კენიის მართლმადიდებელი ეკლესია
კენიის მართლმადიდებელი ეკლესია
კენიის დედაქალაქ ნაირობში პირველად მოხვედრილზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ეკლესიებისა და რელიგიური ორგანიზაციების ფირნიშების სიუხვე. ვინ აღარ არიან აქ: კათოლიკეები და ლუთერანები, ანგლიკანები და ბაპტისტები, ადვენტისტები და ორმოცდაათიანელები და, რასაკვირველია, იეღოვას მოწმეები, აგრეთვე უამრავი ეგზოტიკური სექტა, რომელთა სახელიც პირველად გვესმის. ასე გგონია, არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ეკლესია ან რელიგიური მოძრაობა, რომელიც აქ არ იყოს წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, მათ შორის დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობს მრევლის გადასაბირებლად. კენიელები ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დგანან: სხვადასხვა საეკლესიო ორგანიზაციის ფირნიში უფრო მეტია, ვიდრე მაღაზიებისა. საშინელი სიღარიბე, შიმშილობა, უპატრონობა და უსახლკარობა ჩაგრავს კენიელებს, ცხოვრება ძვირია, შემოსავლები კი მიზერული. ამ პირობებში ეკლესიის არჩევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს მისიის ფინანსური ძლიერება. აფრიკელთა დიდი ნაწილი მიდის იმ ეკლესიაში, სადაც შეუძლიათ მიიღონ მატერიალური დახმარება, ვინც გახსნის ჰოსპიტლებს, სკოლებს, საბავშვო სახლებს.

მრევლის რაოდენობის მიხედვით, რა თქმა უნდა, კათოლიკური ეკლესია ლიდერობს, რადგან მოსახლეობის სოციალურ დახმარებაში ყველაზე დიდ სახსრებს აბანდებს.

ბევრი აფრიკელი ჭეშმარიტების გულწრფელმა ძიებამ მართლმადიდებლობაში მიიყვანა. მართლმადიდებლობა კენიაში XX საუკუნის დასაწყისში ბერძენმა ემიგრანტებმა შეიტანეს. დროდადრო ალექსანდრიის საპატრიარქო მათ უგზავნიდა მღვდლებს, მაგრამ იმ დროისთვის მართლმადიდებლობა, პრაქტიკულად, ბერძნულ თემს არ გასცილებია და მისია, როგორც ასეთი, არ არსებობდა.

მხოლოდ 40-იან წლებში შეიცვალა ვითარება, როდესაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მართლმადიდებლობა მიიღეს. 1946 წელს, ალექსანდრიის პატრიარქის ქრისტეფორეს (1939-1967) დროს, დაფუძნდა ირინოპოლის სამიტროპოლიტო, რომელმაც მოიცვა ტანზანია, კენია და უგანდა. ირინოპოლის კათედრა იმყოფებოდა დარ-ეს-სალამში, ტანზანიის დედაქალაქში. დარ-ეს-სალამის ეპარქიის შემდგომი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული კვიპროსის არქიეპისკოპოსის და პირველი პრეზიდენტის მაკარიოს
III-ის (1950-1977) სახელთან. 1956 წელს, კვიპროსელების კოლონიალიზმის წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობისთვის იგი დიდი ბრიტანეთის კოლონიურმა ხელისუფლებამ სეიშელის კუნძულებზე გადაასახლა. ამავე დროს, ბრიტანეთის კოლონიური ბატონობის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძოდა სეიშელის კუნძულების მეზობელი კენია. მისი მომავალი პირველი პრეზიდენტი მზეე იომო კენიატა (1964-1974) გარკვეული დროის მანძილზე, ისევე როგორც მაკარიოსი, ბრიტანულ გადასახლებაში იმყოფებოდა. კენიის მონახულებისას კვიპროსის არქიეპისკოპოსმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გამათავისუფლებელ ბრძოლას, რაც შემდგომში ორი პრეზიდენტის ახლო მეგობრობის საფუძველი გახდა. 1971 წელს მაკარიოსი ჩავიდა უკვე თავისუფალ კენიაში, პრეზიდენტმა კენიატამ მართლმადიდებელ ეკლესიას რირუტეში, ნაირობის გარეუბანში დიდი მიწის ნაკვეთი შესწირა. კვიპროსის არქიეპისკოპოსის სახსრებით აშენდა სამიტროპოლიტო რეზიდენცია, ხოლო კათედრა დარ-ეს-სალამიდან გადმოიტანეს ნაირობში. იმავე სახსრებით აშენდა ტექნიკური სკოლა, რომელიც შემდგომ ეკლესიამ სახელმწიფოს აჩუქა და მართლმადიდებლური სემინარია, რომელსაც მისი დამფუძნებლის სახელი მიენიჭა. მან დაიწყო ფუნქციონირება 1982 წელს, როდესაც სამიტროპოლიტო კათედრის მმართველის მოვალეობას ასრულებდა ანასტასი (იანულატოსი), ამჟამად ტირანისა და სრულიად ალბანეთის არქიეპისკოპოსი. ამის შემდეგ სამიტროპოლიტო მნიშვნელოვნად განვითარდა: დღეისთვის იგი მოიცავს ორასზე მეტ სამრევლოს, სადაც მსახურებას აღასრულებს ასამდე მღვდელი; ეპარქიის იურისდიქცია სამ სამრევლოს აერთიანებს: კენიას, ტანზანიას და სეიშელის კუნძულებს, მართლმადიდებლების საერთო რაოდენობა 250-300 ათასამდე მერყეობს.

იერარქებს შორის, რომლებიც კენიის კათედრაზე იმყოფებოდნენ, შეიძლება დავასახელოთ ალექსანდრიის აწ გარდაცვლილი პატრიარქი პეტრე VII, რომელიც ერთ დროს აქ ეგზარქოსი იყო, აგრეთვე მიტროპოლიტი ირინეოსი, რომელიც ახლა პოლისიის მიტროპოლიტი და საპატრიარქოს მთავარი მდივანია, 1997 წელს კენიის კათედრა დაიკავა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.

როგორც აღვნიშნეთ, 1982 წლიდან ნაირობში მოქმედებს კვიპროსის არქიეპისკოპოს მაკარიოს III-ის სახელობის სემინარია. მას სრულიად აფრიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სემინარიაში სწავლობენ ბევრი აფრიკული ქვეყნის მომავალი სასულიერო პირები და კატეხიატორები. თავისი არსებობის მანძილზე სასწავლებელმა ორასზე მეტი კურსდამთავრებული გამოუშვა. სხვა სასულიერო სასწავლებლებისგან განსხვავებით, აქაური სტუდენტები სწავლას უთავსებენ კატეხიატორულ მოღვაწეობას. ყოველ კვირას ისინი თავ-თავიანთ სამრევლოებში მიემგზავრებიან, ხალხს უქადაგებენ და ასწავლიან რწმენის საფუძვლებს. ხოლო საღამოობით, ვახშმობისას, ყოველი მათგანი რიგრიგობით დგება და ჰყვება იმის შესახებ, თუ სად და როგორი შედეგებით იქადაგა ღვთის სიტყვა. აი, ერთი მაგალითი: მამა პავლე მოგვითხრობს, თუ როგორ იმოგზაურა ორ სემინარისტთან ერთად და გაიგო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ხუთი ათასია, მზად არის გახდეს მართლმადიდებელი, მხოლოდ საჭიროა მღვდელი და ტაძრის მშენებლობის დამთავრება. ტაძრის გარშემო შეიძლება ახალი თემის სიცოცხლე დაიწყოს. ასეთი შთამბეჭდავი ამბები, რაღაცით მოციქულთა დროსაც რომ მოგვაგონებს, უამრავია. აფრიკელთა სულებისთვის მართლმადიდებლობა ძალიან ახლობელი ხდება. აქაურები სიხარულით იღებენ მართლმადიდებელი მოძღვრების და კატეხიზატორების ქადაგებებს. აფრიკას მართლმადიდებლობის მიღების ყველა წინაპირობა გააჩნია. აი, რამდენიმე მათგანი: მართლმადიდებლობისგან განუყრელია ევქარისტიული ტრაპეზის გარშემო შეკრებილი თემი. ამ თემში მისი წევრები იძენენ ერთ გონებასა და სულს; აფრიკელებს მძაფრად აქვთ განვითარებული თემობრივი გრძნობა. მათი ერთსულოვნება მკაფიოდ და ხატოვნად გამოიხატება სიმღერებსა და ცეკვებში, რომლებიც გასართობი კი არ არის, არამედ ცხოვრებისა და ურთიერთობის საშუალებაა. მართლმადიდებლობა, უპირველესად, გულს და შემდგომ გონებას მოუწოდებს; ესეც ძალიან ახლოსაა აფრიკელებისთვის. მართლმადიდებლობა ღრმად ესთეტიკურია - რაც ამ ხალხს იზიდავს.

მართლმადიდებლობა იზიდავთ აგრეთვე მათ, რომელნიც უკვე კათოლიკე ან პროტესტანტი იყო. აი, ერთი მაგალითი: სემინარიის სტუდენტი, დიაკვანი დიმიტრი ჰყვებოდა, რომ ბავშვობიდან იგი კათოლიკურ ტაძარში დადიოდა, მაგრამ ერთხელ, სკოლაში, ისტორიის სახელმძღვანელოში წაიკითხა 1054 წლის ეკლესიების გაყოფის შესახებ. წიგნში მართლმადიდებლობაზე რამდენიმე სიტყვა ეწერა, კათოლიციზმს კი მთელი თავი ეძღვნებოდა. დიმიტრი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო მართლმადიდებლობის შესახებ. შემდეგ გაიგო, რომ მისი ბიძა, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობდა, მართლმადიდებელი დიაკვანი იყო. მან ბევრი რამ მოუთხრო ძმისშვილს მართლმადიდებლობის შესახებ. მომავალმა მამა დიმიტრიმ, ცნობისმოყვარეობის გამო, გადაწყვიტა მართლმადიდებლურ ტაძარში ევლო. ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას მან მთელი არსებით, სულითა და გულით იგრძნო მართლმადიდებლობის ძალა. არ იცოდა, სად იმყოფებოდა - ცაზე თუ დედამიწაზე. ამის შემდეგ გადაწყვიტა, გამხდარიყო მართლმადიდებელი.

აფრიკელი მართლმადიდებლების დამახასიათებელია ის, რომ თემის ცხოვრებაში ყველას სურს მონაწილეობა. ღვთისმსახურების დროს გუნდთან ერთად გალობს ყველა ტაძარში მყოფი. ლიტურგიის შემდეგაც მორწმუნენი არ იშლებიან, რჩებიან ტაძარში და იწყებენ სხვადასხვა საგალობლის გალობას. ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ. დედები აქვე აწოვებენ ძუძუს შვილებს და შემდეგ ისევ ერთვებიან საერთო გალობაში.

სამრევლო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას წარმოადგენს საკვირაო სკოლები, სადაც ბავშვები და ახალგაზრდობა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სწავლობენ ქრისტიანულ საგალობლებს, ინსცენირებებს, მათთვის ხელმისაწვდომ დონეზე ითვისებენ მართლმადიდებლობასაც.

წელიწადში ერთხელ სამიტროპოლიტო მართავს საკვირაო სკოლების კონკურსს, სადაც უამრავი ნიჭიერი ბავშვი ავლენს ცოდნას.

რა თქმა უნდა, აფრიკულ მართლმადიდებლობაში ყველაფერი რიგზე როდია, არც მართლმადიდებლობის გაგებაა ღრმა, მჟღავნდება ტრადიციული მართლმადიდებლური კულტურის უქონლობა, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს: აფრიკაში, მაგალითად, არ არის არც ერთი მონასტერი.

მიუხედავად ყველაფრისა აფრიკელებს აქვთ მთავარი: სარწმუნოებისადმი მოშურნეობა და ქრისტესა და მისი ეკლესიის სიყვარული, რაც გამოიხატება იმით, რომ მართლმადიდებლობის გავრცელებას და სახარების ქადაგებას თვით აფრიკელები აღასრულებენ. პრაქტიკულად, სამიტროპოლიტოს ყველა მღვდელი და კატეხიატორი ადგილობრივი მცხოვრებია. ისინი ნათლავენ ეკლესიის ახალ წევრებს, ქმნიან თემებს, ასწავლიან თავიანთ შვილებს საკვირაო სკოლებში.

კენიის სამიტროპოლიტო ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედის.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1