მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
 მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
4. გნოზისის წინააღმდეგ ბრძოლა
(მეოთხე ნაწილი)
"პირველქრისტიანული" პერიოდი მეორე საუკუნის დასაწყისში დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამ დროს ქრისტიანები რომის იმპერიის დევნილ უმცირესობას წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ საკუთარი მოწოდების უნივერსალური ბუნება უკვე შეცნობილი ჰქონდათ. სწორედ ამ წლებს გულისხმობს ტერტულიანეს მიერ ქრისტიანების შესახებ გამოთქმული ცნობილი სიტყვები, რომელთა მიხედვითაც ქრისტიანებმა მთელი ქვეყნიერება აღავსეს და დაგვიტოვეს განათლებული ქრისტიანების მიერ იმპერატორისა და საზოგადოებრივი აზრის მისამართით შედგენილი უამრავი ცნობილი "აპოლოგია" - დამცველი სიტყვა. ამ მასალის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ცდილობდნენ, ქრისტიანობის წინააღმდეგ შეთხზული ყალბი ბრალდებები გამოეაშკარავებინათ, საკუთარი რწმენა უმაღლეს ჭეშმარიტებად წარმოედგინათ და ყველა ფილოსოფიურად მოაზროვნე, სამართლიანი ადამიანისთვის მისაწვდომად გადაექციათ. საკმარისია დავასახელოთ თუნდაც წმინდა იუსტინე, პროფესიონალი ფილოსოფოსი, რომელსაც თავისი მანტია არ გაუხდია და რომის ფილოსოფიურ სკოლას გაქრისტიანების შემდეგაც ხელმძღვანელობდა. სწორედ მის "აპოლოგიებსა" და სხვა ნაშრომებში ვხედავთ პირველ მცდელობებს ელინისტური "ინტელიგენციისთვის" ქრისტიანობის ჭეშმარიტი შინაარსის განმარტებისა. მოგვიანებით ამ საქმეში მას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა, მაგრამ საეკლესიო ღვთისმეტყველების პირველ თავს, წმინდა წერილის, წმინდა გადმოცემისა და საეკლესიო გამოცდილების "სისტემატიზების" პირველ მცდელობას მაინც "აპოლოგიები" წარმოადგენს. ამ მასალების გაჩენა კი იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანულ ცხოვრებაში გარდატეხის მომენტი დადგა.

თავდაპირველად ქვეყანა იმპერიის სახით ეკლესიასთან არ კამათობდა, ის უბრალოდ დევნიდა და ცდილობდა გაენადგურებინა იგი. ძლიერნი ამა სოფლისანი ქრისტიანობის შინაარსისადმი სრულ გულგრილობას იჩენდნენ. ეკლესიამ ამ გულგრილობას "მარტირიებით" (საეკლესიო კრებული, რომელშიც ქრისტიანობისთვის წამებულთა ცხოვრებაა გადმოცემული) უპასუხა და ამით ყველაზე ვნებათუქონელი ადამიანებიც კი ჩააფიქრა. მათთვის გაირკვა, რომ თურმე არსებობს ღმერთი, რომლის რწმენისთვისაც ადამიანი მიწიერ კეთილდღეობასა და სიკვდილსაც კი არაფრად მიიჩნევს... ამიერიდან ქრისტიანობამ დაიწყო სააშკარაოზე გამოსვლა. აღმოჩნდა, რომ მას არც უარყოფა, არც დადუმება და არც მოსპობა არ ემუქრება.

ეს ტენდენცია პრაქტიკულად და ნათლად აისახა კელსის "ჭეშმარიტ სიტყვაში", სადაც ის ცდილობდა, ქრისტიანობა მეცნიერული კამათით დაემარცხებინა. კელსი მესამე საუკუნის დასაწყისში წერდა და მისი შემოქმედების ფრაგმენტებმა ჩვენამდე ორიგენეს საპასუხო წერილის მეშვეობით მოაღწია. კელსმა იცოდა, რის შესახებაც საუბრობდა: მას ქრისტიანული წიგნები, ძველი აღთქმა და ეკლესიის დოქტრინაც კი საგანგებოდ ჰქონდა შესწავლილი. ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ ის ცდილობდა, ფილოსოფია, ისტორია, სხვა რელიგიური სწავლებები და ელინიზმის მთელი კულტურული გამოცდილება გამოეყენებინა. მაგრამ მომავლის შიში უკვე თავად მის არგუმენტებში შეიგრძნობა. მისი აზრით: ქრისტიანობა ელინიზმს ამხობს, სამყაროს იმ საფუძვლებს არყევს, რომლებიც ბერძნულ-რომაული ინტელიგენციის უკანასკნელ და უმაღლეს ფასეულებას წარმოადგენს. უარგუმენტოდ დარჩენილი კელსი იძულებული იყო, ქრისტიანობა ბარბაროსობად მოენათლა და ფილოსოფიურ უსუსურობაში, წინააღმდეგობრიობასა და სხვა უძველეს რელიგიურ სკოლებზე დამოკიდებულ აზროვნებაში დაედანაშაულებინა.

მაშინდელი ქრისტიანობის ძალაზე ისიც მეტყველებს, რომ იმ პერიოდში წარმართობის ასაღორძინებლად არაერთი მიზანმიმართული ნაბიჯი გადაიდგა. გაჩნდა "მაცხოვრის" მსგავსი ღმერთის წარმართულ პანთეონში მონახვის არაერთი მცდელობა. იესო ქრისტეს ნაცვლად სურდათ, აპულეუს მადავრიელი, აპოლონია ტიანელი, სიბრძნითა და სასწაულმოქმედებებით სახელგანთქმული სხვა სახელები გაეღმერთებინათ. ქრიტიანობა ჯერ კიდევ დამკვიდრების პროცესში იყო, საბოლოო გამარჯვებამდე მას დიდი მანძილი ჰქონდა გასავლელი, მაგრამ ამ მაგალითებში მაინც ნათლად ჩანს, რომ ქრისტიანობისთვის მხოლოდ სიძულვილით მზერა აღარ იყო საკმარისი.

ეკლესია უკვე განთავისუფლებულია, ერთი მხრივ, იუდეურ-ქრისტიანული სატყუარების ზეგავლენისა და, მეორე მხრივ, გნოსტიკური აზროვნებისგან, რითაც საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ქრისტიანობა არც არაფერს შეერწყმება და არც არსებულ გარემოში დაიკარგება. აღმოჩნდა, რომ სამყაროში ეს არის ყველაზე უფრო მონოლითური და ძლიერი ორგანიზაცია, რომელსაც თავისი ნათლად გამოკვეთილი საზღვრები, "რწმენის ზუსტი წესები", ავტორიტეტები და დისციპლინა აქვს. საკუთარი სასაფლაოებითა და დავრდომილთა თავშესაფრებით ის ფართო საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. აფრიკაში საეკლესიო კრებას 300-მდე ეპისკოპოსი ესწრება, მთელი მცირე აზია ქრისტიანული საზოგადოებებით არის სავსე.

ამავე დროს, ეკლესიას ჯერ კიდევ დიდი პრობლემები ელის. იგრძნობა, რომ მესამე საუკუნე იმპერიასთან დაუნდობელი ბრძოლის უკანასკნელი პერიოდია, მოწინააღმდეგე სუსტდება და მძლეველი კონტურები სულ უფრო თვალნათლივი და დამაჯერებელი ხდება.

ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორია და აუცილებელია იმ შინაგან სირთულეებზე შევჩერდეთ, რაც ამ წარმატებების ჩრდილოვან სახეს შეადგენს: ახლა საბოლოო გამარჯვებისთვის მათი გადალახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიღწეულ წარმატებებზე ფიქრი.

მორწმუნეთა რაოდენობრივ ზრდასთან ერთად ნაწილობრივ იცვლება ეკლესიური საზოგადოების "განწყობა". შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს სულიერების ერთგვარი დაცემა, იმ რწმენის განელება, რომლითაც თავისი "ჩვილობის" ჟამს ბრწყინავდა ეკლესია. რა თქმა უნდა, ცოდვიანობისა და დაცემის შემთხვევები ეკლესიას იმთავითვე არ აკლდა, - მათ შესახებ მოციქულები და ეკლესიის მასწავლებლები პირველივე წლებში საუბრობენ, - მაგრამ ახლა ქრისტიანულ აზროვნებაში, გარდაქმნის ბუნების შესაბამისად, ცოდვის შეფასების კრიტერიუმებიც იცვლება. პირველი ქრისტიანებისთვის ეკლესია - წმინდანთა საზოგადოებაა, სიწმინდე - მისი ცხოვრების წესი და ნორმაა. ნათლობის თეთრი სამოსით შემოსილი ქრისტიანი ვალდებულია, ეს სამოსი სიცოცხლის ბოლომდე შეუბილწავად ატაროს; მაშინ ყოველგვარი ცოდვა უდიდესი განცდების საფუძველი და მტკივნეული წინააღმდეგობების საგანი იყო. "იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას" (1 კორ. 6:15), - ბრძანებს პავლე მოციქული. ასეთ შეხსენებებს ეფუძნება მისი ყოველი სწავლება თუ მოწოდება: თქვენ უკვე განწმენდილი ხართ, თქვენ უკვე ხსნილი ხართ, თქვენ უკვე ახალი ცხოვრება მიიღეთ - იცხოვრეთ ამ პატივის შესაბამისად. ქრისტიანი წმინდა უნდა იყოს, რადგან ის სულიწმინდის მადლით არის განწმენდილი. ქრისტიანები წმინდა უნდა იყვნენ, რადგან ისინი ქრისტეში არიან გაერთიანებულნი. ცოდვას ეკლესიაში ადგილი არ აქვს, რადგან ეკლესია წმინდანთა საზოგადოებაა, ეს არის ახალი, განწმენდილი, ღმერთთან შეკავშირებულ ადამიანთა გვარეულობა. "ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას" (1 იოან. 5:18), - ბრძანებს იოანე მოციქული. მაგრამ, მეორე მხრივ, განწმენდილობა არ ნიშნავს უცოდველობას: უცოდველი მხოლოდ ღმერთია. განწმენდილი და წმინდანი ის ადამიანია, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ მთლიანად: სხეულით, სულითა და მთელი ცხოვრებით - ქრისტეს ეკუთვნის; ვისაც ესმის, რომ მაცხოვარმა ცოდვისგან დიდი "სასყიდლით" გამოგვისყიდა და ჩვენში ის უნდა მოქმედებდეს, რაც იესო ქრისტესგან მივიღეთ... ამრიგად, ცოდვა შეუფერებელია წმინდანისთვის. ასეთია პირველქრისტიანთა ჩვენგან დიდად განსხვავებული თვითშემეცნება, რადგან დღეს, თანამედროვე ადამიანებში, სიწმინდე გამონაკლისს და უკიდურესობას ნიშნავს. შემცოდემ უნდა მოინანიოს, მაგრამ თავად აღსარება იმის გამოა შესაძლებელი, რომ ამ გზით ადამიანი უკვე მიღებული ღვთის მადლით აღვსილ ცხოვრებას დაუბრუნდება. ადრეულ ეკლესიაში ქრისტიანის ცხოვრება სიწმინდით ფასობს და ეკლესიურობა მხოლოდ სიწმინდით იზომება.

დაახლოებით მეორე საუკუნის შუა წლებში უკვე ისეთ ელემენტებს ვხედავთ, რომლებიც თვალში საცემია თავისი სიახლით. აქ ეკლესიის ერთიანობასა და სიწმინდესთან ერთად ქრისტიანთა პიროვნულ და ეკლესიურ ცხოვრებაში არსებული ცოდვების შესახებაც გაისმის ხმები. ეს მოტივები ნათლად იკვეთება მე-2 საუკუნის რომაულ წყაროში, რომელიც "მწყემსი" ერმის სახელწოდებითაა ცნობილი და ეპისკოპოსის ან პრესვიტერის მიერ კი არა, ჩვეულებრივი საერო პირის, ანუ ეკლესიის რიგითი წევრის მიერ დაიწერა. ამ ნაწარმოებში ავტორი ალეგორიულ ფორმას მიმართავს და ეკლესიის წევრთა ცოდვიანობის საკითხს მთელი კატეგორიულობით წარმოგვიდგენს. ის კითხულობს: თუ ნათლობა ახალ, უცოდველ ადამიანს ბადებს და ამ ადამიანს ცოდვის მონობისგან ათავისუფლებს, რატომ არის შესაძლებელი, რომ ცოდვა კვლავ ძალას იკრებდეს? რით უნდა ავხსნათ ქრისტიანებში ცოდვის მყოფობა? "უფალო, მსმენია - ზოგიერთი მოძღვარი ქადაგებს და გვასწავლის, რომ არ არსებობს ჭეშმარიტი აღსარება, გარდა იმისა, რაც ჩვენ აღვასრულეთ. წყალში დაფლულებს, სრულად შეგვენდო ძველი ცოდვები. უფალმა მიპასუხა: ჭეშმარიტება გსმენია, მართლაც ასეა. და ვინც იქნა შეწყალებული, არ უნდა სცოდოს, უბიწოებაში უნდა იცხოვროს..." მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სხვაგვარად ხდება, ცოდვა არსებობს და განწმენდილებშიც ცხოვრობს, ბოგინობს. ღვთის სახელით ერმი განაგრძობს: "მაგრამ მე გეტყვი: ვინც დაივიწყებს ამ საზეიმო ღვთიურ მოხმობას და ეშმაკის მაცდურებას დაემონება, სცოდავს უცილოდ, რადგან მას მხოლოდ ერთი აღსარება აქვს. მრავალჯერად აღსარებაში თუ ელის ნაყოფს, მისი ცხონება შერყეულია".

ოდნავ მოგვიანებით ამგვარი "მეორედ აღსარების" შესახებ მეორე საუკუნის დასასრულისა და მესამე საუკუნის დასაწყისის აფრიკელი მასწავლებელი ტერტულიანე წერს: "უფალი მეორედ აღსარების კარებზე ერთხელ, მხოლოდ ერთხელ აკაკუნებს". რა შინაარსი დევს ამ ნააზრევში? საქმე ისაა, რომ ასეთ შემთხვევაში, - განაგრძობს ტერტულიანე, - "ღვთის და მაცხოვრის მოწოდება, მუხლის მოდრეკა მოძღვრის წინაშე, ძმების წინაშე მუხლებზე დგომა, თხოვნა, ილოცოს ყველამ ერთისთვის, დღედაღამ გვმართებს... განა ეს სამარცხვინოა? განა შეიძლება ეკლესიაში დაცინვა და სიძულვილი გვაშინებდეს? განა ერთი წევრის ტანჯვა, წამება საერთო ჭირად არ გადაიქცევა? ეკლესია ხომ ყოველ მის წევრშია და ეკლესია თვითონ იესო ქრისტეა"...

მაინც რა არის ეს "მეორედ აღსარება"? ზოგიერთი ისტორიკოსი აქ ეკლესიურ აზროვნებაში ისეთ რევოლუციურ გადატრიალებას ხედავს, რის შედეგადაც "გადარჩენილნი" "გადასარჩენად განმზადებულნი" ხდებიან. მაგრამ საკითხის ასე დაყენება განხილვის საგანს მხოლოდ ზედაპირულად თუ შეეხება. ეკლესიის განწმენდილობა არათუ არ გამორიცხავს, თვისთავად გულისხმობს კიდეც საკუთარი არასრულყოფილების, ცოდვიანობის შეგრძნებასა და მუდმივ აღსარებით მდგომარეობას. ასევეა ამ შემთხვევაში. სულიერების დონის "დაქვეითებაზე" მინიშნება არ ნიშნავს ეკლესიის ანუ განწმენდილთა საზოგადოების იდეალებისა და მიზნების შეცვლას. ცხოვრებისეული გამოცდილება და ისტორიული პროცესი წყლითა და სულით აღორძინებულ "ახალ" ადამიანშიც თანდათან ააშკარავებს "ძველ" და ცოდვიან ძალას, რომელიც ყოველ პიროვნებაშია დაბუდებული. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეკლესია "მცირე სამწყსოს" აღარ წარმოადგენს, პირველი ათწლეულების აღმაფრენა და სიმძაფრე ნელ-ნელა ადგილს სინამდვილის საღ და გააზრებულ შეფასებას უთმობს. ახალგაზრდა ეკლესია თავის დროზე განკვეთდა და იშორებდა ყველას, ვინც "ახალ ცხოვრებას" რამენაირად განუდგებოდა და მადლს მოსწყდებოდა, "რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც ციური ნიჭი იგემეს და ეზიარნენ სულიწმინდას, შეიტკბეს ღვთის კეთილი სიტყვა და მომავალი საუკუნის ძალნი, მაგრამ მაინც დაეცნენ, - დიახ, შეუძლებელია, რომ ისინი კვლავ განახლდნენ სინანულისთვის, ვინაიდან კვლავინდებურად ჯვარს აცვამენ ძეს ღვთისას და გმობენ" (ებრ. 6:4-6). მაგრამ თვით ეს განკვეთა განდევნილის საბოლოო გადარჩენას ისახავდა მიზნად: "რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს" (1 კორ. 5:5). ეკლესია განკითხვისთვის კი არა, ბოლო ჟამამდე ხსნისთვის მოევლინა კაცობრიობას. და აი, ახლა მას "მეორედ აღსარება" შემოაქვს. ჩნდება განკვეთილის ეკლესიაში დაბრუნების, მასში ნათლობის ძალის აღდგენის შესაძლებლობა. ეკლესია თავიდანვე გადარჩენილი ცოდვილების საზოგადოება იყო - სწორედ ამ სიტყვების წინააღმდეგობრივ შინაარსში უნდა ვეძებოთ იმ "ვარიაციების" მოქმედების მიზეზი, რომლებიც ეკლესიურ ცხოვრებაში გაჩნდა. ცოდვილებს მიეცათ განწმენდის საშუალება, მაგრამ ეს "განწმენდა" მაგიური პროცესი არ იყო, ეს იყო თავისუფალი ნების გამოხატვის, ბრძოლისა და თვითგანვითარების საშუალება.

თუ პირველ ათწლეულებში ქრისტიანები "ახალი" ცხოვრების სიკეთით არიან შეპყრობილნი, დროთა განმავლობაში მათ არ შეეძლოთ არ შეეგრძნოთ ბრძოლის ის მასშტაბი, რომლისკენაც ისინი ამ ახალ ცხოვრებას მიჰყავდა. ეკლესიაში არ არის ცოდვის ადგილი, მაგრამ ცოდვა შემცოდეთათვის რეალობაა. შესაბამისად, "აღმსარებლური დისციპლინის" განვითარება, ანუ კატეგორიული მოთხოვნების შესუსტება - არც ეკლესიის დაცემაა და არც მისი ჭეშმარიტი იდეალების უარყოფა; ეს არის მისი ნამდვილი მსახურება და დანიშნულების განხორციელება, რასაც სხვაგვარად ადამიანის განახლება და ცხონება ჰქვია.

ეკლესიის ამ "რეალიზმს" ბევრმა ვერ გაუძლო, ბევრი ვერ შეეგუა მის შეჭრას ადამიანური ისტორიის ნამდვილ სიღრმეში; ბევრს ეს ღალატადაც კი მოეჩვენა. ასეთ განწყობას გამოხატავს მონტანიზმი - მწვალებლობა, რომელიც მეორე საუკუნის სამოცდაათიან წლებში თითქმის მთელ ეკლესიას მოედო.

ახალი ერესის სამშობლო უძველესი დროიდან რელიგიური ფანატიზმებით ცნობილი ფრიგია იყო. დაახლოებით 150 წელს ახალმოქცეული ქრისტიანი, ვინმე მონტანი (მონტანუსი), ორ ქალბატონთან პრისკილასა და მაქსიმილიასთან ერთად იწყებს იესო ქრისტეს მიერ სახარებაში შეპირებული სულიწმინდის მობრძანების შესახებ ქაროზს. ისინი ქადაგებენ, რომ მეორე, ანუ ძე ღმერთის აღთქმა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ განხორციელებულა. მათი სწავლების მიხედვით, ნამდვილი ხსნა მხოლოდ ბოლო გამოცხადების - სულიწმინდის მობრძანების შემდეგ უნდა აღსრულდეს. "ახალ წინასწარმეტყველებას" ღმერთი მონტანისა და ორი წინასწარმთქმელი ქალის საშუალებით აუწყებს კაცობრიობას. რადგან, მათი თქმით, მოახლოებულია სამყაროს აღსასრული, ისინი ქორწინებაზე უარის თქმას მოითხოვენ და მარტვილობისკენ ლტოლვას ქადაგებენ. ფაქტობრივად, ეს ბნელი "ესქატოლოგიური" აფეთქებაა; ბოლო ჟამის დადგომის უკანასკნელი და უკიდურესი გამოხატულებაა იმ მოლოდინისა, რომლითაც პირველი თაობის ქრისტიანები იყვნენ შეპყრობილნი. მაგრამ, ამავე დროს, ეს უკვე ეკლესიის "ისტორიულობის" წინააღმდეგ აღძრული პროტესტია.

ამას მალე მიხვდნენ მცირეაზიელი ეპისკოპოსები და მთელ რიგ საეკლესიო კრებებზე მონტანიზმი დასაწყისშივე დაგმეს. ამავე დროს, საინტერესოა, რომ თავის სამშობლოში უარყოფილი მონტანიზმი დიდი აღფრთოვანებით მიიღეს დასავლეთში - რომში, გალიასა და აფრიკაში. მომდევნო წლებში საჭირო გახდა დიდი ძალისხმევა, რათა ამ "სექტანტური" მოძრაობის არსი გამოაშკარავებულიყო. ამ მოძრაობას თავად ირინეოს ლიონელიც კი დიდხანს იცავდა გაკიცხვისგან. ყველაზე ცნობილი პიროვნება, რომელიც "ახალი წინასწარმეტყველების" რელიგიამ შეიპყრო, ენერგიული და განსწავლული აფრიკელი ტერტულიანე იყო. ის სამუდამოდ დარჩა ამ პირველქრისტიანობის "სწავლების" "ეპონიმად"; როდესაც ადრეული ეკლესიის შესახებ საუბრობენ, არავის არ ციტირებენ ისე ხშირად, როგორც ტერტულიანეს. ის იყო ერთ-ერთი უძველესი დასავლელი ღვთისმეტყველი, მასწავლებელი, აპოლოგეტი. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა ეკლესიის ცხოვრებაზე და აი, ბოლოს ასეთმა საცდურმა წარიტაცა, ისევე როგორც ბევრი სხვა. მან ვერ გაუძლო დროს და ამ დროში ეკლესიის განვითარებას. თავის ბოლო ნაშრომებში ის უარყოფს ეკლესიაში აღსარებით დაბრუნებასა და პატიებას, ანუ იმას, რასაც ადრე ქადაგებდა. მიიჩნევს, რომ ეკლესიას შეუძლია პატიება, მაგრამ ეკლესიაში ეს არ უნდა განხორციელდეს. ეკლესია, რომელიც ცოდვას დაიტევს, ნამდვილი არ არის და ბოლო დასაყრდენი ვერ იქნება. ამრიგად, ტერტულიანე ეკლესიიდან მესამე აღთქმაში წავიდა, რათა სიცოცხლის ბოლო წლები მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაეთმო.

ტერტულიანეს მაგალითით ყველაზე უკეთ გამოჩნდა მონტანიზმის რიგორისტული ბუნება, ის, რაც ეკლესიის ისტორიულობას ვერ აჰყვა და რამაც დროს ვერ გაუძლო. სწორედ მასში აისახა ეკლესიის პირველქმნილი უბიწოების ნოსტალგია. ამავე დროს, არც იმაზე შეიძლება თვალის დახუჭვა, რომ ქრისტიანული ცხოვრების სიწმინდის დონე ამ პერიოდში კლებულობს. და მაინც, მონტანიზმზე გამარჯვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა ეკლესიის ისტორიაში. ეს ძლევა მაშინ განახორციელა ეკლესიამ, როდესაც მის წინაშე საბედისწერო საკითხი დადგა. უნდა გარკვეულიყო: დარჩენილიყო "სრულყოფილთა" პატარა ჯგუფად და გამიჯნულიყო ყველაფრისგან, რასაც არ შეეძლო ეს სრულყოფილება დაეტია თუ თავისი იდეალი შეენარჩუნებინა, მთელი ეს აღრეული "მასა" თავის წიაღში მიეღო და დასდგომოდა მისი თანმიმდევრული და ხანგრძლივი აღზრდის გზას. სხვა მხრივაც ძნელი საქმე იყო მონტანიზმთან ბრძოლა, რადგან მასში სიწმინდე, რწმენა, თავგანწირვა და ისეთი რამ, რითიც ყოველთვის საზრდოობდა და ცხოვრობდა ეკლესია, ისე ძლიერ გამოვლინდა, რომ შეუძლებელი გახდა, არ აღფრთოვანებულიყო ქრისტიანობა. მაგრამ მისი უარყოფით საკუთარი ისტორიზმისა და მესამე სახარების მოლოდინთან დაკავშირებული ყოველგვარი მცდელობის საკითხი ეკლესიამ საბოლოოდ გადაწყვიტა...
ბეჭდვა
1კ1