მართლმადიდებლებს უნდა ეცნოთ პაპის უკანონო ძალაუფლება და პაპისტთა ცრუ დოგმატები
მართლმადიდებლებს უნდა ეცნოთ პაპის უკანონო ძალაუფლება და პაპისტთა ცრუ დოგმატები
ნაწყვეტი წმინდა მარკოზ ეფესელის ცხოვრებიდან

კვირას, 5 ივლისს, ბერძნებმა ხელი მოაწერეს უნიას.
უნია (ფლორენციის) - (ლათ. უნიო - კავშირი) მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებისა და კათოლიკეების მიერ დადებული ხელშეკრულებაა, რომელიც ითვალისწინებდა მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებას პაპისტურ საკრებულოსთან. უნიის აქტის თანახმად მართლმადიდებლებს უნდა ეცნოთ პაპის უკანონო ძალაუფლება და პაპისტთა ცრუ დოგმატები. ამის სანაცვლოდ პაპისტები ბიზანტიას (სიტყვიერად) ამქვეყნიურ დახმარებას ჰპირდებოდნენ. უნია გაფორმდა იტალიის ქალაქ ფლორენციაში 1439 წლის 5 ივლისს. იმ რამდენიმე სასულიერო პირს შორის, რომელთაც უნიას ხელი არ მოაწერეს, იყვნენ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელები - მიტროპოლიტები გრიგოლი და იოანე.

თუ როგორ მიმდინარეობდა უნიაზე ხელმოწერა, მოვიყვანთ ამონარიდს ფლორენციის კრების "საქმენი"-დან: "იგი (უნიის აქტის ტექსტი), როგორც ვთქვით, წაიკითხეს წმ. საბინას კარდინალმა იულიანემ – ლათინურად, და ნიკეის მთავარეპისკოპოსმა ბესარიონმა – ბერძნულად; ჩვენ კი პაპის მუხლსა და მარჯვენას ვემთხვიეთ, – წერს "საქმენის" ავტორი, ბერძენი მიტროპოლიტი, – შემდეგ სამღვდელო სამოსით შემოსილნი ერთმანეთს ვეამბორეთ და ხელი მოვაწერეთ უკვე განცხადებულს. ამ დროს ჩვენი მგალობლები გალობდნენ: "იხარებდენ ცანი"; იგივე გაიმეორეს "დიდებისა" და "აწ და"-ს შემდეგ. ამას მოჰყვა: "დღეს საღმრთომან მადლმან ყოვლადწმიდისა სულისამან შეგვკრიბნა ჩუენ". ამრიგად, როდესაც მსახურება დასრულდა, ყველა თავის გზას გაუდგა".

ხელი მოაწერეს იმპერატორმა, აღმოსავლეთის პატრიარქთა წარმომადგენლებმა მათი და თავიანთი სახელით, იერარქებმა და ეკლესიის სხვა მოხელეებმა; ერთნი უბრალოდ აწერდნენ ხელს, სხვებმა მას წინ დაურთეს მოკლე ფრაზა. მართლმადიდებელ წარმომადგენელთა 33 ხელმოწერიდან ერთი ეკუთვნის რუსეთის ეპისკოპოსს, რომელიც კრებაზე მიტრ. ისიდორესთან ერთად მივიდა: "ხელს ვაწერ მდაბალი ეპისკოპოსი სუზდალისა აბრაამი". ხელი მოაწერეს მათაც, ვინც კრების დროს თავს უნიის მოწინააღმდეგედ აცხადებდა, მაგ. ჰერაკლიის მიტრ. ანტონი (რომლის ხელმოწერაც უშუალოდ იმპერატორისას მოსდევს), ან დოსითეოზ მონევმაელი. ერთი იერარქი, სტავროპოლის ეპისკოპოსი, უნიის ხელმოწერამდე გაიქცა ფლორენციიდან.

მხოლოდ ერთადერთმა იერარქმა გადაჭრითა და შეუპოვრად განაცხადა უარი, ხელი მოეწერა უნიისათვის, თუნდაც მას ეს სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ეს იერარქი წმ. მარკოზ ეფესელი იყო. უნიის მომხრეები მოითხოვდნენ, იძულებული გაეხადათ წმ. მარკოზი, ხელი მოეწერა, მაგრამ იმპერატორმა არ მოისურვა მღვდელმთავრის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გამოყენება. მაშინ ისიდორემ მოითხოვა წმ. მარკოზის განკვეთა ეკლესიიდან, მაგრამ ამის პასუხად ბერძენ იერარქთაგან გაისმა ხმები: "ისიც იკმარე, რომ ჩვენ მოვაწერეთ, რასაც არ ვაპირებდით. შენ კი პატრიარქობას ვერ ეღირსები!" ბევრი, ძალინ ბევრი, ზიზღითა და სასოწარკვეთით აწერდა ხელს უნიას – მათ ეშინოდათ იმპერატორისა და ლათინებისა. სიროპულოსი, რომელმაც ხელი მოაწერა მისთვის საძულველი უნიის აქტს, თავის "ისტორიაში" წერს, რომ მან ეს მხოლოდ იმპერატორის შიშით ჩაიდინა. აგრეთვე, გვაცნობებს, რომ უნიის ხელმომწერთაგან ბევრი ლათინთა მიერ იყო მოსყიდული. უნიის საქმეში ფულმა რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ამასვე ადასტურებს წმ. მარკოზიც თავის ენციკლურ ეპისტოლეში. სიროპულოსის ნაამბობზე დაყრდნობით Fრომმან ამტკიცებს, რომ რადგანაც უნიის აქტი ბერძნებს არ წაუკითხავთ (ეს მომდევნო დღეს გააკეთეს), უმრავლესობამ ხელი მოაწერა "ბრმად" და არ იცოდა კრების განჩინების ზუსტი შინაარსი. მაგრამ შეიძლება დავეთანხმოთ Hეფელე -ს, რომლის თანახმად, ბერძნებმა მოლაპარაკებებიდან გამომდინარე უკვე იცოდნენ ოფიციალური დოკუმენტის შინაარსი. უმჯობესი იქნება, ვივარაუდოთ, რომ ბერძნები დათრგუნა და გულგრილნი გახადა ყოველივემ, რაც იქ ხდებოდა, რადგანაც ხედავდნენ, თუ რაოდენ უსარგებლო იყო მკვიდრად დასამარებული ჭეშმარიტების გაცხადების ნებისმიერი ინიციატივა; იმდენად უსუსურად გრძნობდნენ თავს, რომ რაც უნდა წარედგინათ მათთვის, მასზეც ისეთივე გულგრილობით მოაწერდნენ ხელს.

წმ. მარკოზ ეფესელის ხელმოწერის არარსებობა უნიის საქმისთვის სასიკვდილო დარტყმა იყო. უნიას ხელი მოაწერეს იმპერატორმა, პატრიარქების წარმომადგენლებმა, მიტროპოლიტებმა და ეკლესიის სხვა მაღალმა პირებმა, ანუ, ადმინისტრაციული თვალსაზრისით, მთელმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ; მაგრამ ეს ყოველივე არაფრად ღირდა წმ. მარკოზ ეფესელის ერთ, ერთადერთ ხელმოწერასთან შედარებით. სასიკვდილო სნეულებით, ნაწლავების კიბოთი დაავადებული, ამა სოფლის მთავრობათაგან ათვალწუნებული, ქანგცგაწყვეტილი ეს იერარქი იყო მართლმადიდებლობის სულიერი მეთაური და ის გიგანტი, რომელიც წარმოადგენდა მართლმადიდებელ ეკლესიას: უძლურებაში – ძლიერს, სიღატაკეში – მდიდარს და საღვთო ჭეშმარიტებაში – უძლეველს.

როგორც ჩვენი ნაშრომის დასაწყისში ვთქვით, კრების მონაწილე ბერძენ წარმომადგენელთა შორის უპირატესი როლი (თუ მდგომარეობით არა, თავისი მნიშვნელობით მაინც) არსებითად წმ. მარკოზ ეფესელს ენიჭებოდა და ეს ლათინებს ესმოდათ. შედეგად, როცა ბერძენ იერარქთა ერთიანობამ არსებობა შეწყვიტა და წმ. მარკოზი საბოლოოდ დარჩა მართლმადიდებლური ეკლესიის ერთადერთ, შეუდრეკელ სვეტად, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა – იგი ერთი უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე ყველა ერთად. გიორგი სქოლარიოსი წმ. მარკოზისადმი მიძღვნილ გამოსათხოვარ სიტყვაში ამბობდა, რომ ეს იყო ადამიანი, "რომელსაც ვერ შევცვლით ყველა ერთად. აღურაცხავია სათნოებანი, რომლებითაც იგი იყო შემკული. ის თავისთავში აღმატებულად იტევდა ყველა სათნოებას. ჩვენს დროში მას ვერვინ შეედრებოდა.

ასეთი ადამიანები მხოლოდ ღვთის განსაკუთრებული განგებით გვევლინებიან". მაგრამ ფლორენციის კრების საშინელ დღეებში მართლმადიდებელმა წარმომადგენლებმა სათანადოდ არ შეაფასეს წმ. მარკოზ ეფესელის მნიშვნელობა და ყური არ ათხოვეს მის მოწოდებას – დაურღვევლად შეენახათ მართლმადიდებლობა და შექმნილ ვითარებაში არ ეძებნათ რომთან უნია. გაცილებით უფრო მეტად (ოღონდ მტრული თვალსაზრისით) შეაფასა წმ. მარკოზ ეფესელის მნიშვნელობა პაპმა ევგენი IV-მ, რომელსაც უდავოდ სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქონდა. ამიტომაც უნიის აქტზე წმ. მარკოზის ხელმოწერის არარსებობა მან უნიის სრულ ჩავარდნად აღიქვა. სიროპულოსი მოგვითხრობს, რომ როდესაც პაპ ევგენი IV-ს მისმა კარდინალებმა საზეიმოდ მიართვეს ბერძენ წარმომადგენელთაგან ხელმოწერილი უნიის აქტი, მან იკითხა: ხელი მოაწერა თუ არა მარკოზ ეფესელმა; როდესაც ხელმომწერთა შორის იგი ვერ ნახა, თქვა: "ამრიგად, არაფერი გაგვიკეთებია!"

დიდად გაბოროტებული აღნიშნავდა წმ. მარკოზის მიერ უნიის აქტის ხელმოუწერლობას თავგამოდებული უნიატი, წმ. მარკოზის თანამედროვე – მეთონის ეპისკოპოსი იოსები თავის სახოტბო სვინაქსარში ფლორენციის კრებისადმი.

წყარო: მართლმადიდებლობა.გე
ბეჭდვა
1კ1