ამ მთაზე მოღვაწე მამებმა თავიანთი ღვაწლით, სიტყვითა და საქმით კიდევ უფრო განწმინდეს და განაბრწყინეს ეს ადგილი
ამ მთაზე მოღვაწე მამებმა თავიანთი ღვაწლით, სიტყვითა და საქმით კიდევ უფრო განწმინდეს და განაბრწყინეს ეს ადგილი
სინას მთის ლიტერატურული სკოლა
ძველი საქართველოს სასულიერო მწერლობისა და, საერთოდ, მეცნიერული აზროვნების განვითარებას ემსახურებოდა ქართველთა მიერ საზღვარგარეთ შექმნილი ეკლესია-მონასტრებიც. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია წმინდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, რომელიც მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, სინას ნახევარკუნძულის სამხრეთ სექტორში.

სინას მთა, როგორც მიუვალი კუთხე, შედარებით მოსვენებული იყო მტრების შემოსევებისაგან, ამიტომ აქ უფრო ინტენსიურად გაჩაღდა ლიტერატურული საქმიანობა. სინას მთაზე დაცული და შემონახულია თარიღიანი თუ უთარიღო ძველი ქართული ხელნაწერები.

XI საუკუნეში დავით აღმაშენებელმა სინას მთაზე (ქორების მთაზე) ააგო ახალი ეკლესია და სენაკები ქართველ მოღვაწეთათვის, შემდგომში თამარ მეფეც უგზავნიდა უხვ შეწირულობას აქაურ ქართველებსა და მათ სავანეებს. ქართველ მეფეთა მფარველობის მეოხებით, სინას მთის სავანე კიდევ დიდხანს აგრძელებდა სამონასტრო ცხოვრებასა და ლიტერატურულ საქმიანობას, მაგრამ XV საუკუნიდან აქ უკვე საგრძნობლად შენელდა ყოველგვარი მოღვაწეობა, XVII საუკუნეში კი ქართველებმა მთლიანად მიატოვეს იქაურობა, რადგან საქართველოსა და აღმოსავლეთშიც ოსმალთა მხრიდან ისეთი პოლიტიკური სიტუაცია დამყარდა, რომ ქართული სავანის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

***
სინას მთაზე აღმოჩენილ და ჩვენამდე მოღწეულ ქართულ ხელნაწერთა შორის ყველაზე ადრეულია ქართული ენისა და მწერლობის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი სინური მრავალთავი. იგი 864 წელს გადაუწერიათ იერუსალიმში, საბაწმინდის ლავრაში. ხელნაწერი ამჟამად დაცულია სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში. სინური მრავალთავი გამოიცა 1959 წელს ა. შანიძის რედაქციითა და ვრცელი გამოკვლევით. ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ, ზ. ჭუმბურიძემ, ლ. ბარამიძემ.

სინურ მრავალთავში შესულია III-V საუკუნეების დიდი საეკლესიო მოღვაწეებისა და მწერლების თხზულებანი. სამწუხაროდ, ხელნაწერი ჩვენამდე ნაკლული სახით არის მოღწეული: დღეს იგი 275 ფურცელს ითვლის. ა. შანიძის ვარაუდით, ხელნაწერს აკლია 79 ფურცელი, თითქმის ერთი მესამედი.

ხელნაწერს ახლავს ვრცელი და უაღრესად საინტერესო ანდერძი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ხელნაწერის შექმნის ინიციატორია მაკარი ლეთეთელი.

მაკარი ლეთეთელის შესახებ ცნობილია, რომ იგი არის მე-9 საუკუნის ქართველი მწიგნობარი გიორგი გრძელისძე. წარმოშობით ქართლიდან უნდა ყოფილიყო, სოფ. ლეთეთიდან, რომელიც მე-17 საუკუნის ისტორიულ საბუთებში იხსენიება. სავარაუდოა, რომ მაკარი იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის, ეფრემის ნათესავი და გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბას ლავრაში. გიორგი მერჩულეს ცნობით, იგი, "კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა", შორეულ პალესტინაში მოღვაწეობის ჟამსაც არ წყვეტდა კავშირს თავის განსწავლულ მოძღვართან. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მთლიანადაა მოტანილი იმ წერილის ტექსტი, რომელიც მაკარისა ("მაკარი უძლურს") და ვინმე არსენის გამოუგზავნიათ პალესტინიდან თავიანთი მოძღვრის, გრიგოლისათვის.

მაკარი ლეთეთელი პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის, სინური მრავალთავის შექმნის ინიციატორი და, ალბათ, მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო პიმენ კახსა და ამონასთან ერთად. მაკარის ხელნაწერი გადაწერისთანავე შეუწირავს სინას მთისათვის; ამიტომ ეწოდა კრებულს "სინური მრავალთავი". თუმცა, გადაწერის ადგილის მიხედვით, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, საბაწმინდური გვეწოდებინა. ტექსტის ის ნაწილი, რომლის გადამწერადაც ივარაუდება მაკარი ლეთეთელი, მარტივად და უსამკაულოდ არის შესრულებული. ტექსტი განაწილებულია ორ სვეტად, ნაწერი ფართო და მკაფიოა, დაწერილია თანაბარი მრგლოვანი ასოებით.

***
ხელნაწერის გადამწერად დასახელებულია ამონა, ვახტანგ მოძარღულის ძე. როგორც ა. შანიძე ვარაუდობს, ეს ხელნაწერი სამი (შესაძლოა, ხუთი) პირის მიერ უნდა იყოს გადაწერილი. ერთ-ერთი გადამწერი, რომელსაც წიგნის უმეტესი ნაწილი გადაუწერია, თვით მაკარი ლეთეთელი ჩანს. ხელნაწერის დამზადებაში მაკარის და მის თანამშრომლებს დახმარებია პიმენ კახიც.

ხელნაწერის ბოლო სამი გვერდი დაუწერელი ყოფილა. 981 წელს იოანე-ზოსიმეს ძეგლი მესამედ შეუმოსავს და ამის შესახებ ხელნაწერის ერთ დაუწერელ გვერდზე შესაბამისი ცნობა მოუთავსებია. ხელნაწერის შემდეგ გვერდზე იოანე-ზოსიმეს ჩაუწერია ქართული ენის საგალობელი "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი". სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში მოღვაწე მე-10 საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფის, მწიგნობრის, რედაქტორისა და გადამწერის - იოანე-ზოსიმეს სახელი საბაწმინდელ-სინელ მოღვაწეებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია.

ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ მეტად მწირია. ჩვენ მხოლოდ მისი ლიტერატურული შემოქმედების შესახებ ვიცით შედარებით დაწვრილებით, რადგან ეს მის მიერ გადაწერილი ხელნაწერების ანდერძებში მრავალგზისაა აღბეჭდილი ქრონოლოგიური ცნობებთან ერთად. იოანე-ზოსიმეს მიერ მრავალი ხელნაწერი გადაიწერა, შეიქმნა, შეიმოსა და განახლდა ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო შემდეგ სინას მთაზე. საბაწმინდაში იოანე-ზოსიმე, როგორც ჩანს, მოღვაწეობდა X ს-ის 40-60-იან წლებში, ხოლო აქ არაბთა მოძალების შედეგად, როდესაც საბაწმინდის საძმო დაიფანტა პალესტინის და მახლობელი აღმოსავლეთის სხვადასხვა მონასტრებში, იოანე-ზოსიმეც, ქართველ ბერებთან ერთად, გადასულა სინას მთაზე. აქ წმინდა ეკატერინეს მონასტერში ქართველებს თავიანთი პატარა კერა – მცირე ეკლესია და საცხოვრებელი სენაკები გაუჩენიათ. დადგენილია, რომ ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, რომელზეც იოანე-ზოსიმემ სინას მთაზე იმუშავა – შემოსა, ე.ი. ყდაში ჩასვა 973 წელს, არის სინა-35 – ლიტურგიკული კრებული. ხოლო ყველაზე გვიანდელი ხელნაწერია სინა-93, გადაწერილი და შემოსილი მის მიერ 986 წელს.

იოანე-ზოსიმეს ლიტერატურულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია შემდეგი – იგი იმ საეკლესიო მოღვაწეთა უკანასკნელი თაობის წარმომადგენელია, რომლებიც ღმრთისმსახურების ანუ ლიტურგიის წინაბიზანტიურ ანუ იერუსალიმურ წესს აღასრულებდნენ.

როგორც ცნობილია, X ს-ის მეორე ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და იგი ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზას დაადგა, ქვეყანა როგორც პოლიტიკურად, ისე სულიერი ცხოვრების სფეროში კონსტანტინოპოლურ ანუ ბიზანტიურ ორიენტაციაზე გადავიდა. ასე მოხდა ეს ღმრთისმსახურებაშიც – საქართველოს ეკლესია დაადგა კონსტანტინოპოლის საღმრთისმსახურო წესს. იოანე-ზოსიმე თავისი საქმიანობით აღმოჩნდა ღმრთისმსახურების ძველსა და ახალ წესს შუა, ამიტომაც მის მიერ შედგენილი კრებულები გამოირჩევა ერთდროულად სიახლით და სიძველით. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული სინა-34. ხელნაწერის ანდერძის მიხედვით ამ კრებულის შედგენა იოანე-ზოსიმეს 965 წელს დაუსრულებია, თუმცა გარკვეული შენიშვნები, განმარტებები და მასალები მასში მას შეუტანია სინას მთაზე მოღვაწეობის გაგრძელების პერიოდში. ეს კრებული მრავალმხრივ გამორჩეულია და საინტერესო თავგადასავლის მქონეა. მისი სხვადასხვა ნაწილი ინახება სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში, პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში და ლაიფციგის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექციაში. იოანე-ზოსიმე გარდა ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიკული კრებულების შედგენისა, ავტორია მთელი რიგი ორიგინალური ან კომპილაციების გზით აგებული ორიგინალური თხზულებებისა. მათ შორის აღსანიშნავია პასკალური შინაარსის ვრცელი ნაშრომი "ცნობისათვის და უწყებისა, ჭეშმარიტად, რომელი მოგუეთხრა ჩუენ მოძღუართა მიერ, განსაზღვრული გამოძიებისათვის ჟამთა და წელთა". იგი მოთავსებულია ორ ხელნაწერში – სინა-34 და სინა-38. ამ ნაშრომში განმარტებულია ქართული და ბიზანტიური ტრადიციები სხვადასხვა კალენდარული გამოთვლებისა და წარმოდგენილია 532-წლიანი ციკლის მეცამეტე მოქცევის ანუ 791-1312 წლების ტაბულა. აქ სხვადასხვა ქრონოლოგიური სისტემებია. მათ შორის იოანე-ზოსიმე ცალკე გამოყოფს ე.წ. "ქართველთა სათვალავს". იოანე-ზოსიმეს შედგენილი მეორე ნაშრომია კომპილაციური ხასიათის თხზულება "კრებაი თთუეთაი წელიწადისათაი". იგი პალესტინური ტრადიციის საეკლესიო დანიშნულების ვრცელი კალენდარია.

ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში იოანე-ზოსიმე მოხსენიებულია როგორც ტექსტის დამდგენელი, რედაქტორი, მომგებელი, შემმოსველი, რაც ერთიანად სიტყვა "მჩხრეკელითაა" აღნიშნული. ითვლება, რომ იგი ამ ანდერძებში არსად არაა დასახელებული ავტორად ან მთარგმნელად. ეს უთუოდ მისი ქრისტიანული თავმდაბლობის გამოხატულებაა. იგი, ცხადია, ორიგინალური შემოქმედი იყო და ამისი მაჩვენებელია შესანიშნავი ნაწარმოები "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომელიც მას ოთხჯერ გადაუწერია, სამჯერ ნუსხურით და ერთხელ ასომთავრულით. თითოეულ ამ გადანაწერში, მართალია, მცირეოდენი, მაგრამ მაინც რედაქციული მუშაობის კვალი ჩანს, რაც, ცხადია, მისი გადამწერის ავტორობითაა განპირობებული. ეს თხზულება ქართული ენის ჰიმნია, თავისი დანიშნულებით იგი ტროპარია, თუმცა არა ლიტურგიკაში გამოყენებული. როგორც ჩანს, მას პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერები ცალკე გალობდნენ თავისი სამშობლოს გასახსენებელ-მოსაგონებლად. X ს-ის 80-იანი წლების ბოლოდან იოანე-ზოსიმეს კვალი სინურ ხელნაწერებში არ ჩანს. ცხოვრების ბოლოს იგი დაბრმავებულა და ხელნაწერთა ყდებში ჩასმით ან რესტავრაცია-განახლებით ყოფილა დაკავებული. ითვლება, რომ იოანე-ზოსიმე გარდაიცვალა X ს-ის 90-იან წლებში.

სინას მთაზე მოღვაწე სხვა ქართველ ლიტერატორთა შორის აღსანიშნავია მე-10 საუკუნის პირველი ნახევრის საეკლესიო მოღვაწის, ჰიმნოგრაფის - იოანე მინჩხის სახელი. იოანე მინჩხი წარმოშობით დასავლეთ საქართველოდან იყო, რაზეც მიუთითებს მისი ზედწოდება მინჩხი. იოანე მინჩხის საგალობლების შემცველი ნუსხები სინას მთის ქართულ ხელნაწერებში აღმოჩნდა. მათ მიაკვლიეს 1902 წელს სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში. სამეცნიერო მივლინებაში მყოფმა ნიკო მარმა და ივანე ჯავახიშვილმა იქ დაცულ ქართულ ხელნაწერთა აღწერისას პირველად აღმოაჩინეს ქართველი ჰიმნოგრაფის, იოანე მინჩხის სახელი. ქართული საზოგადოებისათვის იოანე მინჩხის შემოქმედება ცნობილი გახდა ნიკო მარის ანგარიშიდან სინაზე მოგზაურობის შესახებ. შემდგომში მინჩხის 4 საგალობელი აღმოჩნდა მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (იადგარი) და 77 საგალობელი - სპეციალურად დიდმარხვისათვის შედგენილ საგალობელთა კრებულში (მარხვანი), რომელიც დაცულია პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში (გეორგიკა 5).

მინჩხის საგალობლებისა და მათი შემცველი ხელნაწერების შესწავლამ მეცნიერებს საშუალება მისცა ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გაეკეთებინათ: 1. იოანე მინჩხი პირველი ქართველი ავტორია, რომელმაც ცალკე კრებულად ჩამოაყალიბა ქართული "მარხვანი", ანუ დიდმარხვისათვის შექმნილი ჰიმნები გამოყო იადგარებიდან, რომლებშიც მთელი ლიტურგიკული წლის ჰიმნოგრაფიული მასალა ერთად იყო გაწყობილი. ასეთი სამუშაოს შესრულება მოითხოვდა უდიდეს განსწავლულობას ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიაში. ასეთი კრებულები ბიზანტიაში IX-X საუკუნეებში გაჩნდა და მოასწავებდა ახალ ეტაპს ღვთისმსახურების განვითარებაში. იოანე მინჩხის ამ სფეროში მოღვაწეობამ კი მთელი ერა შექმნა ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიაში - ბიზანტიური ტიპის მარხვანს მინჩხმა შემატა ორიგინალური ქართული ფენა. ქართული მარხვანების ყოველ შემდგომ რედაქციას საფუძვლად მინჩხისეული მოდელი დაედო; 2. იოანე მინჩხის ორიგინალური საგალობლები პოეტური საზომების, რიტმული თავისებურებების, ხმიანობის, ტროპარებში მარცვალთაAრაოდენობის და სხვ. საფუძველზე გამიზნულად გაქართულების შემთხვევად არის მიჩნეული. იგი ორიგინალურ ხელწერას ტოვებს ჰიმნოგრაფიის მკაცრად ტრადიციულ, დაკანონებულ სფეროში. კორნელი კეკელიძე იოანე მინჩხს აკუთვნებს იმ ქართველ ჰიმნოგრაფებს, რომელთაც მიზნად დაისახეს ღვთისმსახურების ნაციონალიზაცია. მინჩხის საგალობლებსს ახასიათებენ, როგორც "თეოლოგიური ლირიზმის" უფაქიზეს ნიმუშებს. მისი პოეტური სამყარო: საგალობელთა ენა, მხატვრული სახეები, მოტივები, განწყობილებები ჰიმნოგრაფიისათვის უჩვეულო ინდივიდუალობითაა აღბეჭდილი.

იოანე მინჩხის პოეზიამ დიდი გავლენა მოახდინა შემდეგდროინდელი ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაზე. მან დაამკვიდრა ჰიმნოგრაფიულ კანონში სტროფულ-ტაეპობრივი, ბერძნულისაგან განსხვავებული მეტრული საზომი, რომელსაც ძველადვე "მინჩხურს" უწოდებდნენ.

სინას მთაზე მოღვაწეობდა აგრეთვე იოანე კუმურდოელი, კუმურდოს ეპისკოპოსი მე-10 საუკუნეში. მისი თაოსნობით აშენდა კუმურდოს დიდი საკათედრო ტაძარი. იოანე კუმურდოელი მოხსენიებულია ტაძრის 964-967 სამშენებლო წარწერაში. შემდეგ იგი გადავიდა სინას მთის ქართველთა მონასტერში, სადაც თავისი ხარჯით და თაოსნობით გადააწერინა არაერთი ხელნაწერი (სვიმეონ სალოსის ცხოვრება, იადგარი გამოკრებილი და სხვა).

ასე რომ, სინას მთა განსაკუთრებული ადგილი იყო არა მხოლოდ საკუთრივ რწმენის განმტკიცებისა და სულიერი აღმავლობისათვის, არამედ ინტენსიური ლიტერატურული საქმიანობის გაჩაღებისათვის. აქ მიეცა მოსეს უფლის ხელით დაწერილი ათი მცნება, რომელიც დღემდე ყველა ადამიანისთვის (განურჩევლად რელიგიისა) წარმოადგენს ზნეობრივი კანონების ძირითად საფუძველს. ამ მთაზე მოღვაწე მამებმა თავიანთი ღვაწლით, სიტყვითა და საქმით კიდევ უფრო განწმინდეს და განაბრწყინეს ეს ადგილი. ისინი ისეთსავე სიახლოვეს განიცდიდნენ უფალთან, როგორიც განიცადა მოსემ საუკუნეების მიღმა. თავიანთი ცხოვრებითა და ლიტერატურული საქმიანობით ამ მთაზე მოღვაწე მამებმა ქრისტიანებს უჩვენეს უფლისკენ სავალი გზა და მარადისობის განცდას აზიარეს.
ბეჭდვა
1კ1