ქრისტიანთაგან ვერავინ შეიტყო, რომ მრისხანე ფაშა პატრიარქის პროტოსინკელი იყო
ქრისტიანთაგან ვერავინ შეიტყო, რომ მრისხანე ფაშა პატრიარქის პროტოსინკელი იყო
ბერძენი მეზღვაურების თავგადასავალი. კონსტანტინოპოლში გემმშენებელმა იორგის ფოსკოლოსმა საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გაიცნო დერვიში, ფარული ქრისტიანი.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს უცხო მხარეში რომ შეხვდა, ძალზე შეწუხებული იყო. ერთ მყუდრო რაიონში გაისეირნა. ყავახანები დაკეტილი იყო. ქუჩებში მხოლოდ მეფუნთუშეები დადიოდნენ, რომლებიც ფუნთუშებთან ერთად წითელ კვერცხებსაც ყიდიდნენ. იორგისმა ორი კვერცხი და ფუნთუშა იყიდა და იქვე ერთ დერვიშს შეეჯახა.

- შვილო, მეც ხომ არ მიყიდი კვერცხსა და ფუნთუშას?

- როგორ არ გიყიდიო, - უთხრა იორგისმა და მეფუნთუშეს დაეწია.

როცა უკან მობრუნდა, დერვიშმა განზე გაიყვანა, დასვა მიწაზე და აღფრთოვანებულმა წარმოთქვა: "მოდი, შვილო, მივესალმოთ ერთმანეთს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანები და ვიგალობოთ "ქრისტე აღსდგა". შენ პირველი ქრისტიანი ხარ, ვისაც შევხვდი და ვგონებ, ჩემსავით აქაური არ უნდა იყო.

ამბორისყოფის მერე შეჭამეს კვერცხები და ფუნთუშები და თავ-თავიანთ გზას გაუყვნენ.

მოსხონისიის მკვიდრს, სავაჭრო გემის კაპიტანს, იანის ცაბანისს თითქმის ამგვარივე ამბავი შეემთხვა.

ზეთით დატვირთული გემით კონსტანტინოპოლის პორტში შევიდა. ნაპირზე ყავახანაში მოკალათდა, ყავას წრუპავდა და ნარგილეს ეწეოდა. მასთან შუახნის ხოჯა მივიდა და ორი მეხი ზეთი სთხოვა. მალე მოილაპარაკეს, მეხები ზეთით აავსეს. საქმე რომ მოათავა, ხოჯამ კაპიტანს სთხოვა: დიდად დამავალებთ, თუ შინამდე მიმაცილებთ და ზეთის გადასხმაში მომეხმარებით. არ მინდა, მეეტლე შევიყვანო, მათ ვერ ენდობი. გზის ფულს მე გადაგიხდითო.

იანისი დაყაბულდა, ტკბილად მეტყველი ხოჯა სასიამოვნო ადამიანი ჩანდა. გასცდნენ წმინდა სოფიას და ეტლი სულთან ბაიაზითის კვარტალში შევიდა. იანისმა ინანა კიდეც, რომ გამოჰყვა. ამ დროს ხოჯამ ჩუმად უთხრა: - არ შეშინდე, კაპიტანო, თითქმის მოვედითო.

მივიდნენ სახლთან, ჩამოიღეს მეხები და ეზოში შეათრიეს. რამდენიმე კარი გაიარეს, საფეხურებს ჩაუყვნენ და მიწისქვეშა ტაძარში აღმოჩნდნენ. კანკელთან მღვდელმთავრის საყდარი, დაბალი ამბიონი, სანთლები დახვდათ. ყველაფერი ბრწყინავდა, სანთლები ციმციმებდა. მეხიდან ზეთი გადაასხეს. ხოჯა წმინდა საკურთხეველში შევიდა, მოიხსნა სარიკი, გაიკეთა ოლარი და გაოცებულ კაპიტანს მიმართა:

- ახლა კი, კაპიტანო იანის, მღვდელი იოანიკე წაგიკითხავს საგზაო ლოცვას. ხედავ, ჩვენი სახელები რაღაცით წააგავს ერთმანეთსო.

ქრისტეშობა ჰაჯი-ოსმან ფაშასთან.
1866 წელს კუნძულ კრეტაზე ბერძნები აჯანყდნენ. მთელი კუნძული სისხლით მოირწყო. რეფიმნოს ეპარქიაში მხოლოდ ერთი - ასომატონის მონასტერი გადაურჩა დარბევას. ის სახელგანთქმული იყო სიმდიდრით, სტუმართმოყვარე და პატრიოტი მონაზვნებით. მონასტრის იღუმენი გახლდათ 80 წლის მამა იოსები.

სექტემბრის ერთ საღამოს მონასტერს რამდენიმე აჯანყებული ქრისტიანი მიადგა და ღამის გასათევი ითხოვა. მონაზვნებმა ისინი იღუმენს მიუყვანეს, რომელიც ამ დროს მონასტრის ეზოში მამებთან ერთად ამ აჯანყებაზე საუბრობდა. ღირსმა მამამ სიხარულით მიიღო ისინი. გვერდით დაისვა და სიხარულით მოისმინა მათი მონათხრობი იმაზე, რომ აჯანყებულებმა აიძულეს თურქები რეფიმნოსა და ხანიას ციხეში ჩაკეტილიყვნენ. აღფრთოვანებულმა ღირსმა მამამ მათ ერთი ამბავი მოუთხრო:

- შვილებო, ძალზე მოხუცი ვარ, შესაძლოა ჩემი სამშობლო თავისუფალი ვერ ვიხილო, მაგრამ იმედი მაქვს ღვთისა, რომ ეს რევოლუცია სასურველ გაერთიანებას მოიტანს. რადგანაც მალე თურქები ჩვენს კუნძულზე აღარ იქნებიან, ამიტომ მსურს ერთი აღთქმისაგან გავთავისუფლდე, რომელიც 52 წლის წინ დავდე, მაშინ 28 წლის მღვდელმონაზონმა ამ მონასტრისა. ერთ ამბავს მოგიყვებით, რომლის შესახებ მხოლოდ მე და ღმერთმა ვიცით, მით უმეტეს, რომ მასში მონაწილე სხვა პირი მრავალი წლის წინ მიიცვალა. ამიტომაც ვერავინ მაიძულებს ამ საიდუმლოს დამალვას. ღმერთმა იცის, რას მომიტანს ხვალინდელი დღე.

1814 წლის შობის წინა დღეს, მონასტრის ტაძრიდან გამოსვლისთანავე შეგვატყობინეს, თურქმა ჟანდარმებმა ალყაში მოაქციეს მონასტერიო. იმ დროს თურქების გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებდა. მივხვდი, აღსასრულის ჟამი დამიდგა. მაგრამ მაინც წამოვდექი, ალაყაფის კარები გავაღე და თურქები შიგნით შემოვუშვი. მათ მითხრეს, რეფიმნოში უნდა გამოგვყვეთ, ფაშა გელოდებათო.

იმ დროს ვალი ჰაჯი-ოსმან ფაშა იყო. ის კრეტაზე 1812 წელს გამოჩნდა. სულთან მაჰმუდის განსაკუთრებული უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი, რომ მოეთოკა კრეტელი იანიჩარები, რომლებიც ათასგვარ უკანონობას სჩადიოდნენ ქრისტიანების მიმართ. ერთმორწმუნეთა ვაებამ პატრიარქ გრიგოლ V-მდეც მიაღწია. ამ ეროვნულმა მოღვაწემ დასახმარებლად მიმართა სულთან მაჰმუდს და კრეტაზე ქრისტიანების დაცვა სთხოვა. სულთანმა, რომელსაც იანიჩარები სძულდა, ხანიაზე ჰაჯი-ოსმან ფაშა გააგზავნა.

ჰაჯიმ ორ წელიწადში ალაგმა იანიჩარები და რეფიმნოში იმავე მიზნით გადავიდა, იქაც უამრავი იანიჩარი ჩამოახრჩო, რისთვისაც მეტსახელიც კი შეარქვეს - "მომშთობი" - "პინიგარისი". მიმიხვდებით, თუ როგორ შემეშინდებოდა. ნახევარი საათი ვითხოვე, ყველა მონაზონს დავემშვიდობე, ცოდვათა შენდობა ვთხოვე. მეც მივუტევე ყველას, ჯვარი გამოვისახე, შევჯექი მონასტრის ჯორზე და ჟანდარმებს გავყევი.

შუადღისას მივაღწიეთ. მაშინვე შემიყვანეს სასტუმრო ოთახში. სანამ იმაზე ვფიქრობდი, ფაშა რა მზაკვრულ შეკითხვებს დამისვამდა, თვითონ შემოვიდა. წამოვდექი, მივესალმე. ფაშამ მრისხანედ შემომხედა და მკითხა, - გშია? გამომყევიო.

გავყევი. შევედით ოთახში, სადაც ათასნაირი ნუგბარით სავსე სუფრა გველოდა. მხნეობა მოვიკრიბე და ვუთხარი:

- ჩემო ფაშავ, ჩვენ, ქრისტიანები, შობის წინა დღეს უზეთოდ ვმარხულობთ. გამიშვი, გავალ ეზოში, ჩემს ჯორზე ვიზრუნებ, თან რაიმე სამარხვოს ვიპოვი-მეთქი.

სარკასტულად გაიღიმა:

- შენ ჯორზე ის იზრუნებს, ვინც მისით უკან დაბრუნდება. მოდი, ცოტაოდენი ზეთისხილი და პური შეჭამე, - ხელით მეზობელ ოთახში მიბიძგა. იქ სხვა სუფრა იყო გაშლილი, ხიზილალით, რჩეული ზეთის ხილით და ტკბილი ღვინით. სიმართლე რომ გითხრათ, ფაშას მიერ ჯორზე ნათქვამმა სიტყვებმა ძარღვებში სისხლი გამიყინა. ვიფიქრე, სიკვდილს ვერ ავცდებოდი და ტრაპეზობას დავყაბულდი.

ნასადილევს ფაშამ მიხმო: - მისმინე, ჩემთან, ჰარამხანაში ქრისტიანი ქალი მყავს. მას უნდა ხვალ თქვენს დღესასწაულზე შეჭამოს ის საჭმელი, თქვენ რომ ეკლესიაში პურისა და ღვინისგან ამზადებთ. ამისთვის მოგიყვანეო - ფაშა წმინდა ზიარებაზე ლაპარაკობდა.

გავბედავ და გეტყვით, რომ თქვენი ბრძანების შესრულება არ შემიძლია, რადგან საამისოდ განსაკუთრებული ნივთები მჭირდება-მეთქი.

- რა ნივთები გინდა? - განრისხდა ფაშა, - პური მაქვს, ღვინოც. აიღე ჭიქა, კოვზი და მოამზადე.

- ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია შესამოსელი, სახარება და მრავალი სხვა, რაც შენ არ გაქვს.

- გამომყევი და ყველაფერს ნახავ, რასაც თხოულობ.

მიწისქვეშეთში ჩამიყვანა. ვლოცულობდი, მეგონა, მოსაკლავად მივყავდი. ფარდით გაყოფილ ოთახში შევედით. ფაშამ ფარდა ასწია და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. დავინახე საკურთხეველი, წმინდა ტრაპეზით, ოდიკით, ლიტურგიისთვის საჭირო ჭურჭლით, ბარძიმ-ფეშხუმით, ლახვრით, ვარსკვლავით, მდუღარების ჭურჭლით. აქვე იყო შესამოსელი, საკმეველი, სასანთლეები, საბარძიმე ღვინო, ზეთი, თვენი, კონდაკი, სახარება, სამოციქულო.

ფაშას თვალებით ვკითხე, - ეს ყველაფერი რას ნიშავს-მეთქი.

- შარშან აქ ამავე მიზნით ერთი მღვდელი მოვიყვანე, - მითხრა და დაატანა, - სასტუმრო ოთახში წადიო. გამოსვლისას ბერძნულად მითხრა:

- გათენებამდე ორი საათით ადრე დაიწყებ შენს საქმეს, ისე, რომ ვერავინ დაგინახოს.

...მეორე დღეს, განთიადისას, იქ ვიყავი. წავიკითხე ცისკრის შედეგი, ლიცია, ექვსფსალმუნები, კანონები, საცისკრო სახარება, 50-ე ფსალმუნი, კანონი. უკვე პროსკომიდიას შევუდექი. უეცრად უკნიდან ვიღაცამ ანგელოზებრივი ხმით წაიგალობა: "ქრისტე იშვება, უგალობდით..." შემაჟრჟოლა, - ანგელოზები ხომ არ ჩამოვიდნენ ზეციდან-მეთქი. შემდეგ უცნობმა ტროპარი იგალობა. ავწიე ფარდა და ფაშა ვიხილე. ვიფიქრე, დავახრჩობ-მეთქი, ვერ დავითმენდი, რომ ამ არამზადამ ლიტურგიაზე იგალობა. ალბათ მუსულმანობაზე ძალად მოქცეული ქრისტიანია, მღვდლის შვილია, რომელიც ყრმობიდანვე გალობას მიეჩვია-მეთქი. ღმერთს სიმშვიდე შევთხოვე და ლოცვა განვაგრძე. ფაშამ მშვენივრად იგალობა მეცხრე ჟამი. გადავედით საღმრთო ლიტურგიაზე. ანტიფონების მერე, დიდი შესვლისას, სამოციქულო წაიკითხა, მე კი სახარება. საბოლოოდ მივაღწიეთ საღმრთო ლიტურგიამდე. როცა უკვე საზიარებლად მოვემზადე, ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით ვიღაც დადგა. მოვიხედე, მბჟუტავი სანთლის შუქზე, ტრაპეზთან ფაშა დავინახე, რომელიც ზიარებას მთხოვდა.

- ოღონდ ეს არა, - გავიფიქრე, მოვბრუნდი და ხელი ვკარი. მან თხოვნა გამიმეორა და მომიახლოვდა, მე კი მრისხანედ ვუყვირე.

- წარვედ აქედან, არამზადავ, მე სიწმინდეს ძაღლებს არ დავუყრი, - და უფრო ძლიერ ვკარი ხელი.

მაშინ კი მოწმე გავხდი სცენისა, რომელიც ახლაც თვალწინ მიდგას, თუმცა მას მერე 52 წელი გავიდა. ფაშამ სარიკი და ფესკა მოიხსნა და მხრებზე გრძელი თმა ჩამოეშალა. უბიდან ფურცელი ამოიღო და მომაწოდა:

- ძმაო და თანამსახურო, შემინდე მე ცოდვილს.

ამ სიტყვებმა, რომელთაც ღვთისმსახურნი წირვის გარკვეულ მომენტში წარმოვთქვამთ, მთლად დამაკარგვინა თავგზა, ვუცქერდი ფაშას, რომელიც წმინდა კაცის სახით მიყურებდა. მექანიკურად გავხსენი ქაღალდი და მასში მსოფლიო პატრიაქის, გრიგოლ V-ის გაცემული სიგელი ვიხილე, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჰაჯი-ოსმან ფაშა პატრიარქის მდივანი პროტოსინკელი ბასილი იყო.

გაოცებისგან წონასწორობა დავკარგე და წმინდა ტრაპეზს დავეყრდენი. მაგრამ ფაშამ შემიბრალა, მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა:

- ნუ გიკვირს, ძმაო, მე მართლაც პატრიარქის პირველი მდივანი ვარ. ახლა ზიარების ჟამია და მერე ვისაუბროთ.

ძმურად ვეამბორეთ ერთმანეთს, ვეზიარეთ, მერე საეკლესიო ჭურჭელი მოვასუფთავეთ. დავაბინავეთ. ფაშამ დამაფიცა, რომ საიდუმლოს არავის გავუმხელდი. კვლავ ვეამბორეთ ერთმანეთს და სასტუმრო ოთახში ყავის დასალევად ავედით.

როცა ყავას ვსვამდით და ფაშა დარწმუნდა, რომ არავინ გვისმენდა, დაწვრილებით მიამბო ყოველივე. როგორც გითხარით, სულთან მაჰმუდს იანიჩარები სძულდა. მან კონსტანტინოპოლში 16000 იანიჩარი დახოცა. როცა მასთან პატრიარქი მივიდა და კრეტელ იანიჩარებზე შესჩივლა, სულთანმა უთხრა: "რა ვქნა? რამდენი თურქიც გავგზავნე კრეტაზე, მათ მხარეზე გადავიდა. კაცი ვერ მიპოვია. ხომ არ იცნობ ვინმეს, ეს რომ შეძლოს?"

საპატრიარქოში დაბრუნებულმა პატრიარქმა კრება მოიწვია და სულთნის დანაბარები გადასცა. წამოდგა პატრიარქის პირველი მდივანი ბასილი - მე წავალო.

პატრიარქმა სულთანს შეატყობინა. მაჰმუდმა მოიწონა ბასილის კანდიდატურა. გადასცა ფირმანი, რომელიც მას შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებდა. მალე თურქად გადაცმული ბასილი, ახლა უკვე ჰაჯი-ოსმან ფაშა, თურქული სამხედრო გემით კრეტაზე გაემგზავრა.

თავისი მკაცრი მეთოდებით იანიჩართა დაოკება შეძლო. მაგრამ რაც მთავარია, ქრისტიანთაგან ვერავინ შეიტყო, რომ მრისხანე ფაშა პატრიარქის პროტოსინკელი იყო.

უკან 1815 წელს დაბრუნდა. თურქებმა და იანიჩარებმა ვერ დაითმინეს მისი მმართველობა და ეშმაკობას მიმართეს. სულთნის ეზო ნაკლებად გაანათეს. როცა მაჰმუდმა მიზეზი იკითხა, უთხრეს: - ოსმან ფაშას დევნის გამო კრეტელები მეტ ზეთს ვეღარ იხდიანო. ოსმან ფაშა კრეტიდან გამოიხმეს. ის კი ათონზე გაემგზავრა და ღრმად მოხუცებული, მშვიდად გარდაიცვალა, რამეთუ როგორც შეეძლო, ისე ემსახურა თავის საყვარელ სამშობლოს.
ბეჭდვა
1კ1