ჩორდვანელთა საკუთრება - "ივირონი"
ჩორდვანელთა საკუთრება - "ივირონი"
"და იკურთხა თესლი მათი, ვითარცა აბრაჰამისი და იაკობისა", - ბრძანებს ბასილი ზარზმელი ჩორჩანელთა დიდი სახლის მემკვიდრეთა შესახებ. ეს დიდი ლოცვა-კურთხევა ღვთისგან IX საუკუნის სამცხის დიდმა მთავარმა გიორგი ჩორჩანელმა ზარზმის მონასტრის აღშენებისთვის გაწეული ღვაწლის გამო დაიმსახურა. მადლიცა და კურთხევაც მემკვიდრეობით თაობებს გადაეცა და ვინ იცის, ჩორჩანელ-ჩორდვანელთა დიდი ოჯახის მიერ აღსრულებულ საღვთო საქმეთა საიდუმლოების გასაღებიც, იქნებ, ამ საკრალურ კურთხევაშია. საღვთო თუ საერო შესაწირად ზარზმა და ოშკიც იკმარებდა მათგან, მაგრამ ჩორჩანელთა სახლის ისტორიაში ბრწყინავს "ივირონი", ქართველთა სულიერი ნავსაყუდელი, ღვთისმშობლის რჩეული სავანე, ივერთა მონასტერი. ის წლების მანძილზე ჩორდვანელთა საკუთარი მონასტერი ყოფილა.

ქართული ისტორიული წყაროებით - ჩორჩანელი ზედწოდებაა, მათ სამცხის ჩორჩანელთა დიდი ფეოდალური სახლის მთავრებს უწოდებდნენ, ეკავათ სოფელი ჩორჩანი და სამცხის უდიდესი ნაწილი. დიდი მთავრის, გიორგი ჩორჩანელის ზეობის პერიოდი IX საუკუნის შუა წლებს არ სცილდება. უშვილო გიორგის გარდაცვალების შემდეგ მთელი ქონება და უფლებები მისი დის, თეკლას შვილებზე გადავიდა. ქონების გადანაწილება სისხლისღვრით დამთავრდა.

X საუკუნიდან ეს სახლი აღორძინდა: ერთი მხრივ - სამცხეში დარჩენილ ჩორჩანელთა ახალი სახლის ჩამოყალიბებით, ხოლო მეორე მხრივ - ტაოში გადასახლებული სამცხელი მთავრების დამკვიდრებით.

"ჩორდვანელი" "ჩორჩანელის" სახეცვლილი ფონეტიკური ფორმაა, რომელმაც ეს სახე ტაოსა და ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებში მიიღო.

ტაოელი ჩორდვანელების გენეალოგიური რუკა ათონზე დაცულ "ოშკის სამოთხისა" და "განძის" ანდერძშია დაცული. პირველი ჩორდვანელი ჩვენთვის კარგად ცნობილი ათონის ქართველთა სავანის მაშენებლის იოანე-თორნიკყოფილის მამაა. მისი სახელი და გვარი არ შემოუნახავს ისტორიულ წყაროებს. თორნიკეს მამისათვის ჩორდვანელი ზედწოდება ყოფილა, მის შთამომავლობაში კი ის საკუთარ სახელად ქცეულა. სავარაუდოა, რომ ჩორდვანელი ამ ზედწოდებას ატარებდა სამცხიდან ტაოში გადასვლის შემდეგ, მაგრამ სამცხესა და ჩორჩანს მოწყვეტილმა ზედწოდებამ რეალური მნიშვნელობა დაკარგა და გვარის მნიშვნელობით დაიმკვიდრა თავი.

სამცხელი ჩორჩანელების განშტოება ტაოში გამოიკვეთა, როგორც ახალი პოლიტიკური ძალა დავით კურაპალატის კარზე. საგვარეულო მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. მათი სამოღვაწეო ასპარეზი ბიზანტია იყო. ამ გვარის ბევრ წარმომადგენელს მაღალი სამხედრო და ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავათ ბიზანტიის იმპერიაში. ოშკში გადაწერილი ხელნაწერების ანდერძების მიხედვით, ოშკის ლავრა, აშენებისთანავე, ჩორდვანელთა საკუთარი მონასტერი ყოფილა. ოშკის სკრიპტორიუმში მონაწილეობდნენ არა მარტო თორნიკე და მისი ძმა ვარაზ-ვაჩე - ამ ლავრის "უფალნი", არამედ ოჯახის სხვა წევრებიც.

ჩორდვანელების ოჯახის განსაკუთრებულმა სულიერმა ენერგიამ, ღვთისმოსაობამ, ორგანიზატორულმა ნიჭმა, შეუპოვრობამ, თავგანწირვამ ახალი სულიერი დასაყრდენი გაუჩინა ქართველთ... ღვთისმშობლის რჩეულ მიწაზე, საქართველოდან შორს, ათონის წმინდა მთაზე შეიქმნა ეპოქალური მნიშვნელობის ქართული სავანე - "ივირონი". ჩორდვანელთა მიერ აშენებულ მონასტერს, საგვარეულოს წევრთა დამსახურებით, უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა ჰქონდა.

პირველი ქართველი ბერი წმინდა მთაზე ჩორდვანელთა სახლის ნათესავი იოანე (ვარაზ-ვაჩე) იყო. ჩორდვანელთა სახლის ცენტრალური ფიგურა, იოანე სვინგელოზი-თორნიკყოფილი კარგადაა ცნობილი ბიზანტიის ისტორიაში, როგორც "ივერონის" ქტიტორი და ბარდა სკლიაროსთან ბრძოლის გმირი. დავით კურპალატის ცნობილმა ამირსპასალარმა თორნიკემ ერის წინაშე თავისი მხედრული მოვალეობის აღსრულების შემდეგ ათონის მთას მიაშურა და იქ იოანეს ხელით ბერად აღიკვეცა. ქართველი ბერები ათანასეს ლავრაში ცხოვრობდნენ. როდესაც გამრავლდნენ, ლავრის მახლობლად იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია და სენაკები ააშენეს.

ღვთის განგებით, ბასილი იმპერატორს დავით კურაპალატის დახმარება დასჭირდა აჯანყებული ბარდა სკლიაროსის ასალაგმავად. დავითის თორმეტათასიან ლაშქარს კი, მეფის თხოვნით, ბერად აღკვეცილი თორნიკე-იოანე სარდლობდა. ქართველთა ჯარმა თავისზე ბევრად მრავალრიცხოვანი სკლიაროსის ჯარი დაამარცხა. იმპერატორმა კი მადლობის ნიშნად დავით მეფე და თორნიკე აურაცხელი განძით დააჯილდოვა. თორნიკემ თავისი წილი ქართველთა სულიერ საუნჯედ აქცია - ივირონი აღაშენა.

ტაოში დაბრუნების შემდეგ თორნიკემ დაიწყო ზრუნვა ჯერ არარსებული ქართული მონასტრის ქართველი ბერებითა და ხელნაწერებით დაკომპლექტებაზე.

შეარჩია ოშკში გადაწერილი ოთხი ხელნაწერი: "სამოთხე", ბიბლია, "იოანე ოქროპირის ცხოვრება" და "განძი".

დავით მეფესა და თორნიკეს დიდი ხანია გულში ედოთ, ღვთისმშობლის წილხვედრ ქართველებს დამოუკიდებელი სავანე ჰქონოდათ ღვთისმშობლისავე რჩეულ ათონზე. ამას უდიდესი სულიერი, კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობაც ექნებოდა ქვეყნისათვის. მაგრამ საამისოდ იმპერატორის კეთილი ნება იყო საჭირო, სკლიაროსზე გამარჯვების შემდეგ ქართველებმა ჯილდოდ კეისრისგან მისი ნებაც მიიღეს. თორნიკეს დიდმა დამსახურებამ და ავტორიტეტმა ბიზანტიის წინაშე ხელსაყრელი მატერიალური და უფლებრივი პირობები შექმნეს ქართული ცენტრის დასაფუძნებლად.

ამასთან, ოშკის "სამოთხის" თორნიკე ჩორდვანელის მიერ დაწერილ ანდერძში საგანგებოდაა შემკობილი დავით კურაპალატი: "მართლმადიდებლობისა თუალი, საღმრთოისა სიყვარულისა ჯაჭვითა აღჭურვილი, სულიწმიდაი თანამზრახველ აქუს".

თორნიკემ იცოდა, რომ ეს ცნობები ათონიდან მთელ ბიზანტიაში გავრცელდებოდა, რაც მართლმადიდებელი სამყაროს წინაშე ქართველი მეფის დამსახურებას წარმოაჩენდა და ქართველთა პრესტიჟს აამაღლებდა. 981 წელს ათონზე მშენებლობა დაწყებულა. თორნიკეს კი მანამდე ტაოდან "სახელოვან მონაზონთა" გუნდი წაუყვანია და ხელნაწერებიც წაუღია, "რათა ქართველნი ოდენ იყვნენ მონასტრისა ამის მკვიდრნი ყოველნი". ქართველი კაცისა და ქართული წიგნის გამრავლება ათონის ქართულ მონასტერში მონასტრის ქტიტორის - თორნიკეს უპირველესი საზრუნავი იყო. სახელოვან მონაზონთა შორის იყვნენ ჩორდვანელთა საგვარეულოს წარმომადგენლები. მეცნიერთა აზრით, მათ შორის იყო თორნიკეს ძმის, ვარაზ-ვაჩეს ძე მიქაელი, შემდეგში მონასტრის წინამძღვარი გიორგი. ოშკის "სამოთხის" ანდერძში ორგზის არის ნახსენები მიქაელი, ძე ვარაზ-ვაჩესი და აბუჰარბი - ძმა თორნიკესი. ჩანს, რომ ის ოშკის ხელნაწერთა შექმნის აქტიური მონაწილე იყო, ამიტომ თორნიკე მას ამოარჩევდა, როგორც მწიგნობრობაში გაწაფულ ადამიანს და წაიყვანდა ათონზე, ამიტომ არსებობს აზრი, რომ ათონზე იოანე სვინგელოზის ძმისშვილად მოხსენიებული გიორგი ყოფილი მიქაელია.

თორნიკეს ძმისშილი, გიორგი I ივირონის ცნობილი მოღვაწეა. ის იოანე და ექვთიმე მთაწმინდელების (ჩორდვანელთა ნათესავები) უახლოესი თანამოღვაწე ყოფილა, 1019-1024 წლებში კი მონასტრის წინამძღვარი, რომელმაც აქტიური სამშენებლო და სამეურნეო მოღვაწეობისთვის "დიდისა" და "მაშენებლის" სახელი დაიმსახურა. მთელი თავისი მრავალმხრივი მოღვაწობით იგი დავით კურაპალატის საგარეო პოლიტიკის დამცველი და ბიძის მსგავსად, ბერობაშიც თავისი ერის მსახური იყო.

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს ჩორდვანელთა სახლის ისტორიის შესწავლისთვის ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი წარმოადგენს, რომელიც მოსახსნებელს და აღაპებს შეიცავს ჩორდვანელთა დიდი სახლის წევრებისათვის, როგორც "ივირონის" ქტიტორებისთვის. ჩანს, რომ ათონის საკრებულოში თორნიკე და მისი საგვარეულო სახლი მონასტრის ერთპიროვნულ ქტიტორად ითვლებოდა. აღაპების პირველი წიგნი 980-1045 წლებს განეკუთვნება, ე.ი. თორნიკეს გარდაცვალებიდან ვიდრე გიორგი მთაწმინდელის წინამძღვრად არჩევამდე. ამ წერილობითი წყაროს საფუძველზე დასტურდება, რომ ეს არის ჩორდვანელთა სახლის წევრთა, როგორც მონასტრის ქტიტოტრთა და "უფალთა", შეუზღუდავი მმართველობის პერიოდი, როდესაც წინამძღვრობის უფლება მემკვიდრეობით გადადიოდა ამ სახლის წევრებზე. ივირონის პირველმა წინამძღვარმა იოანე ქართველმა დატოვა მომდევნო წინამძღვრებად - ექვთიმე და გიორგი, ხოლო ექვთიმემ - გიორგი და გრიგოლი. 1042 წლამდე ივირონის წინამძღვრები ჩორდვანელები არიან.

მას შემდეგ, რაც თორნიკეს ძმისშვილი გიორგი I ამხილეს იმპერატორის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, იგი გადაასახლეს ათონიდან და მონასტერში ვითარება შეიცვალა. ბერძნულმა საკრებულომ უკუაგდო ჩორდვანელთა სახლის უფლება წინამძღვრობაზე. ეს ხელს შეუწყობდა მათ სურვილს, ხელში ჩაეგდოთ ქართველთა სავანე. ამიტომ ჩორდვანელთა წარმომადგენლის, გრიგოლის ნაცვლად მათ წინამძღვრად ვინმე გიორგი, რჯულით ქართველი აირჩიეს. მას ქართულმა საძმომ "უკეთური" შეარქვა. წინამძღვრის მემკვიდრეობით დანიშვნა, რასაც თორნიკეს დამსახურებათა გამო ბიზანტიის იმპერატორიც მფარველობდა, ბერძნებს არ სურდათ. აღსანიშნავია თორნიკეს შორსმჭვრეტელობა, როდესაც "ენება, რაითა ქართველნი ოდენ იყვნენ მონასტრისა ამის მკვიდრნი". ამ მიზნით მონასტრის გამგებლობაც ჩორდვანელთა ხელში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გიორგი I-ის გადასახლების შემდეგ დარღვეული ტრადიციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ამიტომ ჩორდვანელთა საკუთარი მონასტერი ამ დროიდან ქართველთა მონასტრად გადაიქცა და "ივირონის" სახელწოდება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ათონზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს საქართველოს მიწაზე გახლეჩილი ჩორჩანელთა დიდი სახლის წარმომადგენლები და აღადგინეს ნათესაური კავშირი. სამცხელი ჩორდვანელებიც იმავე პრივილეგიით სარგებლობდნენ მონასტერში, რომლითაც ტაოელები. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატმა გაბრიელ ჩორჩანელის ხელით ინება ზღვიდან გამობრძანება.

XI საუკუნის შემდეგ კი ამ სახლის წევრები არც ქართულ და არც ბრძნულ წყაროებში აღარ ჩანან, მაგრამ, ღვთის წყალობით, ქართველთა სულის იმედად, უჟამოდ იქნება ჩორდვანელთა საკუთრება "ივირონი".

ბელა ბარკალაია
ბეჭდვა
1კ1