მოგონებები
მოგონებები
ცოდნა აუცილებელია, მაგრამ თეოსოფების უბედურება ისაა, რომ ისინი აზვიადებენ თავიანთი ცოდნის მნიშვნელობას, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ გეოგრაფიული რუკაა მოგზაურთათვის
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ერთი სულის ტრაგედია. იმ დროს, როცა მღვდელმონაზვნად ხელი დამასხეს, ქვეყანაში მეფობდა განსაკუთრებული შიმშილი სასულიერო ლიტერატურისა. პერიოდულად ტარდებოდა წმენდა - ანადგურებდნენ წიგნებს, რომლებიც არ ეთანხმებოდა კომუნისტურ იდეოლოგიას, მათი გამრავლება-გადაბეჭდვისთვის შეიძლება კაცს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებოდა. შეშინებული ხალხი თვითონ იშორებდა თავიდან ასეთ წიგნებს, რათა ჩხრეკისას არ ეპოვათ ანდა თვალში არ მოხვედროდა დამბეზღებელ მეზობელს... შემდეგ ტერორი შესუსტდა. თითოეული სასულიერო წიგნი, რომელიც შეეძლო შეეძინა ან წაეკითხა მორწმუნეს, მისთვის დიდი საჩუქარი იყო.

ერთხელ სქემიღუმენია მარიამ (სოლოვიოვა) მითხრა, - გაგაცნობ ჩემს ერთ-ერთ სულიერ შვილს, რომელსაც სასულიერო ლიტერატურის დიდი ბიბლიოთეკა აქვსო. დიასახლისმა ძალზე თბილად მიგვიღო და უპირველესად ტრაპეზი შემოგვთავაზა. თან განუწყვეტლივ იმეორებდა, - სადილი დღეს უგემური გამომივიდაო. იშვიათად მიგემია ასეთი კერძები-მეთქი. იღუმენიამ კი უთხრა: - გმადლობ გაწეული შრომისთვის, მაგრამ თუნდაც უგემური გამოგივიდეს სადილი, მაინც არ უნდა გალანძღო და დაამცირო საკვები, რომელსაც პირში იდებ; უნდა მადლობდე ღმერთს დიდი წყალობისთვისო. შემცბარმა დიასახლისმა მიუგო: - მინდოდა თქვენთვის მესიამოვნებინა. გამომიცდია შიმშილობა. სამსახურის შოვნამდე სისხლს ვაბარებდი, რომ საკუთარი თავი და დედაჩემი მერჩინა. მე ვიცი პურის ლუკმის ფასიც და ვმადლობ მისთვის ღმერთსო.

დიასახლისის, ლარისა ვეტოშნიკოვას გვარი სათავეს XVII საუკუნიდან იღებს. დოკუმენტებით - მისი წინაპარი, თავადი ვეტოშკინი (ვეტოშნიკოვად "უმადურმა" შთამომავლობამ გადააკეთა, უფრო კეთილხმოვანი რომ ყოფილიყო) საელჩო უწყების მდივანი იყო - დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. პაპამისი ოფიცრად მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში და სამხედრო გმირობების გარდა, თავი იმითაც გამოიჩინა, რომ დიდგვაროვანი ჩერქეზი ქალიშვილი მოიტაცა და რამდენიმე მეგობართან ერთად შეეფარა ციხესიმაგრეს, რომელშიც რუსული გარნიზონი იდგა. ქალის ძმები მათ კვალში ჩაუდგნენ. ატყდა სროლა. მოულოდნელად ჩერქეზის ქალს იარაღი მოუთხოვია ძმების მოსაგერიებლად. საბედნიეროდ, თმის ბეწვიც არავის ჩამოვარდნია. ქორწილის შემდეგ დიდი ზარ-ზეიმით შერიგებულან.

ლარისას მამა, ვიქტორი, კაზაკთა არმიის ოფიცერი იყო და პოლკის საუკეთესო სნაიპერი გახლდათ. ამან შარში გახვია. რაღაც წვრილმანის გამო ამხანაგმა დუელში გაიწვია. ვიქტორმა იუარა - ის ცუდად ხედავს, მე კი სნაიპერი ვარო. სეკუნდანტებმა უთხრეს, შენც ნუ ესვრი ანდა განზე ისროლეო. ვიქტორი არ დათანხმდა და გადაიყვანეს კატორღელთა ეტაპის ხელმძღვანელად. ლარისა ამბობდა, - გადასახლებულებს უყვარდათ მამაჩემი, რადგან მათი ხვედრის შემსუბუქებას ცდილობდაო. ერთხელ თურმე ტყეში ყვავილების კრეფისას ლარისას და დედამისს გზა აერიათ. უცებ კოცონი შენიშნეს. გარს ავაზაკები - გაქცეული კატორღელები შემოსხდომოდნენ. იცნეს ქალები და ხელი არ ახლეს. პირიქით, სიცოცხლის რისკის ფასად დაბამდე მიაცილეს.

ლარისას მამა რუსეთ-გერმანიის ომში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ამბობდა თურმე: - ჩვენ კარგად ვიყავით მომზადებული ომისთვის, მხოლოდ ერთი რამისთვის არ ვიყავით მზად - დიდი, საშინელი ღალატისთვისო.

რევოლუციის მერე ლარისა და დედამისი (წარმოშობით ბერძენი) დროებით ჩერქეზ ნათესავებს შეეფარნენ, რომლებმაც მალე ქალებს გამაჰმადიანება მოსთხოვეს - თუ არადა, მთებში წაგიყვანთ და ჩერქეზ მთავარს მიგათხოვებთო. ისინი საქართველოში გამოიქცნენ. თბილისში ლარისა ლაბორანტად მოეწყო რომელიღაც დაწესებულებაში, მერე კი ოთახი იყიდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის მეზობლად. მიუხედავად დედის შეგონებისა, არ გათხოვილა. დედის სიკვდილის შემდეგ კი ცხოვრება ტაძარში სიარულსა და სასულიერო ლიტერატურის კითხვას მიუძღვნა. ბევრი წიგნი შეაგროვა. იგი სარგებლობდა აგრეთვე თეოსოფოს ნიკო ლომიძის ვაჟის, ინჟინერ ლომიძის ბიბლიოთეკით - მართლმადიდებელ ავტორთა წიგნებით. განსაკუთრებით ხიბლავდა ეპისკოპოს თეოფანე დაყუდებულის ღრმა ფსიქოლოგიური დაკვირვებები. მერე ეგნატე ბრიანჩანინოვის ნაშრომებმა გაიტაცა (ეპისკოპოსები თეოფანე და ეგნატე მაშინ ჯერ არ იყვნენ განდიდებულნი ეკლესიისგან). ეპისკოპოსი ეგნატე თავადი იყო წარმოშობით, მსახურობდა არმიაში, სწავლობდა საინჟინრო სასწავლებელში, მერე თავი ანება ერისკაცულ ცხოვრებას და შემონაზვნდა. ყველაფერი ეს მოსწონდა ლარისას - იგი ხომ მისი წრისა იყო. მღვდელმთავარ ეგნატეს შრომებში ღრმა სულიერი გამოცდილება ერწყმის მის ბრწყინვალე ენას და პოეტურ ნიჭს. ლარისა ამბობდა: "ვგრძნობ, რომ ვღალატობ ჩემს პირველ სიყვარულს - თეოფანე დაყუდებულსო".

ახალგაზრდობაში ლარისას საქმრო მოუკლა ბოლშევიკების მხარეზე გადასულმა კაზაკმა ოფიცერმა და ეს ამბავი ქალს საზეიმოდ აუწყა. ლარისა იგონებდა: "ვიგრძენი, გონებას ვკარგავდი, მაგრამ თავი შევიკავე და ვუპასუხე "შავ მაცნეს": - ალბათ ზურგში ესროლეთ. მიკვირს, რომ თქვენნაირმა არამზადამ მკვდარს თავი არ მოჰკვეთეთ და არ მომართვით, როგორც ნადავლი-მეთქი. მან კი: - ახლა შეგიძლიათ უკეთესი ქმარი იშოვოთო. მეც მომკალი, ანდა დაგვაბეზღე, რომ დაგვხვრიტონ-მეთქი. ის გაჩუმდა, მერე კი გამოსცრა, - არა, ეს ძალზე ადვილი დასასრულია. იცოცხლე, იტანჯეო". ლარისა საქმროს ერთგული დარჩა.

მე ხშირად ვსტუმრობდი ლარისას, ის წიგნებს მაძლევდა წასაკითხად, ზოგიერთს მჩუქნიდა კიდეც, რაც ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სულიერ თემებზე.

ახალგაზრდობაში ლარისა თეოსოფიით იყო გატაცებული. ეს უფრო მოდისა და დროის სულის აყოლა გახლდათ. მაგრამ ამანაც კი მის სულს გარკვეული კვალი დააჩნია. ერთხელ გავეხუმრე, - მოლაპარაკე ასკეტესა ხართ-მეთქი. კარგა ხნის შემდეგ გაიხსენა ჩვენი საუბარი: არანაირი ლანძღვა და შეურაცხყოფა ამგვარ ტკივილს არ მომაყენებდაო.

ერთხელ კი ვუთხარი, - უბედურება ისაა, რომ თქვენ ქრისტე არ გიყვართ-მეთქი. მეორე დღეს მოვიდა ტაძარში და მითხრა: - გთხოვთ შემომიაროთ და ამიხსნათ, რას ნიშნავს თქვენი სიტყვები. ვგრძნობ, ჰაი-ჰარად არ გითქვამთ, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. მე ხომ ახლა ქრისტეს გარდა სხვა ცხოვრება არ მაქვსო. რა თქმა უნდა, მივედი და ვუთხარი: "ლოცვისას ქრისტე თქვენთვის ცოცხალი ღმერთი კი არ არის, რომელსაც შეიგრძნობდით, როგორც თქვენს მაცხოვარს, არამედ საშუალებაა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობის მოსაპოვებლად. თქვენ არ მიმართავთ ქრისტეს, როგორც ცოცხალ პიროვნებას, არამედ ეძებთ მადლს, როგორც სულიერ ძალას. იესოს ლოცვისგან სისტემა შექმენით. სასულიერო წიგნების კითხვა თქვენთვის სრულქმნაა იმავე შინაგანი სისტემისა, და არა ღვთისადმი დამორჩილება საკუთარი სულისა და სხეულისა. თქვენ მიმართავთ ქრისტეს, არა როგორც ცოცხალ პიროვნებას, არამედ ვითარცა გარკვეული სულიერი განცდების წყაროს, მაშინ, როცა ცოდვილი იესოს ლოცვისას მაცხოვარს ცოდვათა მიტევებას ევედრება და არ ფიქრობს რაიმე მისტიკურ მდგომარეობასა და ნიჭებზე... ლოცვისას კაცმა თავისი უძლურება უნდა იგრძნოს, თქვენ კი სისტემა მოარგეთ საკუთარ თავს, ძალებს, ცოდნას. ცოდნა აუცილებელია, მაგრამ თეოსოფების (და მათ შორის ყოფილი თეოსოფების) უბედურება ისაა, რომ ისინი აზვიადებენ თავიანთი ცოდნის მნიშვნელობას, რომელიც უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ გეოგრაფიული რუკაა მოგზაურთათვის. ისინი უმეტესად გონებით ცხოვრობენ, გამორთულნი არიან გულიდან, რომელიც სულიერი თვალსაზრისით ცივი რჩება. თქვენ თავისუფალნი ხართ ღვთისადმი ლოცვით მიმართვისას, ღმერთიც თავისუფალია, გიპასუხოთ თუ არ გიპასუხოთ. სისტემა, უპირველესად, შეცდომებისგან თავის დაზღვევაა, ღმერთს კი სიყვარული სჭირდება".

მომისმინა და მითხრა: "თქვენს სიტყვებში არის სიმართლეც. ვფიქრობ სულიწმინდის მოპოვებაზე, ქრისტეს, როგორც მაცხოვარს, კი ვივიწყებ. არ ვიცი, როგორ შევიყვარო ქრისტე. ზოგიერთები ამბობენ: ყველაზე უარესად ჩათვალე თავიო. ვცადე, მაგრამ არ გამომდის. არ შემიძლია თავი დამბეზღებელზე, ჯალათებსა და მოძალადეებზე უარესად ჩავთვალო. მხოლოდ ვტუქსავ საკუთარ თავს, მაგრამ სინამდვილეში არ ვარ დარწმუნებული, რომ არსებობენ ჩემზე ცოტათი უარესი ადამიანები".

ვუპასუხე: - გირჩევთ, ლოცვისას მოერიდოთ მედიტაციას. გახსოვდეთ, რომ ესაუბრებით ცოცხალ ღმერთს. ეს უდიდესი ნიჭია. სიამაყეს ბოლოდან კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ თავიდან. ალექსანდრიელი მეწაღე ამბობდა, "ყველა გადარჩება, მარტო მე დავიღუპებიო" - ეს ღირსი ანტონი დიდის სიმაღლეა და არა ჩვენი. მაგრამ ფიქრი, - მე ამ კაცზე უარესი ვარო, განკითხვის სურვილს ასუსტებს. უმცირესიდან და მსუბუქიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ აუცილებელია მორჩილებით ვიღვაწოთ-მეთქი. მიპასუხა: "ოპტის უდაბნო რომ მოქმედებდეს, ფრთებს შევისხამდი და იქითკენ გავფრინდებოდი. ვიყიდდი მის სიახლოვეს პატარა ეზოს და ვიცხოვრებდი მამათა ფერხთა ქვეშ".

თქვენ ხომ ჩრდილოეთ კავკასიაში სულიერი მამა გყავთ, მღვდელმონაზონი დიმიტრი. შეგიძლიათ მისწეროთ, წელიწადში ერთხელ ინახულოთ, მას ხომ უდიდესი სულიერი გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ხართ, რომ ოპტის მონასტერში იპოვით იმას, რაზეც ოცნებობთ - განუწყვეტელ ლოცვას-მეთქი? როცა იქაურ მამებზე ვკითხულობ, მგონია, ოპტა ჩემი მშობლიური სახლია, იქ არის ჩემი გული, მაგრამ ის დაინგრა და დავრჩი ჩიტი უბუდოდო, - მიპასუხა.

"შეგიძლიათ ხელმძღვანელად მამა დიმიტრი გყავდეთ, კურთხევა და რჩევა არქიმანდრიტ ზინობის სთხოვოთ", - შევთავაზე. როცა რაიმე მიჭირს, გავრბივარ მამა ზინობთან და ლოცვას ვთხოვ. ვგრძნობ, როგორ მეხმარება მისი ლოცვებიო.

ლარისა გლინში უდაბნოს დახურვამდე ცოტა ხნით ადრე წავიდა. რამდენიმე კვირის მერე დაბრუნდა. სიხარულით ბრწყინავდა. ჰყვებოდა, რომ გლინის სავანეში ცოცხლობს სულიერი მამობის ტრადიცია - ყოველდღიური აღიარება გულისთქმებისა. განსაკუთრებით მოეწონა ერთი მოხუცი მღვდელმონაზონი და სთხოვა, მისი სულიერი მამა გამხდარიყო. ბერი დიდხანს არ თანხმდებოდა. ლარისა ევედრებოდა, მუხლიც კი მოუყარა. მან ჰკითხა: "მერე არ დაიწყებთ სხვა სქემმონაზვნის ძებნას?" აქ ვიპოვე ის, რასაც დიდი ხანია ვეძებდიო, - უპასუხა ლარისამ. მალე გლინის უდაბნო დახურეს, მისი სულიერი მამა საქართველოში გადმოსახლდა და ლარისა მას ხშირად ხვდებოდა.

იმ წლებში სოხუმის ეპარქიაში ვცხოვრობდი და ლარისას იშვიათად ვხვდებოდი. მახსოვს, ერთხელ შემომჩივლა, - ვწუხვარ, რომ მივატოვე მამა დიმიტრი... ნეტავ შემეძლოს დაკარგულის დაბრუნებაო. ვუთხარი, - მე და თქვენ რა გვაქვს დასაკარგი, ყველაფერი ეს მხოლოდ სიტყვებია-მეთქი. ნუთუ არ გესმით, რას ნიშნავს, გაცვალო მამა დამრიგებელზე... გულში ტკივილის გარდა არავითარი ლოცვა არ შემიძენიაო.

გავიდა დრო. გარდაიცალა მამა დიმიტრი - სქემაში მღვდელსქემმონაზონი სტეფანე. გარდაიცვალა მისი მეორე დამრიგებელიც - გლინელი სქემმონაზონი. გავიდა რამდენიმე წელიწადი. ლარისა მძიმედ დაავადდა და მიტროპოლიტ ზინობის კურთხევით, ლიდიას სახელით მანტიაში აღკვეცეს. თურმე გლინის უდაბნოში ის მონაზვნად საიდუმლოდ იყო აღკვეცილი, შესაძლოა ამიტომაც არ შეეძლო დაბრუნება ადრინდელ სულიერ მამასთან და ამბობდა, - უკვე გვიანიაო...
ბეჭდვა
1კ1