მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
გაგრძელება. დასაწყისი იხ. #4,5,6
3. იუდაიზმთან ურთიერთობის შეწყვეტა
იუდაისტურ რელიგიურ ძალაუფლებასთან დაპირისპირება მეორე თემაა წიგნისა "მოციქულთა საქმე". სწორედ ეს კონფლიქტი გაიყვანს ეკლესიას იუდაისტური სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ და გახდება ახალი რწმენის, სხვა ქვეყნებში გავრცელების გარეგანი ფაქტორი.

***
კონფლიქტი ეკლესიის შექმნის დღიდან მწიფდებოდა. საქმეთა წიგნი გვაუწყებს, რომ სინედრიონის წევრებს ეკლესიის ხელმძღვანელობის შეპყრობა თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ. ორჯერ გასცეს მათი დაპატიმრების განკარგულება, მაგრამ დაკითხვის შემდეგ ორჯერვე გაათავისუფლეს. მღვდელმთავრები თავადვე მერყეობდნენ, რადგან: ქრისტიანების დანაშაული "იესოს სახელის" და მკვდრეთით აღდგომის ქადაგებაში მდგომარეობდა, ეს კი არ შეიძლებოდა კანონის დარღვევად შეფასებულიყო. მკვდრეთით აღდგომის შესახებ ქადაგებაში მოციქულებს ებრაელთა შორის, ფარისეველთა სკოლის მიმდევრების სახით, მომხრეებიც ჰყავდათ. ამის გამო სინედრიონში არც კი იცოდნენ, ქრისტიანების მიმართ რა გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. ერთმა ფარისეველმა, რომელსაც გამალიილი ერქვა, ასეთი აზრი გამოთქვა: "განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაი ესე გინათუ საქმე ესე, დაჰხსნდეს; ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ხელგეწიფების დახსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ" (საქმ. 5:38–39). ქრისტიანული ქადაგება არა თუ ეწინააღმდეგებოდა ძველ აღთქმას, არამედ მთლიანად წმინდა წერილზე იყო დაფუძნებული, რწმუნება იყო კანონისა და წინასწარმეტყველთა აღსრულებისა. სწორედ ამიტომ, როგორც მაცხოვრის გასამართლების დროს, ისე ახლა, მოციქულთა და ეკლესიის გასამტყუნებლად, ცრუ მოწმეების მონახვის აუცილებლობა ჩნდებოდა. ქრისტიანული თვალსაზრისით, ძველი აღთქმის კანონს ადამიანი ქრისტესთან მიჰყავს. შესაბამისად, ქრისტეს უარმყოფელი ებრაელები კანონმგმობელები ხდებოდნენ, "უსჯულოები" გამოდიოდნენ და მესიის გარეშე რჩებოდნენ.

***
სწორედ ამ პერიოდში მოციქულებმა, ეკლესიის საორგანიზაციო საქმეების მოსაგვარებლად, შვიდი პიროვნება შეარჩიეს. გამორჩეულთაგან ერთ-ერთმა - სტეფანემ, ქრისტიანთა საწინააღმდეგოდ ორგანიზებულ სამსჯავროზე, იუდეველთა საქციელის კანონიერებასთან დაკავშირებული თემა წამოჭრა. თავის ვრცელ სიტყვაში, მან ძველი აღთქმა თანმიმდევრულად განმარტა და იუდეველებს წარმართულ გადახრებთან ერთად მათ მიერ უფლის გამოგზავნილ წინასწარმეტყველთა მუდმივი დევნა შეახსენა. სტეფანემ დაასაბუთა, რომ ამ უარყოფათა გრძელმა რიგმა ებრაელი ხალხი საბოლოოდ მესიის - იესო ქრისტეს ჯვარცმამდე მიიყვანა: "რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვდნეს, რომელნი წინაისწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით, რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაისა და არა დაიმარხეთ" (საქმ. 7:52–53). აქ, ამ სიტყვაში პირველად არის ნაჩვენები ებრაული რელიგიის ტრაგიკული პარადოქსის ქრისტიანულად ახსნა: იუდეველებმა კანონის გამოყენებით უარყვეს ის, ვისზედაც წამებდა, ვისთანაც ერი კანონს მიჰყავდა. სწორედ ასეთი ლოგიკით, ამ ტრაგიკულ გზაგასაყარზე, შეიმეცნა ეკლესიამ საკუთარი დანიშნულება სულ უფრო ნათლად, როგორც ძველი აღთქმის ერთადერთი მემკვიდრე და ახალი აღთქმის კანონიერი სამკვიდრებელი. წარმოთქმული სიტყვით გაღიზიანებულმა ებრაელებმა სტეფანე ჩაქოლეს. ეს მკვლელობა ეკლესიის მასშტაბური დევნის ნიშანი და დასაწყისი გახდა.

***
"იყო მას დღესა შინა დევნულებაი დიდი ეკლესიათა მათ ზედა, რომელნი იყვნეს იერუსალემს. და ყოველნივე განიბნინეს სოფლებსა მას ჰურიასტანისასა და სამარიაისასა, თვინიერ ხოლო მოციქულთა... და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს, ვიდოდეს და ახარებდეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა" (საქმ. 8:1,4). მანამდე მოციქულები, ცათა სასუფეველის მოახლოებასთან დაკავშირებული რწმენის დამკვიდრებას, ძირითადად წმინდა ქალაქში ცდილობდნენ. ამიტომ ეკლესიური საქმიანობა დასაწყისში მხოლოდ იერუსალიმით შემოიფარგლებოდა; ეს იყო თორმეტი მოციქულის ირგვლივ შემოკრებილი, ჯერ კიდევ ახალი, უჭმუნველი ცხოვრებით, ჭარბი სულიერებით, დიდი სიყვარულითა და მრავალი წარმატებით გახალისებული მესიანური საზოგადოების ხილული კრება. მაგრამ ეკლესია ჯერ მხოლოდ თავის პირველ ნაბიჯებს ადგამდა და არ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე გაგრძელებულიყო.

***
ეკლესია მომავლის შესახვედრად ემზადებოდა, რადგან ხანგრძლივი მიწიერი ცხოვრების მანძილზე, მის გულზე მრავალ ხორშაკსა და კორიანტელს უნდა გადაევლო. ახლა კი, ეს გრძელი გზა ქრისტიანთა დამძლავრებით, დევნით, იერუსალიმიდან გაძევებითა და მთელ ქვეყანაზე გაფანტვით უნდა დაწყებულიყო. ასეთი რთული სავალი ეკლესიისათვის ბუნებრივი იყო, რადგან მხოლოდ ტანჯვითა და თავგამოდებული ერთგულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ადამიანის შემეცნებითი შესაძლებლობების მოდიდება და ზრდა ჰქვია; მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა შეიძინოს ის უნარი, რაც უწინ მის შესაძლებლობებს აღემატებოდა. იერუსალიმელი ქრისტიანები, ეკლესიას ჯერ კიდევ, საკუთარი ერის ისტორიის გაგრძელებად და ქრისტიანობას ღვთის მიერ ბოძებულ უკანასკნელ საჩუქრად მიიჩნევდნენ. მათი ჩვეულებრივი ადამიანური თვითშეგნება, ჯერ ვერ იტევდა ეკლესიის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობას. ქრისტიანებს ეკლესიის დევნა, იერუსალიმის დატოვება, მის ფარგლებს გარეთ ქადაგების დაწყება, მოციქულთა ცხოვრების ერთგვარ ფატალურ ხვედრად წარმოუდგებოდათ. უფრო მეტიც, მიუხედავად სიტუაციის მკვეთრად გამწვავებისა, ქრისტიანები იუდეველი მღვდელმთავრების მითითებებს და დაუნდობელი ქმედებების სიმკაცრეს, დასაწყისში სრულად ვერ აღიქვავდნენ. დევნის დაწყების მიუხედავად, ქრისტიანებს უპირველეს პრობლემად წარმართების გაქრისტიანება, ანუ თავისი მნიშვნელობით, ზეყოფითი და ზეიუდეისტური საკითხების გადაწყვეტა მიაჩნდათ. ამრიგად, თავიდან ქრისტიანებმა კარს მომდგარი უბედურებები თითქმის ვერც კი შეაფასეს და უნებლიეთ, ეკლესიის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საქმეს - კაცობრიობის გაქრისტიანებას შეუდგნენ. ალბათ საჭიროა გავიხსენოთ საქმეთა წიგნში მოყვანილი წარმართთა მონათვლის პირველი მაგალითები: მართლმორწმუნე იუდეველთაგან დიდი ხნის წინ განდგომილ სამარიტელთათვის ქადაგება (საქმ. 8:5), მოქცევა "კორნილეოსის, ასისთავის, ტომისაგან, რომელსა ჰრქვან იტალიკე" (საქმ. 10:1), ფილიპეს მიერ ეთიოპელი ვეზირის მოქცევა (საქმ. 8:26-40) და სხვა. მეორე მხრივ, საქმეთა წიგნში ვხედავთ იერუსალიმელი ქრისტიანების გაოცებას, მათში გაჩენილ ბუნებრივ შეკითხვას, განა მაცხოვარი არ ასწავლიდა მოციქულებს: "გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ"? (მათ.10:5). ამ, ზოგჯერ გამოუთქმელი კითხვების პასუხად, პეტრე მოციქული ასეთი მტკიცებულებით პასუხობს: "მოვიდა სული წმიდაი მათ ზედა, ვითარცა-იგი ჩუენ ზედა პირველად" (საქმ. 11:15); ანდა, ხილვაში თავად უფალი მოუწოდებს ქრისტიანებს: "რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს" (საქმ. 10:15). საქმეთა წიგნის ტექსტი გვაფიქრებინებს, რომ როდესაც იერუსალიმიდან მოსული ქრისტიანები რომის ეკლესიას აარსებდნენ, ქადაგება მხოლოდ იუდეველთა წრეში მიმდინარეობდა. მაგრამ აქვე აშკარაა, რომ საკითხი "გარეშეთა" შესახებ დგას და მათი მოქცევა უკვე დაწყებულია. მქადაგებლები უკვე შორს - ფინიკეთში, კვიპროსში, ანტიოქიაში დადიან; ამ არაერთმნიშვნელოვან სიტუაციაში მოციქულთათვის ჩნდება ახალი კითხვა: ქრისტიანებს ისრაელის გადარჩენასთან აქვთ საქმე თუ ზოგადად, მთელი მსოფლიოს ხსნასთან? კითხვის პასუხად, საქმეთა წიგნში ჩნდება ადამიანი, რომელიც მთელ თავის ცხოვრებას ამ საკითხებში გარკვევასა და მოგვარებას მიუძღვნის. ეს კაცი პავლე მოციქულია, რომელიც წარმართთა მოქცევისა და ეკლესიის ცხოვრების დაწყებითი ეტაპის დასრულებისათვის მსახურებს.
ბეჭდვა
1კ1