზე დამკვიდრებული მართლმადიდებელი რომი ათანასეს დასაცავად და აღმოსავლეთის ისევ ნიკეის პრინციპებზე დასაბრუნებლად იმოქმედებდა. სინამდვილეში მდგომარეობა გაცილებით უფრო რთული და ტრაგიკული აღმოჩნდა. ტრაგედია კი იმაში მდგომარეობს, რომ ნიკეისა და ათანასეს დასაცავად რომის პაპმა იულიანემ ისეთი რომაული ტონი გამოიყენა, რომელმაც აღმოსავლური დაპირისპირება უფრო გაამწვავა და მის საწინააღმდეგოდ გააერთიანა. აღმოსავლეთი ამ ეტაპზე ნიკეას გაემიჯნა და ათანასე უარყო, მაგრამ ისეთი ეკლესიურობა შეინარჩუნა, რომელმაც იგი მოგვიანებით ნიკეის რწმენაშიც საბოლოოდ დაამკვიდრა და ათანასეც დააბრუნებინა.

ამავე დროს, უკვე მეორე საუკუნეში გაჩენილი ე. წ. რომაული თვითშემეცნება თანდათანობით ძალას იკრებს. რომი დასავლეთში უძველესი ეკლესია და სამოციქულო კათედრა იყო. ამავე დროს ის პეტრე და პავლე მოციქულების სისხლით იყო ნაკურთხი. დასავლეთში ქრისტიანობა რომიდან გავრცელდა და ამიტომ დასავლეთის ეკლესიათა უმრავლესობა რომის ეკლესიას იმ დედაეკლესიად აღიქვამდა, რომლის საშუალებითაც რწმენა და მოციქულთაგან მემკვიდრეობითობა მიიღეს. მაგრამ თუ რომი დასავლეთში გამორჩეული უპირატესობით სარგებლობდა, აღმოსავლეთი პეტრე მოციქულის ეკლესიას დიდ პატივს მიაგებდა. რომის ეკლესიას ჯერ კიდევ ეგნატე ანტიოქიელმა "სიყვარულში თავმდეგი" უწოდა. მას შემდეგ, რაც იერუსალიმის სამოციქულო ჯგუფმა ფუნქციონირება დაასრულა, რომი უდავოდ პირველ ეკლესიად, მსოფლიო საეკლესიო ერთიანობისა და თანხმობის იმ ცენტრად გადაიქცა, რომელსაც ირინეოს ლიონელი გნოსტიკური დაქუცმაცების მთავარ მოწინააღმდეგე ძალად იხსენიებდა. მაგრამ ძალიან სწრაფად გამოჩნდა პირველი საგანგაშო ნიშანი. რომის ეპისკოპოსებმა ყველასთვის მისაღები საკუთარი "უპირატესობის" სხვა ხარისხში აყვანა და "სიყვარულში თავმდეგობის" "ძალაუფლებასა და ავტორიტეტში თავმდეგობად" გადაქცევა მოინდომეს. ასე მაგალითად, 190-192 წლებში რომის პაპმა ვიქტორმა მოციქულების პეტრესა და პავლეს ავტორიტეტი მოიშველია და აღმოსავლეთის ეკლესიას ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვა პასექის აღნიშვნის საკუთარი სადღესასწაულო წესების რომაულით ჩანაცვლება. რომი ამ დღესასწაულს ებრაული პასექის მომდევნო კვირას აღნიშნავდა, ხოლო აღმოსავლეთში ებრაულ პასექს ემთხვეოდა. ვიქტორს პოლიკრატე ეფესელმა უპასუხა. მისი პასუხიც მოციქულთა წმინდა გადმოცემას ეფუძნებოდა: "უკვე ექვსი ათეული წელია, ქრისტეში ვცხოვრობ, წმინდა წერილი სრულად მაქვს შესწავლილი და ვიქტორის კი არა, მასზე დიდების მუქარისაც არ მეშინია, რადგან ნაბრძანებია: უმჯობესია ღმერთს მოუსმინო, ვიდრე ადამიანებს..." ამის შემდეგ ვიქტორმა მცირე აზიის ეკლესიები რომთან ურთიერთობისგან განკვეთილად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებამ პროტესტი იმ ეკლესიებშიც კი გამოიწვია, სადაც აღდგომის აღნიშვნის რომაულ პრაქტიკას იზიარებდნენ. ბოლოს ეს საკითხი ნიკეის კრებაზე იქნა განხილული და იქ დადგინდა, რომ პასექი (აღდგომა) ყველა ეკლესიაში ერთდროულად - გაზაფხულის მთვარის აღვსების შემდგომ კვირა დღეს უნდა იდღესასწაულებოდეს. მოგვიანებით, მესამე საუკუნის შუა წლებში, რომისა და აფრიკის ეკლესიებს შორის სადავო საკითხად ერეტიკოსთა ნათლობა გადაიქცა. პაპმა სტეფანემაც რომის მორჩილება მოითხოვა. პაპს აფრიკელი ეპისკოპოსების სახელით კვიპრიანე კართაგენელმა უპასუხა: "არც ერთი ჩვენგანი საკუთარ თავს ეპისკოპოსთა ეპისკოპოსად არ მიიჩნევს და თავისი ძმებისგან თანხმობის მიღების მიზნით არავითარ ტირანიას არ მიმართავს. ყოველი ეპისკოპოსი სრულია თავის ნებასა და ავტორიტეტში და თვითონ იფიქროს საკუთარი გადაწყვეტილებების ავკარგიანობაზე, ის არც თავად განიკითხება და არც სხვას განიკითხავს". შემდეგ სტეფანეს კესარიოს კაპადოკიელი პასუხობს: "მრავალია განსხვავება ეკლესიათა შორის, მაგრამ მთავარი სულიერი ერთობაა, რწმენა და საერთო გადმოცემაა... რა კადნიერებაა - გქონდეს პრეტენზია ყველას მსაჯულობისა. სტეფანე ამით ერთიანი მსოფლიო ეკლესიიდან თავადვე განიკვეთება..."

ამრიგად, ჩვენ უკვე საკმაოდ ადრეულ ქრისტიანობაში ვხედავთ, ერთი მხრივ, მსოფლიო ეკლესიურ თანხმობასა და ერთიანობაში რომის მნიშვნელობის აღიარებას, ხოლო, მეორე მხრივ, ამ აღიარების რომაული ინტერპრეტაციის საწინააღმდეგო რეაქციას. ყველა შემთხვევაში ეს რეაქცია რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო ჩნდებოდა და რომის უსაფუძვლო პრეტენზიების გამო საკითხი არსებითად არასოდეს წამოჭრილა. ამან რომის ფანტაზიას ნიადაგი შეუქმნა საკუთარი პირველობის შესახებ ერთიანი რომაული მითი შეეთხზა და განევითარებინა. როდესაც აღმოსავლეთი (და თვით დასავლეთიც) ამ "თხზულებას" დაუპირისპირდა, ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა. თვით რომმა ეს მითი უკვე "წმინდა გადმოცემად" მონათლა. ის სიძველის ძალით ნაკურთხად გამოაცხადა. გაუგებრობა, რომელიც განხეთქილებაში უნდა გადაზრდილიყო, ამ ეტაპზე დაშორიშორებით დაიწყო.
ბეჭდვა
1კ1