მოგონებები
მოგონებები
მონაზონი მორჩილების გარეშე მსგავსია კაცისა, რომელიც ყინულმოდებულ კლდეზე მიცოცავს და არ იცის, რას ჩაეჭიდოს
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ჩემი სულიერი თანამოძმეების მაგალითზე რომ აღარაფერი ვთქვა, საკუთარი ცხოვრების მწარე გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო ღირსი ამბა დოროთეს სიტყვები, რომ ერთადერთი მიზეზი მონაზვნის დაცემისა გახლავთ რწმენა თავისი აზრისადმი და კრიტიკულად აღქმა მოძღვრის სიტყვებისა, ანუ ადამის ცოდვის გამეორება, რომელსაც სიამაყე და ურჩობა ჰქვია. სოფელი სიამაყის სულით არის გამსჭვალული, მისი კულტურა და ხელოვნება თვითნებობის საფუარმა
აადუღა და ააფუა. ადამიანი სიამაყის შხამიან ჩირქგროვას მიემსგავსა, რომლის მცირეოდენი შეხება, მეგობრული ხელის ჩამორთმევაც კი ტკივილს იწვევს. თავმოყვარეობა და თვითნებობა დასაბამიდან ბუდობს ადამიანში. ამიტომაც სახიფათოა, საკუთარი გონებისა გჯეროდეს. ჩვენი ვნებები ზღვას ჰგავს, გონება კი ხომალდს: როცა ზღვაზე ქარიშხალი ატყდება, ხომალდს აქეთ-იქით აქანავებს. მის სამართავად გამოცდილი მესაჭეა საჭირო, ჩვენი ვნებით დამთვრალი გონება კი თითქოს ბრმავდება: ხედავს და ვერ ხედავს, იცის და არ ახსოვს, რამდენად მტკიცე დასაყრდენია ამ დროს მოძღვრის სიტყვები. ამიტომაც ვინც მხოლოდ საკუთარი ძალებით ფიქრობს ცხონებაზე, საკუთარი გონებით, საკუთარი არსებით და საკუთარი მოჩვენებითი სიწმინდით, თავს მოთუხთუხე ვნებების მორევში იგდებს. ზოგჯერ ტალღები მათ ნაპირზე დამსხვრეულსა და გატანჯულს გამორიყავენ, უფრო ხშირად კი დაუძლურებულნი იხოცებიან.

არის ერთი საფრთხე, რომელსაც წმინდა მამები ხიბლს ეძახიან, არის ცრუ სიწმინდით თავის მოტყუების მდგომარეობა, როცა სიამაყით შეპყრობილი ადამიანი სატანის თანამოსაგრე ხდება, ხოლო ზოგჯერ ბნელი სულებისგან იღებს მომავლის წინასწარმეტყველების უნარს, ანდა აღასრულებს რაღაც ამგვარ სასწაულებს.

სოფელს არ ძალუძს განარიდოს ნათლის სული ბნელის სულისგან. ის მხოლოდ გარეგნულ ძალას, გარეგნულ ღვაწლს ხედავს, ეშმაკი კი დიდებული არტისტია, ამიტომაც სოფელი ხშირად აქებს და განადიდებს ამ თავმოხიბლულ ადამიანებს, როგორც წმინდანებს, და ჭეშმარიტ სიწმინდეს კი ვერ ამჩნევს, რადგანაც ის თავმდაბალია, მორცხვია, და ცდილობს, სოფლის მზერას დაემალოს. წმინდა ადამიანებს სიცოცხლეში არ აფასებდნენ და დევნიდნენ, დასცინოდნენ და ძალზე უბრალო კაცებად თვლიდნენ. მხოლოდ სიკვდილის მერე განცხადდებოდა ჭეშმარიტი დიდებულება მათი სულიერებისა. სოფელი კი გარეგნულ შთაბეჭდილებას ეძებს, რაღაც უჩვეულოს, მას ეფექტი სჭირდება, რომელიც უფრო ხშირად მხოლოდ თეატრალური დადგმა აღმოჩნდება ხოლმე.

მონაზონი მორჩილების გარეშე მსგავსია კაცისა, რომელიც ყინულმოდებულ კლდეზე მიცოცავს და არ იცის, რას ჩაეჭიდოს. დასასრული ამ უფსკრულისა სიძვაა ანდა სატანური სიამაყე, ანუ სულიერი სიბნელე. განსაკუთრებით საშინელია, როცა სულიერ სიმაღლეებს მიღწეული მონაზონი ეცემა. წიგნში "კიბე" აღწერილია სურათი ზეციური კიბისა, რომლის საყრდენი მიწაა, თავისა კი ზეცა. მათ სიახლოვეს ფუტკრებივით დაფრინავენ დემონები, ცდილობენ, მონაზვნები კიბიდან ქვემოთ ჩამოყარონ. ზოგიერთები, რომელთაც მწვერვალს მიაღწიეს, ბნელი სულების ნადავლნი ხდებიან. ეს დაცემა და მადლის დაკარგვა უფრო საშინელია, ვიდრე ხანძარი, რომელიც მოსწვავს ადამიანის სახლს ქონებასთან ერთად და პატრონს გამჭვარტლულს დატოვებს. განა ბევრს ძალუძს ნანგრევებზე ახალი სახლის აშენება, ანუ ღრმად დამდაბლება საკუთარი სულისა და შენანება? მადლი სულში იმავე გზით მოდის, რომლითაც ის დატოვა. დაცემა ურჩობის გამო მოხდა. ამიტომ სულის აღორძინება, ცოდვის საფლავიდან გაცოცხლება მხოლოდ მორჩილებით შეიძლება. მაგრამ მონაზონს აქ წინ აღუდგებიან ახალი დემონები - სევდის, სასოწარკვეთის, დრტვინვის, განბოროტების. ამაყი სული თავისი დაცემის მიზეზებს შემთხვევითობაში, ცხოვრებისეულ გარემოებებში, სხვათა მიერ ძალადობაში ეძიებს და არა საკუთარ ბიწიერ ნებაში. ასეთი სულის ადამიანი ღმერთსაც კი საყვედურობს, რატომ დაუშვი ჩემი ცოდვით დაცემაო. კიდევ ერთი მახეა სასოწარკვეთა, მეორე კი პატივმოყვარეობა. ადამიანს ცოდვისა კი არ ეშინია, არამედ იმისა, თუ რას იფიქრებენ მასზე. ამიტომაც ის თავის ცოდვას აღსარებაშიც კი მალავს და თავს სხვანაირად აჩვენებს მოძღვარს.

ცოდვა არ აბედნიერებს ადამიანს. ის გააუვნებლებს კაცს, რომელსაც ისევე უჭირს ცოდვის ტყვეობიდან თავდახსნა, როგორც ტუსაღს თოკის გაწყვეტა. ამიტომაც ბევრ ცოდვილს აღარ ძალუძს მისი წინააღდგომა, ის მას შეისრუტავს, როგორც ჭაობი და აქაც კვლავ საჭიროა მოძღვრის დახმარება, რათა შეეწიოს საცოდავს, დაუსხლტეს ცოდვის მიზიდულობას. მას ეს ისე სჭირდება, როგორც წყალწაღებულს თოკი ხელის ჩასაჭიდებლად. ბიბლიაში წერია: საკუთარი თავის მოიმედე საკვირველი დაცემით ეცემა (შეად. იგავთა 11,28), ანუ მოულოდნელი, მიუწვდომელი დაცემით.

მე ვიცნობდი ერთ მაღალი სულიერი ნიჭებით გამორჩეულ მონაზონს, რომელიც მოსაგრე ცხოვრებას სიყრმიდან შეუდგა. უჩვეულო გახლდათ მისი თავგანწირვა. თითოეული ადამიანისადმი სიყვარულით აღსავსე გეჩვენებოდა და ალბათ ასეც იყო. ბევრი მას სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდა. და მოხდა სულიერი თვალსაზრისით საშინელი რამ: თავისი წმინდანობა დაიჯერა და კაცთაგან ქება მშვიდად მიიღო. ის მორჩილი იყო, თითქოს ყველაფერი ჰქონდა, რაც საჭიროა ცხონებისთვის, მაგრამ თავისი მორჩილებით თავმაღლობა დაიწყო იმით, რომ სხვების დასამოძღვრად თავის მორჩილებაზე ყვებოდა. მან ის მოიმოქმედა, რასაც წმინდა მამები თავიანთი სიმდიდრის სააშკარაოდ გამოტანას და ქურდების თვალწინ დადებას ეძახიან. ამის მერე შეუსუსტდა მორჩილება. რჩევას ნაკლებად ეკითხებოდა თავის მოძღვარს და გაურბოდა კიდეც მას. მან დაიჯერა თავისი უვნებლობა (ვნებათა უქონლობა) და გადაწვიტა, ამის დემონსტრირება მოეხდინა, თითქოს ამით იმეორებდა წმინდა სვიმეონ ქრისტესთვის სალოსის მაგალითს. არაფერს ვიტყვით ასეთი სარისკო ცდების შედეგებზე. მაგრამ დადგა დრო, როცა მისმა მოძღვარმა, გამოცდილმა მოსაგრემ, უთხრა მას, თუ რა საბრალო მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი და მოსალოდნელ შედეგზეც გააფრთხილა. მან კი მოძღვრის ნათქვამი ვერ დაითმინა. მრავალწლიანი მოსაგრეობით თითქოსდა გამოთლილი მისი ნება წინ აღუდგა საკუთარი სულიერი მამის ნებას. მან მიატოვა მამა, უდაბნოდან ქალაქში გადავიდა და მოძღვარი შეიცვალა. მან კი სულიერი მამა ვერ შეუცვალა. თვითნებობა გალიად ექცა. და მაინც გარეგნულად მორჩილმა, ბოლომდე არ დაკარგა ადრე შენაძენი. მე ის ფრთებმომწვარ არწივს მაგონებდა. შეეძლო, ხალხი ენუგეშებინა, საათობით ელოცა, თავშეწირვამდე მოწყალე ყოფილიყო ღატაკთა მიმართ, მაგრამ მაინც რაღაც სიყალბე იმალებოდა მის ცხოვრებაში. რაღაცნაირი აღუხოცავი ბეჭედი ემჩნეოდა მის სახეს. მოსაგრედ რჩებოდა, მაგრამ უკვე სხვა დონის მოსაგრედ. დროდადრო გამოაჩენდა ხოლმე სულიერ სიბრძნეს, როგორც ძველი მდგომარეობის ნარჩენებს. მაგრამ მოხდა დეფორმაცია: ის, ვისაც შეეძლო მონაზვნობის ლამპარი, ბოლო დროის წმინდანი ყოფილიყო, კარგ მონაზვნად გადაიქცა. ასეთ მდგომარეობაშიც ბევრისთვის მაგალითად იქცა, მაგრამ თვითონ იცოდა, რაც დაკარგა. თავს ადამიანების მისადმი სიყვარულით ინუგეშებდა, მაგრამ გულის სიღრმეში პირს არ იკრავდა იარა - დაკარგვა პირველი მამისა, რომელიც მისთვის ერთადერთი იყო.

ვიცნობდი მეორე მონაზონს, რომლის ცხოვრებაც დეტექტივს მაგონებდა. ახალგაზრდობაში ის თაღლითი იყო, ფულს დაჭრილი ქაღალდით ცვლიდა. ერთხელ მონასტერს ეწვია და მის გულს მადლიც შეეხო. დაუტევა თავისი ბინძური საქმიანობა, თავი ანება ლოთობას და ცხოვრება გამოისწორა. ახლობლები ვეღარ სცნობდნენ. ტაძარში ხშირად დადიოდა და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო. მას ყოფილ ქურდად იცნობდნენ, ამიტომაც გაუგრძელდა გამოცდის ვადა. მონასტერში აძლევდნენ დავალებებს, მორჩილებებს, მაგრამ ადგილობრივი ეპისკოპოსი წინააღმდეგი იყო მისი ძმობაში ჩარიცხვისა. ბოლოს, დიდი ხნის ყოყმანის მერე მიიღო მონასტერში. ახალმა მორჩილმა გამორჩეული უნარი გამოიჩინა. ხატწერის ნიჭი აღმოაჩნდა და მონასტრის ხატწერის სახელოსნოში მორჩილებდა. კარგი სმენა და ხმაც ჰქონია. კლიროსზე გალობდა და შემდგომში გუნდსაც ხელმძღვანელობდა. მაძიებელი გონების პატრონმა დამოუკიდებლად იწყო ღვთისმეტყველების და წმინდა მამათა ნაშრომების შესწავლა. რამდენიმე წელიწადში ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხი და განსწავლული მონაზონი შეიქნა. ზოგჯერ მამები მას სასაუბროდ უშვებდნენ მონასტრის სტუმრებთან, რომელთაც ბევრი შეკითხვის დასმა და ცოტას გაკეთება უყვართ. ის ძალზე მოხერხებულად, მათსავე ენაზე ესაუბრებოდა სტუმრებს. ამასთან, გულწრფელი, პირდაპირი ხასიათისა იყო და არასოდეს მალავდა თავის წარსულს, რომელიც მისთვის ცხოვრების მძიმე სკოლა გახლდათ. თანამოსაუბრეებს უყვებოდა, თუ რამ მოიყვანა მონასტერში, რის გამო თქვა უარი არა მარტო დანაშაულებრივ, არამედ ერისკაცულ ცხოვრებაზეც და რა მიიღო მონაზვნობაში.

წმინდა მამები ამბობენ, ყოველგვარი უკიდურესობა ეშმაკისაგან არისო და საშუალო გზის არჩევას გვირჩევენ. არსებობს მართლმადიდებლობისადმი განსაკუთრებული მოშურნეობა, რომელიც სიყვარულისა და მადლისაგან მომდინარეობს, არსებობს მოშურნეობა ფარული სიამაყისგან, როცა გსურს, არა მარტო სხვა კაცთა, არამედ საკუთარ თვალთა წინაშეც გმირად და სარწმუნოების დამცველად გამოჩნდე. ამაში მართლმადიდებლობის სული არ ძევს, აქ გულმოდგინედ იცავენ ფორმას, უფრო სწორად, მუდმივად ეჭვიანობენ ყველაზე და მათ კანონებისა და ფორმებისგან გადახრაში ბრალს სდებენ. მამები ითვალისწინებდნენ ადამიანის ცხოვრების პირობებს, მის ხასიათსა და შესაძლებლობებს, ითვალისწინებდნენ რომ მისი გული ერთადერთი და განუმეორებელია, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება. მამებს ახასიათებთ სიფხიზლე და სულიერებასთან ერთად რეალიზმი. მათ ესმით, რას ნიშნავს ჩვენი თანამედროვეობა, უფრო სწორად, გრძნობენ მას. მათი რჩევები არასოდეს ყოფილა აბსტრაქტული ლოზუნგები და თეზისები. ისინი ყოველთვის სთავაზობენ ადამიანს შესაძლებლობას მოცემულ პირობებში, რათა არ დაამსხვრიონ მისი ძალები. ისინი გმირობას არ ითხოვენ, მაგრამ გმირებს ზრდიან. ისინი სხვათაგან თავშეწირვას არ ითხოვენ, არამედ ამოზრდიან მათში, როგორც მშვენიერ ყვავილს, იმ სიყვარულს, რომელიც მსხვერპლის გაღებისთვის მზადაა. უსულო მართლმადიდებლობა მხოლოდ მყარი გარსია, რომლის შიგნითაც არ არის მისი მთავარი შემადგენლობა - სიყვარული. ასეთ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ძლიერი ნება, გულწრფელად სწამდეთ, რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი მაცხოვნებელი მოძღვრებაა, მაგრამ მათთვის მართლმადიდებლობა არსებობს, უპირველესად, როგორც მოთხოვნა, როგორც იმპერატივი; მათთვის ქრებიან ცოცხალი ადამიანები და რჩება მხოლოდ საკუთარი სიმართლე, არ აქვთ შინაგანი მტკიცებულება, ამიტომაც ეძებენ გარეგნულ მტკიცებულებას ტიპიკონში, კანონთა კრებულში და ასე შემდეგ. უცნაური პარადოქსია: მათ კანონებით დამტკიცებულ მართლმადიდებლობას სახარებისეული სული მოაკლდება.

მონაზონს, რომელზეც მოგითხრობთ, ამნაირი განსაცდელი შეემთხვა: მონასტრული ცხოვრების კრიტიკა დაიწყო, უკრძალველად საუბრობდა მღვდელმთავრებზე და ეკამათებდა მონასტრის მამებს. ხრუშჩოვისეული დევნისას ხმამაღლა მოითხოვდა, რომ შეეწყვიტათ უღმერთო ხელისუფლების მოხსენიება, თითქოს ემზადებოდა მოწამეობისთვის. მაგრამ სულ სხვანაირად გამოვიდა. როცა მონასტრები დახურეს და მონაზვნები უსახლკარო მწირები შეიქმნენ, ამ მათთვის მტრულ სამყაროში სულიერად მხოლოდ მამათა მორჩილებმა გაძლეს.. ეს მონაზონი სავანისა და მოძღვრის გარეშე დარჩა - საკუთარი სიმართლის ამარა, რომელიც სინამდვილეში შინაგანი სიამაყით იკვებებოდა. მამებს ის არ უარუყვიათ, მაგრამ მან უარყო ისინი.

ერში თავიდან ცუდად არ მოეწყო, ერთ-ერთ ტაძარში რეგენტად მსახურობდა, ხატავდა ხატებს, მაგრამ ტოტს მოწყვეტილი ფოთოლი ადრე თუ გვიან ჩაჭკნება, ჩაიშლება. მას განსაცდელი დაეწყო, რომელსაც წინამძღვარსა და მამებს უმალავდა. მონაზვნისთვის საშინელი შინაგანი წამებაა მადლის დაკარგვა. ტკივილისაგან გული გეკუმშება, ფიზიკურადაც კი გრძნობ მის მომწვავ ცეცხლს. აქ ერთი გზაა - სინანული და თავმდაბლური მორჩილება. მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. მადლის დაკარგვა საკუთარი სიკვდილის განცდაა. მომხდარის დასავიწყებლად და სინამდვილისგან გასაქცევად სმა დაიწყო, თითქოს ძველი იარები გაეხსნა და დაჩირქება იწყო ადრინდელი ცხოვრების უკვე შეხორცებულმა წყლულებმა. რამდენიმე მტანჯველი წლის მერე საშინლად გალოთდა. ის თავის ადრინდელ ძმებსა და მეგობრებს მხოლოდ იმიტომ იხსენებდა, რომ მათთვის ფული ეთხოვა და იქვე სასმელში დაეხარჯა. ზოგჯერ მთვრალი ეკლესიის ეზოში იწვა. რაღა დარჩა მისი მართლმადიდებლობისგან? მან ლოცვა შეწყვიტა, და როცა ღვინის საყიდლად ფულის თხოვნას დააპირებდა, თავმოწონებით ჰყვებოდა, რომ მონასტერში მართლმადიდებლობას მაშინ იცავდა, როცა სხვები დუმდნენ, თუ როგორ ამხილა იღუმენი, რომელმაც ღვთისმსახურებისას უღმერთო ხელისუფლება მოიხსენია. თუმცა ჰქონდა სიფხიზლის წუთებიც, როცა ხედავდა თავისი დაცემის სიღრმეს და მწარედ ტიროდა. მაგრამ მამებს ვერ მიმართავდა. რაღაც შიშმა შებოჭა. მზად იყო, მამებს თვალთაგან მოშორებოდა, გაქცეოდა, როგორც ეშმაკეული შეფუცვის ლოცვებს. ერთხელ თავის ყოფილ მეგობართან, არქიმანდრიტთან მივიდა და ჩვეულებისამებრ სამგზავრო ფული სთხოვა. მანაც მისცა. უეცრად მონაზონმა ჩუმად უთხრა: "არ შეგიძლია გულსაკიდი ჯვარი მომცე?" "ჯვარი დაკარგე?" - ჰკითხა არქიმანდრიტმა. "არა, მოვიხსენი, რათა ღმერთი დამევიწყებინა. არ მინდა, რომ მწამდეს, არ მინდა, რომ ღმერთთან ვიყო, მაგრამ უღმერთოდ არ შემიძლია". ხელის კანკალით აიღო ჯვარი და თქვა: "შესაძლოა ეს კვლავ გავიკეთოო". ეს მონაზონი გაურბოდა მამებს, მაგრამ განა დაემალებოდა ჩვენი დიდი მამის ყოვლისმხედველ თვალს? სად შეიძლება დამალვოდა საცოდავი მონაზონი მამათა ლოცვებს, რომლებიც მას არ დაუტევებდნენ?

მონაზონი სხვა ეპარქიაში გადავიდა, თავისი ცხოვრების შესახებ მოუყვა ეპისკოპოსს. მან შეუნდო და ადგილი მისცა ერთ-ერთ ტაძარში. გავიდა დრო. კიდევ სრული ჩავარდნა, კიდევ სრული სიგიჟე. ის მძიმედ დაავადდა. მიხვდა, რომ კვდებოდა, სიკვდილის წინ წმინდა ზეთისცხების საიდუმლოს აღსრულება და წმინდა ზიარება ითხოვა. აღსარების მიმღები მღვდელი ამბობდა, იშვიათად მომისმენია ასეთი სინანულის აღსარებაო.

ახლა ის წარმდგარია არა კაცობრივ, არამედ საღმრთო სამსჯავროს წინაშე, სადაც გამომჟღავნდება ადამიანის გულის სიღრმეები. და მაინც, პირველი შემთხვევა, რომელზეც ვწერდი, ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, თითქოს გარეგნულად განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. წმინდა ეგნატემ (ბრიანჩანინოვმა) მწუხარე ლექსი დაწერა დაცემულ მონაზონზე და როცა ვიხსენებ ამ მოღვაწეს, მეჩვენება, რომ მღვდელმთავარმა ეგნატემ ეს წუხილის სიმღერა არა მარტო თავის მეგობარზე, არამედ ჩვენზეც იგალობა.

მონაზონმა, რომელმაც უმიზეზოდ დატოვა თავისი მამა, უკვე განიკითხა იგი, გაწყვიტა ის სულიერი სიახლოვე, რომელზე მტკიცეც არაფერია, მან გასცა საკუთარი სული და ძეობის წყალობას მოაკლდა, ანუ ძველ მდგომარეობას, როცა შეეძლო ყოფილიყო ჭეშმარიტი ძე თავისი მოძღვრისა. ვინც მოძღვარს იცვლის, მამის ნაცვლად ბიძას შეიძენს. ბიძა შეიძლება იყოს თბილი, პატივცემული, ბრძენი, მდიდარი, მაგრამ რამხელა განსხვავებაა მასა და მამას შორის, თუნდაც ღარიბსა და უშნოს, მაინც მის მშობელ მამას შორის!

მონაზონს, რომელიც მამას იცვლის, გულში უჩნდება შინაგანი წინააღმდეგობა იმის მიმართ, რასაც ნებისმიერი მოძღვარი ეტყვის. ეჩვენება, რომ მოძღვარს არ ძალუძს, იყოს მისი მამა, მაგრამ სინამდვილეში მასვე არ აქვს უნარი ძეობისა.
ბეჭდვა
1კ1