მძიმე და თან ცრემლიანი იყო გამოთხოვება - ბერები თითქოს გრძნობდნენ, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს შეხვდებოდნენ...
მძიმე და თან ცრემლიანი იყო გამოთხოვება - ბერები თითქოს გრძნობდნენ, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს შეხვდებოდნენ...
ახალი ქართველი ათონელები
ღვთისმშობელმა დედამ თავისი წილხვედრი მიწის - ივერიის პირმშონი გამოჩეული სიყვარულით შეიწყნარა წმინდა მთაზე და მათი ღვთივსათნო ცხოვრება და დიდი ღვაწლი უზარმაზარ მეოხებად მოუბრუნა საქართველოს.

ძველ ათონელებს მეტ-ნაკლებად ყველანი ვიცნობთ, მაგრამ ახლებზე ერთეულთ თუ გაუგონიათ. თუმცა, ფრაგმენტებად გადარGენილმა მათმა ცხოვრებამ მაინც ცხადყო, თუ რამდენად თანაეხატნენ პირველ ქრისტიანებს.

ილარიონ ქართველი (ახალი)
ექვსი წლის იქნებოდა იესე ყანჩაველი (ზოგი წყარო მას ყანჩაშვილად მოიხსენიებს), ბერმა ბიძამისმა თავის მღვიმეში რომ წაიყვანა... თავად ბიძამისი, ტაბაკინის მონასტრის იეროდიაკვანი სტეფანე, დიდი სულიერების, ძველ მამათაებრ ღმერთშემოსილი და წმინდა კაცი, იესეს წამოყვანამდე სრულ მდუმარებაში განდეგილობდა...

12 წელიწადს, თავის აღსასრულამდე ზარდა ყრმა უდაბური მთის გამოქვაბულში.

ბერმა სტეფანემ თავისი გარდაცვალების ჟამი ღვთისგან იცოდა და იესეს დაუბარა, - როგორც კი ამ ქვეყნიდან გავალ, მღვიმე დატოვე, რომ უმოძღვროდ შთენილს ეშმაკმა არ გძლიოსო.

მართლაც დატოვა ბიძის გარდაცვალებისთანავე იესემ გამოქვაბული და ტაბაკინის მონასტერს გადავიდა. მონასტერს იმ დროს წინამძღვრობდა კაცი, რომელსაც ლოცვით წვიმა მოჰყავდა, სნეულთ კურნავდა და სხვა უამრავ საკვირველ საქმეს სჩადიოდა (ეს იყო არქიმანდრიტი გერმანე), ცისკარზე კი წესად ჰქონდა, წმინდანთა კანონები თავადვე ეკითხა და ამ დროს ცხარე ცრემლით ეტირა...

მაგრამ იესე ტაბაკინში დიდხანს არ დარჩენილა: რომ შეიტყო, თბილისში სასულიერო სასწავლებელი გაიხსნაო, მაშინვე ქართლს მიაშურა. გზად სოფელ ნიქოზში ლოცვა-კურთხევის მისაღებად ერთ წმინდა კაცთან, იქაურ ეპისკოპოს ათანასესთან შეიარა, რომელიც იმგვარად შეძრა იესეს ლოცვამ, მამაშვილურად ურჩია: "შვილო ჩემო, სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში შეგიძენია, ამიტომაც უკან გაბრუნდი და უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, ბიძაშენის ლოცვებთან ერთად თავისთან მიგაახლებსო".

მშობლიურ სიფელ ლოსიათხევში მობრუნებული იესე ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტ გერონტის (ერისკაცობაში - თავადი სოლოღაშვილი) მიჰგვარეს განსასწავლად.

არქიმანდრიტმა გერონტიმ, რომელსაც სურდა, მოწაფეში ლოცვის სიყვარული გაეღრმავებინა, მისი მკაცრად წვრთნა იწყო: თანდათან ასწავლა თავშეკავება, არითმეტიკა, გრამატიკა და სხვა საერო მეცნიერებები...

მოგვიანებით იესე, უკვე ათონელი მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი, იგონებდა, როგორ იდგნენ ის და მამა გერონტი ლოცვად ყოველდღე მწუხრიდან მზის ამოსვლამდე, ხოლო ერთხელ, ზამთარში, როგორ გაგზავნა მოძღვარმა თავის მეგობართან წერილის წასაღებად ქუთაისს ფეხშიშველი... მასპინძელს წერილის მომტანის ჩაცმულობა, უფრო ზუსტად კი - ჩაუცმელობა, რომ უნახავს, გაოგნებულს ფული მიუცია და უბრძანებია - ახლავე ქალამნები შეიძინეო...

მამა გერონტიმ უკან ფეხსაცმლით მიბრუნებულ მოწაფეს სულმოკლეობისათვის მკაცრად უსაყვედურა... ამგვარად განვლო სამ წელიწადზე მეტმა. თავადმა წერეთელმა მამა გერონტის ნამოწაფარი იესე იმერეთის იმდროინდელ მეფეს, სოლომონ მეორეს წარუდგინა, რომელმაც, იხილა რა ჭაბუკის ღვთისმოსაობა და სისპეტაკე, მისთვის სამღვდელო წოდების მინიჭება ინება...

მამა ილარიონი სოლომონ მეორის მოძღვარი და კარის პრესვიტერი გახდა.

***
1801 წელს, როდესაც ქართლ-კახეთი რუსთა იმპერიას შეუერთდა, იმპერიის ხელისუფლებამ იმერთა შემოსაერთებლად სოლომონ მეორესთან იწყო მოლაპარაკება. კარზე გამეფებულმა შურმა, ღალატმა და ანგარებამ სოლომონი აიძულა, სამეფო დაეტოვებინა. ის ან რუსეთს უნდა წასულიყო, სადაც ,,საპატიო" და უზრუნველყოფილი ყოფა ელოდა, ან თურქეთს და იმერეთის დასაბრუნებლად იქიდან ეღონა რამე...

დიდი შინაგანი ბრძოლის შედეგად მეფემ უკანასკნელი ვარიანტი აირჩია და თავის მხლებლებითურთ როგორღაც არზრუმს ჩააღწია... ასე დაიწყო სოლომონის ცხოვრების უკანასკნელი, უსიხარულო და ტრაგიკული ხანა... მამა იესემ მეფის წასვლიდან ცოტა ხანში დატოვა სამშობლო, სოლომონთან გაემგზავრა და სიცოცხლის ბოლომდე აღარ მიუტოვებია...

მალე ბედკრული მეფე არზრუმს აღესრულა, მისი ნეშტი იქაურ მიწას მიაბარეს, ხოლო მამა იესე საქართველოს დაუბრუნდა... მან მოკლე ხანში იმდენი შეიძლო, რომ მეფესთან ერთად თურქეთს გადახვეწილი 600 იმერლისათვის (რომელთაგან 76 თავადი იყო) რუსთა იმპერატორს წყალობა გამოსთხოვა, სამშობლოში დააბრუნა და არა მხოლოდ ტიტულები, სამფლობელონიც აღუდგინა...

სამწუხაროდ, აქ სრულდება მამა ილარიონის მოგონებანი, რომელიც ათონის მთის რუსიკის მონასტრის წინამძღვრის, იერონიმეს თხოვნით გაბრიელ ქართველს ჩაუწერია.

***
მდუმარე და განმარტოებული ცხოვრების მაძიებელი იესე ფიქრობდა, მეუდაბნოე გამხდარიყო, მაგრამ არ დასცალდა - იმერთა დედოფალმა მარიამმა (რომელიც ქმრის თურქეთში გახიზვნის შემდგომ რუსეთის იმპერიის დედაქალაქში ჩაიყვანეს) მოსკოვს უხმო. მან დედოფალთან ჩაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც სოლომონს ეკუთვნოდა...

მალე იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მამა იესეს მოსკოვის მღვდელმთავრად დადგინება ისურვა, ამ უკანასკნელს კი ძველებურად სწყუროდა განდეგილობა - იესეს ღვთისმოყვარე სულს უკიდურესად ამძიმებდა საიმპერატორო კარზე გამეფებული აღვირახსნილობა, ამიტომ დატოვა დედოფალი, გაიხადა ძვირფასი აბრეშუმი და ,,სხვანაირ" ცხოვრებაში გლახაკივით შემოსილმა შეაბიჯა...

***
ათონელ ბერებს უთხრა, - აქაურობის მოსალოცად ჩამოსული ერთი ღატაკი ქართველი ვარო... იგი ჯერ ივერონს დასახლდა, სადაც ვერც ერთი ქართველი ბერი ვერ ნახა, შემდეგ კი - დიონისეს მონასტერში, სადაც თავისი ძველი მეგობარი, მეუდაბნოე ქართველი ბერი, მამა ბენედიქტე იპოვა... 1812 წელს, დიდმარხვისას, ისინი ერთად აღკვეცეს დიდსქემოსან ბერებად. ამ დღიდან იესეს ილარიონი ეწოდა და დიდი სიყვარულითა და მონდომებით შეუდგა ყოველნაირი მორჩილების აღსრულებას, მხოლოდ ის აწუხებდა, ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვას რომ ვერ ისმენდა, ამიტომ ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონს წავიდა...

მოხდა ისე, რომ მამა ილარიონი იქ იცონ ერთმა ბერთაგანმა, არქიმანდრიტმა, რომელიც მოსკოვში ცხოვრებისას გაიცნო, ყველას გასაოცრად მივარდა, მხრებსა და ხელებზე ეამბორა, თან გაიძახოდა: "მამა იესე, წმინდა მოძღვარი, მეფის მოძღვარიო!"

ძმები, რომლებმაც 2 წლის წინ უპოვარ გლახად გაიცნეს იგი, გაოცებულნი მისჩერებოდნენ. მალე ამ ამბავმა დიონისეს მონასტრამდე მიაღწია და ელვის სისწრაფით მოედო ათონს... ისე შეაწუხა ილარიონი საყოველთაო პატივისცემამ, მონასტერი მიატოვა და უდაბნოში განმარტოვდა...

იმ ხანებში საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ ქრისტიანებს... 1822 წელს აბდულ-რობუტ-ფაშა, წარმომავლობით ქართველი, ათონის მთასთან დაბანაკდა და ბრძანა: - ყველა მონასტრის წინამძღვარი მეახლოსო... დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად, თავისივე სურვილით, ურჯულოს წინაშე ქრისტესთვის სიკვდილის მაძიებელი მამა ილარიონი წარდგა... როდესაც ფაშამ მისი ქართველობა შეიტყო, ძლიერ ეამა და შესთავაზა, ათონი დატოვე და ჩემს სასახლეს გადმოსახლდიო...

რამდენიმე დღის მანძილზე ამხელდა ფაშას მამა ილარიონი და ყოველნაირად ცდილობდა, ურჯულოს მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა. ბოლოს ფაშა სიცილით დაეკითხა: "როგორ ფიქრობ, მაინც სად წავალთ ჩვენ, მაჰმადიანებიო?" მამა ილარიონმა კი იქ მყოფი სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანთა წინაშე უპასუხა: - მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო. მაშინ კი ყველამ შესძახა; "სიკვდილი მაგასო!"

მართალია, ფაშას მისი მოკვდინება არ ეწადა, მაგრამ იძულებული გახდა, ილარიონისათვის თავის მოკვეთა ებრძანებინა.

მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა ჯალათებს, მაგრამ ამ დროს ფაშასთან ორი წარმოშობით აბაზგი მცველი მივიდა და უთხრა: ,,თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე შეგვხვდა და ისიც თუ მოვკალითო", შემდეგ მამა ილარიონი ჯალათებს ხელიდან გამოჰგლიჯეს, ქალაქიდან გაიყვანეს დაა უმკაცრესად გააფრთხილეს, - წადი და აქ აღარასოდეს გამოჩნდეო, მან კი პირჯვარი გადაიწერა და ამოიოხრა: - უღირსი ვყოფილვარ მე უბედური იმისთვის, რომ ღმერთმა ჩემი მოწამეობა შეიწიროსო და ჩუმად დაადგა გზას უკან, ათონისაკენ...

***
სანამ ათონამდე ჩააღწევდა, გზად სოდუნში გაიარა. ქალაქის ბოლოს ერთ-ერთი შენობიდან ხმა შემოესმა: - "პატერ, პატერ!.." ჯერ ვერაფრით მიხვდა, თუ საიდან აღწევდა ეს ხმა, მერე პატარა ფანჯრიდან გამოყოფილი ხელი დაინახა, რომელიც თავისკენ უხმობდა... თურმე იქ დამნაშავეებთან ერთად თურქთა წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყების მონაწილე ქრისტიანები და ათონელი ბერები ჰყავდათ გამომწყვდეული, რომლებიც შიმშილსა და წყურვილს სიკვდილის პირას მიეყვანა...

მიუახლოვდა თუ არა სარკმელს, ვიღაცამ იქიდან ჭიქიანი ხელი გამოყო და წყალი სთხოვა, მერე - მეორემ, მესამემ, მეოთხემ... და ბერი მიხვდა, თუ რისთვის იხსნა ღმერთმა იგი სიკვდილისაგან... ამიერიდან ილარიონი ამ უბედურთა მსახური გახდა - დღედაღამ, აშკარა სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, ეზიდებოდა მათთან წყალს, პურს და სხვადასხვა პროდუქტს... რადგან მამა ილარიონს ძონძების მეტი არა გააჩნდა, სოდუნელ ქრისტიანებში მოწყალების შეგროვება იწყო და ამით აპურებდა ტუსაღებს, ქრისტიანებსაც და სხვებსაც...

ერთხელ ორი პატიმარი თოკზე ჩამოჰკიდეს, ერთი მდიდარი თურქი ბანკირი, მეორე კი - ქრისტიანი, და განსაკუთრებული დაცვა დაუყენეს. მათ არც სასმელს აძლევდნენ და არც საკვებს. მამა ილარიონმა იმდენი ქნა, როდესაც სიცხით გათანგულმა კბილებამდე შეიარაღებულმა მცველებმა ჩათვლიმეს, ტუსაღებთან მიიპარა, წყალი დაალევინა და საკვები მიაწოდა... ბერის თავგანწირვით შეძრულმა თურქმა ამოილუღლუღა: ,,ბერო, ალაჰი მოგიზღავს შენი კეთილი საქმეებისთვის, ახლა კი წადი, რომ მცველებმა არ აგკუწონო..." ამასობაში მცველს გამოეღვიძა, მაგრამ ღვთის განგებით, რატომღაც ვერ გაინძრა და ილარიონი სიკვდილს გადაურჩა.

ასე გაიარა 6 თვეზე მეტმა, მამა ილარიონს კი ღვთისაგან ეუწყა, რომ ათონზე უნდა დაბრუნებულიყო. გამოეთხოვა თავის ტუსაღებს, მათი მოვლა ერთ ნაცნობ და სანდო ქრისტიანს დაავალა და კვლავ წმინდა მთას დაუბრუნდა...

***
ათონზე ქვეითად ჩავიდა და 3 წელიწადი გამოქვაბულში გაატარა: პარასკეობით არაფერს იხმევდა, სხვა დღეებში კი წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რამდენიც პეშვზე ამოჰყვებოდა, დემონები კი საზარელი სახით ეცხადებოდნენ და რამდენიმეჯერ ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს.

ერთხელ მომლოცველთა ჯგუფმა მისი ხილვა მოიწადინა, ცოცხალი კიბე გააკეთეს და მის სარკმელს შესწვდნენ. ამის შემდეგ ბერმა სენაკი მიატოვა და ტყეში მიიმალა. მისი ღვაწლი იმდენად დიდი იყო, რომ 3 წლის მანძილზე არც დღე, არც ღამე არ მოუსვენია, ხოლო ვინც იცნობდა, მოწმობდა, წმინდა ანასა და წმინდა ბასილის სავანეთა შორის არ დარჩა ადგილი და არც ერთი ქვა, მისი ცრემლი რომ არ დასცემოდაო.

ივერთა მონასტერში ცხოვრებისას იქაურ ქართულ წიგნთსაცავს უპატრონა, კატალოგი შეადგინა, წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა და სათაურით "ყვავილნარი" 12 ტომად მოამზადა. მათში, ძირითადად, წმინდანთა ცხოვრება იყო აღწერილი. მომზადებული კრებული მან ზოგრაფის მონასტრის იღუმენს გადასცა, რომელმაც იგი რუსეთში ქართულ ენაზე 12 ტომად გამოსცა, ოღონდ, რატომღაც, ავტორის მიუთითებლად.

მამა ილარიონი 1864 წელს ათონზე, რუსიკის მონასტრის წმინდა გიორგის სენაკში აღესრულა. სიცოცხლის ბოლოს იგი მძიმედ დაავადდა და უფალს მადლობდა, რომ სნეულების სახით მოწამეობის ტოლი ტანჯვა გამოუგზავნა. აღსასრულამდე ერთი დღით ადრე თავის მოწაფე საბას დაუბარა, ყველასაგან მალულად დაეკრძალა, მაგრამ საბა მალე გარემოებებმა აიძულა, საიდუმლო მაინც გაეცხადებინა.

1867 წელს ამაღლებისწინა ღამისთევის ლოცვისას ათონელებმა წმინდა ილარიონის ნაწილები რომ ამოასვენეს, იქაურობა კეთილსურნელებამ აღავსო, ერთმა მეუდაბნოემ კი გამთენიისას იხილა, მზის მსგავსი დისკო როგორ დაადგა ერთი საათით თავს მამა ილარიონის ყოფილ სენაკს...

მამა სიმონ ბაღდავაძე
მამა სიმონ ბაღდავაძის ცხოვრებამ თითქმის დაიტია მეოცე საუკუნის უკანასკნელ ქართველ ათონელთა უმძიმესი ხვედრი, რკინის საუკუნემ თავის მისადრეკი ადგილი რომ აღარ დაუტოვათ.

KARIBCHEმამა სიმონი (ერში - სოლომონი) 1857 წელს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში ივანე ბაღდავაძის ოჯახში იშვა, თუმცა იქ მხოლოდ რამდენიმე წელიწადი დაჰყო - ადიდებულმა რიონმა მისი სოფელი თან გაიყოლა და გადარჩენილები სამტრედიის სიახლოვეს, დღეს ახალსოფლად წოდებულ ადგილას გადმოიხიზნენ.

ნიჭითა და კეთილზნეობით გამორჩეული ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა გელათსა და მოწამეთას, შემდეგ დაოჯახდა, მაგრამ სულ მალე დიდი განსაცდელი დაატყდა თავს - მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა და, სამწუხაროდ, ვეღარც ჩვილის გადარჩენა მოახერხეს... დაქვრივებული სოლომონი რწმენითა და მორჩილებით შეეგება განსაცდელს და ბერად შედგომა გადაწყვიტა, თუმცა განზრახვა მაშინვე ვერ აღასრულა - მოულოდნელად ერთადერთი ძმა გარდაეცვალა და ვეღარც პატარა ობოლი ძმისშვილის დატოვება შეძლო. მისი აღზრდა თავს იდო და მამასავით უერთგულა.

თუმცაღა, მამობა მხოლოდ ძმისშვილს კი არა, სხვა ბავშვებსაც გაუწია - მეზობელი სოფლებიდან პატარები მოკრიბა და საშინაო სკოლაში ქართული, არითმეტიკა, გეოგრაფია და ისტორია ასწავლა, თუმცა მათ ზნეობაზეც არანაკლებ იზრუნა. იმათ, ვისაც სიარული შორიდან უწევდა, შინ დაიტოვებდა და მხოლოდ შაბათ-კვირას გაისტუმრებდა.

მაგრამ სიყვარულით დაზრდილი ბარტყები წამოიზარდნენ, ოჯახები შექმნეს... დავაჟკაცებულ ძმისშვილს კი უთხრა: - აწი შენთან სტუმრად ვივლი, უკვე ვაჟკაცი ხარ, თან, როგორიც მინდოდა, სწორედ ისეთიო, - ახალდაქორწინებულს თავისი მამული გადაულოცა და გელათს შეეკედლა...

ბერად 1890 წელს სიმონის სახელით აღიკვეცა, მცირე ხანში კი მღვდელმონაზვნობის პატივიც მიიღო და 1901 წლისათვის წმინდა ქალაქის მოლოცვა და ათონის მთაზე დამკვიდრება საბოლოოდ გადაწყვიტა.

იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ მამა სიმონმა ათონს, ივერთა მონასტრის სიახლოვეს მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ქართველთა სავანეს მიაშურა, სადაც ნებისმიერი თანამემამულის გამოჩენა ძალზე უხაროდათ, მაგრამ ახალგაზრდა მღვდელმონაზვნის შემომატებამ საძმო განსაკუთრებულად გაახარა.

***
ათონზე იმ დროს 50-მდე ქართველი მოღვაწეობდა. ივერთა მონასტრის ბერძენ არქიმანდრიტთაგან შევიწროების მიუხედავად, ქართველთა სავანეში სანიმუშო წესრიგი სუფევდა, წირვა ყოველდღე აღესრულებოდა, ღამისთევანი კი - ძველქართული რვახმიანით.

ბერძნებს აშინებდათ ქართველთა სიმრავლე, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან ივერონში მათი ძმად მიღება მოუწევდათ და ამიტომაც ყოველნაირად ავიწროებდნენ, არც ტყითა და წყაროთი სარგებლობის უფლებას აძლევდნენ...

ქართველთა ყოფა უკიდურესად მძიმდებოდა, თუმცა, ღვთის შეწევნით, მამები ჩაგვრას მაინც უძლებდნენ...

***
იოანე ღვთისმეტყველის სავანის განმაახლებელი და გამგებელი, მღვდელსქემმონაზონი იონა ხოშტარია თითქმის ყოველდღე აღასრულებდა წირვას. იქვე იღვწოდა უდიდესი ბერი, მღვდელსქემმონაზონი თეოდოსი (ერისთავი), რომელიც გელათის მონასტრის წიაღმა აღზარდა.

მღვდელსქემმონაზონ ათანასეს (ალექსი ბაქრაძის) უდიდესი ღვაწლით, მონასტერში მწიგნობრობა და კალიგრაფია აღორძინდა და ივერონში დაცულ უძველეს ხელნაწერთა უამრავი ასლი შეიქმნა.

***
მამა სიმონს მორჩილებად მზარეულობა განუწესეს, პერიოდულად კი სავანის ტაძარში წირავდა.

როგორც ზემოთ ვთქვით, ივერთა მონასტრის ბერძენ ბერებს ძალზე აშფოთებდათ ქართველთა სავანის იქ არსებობა, სინდისიც ამხელდათ, ქართველებს ქართულ მონასტერში რომ არ უშვებდნენ, მაგრამ, იმავე დროს, მონასტრის მმართველობისა და მისი უზარმაზარი შემოწირულობების დაკარგვის შიშიც ჰქონდათ... ამ ყოველივეს ხელს თავად მონასტრის გადაგვარებული შინაგანაწესი უწყობდა. ივერთა მონასტრის დამაარსებელ მამათა მიერ დაწესებული ტიპიკონი უკანონოდ შეანაცვლეს ახლით, ე. წ. იდიორითმით: მონასტერს წინამძღვრის მაგიერ რამდენიმე არქიმანდრიტი - "ეპიტროპოსი" - რიგრიგობით განაგებდა და შემოსავალსაც ერთმანეთში ინაწილებდა.

იმ დროისათვის ივერთა მონასტრის ბერძნული საძმო 150 ადამიანს მოიცავდა და მათი დიდი ნაწილი სურვილისამებრ მოღვაწეობდა, უთანხმოებაც ხშირად ჰქონდათ, თუმცა ქართველ ბერთა წინააღმდეგ მუდამ ერთიანდებოდნენ...

ქართველი მამები, რომლებსაც ივერონის დამაარსებელ წმინდანთა შეჩვენების შიში ჰქონდათ (მათი განაწესის დარღვევის გამო), ბერძნებს ძველი ტიპიკონის აღდგენას სთხოვდნენ, რაც ამ უკანასკნელთ მიუღებლად მიაჩნდათ. რუსთა იმპერიის შიში რომ არა (რომლის მოქალაქეებადაც ქართველი ბერები ითვლებოდნენ), ქართველებს დაუფიქრებლად მოიშორებდნენ, შესაფერის დროს ელოდნენ და, სამწუხაროდ, ეს დროც დაუდგათ:

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის სტატუსი ერთობ არამყარი იყო, ოფიციალურად იგი ივერთა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფ სენაკად ირიცხებოდა.

ქართველთა სავანის წინამძღვარმა, იღუმენმა ბენედიქტე ბარკალაიამ ეს სენაკი 1860 წლისთვის დროებით თავშესაფრად შეიძინა. იმ დროს კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ივერონის პატრონებსა და აღმშენებლებს იქ აღარავინ შეუშვებდა და ეს სამარცხვინო დავა ასე დიდხანს გაგრძელდებოდა.

ათონზე მოქმედი კანონით კი სენაკში მოღვაწე ბერთა უფლებები შეზღუდული იყო - დედა მონასტრის ნებართვის გარეშე ძმათა რიცხოვნობის გაზრდა ან რაიმე შენობის აგება მკაცრად იკრძალებოდა, ამ ყოველივეს კი ბერძენი ბერები ბოროტად იყენებდნენ - ქართველთა ეკლესიის გუმბათი მოანგრიეს, არც ზარების რეკვის, სასმელი წყლის მილებით გამოყვანის და შეშით სარგებლობის უფლებას აძლევდნენ და თავს იმით იმართლებდნენ, ათონის მთის განაწესი ირღვევაო... ქართველ ბერებს ძლიერ აოცებდათ მათი სისასტიკე, მაგრამ უკეთესის მოიმედენი ყველაფერს ითმენდნენ.

***
დრო გადიოდა, მამა სიმონი კი ჩვეული რუდუნებით განაგრძობდა მოღვაწეობას. მისი შემწეობით მშობლიურ სოფელს ეკლესია შეეძინა, რომელსაც შვილივით გაზრდილი ძმისშვილი, ივანე პატრონობდა. მოგვიანებით ტაძარს მღვდლის ულამაზესი, ცისფერი შესამოსელი, ვერცხლის ბარძიმი, ფეშხუმი, ჯვარი და ღვთისმსახურებისათვის საჭირო სხვა ნივთებიც გამოუგზავნა.

1905 წელს მიიცვალა მამა თეოდოსი (ერისთავი), რაც საძმოსათვის განსაკუთრებული დანაკლისი იყო, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში მამა სიმონი ათონზე არაერთხელ შეესწრო მიწისძვრასაც, რომელმაც საგრძნობლად დააზიანა იქაური მონასტრები, განსაკუთრებით – ივერონი. ნახევრად დაიქცა წმინდა ექვთიმეს კოშკი, გაიპო გუმბათები, თითქმის დაინგრა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, ღვთისმშობლის ტაძარს გუმბათი მოერღვა, ქართველთა სავანე კი სტიქიას მართლაც სასწაულით გადაურჩა.

მღვდელმონაზონმა იონამ საძმოს მძიმე მარხვა დაუწესა...

ბერძენთა უსამართლობით განაწამები ქართველი ბერები თავდასაცავ გზებს ეძიებდნენ.

ივერთა მონასტრის არქიმანდრიტები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ცვლიდნენ მოსკოვის მეტოქის მმართველს. სწორედ ამ მეტოქიდან შემოსდიოდათ უზარმაზარი შემოწირულობა. იმხანად ყოველ ახალ მმართველს სულთანი (ქალკედონის ნახევარკუნძული, რომელზეც ათონის მთა მდებარეობს, 1913 წლამდე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა) და რუსეთის საელჩო ამტკიცებდნენ. მამა იონა ხოშტარია ჩადიოდა კონსტანტინოპოლში და შუამდგომლობას რუსეთის ელჩსა და კონსულს სთხოვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისმა ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღო - ბერძნები ქრთამით იკაფავდნენ გზას.

1911 წელს კი ქართველებზე გულმოსულებმა ათონის მთის უმაღლეს მმართველ ორგანოში - პროტატში - საჩივარი შეიტანეს: ,,ქართველები არ გვემორჩილებიან და გთხოვთ, ზომები მიიღოთო".

ქართველი ათონელები წმინდა მთიდან გამოდევნისგან იმხანად ოსმალეთში მყოფმა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა (ნამორაძემ) იხსნა - სულთნის კართან დაახლოებულ მაჰმადიან ქართველებს - ირემაძეებს დაუკავშირდა და მათი მეოხებით ათონზე მოთხოვნა გაგზავნა - ქართველ ბერებს თავი ანებეთო.

საბედნიეროდ, ივერონის ბერძენ ბერთა შორისაც იყვნენ ისეთნი, ქართველებს რომ თანაუგრძნობდნენ - მამა გრიგოლმა და მამა პართენმა 300 ოქრო ასესხეს დევნილ ქართველებს.

რამდენიმე წელიწადში პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა - ჯერ ბალკანეთში აირია ვითარება, შემდეგ პირველი მსოფლიო ომი დაიწყო... ევროპას სისხლის წვიმები დაატყდა. ათონის მთაზე კი ვითარებას ისიც ძაბავდა, რომ მის მკვიდრთა სამშობლოები ურთიერთს ეომებოდნენ... შეწყდა შემოწირულობებიც...

***
1918 წელს, ნოე ჟორდანიას ხელისუფლების ანტიეკლესიური რეფორმების შედეგად, ეკლესია-მონასტრებს კუთვნილი მიწები ჩამოერთვა, მათ შორის, ბუნებრივია, იყო ივერთა მონასტრის მამულებიც, რომლებსაც ბერძენი ბერები განაგებდნენ.

საქართველოს მენშევიკურ მთავრობაზე გულმოსულმა ბერძნებმა ჯავრი ათონელ ქართველებზე იყარეს - 1918 წლის მიწურულს, მღვდელსქემმონაზონ იონას (ხოშტარია) გარდაცვალების შემდგომ, ქართველებს უკვე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანის დატოვებაც მოსთხოვეს.

ქართველი ბერები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მამა სიმონს ძმობამ ქართველ ბერთა დროებითი მმართველობა ჩააბარა, რაც დიდი ჯვარი და პატივი იყო. მღვდელმონაზონ იოანესთან (შემდგომში ბეთანიაში გაბრწყინვებულ და თავის თანამოძმე მეორე დიდ ბეთანიელ ბერთან, გიორგი მხეიძესთან ერთად აწ წმინდანთა დასს შერთულ იოანე მაისურაძესთან) და მელეტისთან (თოფურია) ერთად მრავალგზის ეახლა და ევედრა თანამოძმეთა სახელით ივერონის არქიმანდრიტებს, წმინდა მთიდან არ განედევნათ, მაგრამ ამაოდ.

1919 წლის 9 მარტს ივერთა მონასტრის მმართველი ბერები ჯარისკაცთა თანხლებით მიადგნენ იოანე ღვთისმეტყველის სავანეს, მამა სიმონს ძალით წაართვეს გასაღებები და სავანეს ასე დაეპატრონენ. ქართველებს მხოლოდ პირადი ნივთებისა და ბიბლიოთეკის ნაწილის გატანის უფლება მისცეს, დანარჩენი ყველაფერი, სურსათის მარაგის ჩათვლით, თავადვე მიისაკუთრეს.

ქართველები ღია ცის ქვეშ, უნუგეშოდ დაშთნენ...

მამა სიმონმა თავშესაფრის სათხოვნელად წმინდა პანტელეიმონის რუსული მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მიხაილს მიმართა. იმხანად ურთიერთობა რუს ბერებთანაც გართულებული იყო, რადგან ზოგი მათგანი 1917 წელს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას "რასკოლს" უწოდებდა, თუმცა ისინი ქართველებს შეძლებისდაგვარად მაინც დაეხმარნენ - არქიმანდრიტმა მიხაილმა ქართველ ბერებს სტეფანე პირველმოწამის სენაკში გადასვლა შესთავაზა, რომელიც ხევში, მეტად მოუხერხებელ და თან ნესტიან ადგილას იდგა. რამდენიმე ბერმა იქ გადასვლა იუარა, მაგრამ არჩევანი აღარ ჰქონდათ. ქართველ ბერთა ნაწილი იძულებული გახდა, სამშობლოს დაბრუნებოდა, სადაც უარესი ხვედრი ელოდათ...

KARIBCHEმძიმე და თან ცრემლიანი იყო გამოთხოვება - ბერები თითქოს გრძნობდნენ, რომ ერთმანეთს ვეღარასდროს შეხვდებოდნენ...

1920 წელს 9 ქართველი ბერი მამა სიმონის წინამძღოლობით წმინდა სტეფანე პირველმოწამის სავანეში გადავიდა. უმძიმესი ჯაფა უწევდათ, ამ პირობებში რომ ეარსებათ.

9 ბერიდან 3 ღრმად მოხუცებული იყო და, ბუნებრივია, ფიზიკურად ვეღარ ირჯებოდნენ, დანარჩენებს კი, მათ შორის, მამა სიმონსაც, ორმაგი ჯაფა დაადგათ - ბალახს თიბავდნენ, კაკალს აგროვებდნენ, ყიდდნენ და ასე წვალებით გაჰქონდათ თავი.

მძიმე შრომამ და ცუდმა პირობებმა მამა სიმონს ჯანი შეურყია და 1926 წელს იძულებული შეიქნა, პანტელეიმონის მონასტრის საავადმყოფოში ემკურნალა - 69 წლისას ძალა ძველებურად აღარ მოსდევდა...

პანტელეიმონის მონასტრის ბერებმა დარჩენა შესთავაზეს - ძველ ადგილას ცხოვრება სიცოცხლეს მოგისწრაფებსო, ქართველმა თანამოძმეებმაც იგივე სთხოვეს, დაჰპირდნენ, ხშირ-ხშირად გინახულებთო და დაითანხმეს.

რამდენიმე თვეში მომჯობინებულმა მამა სიმონმა პანტელეიმონის მონასტრის სატრაპეზოში მუშაობა შეძლო და რუსმა ბერებმა მის სიახლოვეს სენაკიც დაუთმეს. კეთილი და სევდიანი მოხუცი მალე ყველა იქაურმა შეიყვარა, მაგრამ ისევ არ მოასვენა ბოროტმა - სტეფანე პირველმოწამის სენაკს, სადაც მისი ღვთის ანაბარა დარჩენილი დევნილი თანამოძმენი როგორღაც არსებობდნენ, 1932 წელს ხანძარი გაუჩნდა, მალე გავიდა წუთისოფლიდან ბერი ბართლომეც, რამაც ძალიან ატკინა გული მამა სიმონს...

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სენაკიდან იშვიათად გამოდიოდა, 1942 წელს კი თავადაც შეერთო ზეციურ საქართველოს.

***
უკანასკნელ ქართველ ათონელებზე ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე, რომელმაც 1935 წელს წმინდა მთაზე იმოგზაურა (გთავაზობთ შემოკლებით): "ბოლოს ქართველმა ეპისკოსებმა ათონზე სენაკი დაიმკვიდრეს იმ ადგილას, სადაც უწინ იოანე მახარებლის მონასტერი მდებარეობდა. ეს სენაკი ივერიის მონასტრის სიახლოვეს იდგა და მასვე ეკუთვნოდა. მას ქართველნი 1885-დან 1919 წლამდე განაგებდნენ. ამ სენაკმაც საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ქართული კულტურის ისტორიაში. სამწუხაროდ, მის შესახებ ჯერ არაფერი დაწერილა.

ათონზე ყოფნისას შევეცადე შემეგროვებინა მასალა სენაკის ისტორიისათვის, მაგრამ ბევრს ვერაფერს მივაკვლიე. სენაკში 50 ბერი ცხოვრობდა, ჰქონდათ კარგი ბიბლიოთეკა. ნაბეჭდი წიგნების გარდა აქ იყო ხელნაწერები, რომლებიც თავად გადაეწერათ ივერონისა თუ სხვა ქართული მონასტრებიდან და მუზეუმებიდან. ბედმა გამიღიმა - 15 ხელნაწერი ვიშოვე და თან წამოვიღე.

ბერძნები ითმენდნენ ამ სენაკის არსებობას, მაგრამ ხელსაყრელ დროსა და საბაბს უცდიდნენ იქიდან ქართველთა გასაძევებლად. ასეთი ხელსაყრელი დრო დაუდგათ ომის შემდგომ წელიწადს, როდესაც რუსეთში არეულობა დაიწყო და ბოლშევიკთა მოძრაობა გაძლიერდა, ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის წინაშე კი უამრავი პრობლემა იდგა - მას არ ჰქონდა საშუალება, დაეცვა ქართველ ბერთა უფლებები ათონზე. სწორედ მაშინ გამოაძევეს ქართველები სენაკიდან და, როგორც იტყვიან, ქუჩაში დაყარეს. ზოგი მათგანი სამშობლოში გაემგზავრა დახმარების მისაღებად, დანარჩენებმა კი რუსეთის მონასტრის კუთვნილ პროტოდიაკონ სტეფანეს სენაკს შეაფარეს დროებით თავი. აქ 1926 წლიდან 5 ქართველი ბერი დასახლდა ქირით. დღეს იმათგან სამია ცოცხალი: ძმები, მათე და ათანასე გვაზავები და ტიხონი (ფაღავა, უკანასკნელი ქართველი ბერი ათონზე, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აღესრულა, ავტ.) ახლაც იქვე ცხოვრობენ და ბაღში მუშაობენ. 2 ქართველი ბერი - იოანე და მიქაელი - ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის სენაკში ცხოვრობს, ბერი სიმონ ბაღდავაძე კი წმინდა პანტელეიმონის მონასტრის სამზარეულოში მუშაობის საფასურად ცხოვრობს ოთახში და თავს ირჩენს.

ათონზე მცხოვრები ქართველები ძლიერ მოხუცდნენ და გაღარიბდნენ, მაგრამ სიღარიბეს ისე არ უჩივიან, როგორც იმას, რომ, შესაძლოა, უკანასკნელი ქართველები აღმოჩნდნენ ათონზე, მათი სიკვდილის შემდეგ იქ ქართველთა სახსენებელი გაქრება. ერთადერთი სალოცავი ის არის, რომ მათ შემდგომაც დარჩნენ ათონზე ქართველები. იქნებ მოხერხდეს მათთან მოწაფეების გაგზავნა!

KARIBCHEროდესაც ქართველები იოანე მახარებლის სენაკიდან გააძევეს, მათ შეძლეს, გადაერჩინათ ბიბლიოთეკა და ახალ ადგილას გადაეტანათ, მაგრამ 1932 წელს ხანძარი გაუჩნდა სწორედ იმ შენობას, სადაც ბიბლიოთეკა იყო მოთავსებული და თითქმის მთლიანად განადგურდა, რაც დიდი დანაკლისია ქართული კულტურისთვის. ერთი ბერი, მამა ბართლომე, ამ ხანძრის დროს დაიღუპა. დღეისათვის ბიბლიოთეკაში დარჩენილია 200 ნაბეჭდი წიგნი და ხელნაწერი, ამათგან მე 60 წამოვიღე. ქართველებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ ევროპაში გაიტანონ ბიბლიოთეკის დანარჩენი ნაწილი. ათონზე ყველაფერს განადგურება ემუქრება, ევროპაში კი ამ წიგნებს მეცნიერულად გამოიყენებენ და დაამუშავებენ.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ათონზე მცხოვრები ბერები ახლა ღრმად მოხუცნი არიან და წარსულის შესახებ ბევრს ვერაფერს გვიამბობენ. განსაკუთრებით ერიდებიან იმაზე საუბარს, თუ როგორ დევნიან ბერძნები, - ალბათ, ეშინიათ, ბერძნებმა შური არ იძიონ, - ანდა, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, ამას ქრისტიანული კეთილშობილების გამო აკეთებენ, რომელიც გვასწავლის, შურისა და სიძულვილის წილ სიკეთე და სიყვარული მივუზღოთ ჩვენს მტრებს. ყოველ შემთხვევაში, რელიგიური და ზნეობრივი ნორმების მიხედვით, ქართველები დღესაც პირველნი არიან ათონზე. ასე დამარწმუნეს ბულგარელმა და მოლდაველმა ბერებმა.

ზემოხსენებული სენაკის გარდა, მე-19 საუკუნეში ქართველები ილია წინასწარმეტყველის სენაკშიც ცხოვრობდნენ. ისიც ივერთა მონასტერს ეკუთვნის და მისგან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს. ქართველებმა სასწაულებრივად შეაღწიეს იმ ადგილებში. როგორც უკვე ვთქვით, მე-19 საუკუნეში ქართველებს ბერძნები ივერთა მონასტერში აღარ აჭაჭანებდნენ. ხოლოდ ერთხელ დაემორჩილნენ თურქეთის ფაშას ბრძანებას და ბენედიქტე ქიოტიშვილი შეუშვეს მონასტერში.

მამა ბენედიქტეს ქადაგება ღვთისმშობლის ხატს უკავშირდებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში მან სენაკი ითხოვა. ნება დართეს, ქართველნიც მიეღო ამ სენაკში. პირველად ბესარიონ ქიქოძე, სახელგანთქმული გაბრიელ ეპისკოპოსის ძმა (გარდაიცვალა 1896 წელს), მივიდა მასთან. ბესარიონ ქიქოძემ მთელ კუნძულზე გაითქვა სახელი თავისი უბიწო ცხოვრებით. რუსებმა მისი "ცხოვრება" იმ ბრწყინვალე ბერთა "ცხოვრებათა" სიას მიაკუთვნეს, წმინდანებად რომ უნდა შეერაცხათ. ბესარიონის ხსენების დღეს ისინი 10 ოქტომბერს ზეიმობენ. ამ სენაკში უკანასკნელად ცხოვრობდა ბერი საბა, მაგრამ 1919 წელს, როცა მისი თანამემამულენი იოანე მახარებლის სენაკიდან გამოაძევეს, პროტესტის ნიშნად დატოვა ილია წინასწარმეტყველის სენაკი და საქართველოს დაუბრუნდა. საბედნიეროდ, მან თან წაიღო ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერები. ისინი ახლა თბილისის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება.

ამ 2 სენაკის გარდა მე-19 საუკუნეში ქართველები ცხოვრობდნენ ათონის ნახევარკუნძულის სხვადასხვა მონასტერსა თუ სენაკში. მათი უმრავლესობა წმინდა დიონისეს მონასტერში მიიღეს, რამდენიმე ბერი კი წმინდა პანტელეიმონის მონასტერში ცხოვრობდა".
ბეჭდვა
1კ1