მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თავი მესამე
ქრისტიანობის გამარჯვება
2. არიანული შფოთი. ახალი ურთიერთობები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის

არიანულ შფოთში მრავალი საკითხი წამოიჭრა და უამრავმა გაუხსნელმა კვანძმა მოიყარა თავი. აქ დაედო სათავე სამ უდიდეს საღვთისმეტყველო დავას, რომელიც ხუთი საუკუნე გაგრძელდა და რომლის შედეგადაც ეკლესიას დარჩა წმინდა მამების ზეშთაგონებული წერილები და მსოფლიო საეკლესიო კრებების მკაფიო, დახვეწილი დოგმატური ფორმულები. მაგრამ ჭეშმარიტებისთვის ეს გულწრფელი ბრძოლა თავიდანვე გაართულა ქვეყნის მმართველობის ჩარევამ. საბოლოოდ ამ დავამ ვეღარ შეინარჩუნა წმინდა ქრისტიანული ხასიათი და მისი მოქმედების არეალმა სახელმწიფო განზომილებაში გადაინაცვლა. ამ სინთეზში ნელ-ნელა და თანმიმდევრულად დაიწყო აღმოცენება ახალმა ქრისტიანულმა ბიზანტიამ. მეოთხე საუკუნე ეკლესიის ისტორიაში, ერთი შეხედვით, ყველაზე ტრაგიკული პერიოდია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ სწორედ მაშინ დადგა მთელი თავისი სიგრძე-სიგანით ქრისტიანული მშვიდობის საკითხი, სწორედ მაშინ ჩაისახა სამყაროს ქრისტიანულად აღქმის ის ჩანაფიქრი და მარცვლები, რომლებიც ვეღარასოდეს და ვეღარავინ განდევნა ქრისტიანული აზროვნებიდან.

დავა დაიწყო ქრისტიანული მეცნიერული აზროვნების სათავეში - ალექსანდრიაში. პრესვიტერმა, მოძღვარმა და მეცნიერმა არიოზმა ალექსანდრიაში ახალი სწავლება შემოიღო. ის ქადაგებდა: ვინაიდან იესო ქრისტე ძეა ღვთისა და დაბადება არ შეიძლება დროის მიღმა ხორციელდებოდეს, უნდა ვაღიაროთ, რომ ძე დროშია შექმნილი. მისი თქმით გამოდის, რომ იესო ქრისტე ერთ-ერთი ქმნილი ღვთაებაა. არიოზი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ღვთაება - ძე ღვთისა დაიბადა სამყაროს შესაქმნელად, შესაბამისად, "იყო დრო, როდესაც იგი არ არსებობდა". ამრიგად, ძე მთლიანად განსხვავდება მამისგან და არ შეიძლება იყოს მისი ერთარსი.

თანამედროვე ეკლესიური საზოგადოებისთვის, რომლის უმრავლესობას არც კი აინტერესებს საღვთისმეტყველო დავები (ყოველივე ამას იგი "უსარგებლო და საშიშ ტვინის ჭყლეტად" მიიჩნევს), პირველ რიგში ის არის გაუგებარი, როგორ უნდა გაჩენილიყო ისეთი სწავლება, რომელიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად დაუპირისპირდებოდა ქრისტიანობის ძირითად საფუძვლებს და რაც ისეთ კონფლიქტს ასულდგმულებდა, რომლის "რეზონანსიც" მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში ხლეჩდა და ანაწევრებდა ეკლესიურ ერთიანობას. რომ წარმოვიდგინოთ, იმდროინდელი ქრისტიანებისთვის რა მნიშვნელობა ექნებოდა ღვთისმეტყველებას, გავიხსენოთ მამა გიორგი ფლოროვსკის სიტყვები: "ქრისტიანისთვის ეს იყო ცხოვრების აზრი, სულიერი გმირობის ასპარეზი, აღმსარებლობა და ყოფითი საკითხების შემოქმედებითად გააზრების საშუალება". ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი განსაზღვრებების (მაგალითად, სიტყვა "გამოხსნის") შესახებ მოკამათე ქრისტიანები მასში დაუნჯებულ "პრაქტიკულ" და "ეგზისტენციალურ" ამოცანებს წყვეტდნენ. სიტყვა "გამოხსნა" მართლაც არ გულისხმობს რაიმე მაგიურ, გარე ზემოქმედების შედეგად მიღებულ საჩუქარს; გამოხსნა დამოკიდებულია თვით ადამიანის უნარზე, სრულად მიიღოს ის სასურველი ღვთაებრივი მადლი და ძღვენი, რომელსაც უფალი სთავაზობს. თუ ადამიანს ეს ესმის, მის ღვთისმეტყველებაში - მთელი ამ მოვლენის გააზრებასა და გამოხატვაში, ანუ ჭეშმარიტების სიტყვიერ აღსარებაში, გამოვლინდება მისი უმაღლესი საუფლო მოწოდება; მასში აღდგება ღმერთის თანაზიარი პიროვნების პირველქმნილი ღვთაებრივი ბუნება და სამყაროში ადამიანი თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს.

ღვთისმეტყველება ეკლესიური რწმენის გონიერებაში გახსნაა; ეს არც გასინჯვაა და არც გაუაზრებელი მორჩილება, პირიქით, პიროვნული აზროვნების გაგვარიანება და ღვთაებრივ გამოცხადებამდე გასრულებაა, ჭეშმარიტ რწმენასთან მისი შეთანასწორებაა. რწმენა უწინარესია ღვთისმეტყველებაზე. სწორედ ამის გამოა შესაძლებელი საუბარი ღვთისმეტყველების თანმიმდევრულ განვითარებაზე, საწყისი სრული რწმენის ობიექტის შეგრძნებაზე და მისი მიმართულებით ზრდაზე. ორიგენეს მაგალითზე დავინახეთ, რომ ასეთი აღმასვლის პირველი მცდელობები არასრულფასოვანი, მეტიც - "ერეტიკული" აღმოჩნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რწმენის გამომხატველი სიტყვების მოძიება ადვილი არ არის, მათ დასაზუსტებლად საჭიროა საუკუნეების გამოვლა, რათა სიტყვა ქრისტიანული ცხოვრებისა და სულიერების პრაქტიკაში გამოიბრძმედოს.

ეკლესია თავისი არსებობის პირველი დღეებიდან მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდის რწმენითა და ერთიანი სამების შეგრძნების გამოცდილებით ცხოვრობს. სწორედ სამების, როგორც სრული ერთიანობის, სრული სიყვარულისა და სრული ცხოვრების გადმოცემა და ახსნაა წმინდა სახარება. "მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სულიწმიდისა ყველა თქვენგანთან" (2 კორ. 13:13), - ეს ლიტურგიული დალოცვა ჯერ კიდევ პავლე მოციქულის ეპისტოლეში გვხვდება. შესაბამისად, თუ ხსნის წყარო და ქრისტიანული ცხოვრების ძალა წმინდა სამებაშია, მაშინ მანვე უნდა გაანათლოს და განამზადოს ადამიანის გონება იმ საიდუმლოებების შესაცნობად, რომლებიც იესო ქრისტემ თავისი ცხოვრებით კაცობრიობისთვის გამოაჩინა. ჭეშმარიტების შეცნობა ყოველთვის უკავშირდება კრიზისს, ძალისხმევასა და განვითარებას. "ჩვეულებრივი" გონი გამოცხადებას ისე ხვდება, როგორც წამოჭრილ წინააღმდეგობასა და პარადოქსს: მართლაც საინტერესოა, როგორ უნდა მომხდარიყო ღვთაებრივი სამების, რომლის რწმენითაც ეკლესია თავისი პირველივე დღეებიდან იყო განმსჭვალული, ისეთივე ურყევ ჭეშმარიტებასთან შერწყმა, როგორიც ამავე წმინდა სამების უდავო ერთიანობა, ანუ ის "მონოთეისტური" ბუნებაა, რომლის გამოც ქრისტიანებმა ებრაელების მსგავსად წარმართობა უარყვეს. მოვიდა დრო და გაჩნდა ამ საოცარი რწმენისა და გამოცდილების ახსნისა და განმარტების საჭიროება. ამგვარად გამოიკვეთა შინაარსით ფუძემდებლური და დროით პირველი - წმინდა სამებასთან დაკავშირებული საღვთისმეტყველო საკითხი.

ჯერ კიდევ მეორე საუკუნის აპოლოგეტები, ანუ იმპერიისა და ხალხის წინაშე ქრისტიანობის დამცველები, ბერძნული ფილოსოფიური აზროვნებისთვის დამახასიათებელი გაგების "ლოგოსის" საშუალებით ცდილობდნენ განემარტათ სამების ქრისტიანული რწმენა. ძე ღვთისა - იესო ქრისტე მამა ღმერთის სიტყვაა. მამა თავისი ძის საშუალებით ქმნის, ზრუნავს ქვეყნის ხსნაზე. დაბოლოს, ძე არის მამისა და ქვეყნის ერთმანეთთან დაკავშირების გზა. ესე იგი "ლოგოსი" ანუ "სიტყვა" ის საშუალებაა, რომლითაც ღმერთს ვეცნობით და ვუერთდებით. მაგრამ ასეთ ახსნას მნიშვნელოვანი ნაკლი ახლდა. ბერძნულ ფილოსოფიურ აზროვნებაში "ლოგოსს" "ინსტრუმენტული" შინაარსი ჰქონდა, "ლოგოსი" ყველგან და ყველაფერში მხოლოდ დამაკავშირებელი, შუალედური ან გამაერთიანებელი რგოლი იყო; ის არ წარმოადგენდა რაიმე დამოუკიდებელ, თავისთავად საწყისს. თუ იოანეს სახარებაში "სიტყვა", ძველი აღთქმის შესაბამისად, ცოცხალი, მოქმედი ღმერთია, ბერძნული თვალსაზრისით ის შეიძლება აღქმულიყო როგორც რაიმე ღვთაებრივი "თვისება" ან "ძალა", რომელიც მიეცა იესო ქრისტეს და ამით გამოირჩა მთელი დანარჩენი კაცობრიობისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტიანობისა და ელინიზმისთვის საერთო ცნება "ლოგოსი" უნდა დახვეწილიყო და განთავისუფლებულიყო იმ "კოსმოლოგიური" მნიშვნელობისგან, რომელიც მას ბერძნული ფილოსოფიური აზროვნების შესაბამისად ჰქონდა. მაგრამ ამისათვის მეორე საუკუნის აპოლოგეტებს არც სიტყვები და არც ფილოსოფიური უნარი არ ჰყოფნიდათ. მათი ნაწერები უნებლიე ორაზროვნებითა და უთავბოლოობით გამოირჩეოდა: ეკლესიური თვალსაზრისით სრულიად მართლმადიდებლური აზრი "გარეთ" სხვა შინაარსს იძენდა, მამა ძესთან ისე შეიძლება ყოფილიყო გაიგივებული, როგორც ადამიანი საკუთარ "გონსა" და "აზროვნებასთან".

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1