ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ჩეხეთის, მორავიისა და სლოვაკეთის ტერიტორიებზე ქრისტიანობის დამკვიდრებას ხელი შეუწყო მოციქულთა სწორი ძმების კირილესა და მეთოდეს მოღვაწეობამ. წმინდანები იქ 863 წელს, მორავიის თავადის როსტისლავის (846-870) მიწვევით ჩავიდნენ. შექმნეს სლავური ანბანი (კირილიცა) და სლავურ ენაზე თარგმნეს წმინდა წერილი, საღვთისმსახურო და აღმოსავლეთის ეკლესიის კანონიკური წიგნები. ყოველივე ამან ხალხის მასობრივ ნათლისღებას შეუწყო ხელი.

წმინდა კირილე 869 წელს რომში გარდაიცვალა. წმინდა მეთოდეს რომის პაპმა ადრიანე II-მ ეპისკოპოსად დაასხა ხელი. ის ჩეხეთის მიწებზე გარდაცვალებამდე (885 წლამდე) მოღვაწეობდა, მერე კი მისი სლავი მოწაფეები იძულებულნი გახდნენ, მორავია დაეტოვებინათ: იქ თანდათან ლათინური ქრისტიანული წესები გაბატონდა. მიუხედავად ამისა, ჩეხეთში სლავური ღვთისმსახურება XII საუკუნის დასაწყისამდე შენარჩუნდა, ხოლო აღმოსავლეთ სლოვაკიაში დღემდე არ შეწყვეტილა.

XV საუკუნეში ჰუსიტური ომების შედეგად ჩეხეთი რომის ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და დასავლეთ ევროპაში პირველი არაკათოლიკური ქვეყანა გახდა. XVI საუკუნეში ჩეხეთის მიწები ჰაბსბურგთა მონარქიის შემადგენლობაში შევიდა. 1620 წელს პრაღის ახლოს, თეთრ გორასთან, სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა ჩეხეთის ჯარსა და კათოლიკური ლიგის არმიებს შორის. ჩეხები სასტიკად დამარცხდნენ. ამის შემდეგ ჩეხეთის მიწებზე კათოლიკური ეკლესიის პოზიციების აღდგენა დაიწყო.

დიდი მორავიის სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სლოვაკია უნგრეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

მუკაჩევოში არსებობდა მართლმადიდებლური ეპარქია, რომელიც იმიერკარპატების და აღმოსავლეთ სლოვაკიის სლავურ მოსახლეობას აერთიანებდა. 1453 წლის შემდეგ მას ერთხანს კავშირი ჰქონდა კიევის სამიტროპოლიტოსთან, მოგვიანებით კი მოლდავეთის ან სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიებთან. 1646 წლის 24 აპრილს უჟგოროდში 63 მართლმადიდებელი მღვდელი ძალადობრივად მიუერთეს რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას. მიუხედავად უჟგოროდის უნიისა, აღმოსავლეთ სლოვაკიასა და იმიერკარპატეთში შენარჩუნდა იულიუსის საღვთისმსახურო კალენდარი, საეკლესიო სლავური ენა, ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი საგალობლები და იკონოგრაფია.

XIX საუკუნეში ჩეხეთის მიწებზე მართლმადიდებლობის აღორძინება დაიწყო. 1848 წელს, სლავური ყრილობის დროს, პრაღაში სლავურ ენაზე ჩატარდა საღვთო ლიტურგია.

1870 წელს, ვატიკანის I კრების შემდეგ, მართლმადიდებლობას შეუერთდა 12 ჩეხი. 1874 წელს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას გადაეცა წმინდა მიკულაშას (ნიკოლოზის) ცარიელი ტაძარი, რომელიც პრაღაში, სტარომესტის მოედანზე მდებარეობდა. XIX საუკუნის მიწურულს და XX საუკუნის დასაწყისში რუსული ტაძრები გაიხსნა ფრანტიშკოვოს ლიაზნიაში, კარლოვი ვარსა და მარინას ლიაზნიაში.

I მსოფლიო ომის წინ, 1913-1914 წლებში, იმიერკარპატეთის მართლმადიდებელი თემის წინააღმდეგ მარმაროშ-სიგეტის პროცესის პროვოცირება მოხდა. განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდა 64 ადამიანი, რომლებსაც სახელმწიფოს ღალატი დასდეს ბრალად. 36 ადამიანს პატიმრობა მიუსაჯეს, დანარჩენები კი სხეულის დაზიანებით დასაჯეს.

1918 წლის ოქტომბერში შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ჩეხეთის, მორავიისა და სლოვაკეთის მიწებს აერთიანებდა. 1919 წელს მას მიუერთდა იმიერკარპატეთის უკრაინა. 1920 გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებელი ეკლესიის შექმნა, რომელშიც ორი პარტია ჩამოყალიბდა. პირველს მეთაურობდა დოქტორი კარლ ფარსკი, რომელიც ტრადიციული ქრისტიანული მოძღვრებისა და ეკლესიის ორგანიზაციის რაციონალური გადასინჯვის მოთხოვნით გამოდიოდა. მეორე პარტია, რომელსაც მეთაურობდა მათე პავლიკი, ეკლესიის მართლმადიდებლურ ორიენტაციას იცავდა და კირილესა და მეთოდესეული ტრადიციების აღორძინებას ითხოვდა.

1921 წლის 21 სექტემბერს მათე პავლიკი კრეშედოლის ლავრაში ბერად აღიკვეცა და წმინდა მეთოდეს მოწაფის პატივსაცემად, რომელიც წარმოშობით მორავიელი იყო, გორაზდი ეწოდა.

1922 წელს კარლ ფარსკიმ გამოსცა "კატეხიზმო", რადიკალური პროტესტანტული იდეებით გაჟღენთილი წიგნი. ჩეხოსლოვაკიის ეკლესიის პრაღის დიოცეზმა ეს წიგნი მოიწონა, რამაც სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან განხეთქილება გამოიწვია.

1924 წელს ეპისკოპოსი გორაზდი გამოეყო ჩეხოსლოვაკიის ეკლესიას და შექმნა მისგან დამოუკიდებელი მართლმადიდებელი თემი, რომელიც სერბეთის ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა, 1929 წელს კი ჩეხეთის ავტონომიურ ეპარქიად გარდაიქმნა.

ამის პარალელურად, 1920 წლიდან პრაღაში არსებობდა ჩეხეთის მართლმადიდებელი თემი, რომელსაც 1921 წლიდან სათავეში ედგა არქიმანდრიტი საბატი. 1923 წლის 4 მარტს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მელეტიმ (მეტაქსაკიოსმა) მას ეპისკოპოსად დაასხა ხელი და პრაღისა და სრულიად ჩეხოსლოვაკიის არქიეპისკოპოსად დანიშნა.

პრაღაში კიდევ ერთი იურისდიქციის ეპისკოპოსის გამოჩენამ ფაქტობრივად შეუშალა ხელი ყველა მართლმადიდებლის ერთიან საეკლესიო სტრუქტურაში გაერთიანებას.

1918 წლიდან დაიწყო აქტიური მოძრაობა აღმოსავლეთ სლოვაკიისა და იმიერკარპატეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. 1928 წელს მართლმადიდებელთა რიცხვმა
120 000-ს მიაღწია.

1929 წელს სერბეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მუკაჩევო-პრეშოვოს ეპარქია დააარსა. აქვე არსებობდა თემები, რომლებიც საბატი არქიეპისკოპოსს ემორჩილებოდა.

პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობდა რუსი ემიგრანტების მართლმადიდებლური სამრევლოები, რომლებსაც მართავდა ეპისკოპოსი სერგი (კოროლიოვი). ეს სამრევლოები მიტროპოლიტ ევლოგის (გეორგიევსკის) ემორჩილებოდა.

II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი მრევლი დაუმორჩილეს ბერლინის არქიეპისკოპოს სერაფიმეს (ლიადას, 1883-1950), რომელიც კარლოვაცის სინოდის იურისდიქციაში შედიოდა.

1942 წლის 27 მაისს დიდი ბრიტანეთიდან შემოგზავნილმა ჩეხმა პარაშუტისტებმა დახვრიტეს პოლიციის გენერალი, ეს-ესის ობერგრუპენფიურერი რეინჰარდ ჰაიდრიხი. პრაღის წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმა ისინი ტაძარში შეიფარა. პარაშუტისტებმა აქ ორი დღე დაყვეს, მაგრამ გესტაპომ მათი ადგილსამყოფელი აღმოაჩინა. 1942 წლის 4 ოქტომბერს ეპისკოპოსი გორაზდი, საკათედრო ტაძრის მღვდლები ვაცლავ ჩივლი და ვლადიმირ პეტრშიკი და ტაძრის მამასახლისი იან სონევენდი დახვრიტეს. იმავე წლის 27 სექტემბერს ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესია კანონგარეშე გამოცხადდა. მისი ლეგალური არსებობა მხოლოდ 1945 წლის მაისში აღდგა.

1945 წლის ოქტომბერში ეპისკოპოსი სერგი (კოროლიოვი) და მისდამი დაქვემდებარებული ემიგრანტების სამრევლოები მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთდა.

1946 წლის მაისში ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარქოსო შეიქმნა.

1948 წელს სერბეთის ეკლესიამ ოფიციალურად განაცხადა თანხმობა ჩეხეთის ავტონომიური ეპარქიის მოსკოვის საპატრიარქოს განმგებლობაში შესვლაზე.

1950 წლის 28 აპრილს პრეშოვოში შეიკრიბა ბერძნულ-კათოლიკური სამღვდელოებისა და მორწმუნეთა კრება, რომელმაც უჟგოროდის 1646 წლის უნიის გაუქმება და მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება გამოაცხადა. ყოფილი უნიატები აგრეთვე შევიდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარქოსოში.

1951 წლის 23 ნოემბერს მოსკოვის პატრიარქმა ალექსი I-მა ხელი მოაწერა აქტს ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. ეკლესიის საჭეთმპყრობლად აირჩიეს მიტროპოლიტი ელევთერი (ვორონცოვი). მაგრამ ეს აქტი არ აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, რომელიც პრაღის საარქიეპისკოპოსოს საკუთარ ავტონომიად მიიჩნევდა.

1992 წლის დეკემბერში ჩეხოსლოვაკიის მართლმადიდებელ ეკლესიას სახელი გადაერქვა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეწოდა. 1993 წლის 1 იანვარს ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა გაიყო ორ სახელმწიფოდ - ჩეხეთად და სლოვაკეთად, რომელთა ტერიტორიაზე ვრცელდება ერთიანი ადგილობრივი ეკლესიის კანონიკური ხელისუფლება.

1998 წლის 27 აგვისტოს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოს
I-მა გამოსცა ტომოსი, რომელმაც ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის სტატუსი მიანიჭა.

დღეისთვის ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია 4 ეპარქიისგან შედგება, რომლებიც 166 სამრევლოს აერთიანებს, აქვს 184 ტაძარი და ჰყავს 73 ათასზე მეტი მორწმუნე (23 ათასი - ჩეხეთში, ხოლო 50 ათასი - სლოვაკეთში). პრეშოვოს უნივერსიტეტსა და მის ფილიალში, ოლომოუცში, მოქმედებს მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ფაკულტეტი.

დღეს ეკლესიის საჭეთმპყრობელია უნეტარესი ნიკოლოზი, მიტროპოლიტი პრაღისა და სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთისა.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვა
1კ1