მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
მართლმადიდებლობის ისტორიული გზა (თვალსაწიერი)
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი, საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველი და მქადაგებელი, დაიბადა რეველში 1921 წლის 13 სექტემბერს. საშუალო განათლება პარიზში მიიღო. 1945 წელს დაამთავრა პარიზის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, რის შემდეგაც ამავე ინსტიტუტის ეკლესიის ისტორიის კათედრაზე დატოვეს.

1946 წელს მღვდლად ეკურთხა. 1951 წელს მიიწვიეს ნიუ-იორკის წმინდა ვლადიმირის სახელობის სემინარიაში და ამავე წელს მეუღლესა და სამ შვილთან ერთად საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

1959 წელს პარიზში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებაში. 1962 წლიდან მუშაობდა წმინდა ვლადიმირის სემინარიაში დეკანის თანამდებობაზე. იყო მრავალი ინსტიტუტისა და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ღვთის სიტყვის დაუღალავი მქადაგებელი.

გარდაიცვალა 1983 წლის 13 დეკემბერს.

თავი პირველი ეკლესიის დასაწყისი

1. "მოციქულთა საქმე"
ეკლესიური ცხოვრების დასაწყისში მიმდინარე მოვლენები ლუკა მოციქულის წიგნში "მოციქულთა საქმეშია" (გიორგი მთაწმინდელის რედაქციით - "საქმე წმიდათა მოციქულთა") აღწერილი. ეს წიგნი ლუკას სახარების შემდეგ დაიწერა და იერუსალიმის პირველი ქრისტიანული საზოგადოების არსებობის საწყისებზე, პირველი ქრისტიანების ცხოვრებასა და იუდაისტური მმართველობის მიერ მათი დევნის შესახებ მოგვითხრობს; წიგნში გადმოცემულია აგრეთვე მოციქულთა - გამორჩეულად პავლე მოციქულის - ცალკეული ქადაგებები, აღწერილია ქრისტიანობის გავრცელების გზა იერუსალიმიდან რომამდე. მოთხრობის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ხშირად კამათობენ. მართლაც, წარმოდგენილი მასალა, თანამედროვე ისტორიული აზროვნების ამოცანებისა და მეთოდების გათვალისწინებით, ერთი შეხედვით შესაძლოა უცნაურადაც მოგვეჩვენოს. წიგნში არის ისეთი თემებიც, რომლებიც მონათხრობში იკარგება; ხანდახან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ზოგიერთი ამბავი გამოტოვებულია, ხოლო ცალკეული მოვლენები უბრალო აღწერის ნაცვლად სქემებად არის წარმოდგენილი და შემდეგ კომენტირებული. მაგრამ როდესაც მოციქულთა საქმეს ვკითხულობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც სახარებების ავტორებს არ შეეძლოთ იესო ქრისტეს ცხოვრების ისტორიის სრულად და ამომწურავად აღწერა, ისე მოციქულთა საქმის ავტორიც ვერ შექმნიდა მიმდინარე მოვლენების ამომწურავ ისტორიულ ქრონიკას. ეს წიგნი იმ წლებში დაიწერა, როდესაც ეკლესია თავისი განვითარების პირველი სტადიიდან გამოვიდა, რომის იმპერიის მრავალ მნიშვნელოვან ცენტრში დამკვიდრდა, სრულად შეიმეცნა თავისი დანიშნულება და დაიწყო პირველი გამოცდილების "ფორმულირება", მოგვიანებით კი წერილობითი სახით ახალი აღთქმის წიგნად ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, რომ ლუკა მახარებელი ყველა სხვა ავტორზე მეტად შეიძლება ჩაითვალოს ისტორიკოსად, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, მისი წიგნის შინაარსი არც რომელიმე ისტორიულ მოვლენაზე, არც თავად ისტორიაზე, როგორც ასეთზე, არ არის მიბმული. წმინდა ლუკას თემა საზოგადოებაში, ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს საქმეების დამაგვირგვინებელ - ეკლესიური სინამდვილის დამკვიდრებას ეძღვნება. ჩვენ არა მხოლოდ ეკლესიის ისტორიას ვფურცლავთ, არამედ მიციქულთა საქმეებს ვაკვირდებით, ამ საქმეებში კი ეკლესიას, მის ცოცხალ ხატსა და არსს ვეცნობით. წიგნი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, როგორ დაიწყო ეკლესიამ თავისი არსებობის პირველ წლებში ჯერ აღმოცენება, შემდეგ არსებობა და ბოლოს ცხოვრება. ეკლესიის ისტორიის ამ ფუძემდებლური ძეგლის მთავარი ამოცანაც ამ მიზანს ემსახურება. ამავე დროს, წიგნში აღწერილ ცხოვრებისეულ ამბებში პირველად ვხედავთ სწავლებას ეკლესიის შესახებ. სწორედ ამიტომ მასში ძირითადად ის ფაქტებია გამოყენებული, რომლებშიც ეკლესიური სწავლების შინაარსი აისახება და რაც ჩამოთვლილ მიზნებს ემსახურება. ასეთად მიიჩნევდა ამ წიგნს ქრისტიანთა ყველა მომდევნო თაობა - ისინი, ვინც იერუსალიმის პირველი ქრისტიანული საზოგადოების ყოფიერებაში, მოციქულთა ქადაგებებში, პავლე მოციქულის ცხოვრებასა და სწავლებაში საეკლესიო ცხოვრების მაგალითს, შთამაგონებელ საწყაოს და ყველა შემდგომი ისტორიული ეპოქის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველს ხედავდა.

ამბავი იწყება ამაღლებითა და სულთმოფენით - მოვლენებით, რომლებიც ჩვეულებრივი ისტორიკოსისთვის შესაძლოა მხოლოდ ეკლესიის ისტორიის ზღვარი ყოფილიყო. ლუკა მახარებლისთვის კი სწორედ აქ დაიწყო ეკლესია, მისთვის აქ არის ჩადებული ის მთავარი აზრი, რომლის შინაარსსაც შემდგომ თავებში გავეცნობით.

იესო ნაზარეველის შემდეგ დარჩენილი "მცირე სამწყსო" წარმოადგენდა მოწაფეების პატარა ჯგუფს, რომელიც ერთ მომცრო ოთახში მოთავსდებოდა. მათ შორის იყვნენ: "უბრალო და გაუნათლებელი" მეთევზეები, ქალები, მასწავლებლის რამდენიმე ნათესავი და მეგობარი. სულ ეს იყო. წარმოვიდგინოთ, რა საოცრება უნდა ყოფილიყო ის ძალა, რომელსაც ეს ადამიანები უშიშარ მქადაგებლებად უნდა ექცია. მქადაგებლებად, რომლებიც "ქვეყნიერების კიდით კიდემდე" იქადაგებდნენ. როგორ უნდა დაემარცხებინა "მცირე სამწყსოს" რწმენას ყველა დროის უძლიერესი ცივილიზაცია? რას უნდა გარდაექმნა სამყარო ისე, რომ ვერავითარ ძალოვანებას ვეღარასოდეს შესძლებოდა ადამიანთა სულებიდან ჭეშმარიტების განდევნა? პასუხებს წმინდა ლუკას წიგნის პირველივე გვერდებზე ვპოულობთ: ეს არის ადამიანებზე სულიწმინდის გადმოსვლა და კვლავდაბადების საიდუმლო. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ ყველაფერი, რასაც ასწავლიდა მაცხოვარი, ქრისტეს მიმდევრების ძალად გარდაიქმნა, მუდმივად მორწმუნესთან არის, იქნება და ცხოვრებასა თუ ქადაგებაში თავად იმოქმედებს. დაწერილია: "არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალიმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა" (საქმ. 1:8).

რას ნიშნავს ეს მოწმობა?

ვიდრე ეკლესიის ისტორიის თხრობას შევუდგებით, არ შეიძლება ზოგადად მაინც არ მიმოვიხილოთ წიგნი, რომელსაც სახარება ჰქვია, რომელშიც ეკლესიური ცხოვრების შინაარსია წარმოდგენილი და რითაც ქრისტიანული აღმსარებლობა ქვეყნიერების წინაშე წარდგა. თავისი მიწიერი მსახურების დროს იესო ქრისტე ცათა სასუფეველს ქადაგებდა. მისი საქმეებისა და ქადაგების არსი ის გახლდათ, რომ აღსრულებულ ჟამს თავად ძე ღვთისა მოევლინა კაცობრიობას, რათა გახსნილიყო და ადამიანებს მისცემოდათ ცათა სასუფეველი; რათა ღვთის ნებით შექმნილ, უფლისგან ცოდვით განშორებულ და სიკვდილით შეპყრობილ ადამიანებს, მაცხოვრის რწმენით, შესძლებოდათ ჭეშმარიტებასთან ზიარება და კვლავ დაბრუნება მამის წიაღში - ცხოვრებასა და უკვდავებაში. მაცხოვარი ასწავლიდა ადამიანებს, რომ ქვეყანა ვერ მიიღებდა ღვთის შემოთავაზებას, რადგან "ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" და სოფელმა ბნელი ნათელზე მეტად შეიყვარა. სწორედ ამიტომ ღვთის მხოლოდშობილმა ძემ არა მხოლოდ ჭეშმარიტი სწავლება და სასუფევლის შესახებ ცოდნა გადმოგვცა, არამედ ხსნაც მოუტანა კაცობრიობას. ადამიანებზე გაბატონებული ცოდვა და ბოროტება მაცხოვარმა თავად დაამარცხა. იესო ქრისტემ სამაგალითო სრულყოფილებით, ანუ ღვთის რწმენითა და მორჩილებით, იცხოვრა. სწორედ ამ მორჩილებასა და სიყვარულში განცხადდა ის უშრეტი ძალა, რომლითაც იგი შეუნდობდა ცოდვებს, კურნავდა და მკვდრეთით აღადგენდა ადამიანებს; ღვთის სასუფეველი, როგორც უფალთან ადამიანის დასრულებული შეერთება სიყვარულითა და საკუთარი ადამიანური ბუნების მსხვერპლად შეწირვით, მორწმუნეთათვის აღასრულა. სამარცხვინო სიკვდილისთვის განწირულმა და ყველასგან მიტოვებულმა იესო ქრისტემ სრული მორჩილების ხატება და უმაგალითო თავდადება გამოავლინა. სწორედ ამ თავდაუზოგაობით აჯობა ბოროტებასა და ცოდვას: სიყვარულმა სიძულვილს სძლია, ჭეშმარიტებამ - სიცრუეზე, სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა - უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა. ქვეყნად გაბატონებული მთელი ბოროტება, ყველა სახის დამარღვეველი ძალა უძლური აღმოჩნდა იმ უმანკოებისა და სიწმინდის წინაშე, რომელიც ერთ ადამიანში განხორციელდა. ამ ქვეყანაზე, ბოროტებისა და სიკვდილის სამფლობელოში, ერთ ადამიანში შემოვიდა ღმერთის სასუფეველი და ცოდვით დაცემულ სამყაროში სიყვარული, სიკეთე და უკვდავება გაბატონდა. ამასთან, ეს გამარჯვება მაცხოვარს საკუთარი ბედნიერებისთვის არ მოუპოვებია, ის ყველას გვეკუთვნის, რათა გადავრჩეთ და ყველამ შეძლოს ცათა სასუფეველში შესვლა. სწორედ იმისთვის შეარჩია ჩვენმა უფალმა თორმეტი მოთანაგე, რათა თავიდანვე მის გვერდით ყოფილიყვნენ, ესმინათ მისი სწავლება, ეხილათ მისი საქმენი, მისი სიკვდილის, აღდგომისა და დიდების მხილველნი ყოფილიყვნენ. და სწორედ იმ ღამეს, როდესაც იესო ქრისტე ამ ქვეყნიდან ჯვრით განდიდების გზით უნდა გასულიყო, მოწაფეებს სასუფეველი აღუთქვა და აუწყა, რომ ჯვარცმის შემდეგ განდიდებული ღვთიური ძალა მისივე სამწყსოში დამკვიდრდებოდა და ყოველ მორწმუნეს ამ დიდებასთან ზიარების საშუალებას მისცემდა. ამავე დროს შეიტყვეს, რომ ქვეყანაზე დიდების დასამკვიდრებლად და მორწმუნეთა სასუფევლამდე ასამაღლებლად მხოლოდ მოწმობა არ იკმარებდა, მის მოწაფეებს ქვეყნის კიდემდე ხალხთა სწავლება დასჭირდებოდათ.

ასეთი იყო ღვთის დაპირება, ხოლო დაპირების აღსრულება სულთმოფენობის დღეს დაიწყო. სწორედ ამ დღეს მიიღო მოწაფეთა მცირე ჯგუფმა უტყუარი რწმუნებულება. ეს იყო სინამდვილე არა მხოლოდ სიცოცხლისა და უფლის სასწაულების შესახებ, არამედ რწმუნება იმისა, რომ იესო ქრისტე ამ ქვეყნის მეუფე, უფალი და მაცხოვარია. ამ მოწმობას ღვთის სამწყსოს ყოველი წევრი დღესაც ეკლესიად მიიჩნევს; ტაძრად, რომელიც ღვთის სახლია და რომელშიც მოწაფეთა ხელდასხმით უფალი დღესაც ახორციელებს თავის განგებულებას. აქ ყოველ მორწმუნეში მაცხოვრის ცხოვრება ახალ სიცოცხლეს იძენს. სულიწმინდის გადმოსვლა კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანობაში "მცირე სამწყსო" ეკლესიის ამობრწყინების საწყისი ხდება.

მაშინ ეს იერუსალიმში განხორციელდა. ამასთან, სახარებიდან ვიცით, რომ მოციქულები ჩრდილოეთ პალესტინიდან, გალილეიდან იყვნენ და სწორედ იქ იხილეს პირველად მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვარი. მიუხედავად ამისა, ლუკა მახარებელი მაინც ხაზს უსვამს მაცხოვრის სიტყვებს: "იერუსალიმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან". აქედან ჩანს, რომ ლუკა ეკლესიის დასაწყისსა და იმაზე მიგვანიშნებს, რომ საფუძველი ეკლესიას იერუსალიმში უნდა ჩაეყაროს - ასეთია ამ სიტყვების არსი. ეკლესიის ისტორიისა და შინაარსის გაგებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.

იმდროინდელი ებრაელი ხალხის რელიგიური თუ ეროვნული სასოება და იმედი იერუსალიმს უკავშირდებოდა; ყველა სახის მოლოდინი, რომელიც ძველი აღთქმიდან გამომდინარეობდა, სწორედ ამ ქალაქის სახელთან იყო შერწყმული. იერუსალიმი, ერთი მხრივ, ტყვეობის წლებში უკიდურესი დამცირებისა და მონობის სიმბოლოდ ქცეულიყო, მეორე მხრივ კი სოლომონ მეფის ლეგენდარული, ოქროსფრად გაბრწყინებული და დიდებით შემკული ქალაქი ისრაელის სახელმწიფოს აღორძინების იმედს წარმოადგენდა. ასეთი შეუსაბამობები და ბიბლიური ტექსტების იმდროინდელი განმარტებები ხალხს მომავალი წარმატების რწმენას აღუძრავდა და ებრაელთა აზროვნებაში იერუსალიმს წმინდა სიონის მსგავს მისტიკურ ცენტრად აქცევდა. მათ სჯეროდათ, რომ დადგებოდა საიდუმლოებით მოცული "დღე უფლისაი" და აქ, ამ წმინდა ქალაქში, მოვიდოდა მესია, რომელიც ქალაქს აღადგენდა, თავის ხალხს გადაარჩენდა და სამეფოს ააღორძინებდა. დროთა განმავლობაში ეს "მესიანური სახელმწიფო" წინასწარმეტყველთა წიგნებიდან ვიწრო ნაციონალურ ჩარჩოებში მოექცა, ებრაელი ხალხის ფანტაზიაში ძლევამოსილ სამეფოდ გარდაიქმნა და მსოფლიოში რელიგიური ცხოვრების განახლების, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის იუდაისტური ნორმებით დამკვიდრების საშუალებად იქცა. მომავალ მესიას კი ადამიანების ცოდვისა და სიკვდილისგან დახსნის ფუნქცია შერჩა. სწორედ ამიტომ სულთმოფენობის დღეს, როდესაც წმინდა პეტრემ გაოგნებულ ხალხს წინასწარმეტყველ იოველის სიტყვებით უპასუხა ("და იყოს, ამათსა შემდგომად მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორცსა") და მომხდარს დღე "მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა" უწოდა (ანუ ახსენა დღე, რომელსაც ყოველი მორწმუნე იუდეველი ელოდა), ქრისტიანთათვის ეს ცხადი ნიშანი გახდა იმისა, რომ კაცობრიობას მესია მოევლინა და ძველი აღთქმის ყველა დაპირება თუ მოლოდინი უეჭველად აღსრულდებოდა. დადგა სახელმწიფოს მესიანურად მართვის დრო. სინამდვილეში კი ეს ნიშნავდა, რომ იერუსალიმზე განხორციელდა უფლის მიერ შეპირებული დიდება და ხსნის ბიბლიურმა ისტორიამ აღსრულება ეკლესიაში დაიწყო.

ასეთ აზრებს ამოვიკითხავთ საქმეთა წიგნის, ეკლესიური ცხოვრების პროლოგის, პირველ თავებში. ის, ვისაც არ სწამს და ეჭვი ეპარება წიგნში გადმოცემული ამბის უტყუარობასა და "ისტორიულობაში", ალბათ მაინც აღიარებს, რომ ქრისტიანებს ეკლესიის ღვთაებრივ წარმოშობაში ეჭვი არასდროს შეჰპარვიათ. ამიტომ თვით ეს რწმენაც კი საფუძველია იმ ისტორიის არსებობისა, ურომლისოდაც შეუძლებელია შემდგომი ამბების გაგება და მოვლენების განვითარების შინაარსის გაცნობიერება.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვა
1კ1