"ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ", - აღმაშენებლის კალიგრაფიის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ნიმუში
"ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ", - აღმაშენებლის კალიგრაფიის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ნიმუში
ერთ-ერთი ძველი მწიგნობარი, ბასილ მჩხრეკელი სიამაყის გრძნობით აღნიშნავდა: "მონასტერნი სავსენია წიგნითა და არა სადა უწყი ნაკლულევანი". სინას ბიბლიოთეკაში დაცულ მრავალ ქართულ მარგალიტს შორის გამორჩეულია საქართველოს სახელოვანი მეფის დავით აღმაშენებლისეული პატარა სამოციქულო. დასტურად სახარების 265-ე გვერდზე მეფე წმინდანის ხელით შესრულებული მინაწერია დაცული: "ქრისტე მე, დავით, უნარჩევესმან მონამან ყოველთა ქრისტესთამან, განვგზავნე წიგნი ესე მთას წმიდას სინას; ვინცა მოიხმარებდეთ, ლოცვა ყავთ ჩემთუინ". ეს პატარა ტექსტი აღმაშენებლის კალიგრაფიის ჩვენამდე შემორჩენილი ერთადერთი ნიმუშია, მასში მეფის თავმდაბლობაც ჩანს და ღვთისმოსაობაც. სინას მთის ქართულ ბიბლიოთეკას არა მარტო სარწმუნოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, ის ამავე დროს მახლობელი აღმოსავლეთის ქრისტიან ხალხთა შორის საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერის დასტურიც იყო.

სინას მთაზე ამჟამად 100-ზე მეტი ქართული ხელნაწერი ინახება. მათ შორის ყველაზე ადრინდელია "სინური მრავალთავი" (864 წ.). სინას მთაზე დაცულია ქართული ენისა და ქართული კულტურის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლები: ოთხთავის ხელნაწერები (სინ.-15, სინ-30), ლექციონარი (სინ.-37), აგიოგრაფიული კრებული (სინ.-6), ეფრემ ასურის ქადაგებანი (სინ.-97), საგალობელთა შემცველი ხელნაწერები (სინ.-1, 14, 17, 18, 20, 26, 34, 40, 41, 49, 59, 64, 65), პარაკლიტონები (სინ.-3, 13, 17, 21) და სხვ. აღსანიშნავია, რომ აქ დაცული ხელნაწერების უმეტესი ნაწილი X საუკუნით თარიღდება, რაც თავისთავად მიუთითებს მათ მნიშვნელობაზე. ამჟამად აქ ინახება იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, გეთსემანიაში, კაპათაში, გოლგოთაზე, კალიპოსში, საბაწმიდის ლავრასა და ქართველთა სხვა მწიგნობრულ ცენტრებში თარგმნილი და გადაწერილი თხზულებანი, აგრეთვე ის ხელნაწერები, რომლებიც ქართული კულტურის დიდი მოღვაწის იოანე-ზოსიმეს მიერ არის გადაწერილი ან ნარედაქციევი.

სინას მთაზე მდებარე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერი საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ქართველი ბერების სამყოფელსა და მოღვაწეობის ადგილს და ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვარგარეთულ კერას.

სამწუხაროდ, ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, სინას მთის, ქართველ მამათა მემკვიდრეობა მრავალ მიზეზთა გამო სათანადოდ შესწავლილი არ არის.

დღესდღეობით სინას მთის ქართული წიგნების კოლექციის ნაწილი ისევ სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერშია დაცული (რომელთა ფოტოასლები დამზადებულია აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკიდან 1956 წელს მიღებული მიკროფილმებისაგან და ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება. ზოგი კი თბილისის, პეტერბურგის, პრაღის, გრაცის, აშშ-ისა და სხვა ბიბლიოთეკებშია). სინას მთაზე ქართველ მეცნიერთაგან პირველად იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ალ. ცაგარელი, რომელმაც აღწერა 92 ხელნაწერი. 1902 წელს აქ ნაყოფიერად იმუშავეს ნ. მარმა და ივ. ჯავახიშვილმა. 1927 წელს სინური ხელნაწერები შეისწავლა რ. ბლეიკმა. 1950 წელს ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკის ექსპედიციამ სინას მთისა და იერუსალიმის სიძველეების, მათ შორის ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფილმები გადაიღო. ექსპედიციის წევრმა ჟ. გარითმა 1956 წელს გამოაქვეყნა პატრისტიკული, აგიოგრაფიული, ბიბლიური და ასკეტური ხელნაწერების (სულ 38 ერთეული) ვრცელი და მაღალმეცნიერული აღწერილობა (ფრანგულად). 80-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტმა დაიწყო სინას მთის ხელნაწერთა დაწვრილებითი აღწერილობის პუბლიკაცია. გამოვიდა პირველი, მეორე, მესამე წიგნები. სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულია ბიზანტიური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია მონასტერში შექმნილი უძველესი ქრისტიანული ხატებისა (მე-6 ს.). ბოლო ხანებში წმინდა ეკატერინეს მონასტერში გაჩენილმა ხანძარმა და კედლის ჩამონგრევამ გამოავლინა უცნობი წიგნსაცავი, რომელშიც სხვა ხელნაწერებთან ერთად აღმოჩნდა 40-მდე უცნობი ქართული ხელნაწერი და მრავალი ფრაგმენტი. ხელნაწერთა ინსტიტუტის თანამშრომლებმა სამჯერადი მივლინების შედეგად შეისწავლეს და აღწერეს ახალი კოლექცია, რომელიც გამოიცა ბერძნულ, ინგლისურ და ქართულ ენებზე. წმინდა ეკატერინეს მონასტერში 1975 წელს აღმოჩენილ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინეს ზ. ალექსიძემ, მ. შანიძემ, ლ. ხევსურიანმა და მ. ქავთარიამ (ათენი, 2005 წ.).

სინას მთის ქართული ეკლესიების შესახებ მეცნიერი თამარ მესხი საგულისხმო ცნობებს გვაწვდის: "ქართულ წერილობით ძეგლებში დადასტურებული ცნობების საფუძველზე, სინას მთაზე ქართული ეკლესიების არსებობას ჩვენი მეცნიერები უეჭველ ფაქტად მიიჩნევენ, მაგრამ დღემდე კამათს იწვევს ეკლესიათა რიცხვი და ის საკითხი, თუ ვის სახელზე იყო აშენებული ესა თუ ის ტაძარი. 1994 და 1996 წლებში სინას მთას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთა ექსპედიცია ეწვია, ახლადაღმოჩენილი ქართული ხელნაწერების კატალოგის შესადგენად. აღწერილობის შედგენისას საინტერესო მასალა გამოვლინდა წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის ქართული ეკლესიის შესახებ. ცხადია, ამ ფაქტმა სხვა ეკლესიების მიმართაც გააღვივა როგორც ჩვენი, ასევე სინელთა ინტერესი. კვლევის შედეგად ორივე მხარისათვის მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო სიახლე გამოვლინდა:

1) ახალი კოლექციის # 2 ხელნაწერის (X საუკ. იადგარი) მომგებლის ანდერძიდან გაირკვა, რომ ქართველ ბერს, კვირიკე მიძნაძორელს, "დიდი" ანუ მთავარი ეკლესიის შესასვლელი კარის ზემოთ წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მცირე ეკლესია აუგია. ცნობა სინას მთაზე იოანე ღმრთისმეტყველის ეკლესიის არსებობის შესახებ სინას მთის ქართულ ხელნაწერთა ძველი კოლექციის ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძშიც ყოფილა დაცული. ამის შესახებ პირველად ალ. ცაგარელმა აუწყა სამეცნიერო საზოგადოებას. სამწუხაროდ, შემდგომდროინდელ მკვლევარებს (ივ. ჯავახიშვილი, ნ. მარი) იმ ანდერძის შემცველი ფურცლები ადგილზე აღარ დახვდათ. ამ საკითხთან დაკავშირებული ბერძნული მასალა კი ქართველი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი იყო.

მართალია, არც ერთი ბერძნული წყარო პირდაპირ მითითებას ამ ეკლესიის ქართული წარმომავლობის შესახებ არ შეიცავს, მაგრამ მათი ქართულ მასალასთან შეჯერების შედეგად გაირკვა ეკლესიის აგების დრო, მისი აღმშენებლის სახელი, დადგინდა მისი ადგილსამყოფელი და, რაც მთავარია, სინაზე ქართული ეკლესიის არსებობა აღარც ბერძნებში იწვევს ეჭვს;

2) #N2 იადგარის ანდერძი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აგრეთვე წმინდა ეკატერინეს მონასტრის არქიტექტურის ისტორიის შესასწავლად;

3) ძველი კოლექციის # 69 ხელნაწერის ანდერძის საფუძველზე ალ. ცაგარელმა წმინდა გიორგის ეკლესია, სრულიად მართებულად, ქართულად მიიჩნია. სამწუხაროდ, ქართველი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობი იყო ამ ფაქტის დამადასტურებელი ბერძნული მასალა.

ათონის მთის XVII საუკუნის ერთ-ერთი ბერძნული ხელნაწერი, წმინდა გიორგის ეკლესიის ადგილსამყოფელთან ერთად, თუმცა საკმაოდ ძუნწად, მაგრამ მაინც გვაძლევს მის აღწერილობას და, რაც მთავარია, ეკლესიის განმაახლებლად იბერიელ მეფეს ასახელებს;

4) ქართული ისტორიული წყაროების თანახმად, სინას მთაზე ერთ-ერთი მონასტრის აშენება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. იმავეს გვამცნობს "ქართლის ცხოვრების" ძველი სომხური თარგმანის შესატყვისი ადგილი.

პორფირი უსპენსკის ცნობის თანახმად, ქართველებს სინაზე ჰქონიათ ოთხი ეკლესია: წმინდა ელიას ეკლესია და დავითისეული (ღმრთისმშობლისა) ქორების მთაზე, პეტრე-პავლესი - ქორებისა და ეკატერინეს მთებს შუა და სებასტიელ მოწამეთა - ლეჯის ველზე. ამ ცნობების უეჭველობაში მეცნიერები დარწმუნებული არ არიან, რადგან, პ. უსპენსკის მათი დამადასტურებელი საბუთები წარმოდგენილი არა აქვს.

პ. უსპენსკის მიერ დასახელებული ოთხივე ეკლესია მოხსენიებულია ათონის მთის XVI-XVII ს.ს-ის ხელნაწერებშიც, მაგრამ არც ერთი მათგანი არ მიუთითებს მათ ქართულ წარმომავლობას, თუმცა ის ფაქტი, რომ მას "დაუტის" ეკლესია ეწოდება და მისი აშენება ვინმე ბერ დავითს მიეწერება, საკმაოდ მრავლისმთქმელია. ღმრთისმშობლის ეკლესია ალბათ მართლა წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ არის აშენებული. დროთა განმავლობაში ეს ფაქტი მივიწყებას მიეცა. ბერთა გარკვეულმა ნაწილმა გადმოცემით იცოდა, მონასტრის სახელწოდება ვინმე დავითს რომ უკავშირდებოდა. ცხადია, ისინი ამ ფაქტს ქართველი მეფის სახელთან ვერ დააკავშირებდნენ. მათთვის აქ განმარტოებით მოღვაწე ბერი უფრო ადვილი წარმოსადგენი იყო და ალბათ ასე შეითხზა ვერსია ბერი დავითის შესახებ".

სინას მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინას მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინას მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.
ბეჭდვა
1კ1